ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
29 ოქტომბერი, 2018


ზარდახშის ბალერინა 4

მეოთხე თავი
  ქალაქიდან რომ გავიდა პატარა კაფე შენიშნა და მანქანა შეაჩერა, აქ ადრე სათამაშობის მაღაზია იყო, მერე საკანცელარიო,  ახლა სწრაფი კვების ობიექტი გაუხსნიათ. თვითმფრინავში არაფერი უჭამია და გადაწყვიტა, ესაუზმა. კედელზე ელექრონული მენიუ ანათებდა. გადახედა: „ჩიზქეიქი“, „ჰამბურგერი“, „ჩიზბურგერი“, „ბიგმაკი“, „მაკჩიქენი“, „ბიგთეისთი“, „მაკტოუსთი“, „ვეჯიბურგერი“ , „იტალიური პიცა“, „ფრანგული კრუასანი“...
-ქართული არაფერი გაქვთ? - შეეკითხა დაბნეულმა.
-უკაცრავაად, რაა?- იკითხა ტუჩებდაბერილმა მიმტანმა.
-არაფერი, ერთი ყავა, თუ შეიძლება.
-ამერიკანო, ესპრესო, კაპუჩინო...
ახლა უკვე ხმამაღლა გაიცინა ეთუნამ.
-თურქული არ გაქვთ?
-თურქული ყავა,- ჩაინიშნა შეკვეთა გოგონამ.
-მუზეუმში ადამიანების შენახვა არ შეიძლება ნეტა? ქართულის კარგი მცოდნე შევინახოთ, თორემ რამდენიმე წლის შემდეგ ტურისტს, როგორ დავარწმუნებთ, რომ ოდესღაც ენა და ანბანი გვქონდა, თან სამი,- ცინიკურად ჩაიცინა ეთუნამ.
-რამე მითხარი? - გამოეხმაურა ბარს მიღმა მდგარი მიმტანი.
-არაფერი.
    მადა დაკარგა, მხოლოდ ყავა დალია და გზა განაგრძო.
  კასპის გადასახვევს რომ გასცდა, თოვა დაიწყო. ეთუნამ მანქანა გააჩერა და საბარგულში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. სიჩქარეს უკლო და მაქსიმალური სიფრთხილით განაგრძო გზა. ნამგზავრი იყო, ეძინებოდა, ფიქრებში  გართულს მოძრაობა კიდევ უფრო უჭირდა. ერთ მოსახვევში  მოუცურდა და შემხვედრ მანქანას რომ არ ემარჯვა, დაიმტვრეოდა. იფიქრა, საბურავებს შევცლიო, მაგრამ პირველი იანვარი იყო და საქართველში იმყოფებოდა, შესაბამისად ნულის ტოლი იყო ალბათობა, რომ ახლა რომელიმე ავტოგასამართი პუნქტი ღია ყოფილიყო. აღმართებს რომ შეუდგა, მანქანას ძალიან გაუჭირდა, არა და ბინდდებოდა და დანიშნულების ადგილამდე ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ჰქონდა სავალი.
  კითხვა -კითხვით მიიწევდა წინ. თერჯოლის ბოლო სოფელში გაჩერდა. პატარა, ძველებური მაღაზია იყო. ძლიერი ყავა გააკეთებინა. იქვე, მაღაზიის წინ, წყაროს გვერდით  ჩამოჯდა. ნელა, აუჩქარებლად დალია ყავა. ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ყავას დიდხანს, ნელ-ნელა წრუპავდა და ფიქრობდა, ამ დროს ყველაზე კარგად შეეძლო ფიქრი. ახლაც იჯდა, გაყინულ თითებს ყავის  ჭიქით ითბობდა და ფიქრობდა იმ აღმართზე, წინ რომ ელოდა. ფიქრობდა სოფელში ფეხაკრებით მომავალ ბინდზე, დაზიანებულ საბურავებზე. ვერაფერს გახდებოდა, გზა უნდა გაეგრძელებინა. რამდენიც უნდა ელოდო, შენ გასაკეთებელს მაინც ვერავინ გააკეთებეს. წამოდგა, წყაროსთან დაიხარა, პეშვში წყალი ჩაიგუბა და სახეზე შეისხა, მერე კისერი დაიზილა. შეაცია, სიმხნევე იგრძნო.  სანამ  მანქანაში ჩაჯდებოდა, მაღაზიიდან შუახნის კაცი გამოვიდა. ნასვამი ჩანდა. ლოყისთავები შესწითლებოდა. ქალს გაოცებული შეხედა. ეუცხოვა. ეუცნაურა.
