 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 28 ოქტომბერი, 2018 |
იყო ბედნიერი-ნიშნავს თავი მოუყარო იმ საოცარ წუთებს მთელ სხეულში, ქარიშხალივით რომ იფანტებოდა, უცხო, სასიამოვნოდ აცეტებულ სურვილებად... თავი მოუყარო, თაიგულად შეკრა და ხელახლა შეიგრძნო, ხელახლა დანამო სული ფერადი ნეტარებით. იყო ბედნიერი- ნიშნავს წარსულის მიბნედილი ფერები აწმყოში დახატულ სურათზე რიტმულად გააცოცხლო და გასაშრობად გამოფინო მზიანი მომავლის იმედად. იყო ბედნიერი-ეს ძალიან ბევრს ნიშნავს...იმდენად ბევრს და იმდენად დიდს შენს თავს რომ აღემატები მისით შეპყრობილი... ჰო, შენზე მაღლა დგას შენი ბედნიერება, უსაზღვროდ მეტია ის ჩვეულებრივობაზე, რათა არაჩვეულებრვობა მიანიჭოს მას! ბედნიერება... ბედნიერება... წარსულიდან გადმოყოლილი აჩქარებული სუნთქვაა ბედნიერება, აცახცახებული ბაგე და არეული პულსი. აწმყოში გალობად ანთებული ხმებია ბედნიერება, თუკი შეძელი და უვნებლად გამოსტაცე დროის ქარებს ჯანმრთელი ფიქრები. მომავალია ბედნიერება...ბედნიერებით გაბედნიერებული მომავალი!.. და განცდები? განცდებიც ბედნიერებაა... უკვე განცდილი და ჯერ კიდევ განუცდელიც. მიძინებული სიგიჟის შეფხიზლებაა ბედნიერება, შიშველი ვნებების სიმკაცრე და ჯიუტი აღტკინება მუდმივად ცოცხლობდეს კალმის ქვეშ მრავალსახოვან, ლურჯ აჩრდილად...სხვა გზა არაა...სხვაგვარად შეუძლებელია საკუთარი სულის მორგება, საკუთარი სხეულის მოსხმა ყოველდღიური სიცივეებისგან დასაცავად! სილურჯე ვახსენე...ლურჯი აჩრდილი.. ჰო... ცის ლურჯი ლანდი მგონია მე ბედნიერება-გულზე მიბნეული ცისარტყელით, ლურჯად ატკვარცალებული ტალღები მგონია ბედნიერება, დაუოკებელ ვნებებს აყოლილები, თავად სილურჯეშეპარული მზერა მგონია ბედნიერება, ყველაზე ღრმა და ყველაზე ღვთიური გამოხედვით. ლურჯი იების ხმით უნდა ფეთქავდეს ბედნიერება, სუსტი და გაუბედავი სუნთქვა უნდა ირეკლებოდეს მისით ათქვირებულ სითამამეში!.. ბედნიერება... ბედნიერება...არსებობს...ციმციმებს... ბედნიერებას ეძებენ, იძენენ, გასცემენ...ზოგჯერ კი უძნელდებათ მიაკვლიონ მის შორეულ თუ ახლო სურნელს, ასეთ დროს იგონებენ მას! გამოგონილი ბედნიერებით სიცოცხლის ტკბობა ყველაზე დიდი ნიჭია ადამიანის, ყველაზე დიდი შემოქმედება კაცობრიობის გონებით შექმნილი, თვალით დანახული და ბგერით დახატული. ამგვარი ბედნიერება გადარჩენაა და ამაზე მეტიც...მარადისობაა...მარადისობა! ბედნიერება!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|