-მოგესალმებით, ქალ...ბატონო,- თქვა და დააბოყინა,- ბოდიში მომითხოვია! ერთი წუთიი,-ხელი აღმართა და შეყოვნდიო, ანიშნა ეთუნას.  ეთო შედგა, კაცი კი კარგა ხანს იქექებოდა ქურთუკის ჯიბეში და მერე, გასაცოდავებული, სითბოში კოჭლის დაღრეცილი, ფეხივით ცალ მხარეს გადაღრეცილი შოკოლადი ამოაძვრინა და საზეიმოდ გაუწოდა:
-მოგილოცავთ, დამდეგ  ახალ  წელს! 
  უხერხულად გამოართვა შოკოლადი, შეიშმუშნა, თავად რომ არ ჰქონდა ტკბილეული, რომ საპასუხოდ გადაეცა. მოუბოდიშა, თავადაც მრავალი ბედნიერი წელი უსურვა და ის იყო მანქანაში ჩაჯდა და კარი უნდა მიეხურა, რომ უცნობი კარს ჩაებღაუჭა:
-რატომ მიბრძანდებით? აპაა! არ გამოვა ეგ ამბავი, უნდა შემობრძანდეთ, პაწა წავიხემსოთ, უფალი ვადიდოთ...
  მადლობა, გაიხარეთ, მაგრამ  მეჩქარება,- გული გაუთბო ეთოს უცნობის გულისხმიერებამ.
-ეჰ, გავიხარო რა ქოთნის ყვავილი ვარ, ჩემო დაიკო? მე გთხოვე, ღმერთი ვადიდოთ-მეთქი. გზას არ უნდა დაადგე უფლის  სადიდებელი რომ არ თქვა, იცოდე ეს შენ თუ არ იცოდი?!
-მე კი ვიცი, ბატონო, აი პატრულის თანამშრომლებმა თუ იციან ეგ? წამართმევენ მართვის მოწმობას და მერე რაჭამდე რა ივლის ფეხით?- გაეცინა ეთოსაც.
-ხოო, ეგ მართალია, მთვრალ კაცს მანქანასთან არაფერი ესაქმება. აი, ამიტომ იყო კარგი ცხენი. შეაჯდებოდი და გააჭენებდი,- მერე კაცმა უხილავი მათრახი მოიქნია ჰაერში და მხედარივით შეირხა.
-აბა, კარგად ბრძანდებოდეთ,- ხელი დაუქნია ეთომ.  ორი მეტრიც არ ექნებოდა გავლილი, რომ სარკეში შენიშნა, კაცი მისკენ მიდიოდა, რაღაცას ყვიროდა.  ოხ, ეს მთვრალებიო, გაეცინა ეთუნას. მანქანა გააჩერა და უკუსვლით მიუახლოვდა.
-ჩემო დაიკო, რა გქვია შენ?- ძლივს ამოისუნთქა კაცმა.
-ეთო.
-ჩემო ეთო, კი არ გეწყინოს ახლა, ასე შენობით რომ მოგმართავ, შინაურები ვართ, კაცო, უკვე,- არაფერიაო, ანიშნა ეთუნამ. კაცმა შეისვენა, გულზე ხელი მიიჭირა, ღრმად ამოისუნთქა და ისევ განაგრძო,- ჰოდა, ეთო, შვილო, კი მიდიხარ რაჭაში, მაგრამ სულ იქ ხომ არ დარჩები? ჩამოვლაზე, სოფელ ზოვრეთში  რომ მოხვალ, მალხაზა იკითხე, ვისაც ჰკითხავ ყველა მოგასწავლის, თუ არა და ეტყვი, ყველაზე გემრიელი კონიაკი რომ აქვს, აიმ  კაცთან  მივდივარო  და მოგასწავლიან. მოხვალ და მერე ერთად დავლიოთ უფლის დიდება, ჰა, რას იტყვი?
-კარგი, ჩემო ბატონო.
-ბატონები, წავიდნენ ჯანდაბაში, მე მალხაზა ვარ, შენ თუ გინდა, მახო ბიძია დამიძახე. ისე, ჯანდაბა, ხომ იცი, ინდოეთშია, ერთი ღარიბი და უბადრუკი ადგილია.
-მალხააზ,- ქარიშხალივით  შემოიჭრა ქალის ხმა. ეთომ სარკეში გახედა, ჯანიანი, წინსაფარაკრული დიასახლისი ქმარს ეძებდა.
-აი, ჩემი დედაკაცი,-სიამოვნებისაგან სახე გაებადრა კაცს,- რა იყო, შე შობელ ძაღლო, მოგენატრეე? - გასძახა ქალს.
-ჩაგისკდა ეგ მუცელი, სად დადიხარ, კაცო,- შერცხვა, ლოყები წამოუწითლდა ქალს.
  სანამ ცოლ-ქმარი თავისებურად გამოხატავდნენ სიყვარულს, ეთომ მანქანა დასძრა და ზოვრეთი და თავისი ახალი ნაცნობები დოინჯშემოყრილები დატოვა ქუჩაში.
  მალხაზსა და მის წინსაფრიან ცოლზე ფიქრი აჰყვა ეთოს და ღიმილი თოჯინის კაბაზე უნიჭოდ მიკერებული ფერადი ჯიბესავეთ დააჩნდა ტუჩებზე. მიხვეულ-მოხვეული, დაბურული, თოვლით დაბარდნული გზა დაიწყო. სიჩქარეს კიდევ უფრო უკლო. გზაზე თითქმის არავინ შეხვედრია, ერთის მხრივ უხაროდა, ავარიის საშიშროება რომ არ იყო, მეორეს მხრივ, შიშობდა, რამე რომ შემეთხვეს, კაცი მომშველებელი არ მეყოლებაო. ერთი ეს გზა ამატაინა და მერე რაღა მიჭირსო, ღმერთს დახმარებას სთოვდა.
  შაორს რომ მიუახლოვდა, ბინდი ზღაპრებით ჩაძინებული ბავშვივით უშფოთველად ფშვინავდა. ერთ ხანს ხიდზე შეყოვნდა, მანქანიდან გადმოვიდა, ტბა ყინულს დაეფარა, ირგვლივ ხეებს ისე შერჩენოდათ ყინვა, თითქოს მილიონი ბრილიანტი აელვარებულიყო. ნამდვილი ზღაპარია, გაანდო ფიქრი  საკუთარ თავს.  აი, ამას ჰქვია სილამაზე, შეჰღიმა ტბას. მთვარის შუქი და თოვლი ანათებდა გარემოს. ღრმად ჩაისუნთქა და ისევ გზა განაგრძო.
    ნიკორწმინდას ჩაუარა, გალაკტიონის ნაქარგიანი სტრიქონები  აჰყვა ტუჩებს სველ კანს შერჩენილი  ქვიშასავით. დაღმართს დაუყვა, ხუნდები ახმაურდა. ისევ გაუფუჭდა ხასიათი. რომელიღაც სოფელთან შეჩერდა, შემხვედრი მანქანა გააჩერა. ადგილობრივები ჩანდნენ, ღები იკითხა, ჯერ ძალიან შორს ხარ და თან ისეთი თოვლია, იქამდე ვერ მიხვალ, ბოშოვო,- დაარიგა ხანშიშესულმა კაცმა. კი გაითვალისწინებდა უფროსის სიტყვებს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, აქ არავის იცნობდა  ღამის გასათევი რომ  ეთხოვა, სასტუმროც არსად შეხვედრია, უკან მიბრუნებაზე ფიქრი კი, ცხადია, არ შეიძლებოდა. ისევ წინ წავიდა, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, ღმერთო, რამე მარტივად მომცე. ისე, ერთი ბედნიერი დღე რომ შემარჩინო არ შეიძლება? - საყვედური  დასცდა.  საჭეს მთელი ძალით ჩაებღაუჭა, თითქოს მკლავის ძალა იხსნიდა ბედისწერისგან.
  კლასელების დიდი ხვეწნის შედეგად არის ახლა ეთუნა საქართველოში და რაჭის გაუკვალავ გზაზე სრიალ-სრიალით, გინებითა და ლანძღვით მიიწევს წინ. ორი თვეა ურეკავენ მეგობრები, ჯერ უარობდა, მერე ცდუნებას ვეღარ გაუძლო და დასთანხმდა. გოგას რაჭაში სახლი აქვს და გადაწყვიტეს იქ გაატარონ ახალი წლები. ბავშვობა დაიბრუნონ.
-ნაძვის ხე გვექნება, შეშით გავაგუზგუზებთ ბუხარს, წარმოიდგინე, რამდენი ხანია, ცეცხლზე არ გამთბარხარ, ვიგუნდავებთ, თოვლის პაპას გავაკეთებთ,- ყოველ დღე სწერდა ნათია და საბოლოოდ დაიყოლია, თან აქაურობა  ენატრებოდა და დასთანხმდა, მაგრამ ჯერ პრაღაში ჩარჩა, ახლა გზაზე ნამქერში სიკვდილი ელოდება და საკუთარ თავზე ნერვები ეშლება, რა მომარბენინებდაო.
  აღარც ახსოვს რამდენი წელია მარტო ხვდება ახალ წელს, თითქოს ეს უკვე აღარაა დღესასწაული, არაფრით გამორჩეული დღეა.
  ახალი წელი ხომ უბრალოდ ჭამა-სმა და „ფეიერვერკები“ არაა, ახალი წელი ახლობელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა და თუ მას  მარტო ხვდები, ესე იგი ამ წელს არც ყოფილა ჯადოსნური ღამე.
    ბავშვობის ახალი წელი მოენატრა, სამეზობლოს მეკვლე იყო ეთუნა, დედა საზეიმოდ გამოაწყობდა და მერე ტკბილეულით ხელდამშვენებული დადიოდა ოჯახიდან- ოჯახში:  „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ არავის ეჯერა, რომ ცხოვრება ეთუნას ფეხზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მოსწონდათ ეს რიტუალი, მოსწონდათ პატარა ცქრიალა გოგო რომ შეცუნცულდებოდა მათ ოჯახებში და მოჩლექილი ენითა და კულულების ქნევით შოკოლადს  ჩამოურიგებდა, თავი დიდი ვინმე რომ ეგონა და პასუხისმგებლობისაგან დამძიმებული, მთვლემარე  თვალებით შემდეგ მეზობელთან  მიტუსტუსებდა. მოივლიდა სადარბაზოს და ბოლოს ყველა ერთად შეიკრიბებოდა. ყველაზე დიდი სახლი ვისაც ჰქონდა, იმასთან მიდიოდნენ, თავისი საცივითა და ტოლმებით, ღვინითა და სკამებით შეაღებდნენ მეზობლის კარს და მიდიოდა ლხინი დილამდე.
  დრო გავიდა და ყველაფერი გადასხვაფერდა. ტრადიციებს რაღა გააძლებინებდა, ხალხმა იცვალა ზნე. ახლა ოჯახები, რომლებმაც ფული იშოვნეს, გადიდკაცდნენ, გაიბერნენ ამპარტავნებით, თვეებით ადრე დაჯავშნილ რესტორნებში ხვდებიან ახალ წელს. სადღა იცის კარის მეზობლის სახელი ხალხმა. ლანძღავენ დრომოჭმულ ტრადიციებს, დასცინიან იმ ერთეულებს, ვინც ჯერ კიდევ ებღაუჭება, ძაღლისაგან დაგლეჯილი ჩულივითი  ჩამოძონძილ წარსულს. არ მოსწონს ეთუნას ეს ძალით გაამპარტავნებული საზოგადოება, რომელსაც სინამდვილეში, აბზუებული ცხვირითა და შამპანურით ხელში ერთ ადგილას ჯდომა კი არა, მეზობლის სამზარეულოში ფუსფუსი ურჩევნია, ვინმესთან გულღია საუბარი ენატრება, მაგრამ საკუთარ თავს აჯერებს, მე მასზე გაცილებით კარგი ვარ და თუ მასზე კარგი ვარ, გამოდის, მასთან აღარფერი მაქვსო საერთოო.  ძალით იქმნის ზღუდეს, განცალკევებით დგება, რომ მასას არ შეერიოს, უპირატესობა იგრძნოს, განგებ იფარებს პირზე ხელს, სალამი არ წამოსცდეს.
  რამდენს ვცდილობთ, სხვაზე უკეთესი გამოვჩნდეთ და ნეტა იმ სხვას ადარდებს როგორი ვართ ჩვენ? მთელი ცხოვრება გადის იმის მცდელობაში, სხვისთვის მოსაწონი, სხვისთვის მისაღები ვიყოთ, თავი იმაზე უკეთ წარმოვაჩინოთ, ვიდრე ვართ. ისე მოვიქცეთ, გვაქონ და გვადიდონ და სადაა ამ დროს ის ცხოვრება, რომელიც ჩვენ გვსურდა? წლები გაზაფხულის ქარივით ჩაივლიან და დასასრულს აღარაფერი გვრჩება. ადამიანებს დავიწყების საოცრად ძლიერი უნარი გვაქვს და სანამ ჩვენ იმით ვართ დაკავებული სხვებს თავი მოვაწონოთ, ისინი ჩვენ არსებობას უბრალოდ ივიწყებენ. როცა, წლები უკვე სკივრში ჩალაგებული, დაპატარავებული ტანსაცმელივით დალაგდება ხსოვნაში, ვხვდებით, ერთი დიდი ცარიელი ყუთი ვართ, ემოციებისაგან, სიხარულისაგან, ოცნებებისაგან დაცლილი ყუთი და მისი კედლები ფერგადაცლილი საღებავით შეგვიფერადებია, იქნება ვინმემ იფიქროს, რომ შიგნიდანაც ასეთივე ფერადია ჩვენი ყოფა, მაგრამ სხვებმაც და ჩვენც არაჩვეულებრივად ვიცით, რომ არაფერი საინტერესო ჩვენს ცხოვრებაში არ ხდება,- საკუთარ თავთან ფიქრებში გართულ ეთუნას ჩამოუღამდა.   
  გარე განათებები არსად ჩანდა. გზაზე ერთი ადამიანიც არ შეხვდა,  რომ ეკითხა სწორი მიმართულებით მიდიოდა თუ არა. შიში შეუსახლდა სულში. ღმერთო, მიშველე, აქედან ცოცხალი გამიყვანე,- უკვე ხმამღლა ელაპარაკებოდა უფალს.  ყინვამ იმძლავრა და გაყინულ გზაზე დადებულმა თოვლის ახალმა  საფარმა მოძრაობა უკვე შეუძლებელი გახადა. დაუსახლებელ პუნქტში იყო.  მთაში მიიკვლევდა გზას. გადათეთრებულიყო ხეები, ძალიან ლამაზი იყო აქაურობა და კიდევ უფრო ლამაზი იქნებოდა, ასე საშიში რომ არ ყოფილიყო. ხეების თვალიერებაში გართულმა ვერც შეამჩნია გზაზე მიმავალი ადამიანი და როცა მანქანის შუქზე კაცი დალანდა, მუხრუჭს ბოლომდე დააჭირა ფეხი, მანქანა მოცურდა, ძლიერმა დარტყმამ მკერდი ატკინა, თეთრმა ნისლმა მხედველობა დაუბინდა და მერე, წამიერად, ბურუსში გაეხვა ყველაფერი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები