ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანა 1978
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2018


ბავშვი N.107 (თავი III)

  ორთაჭალაში გორგასალის ქუჩას თუ გაუყვებით, აუცილებლად შეგხვდებათ უბნისვე მოსახელე  ორთაჭალის ქუჩა- ვიწრო, მოცვეთილი და ალაგ ამოცვენილი  ქვაფენილით, ორ რიგად ჩალაგებული ჭადრის მოშრიალე ხეებით, ზედ გზის პირზე გაშლილი ხილ-ბოსტანის დახლებით, ტროტუარებზე ირიბად დაყენებული  მანქანებით; ქუჩას მთელ სიგრძეზე დაუყვება ორსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლები და  ისეთი ვიწროა, რომ გზის მოპირდაპირე ბინების აივნებზე გადმოყუდებული მაცხოვრებლები  სახლებიდან გაუსვლელად ესალმებიან ერთმანეთს და უყვებიან ქალაქის, უბნის თუ სერიალების ჭორებს.
ცალი მხრიდან ქვაფენილიანი გზა ესაზღვრება კორპუსებს, მეორე მხრიდან კი იტალიური ტიპის ეზოებია განლაგებული. ერთი შეხედვით თითქოს უსაფრთხოა  აქ ცხოვრება, მშვიდი და საიმედო, ერთმანეთის ჭირისა თუ ლხინის გამზიარებელი მეზობლები დილიდან დაღამებამდე დაფუსფუსებენ საერთო ბინებსა და ეზოებში, ჯერ კიდევ შემორჩენილა ძველი თბილისის აურა და ტკბილი სურნელი. ვისაც არ გამოუცდია, ვისაც არ უცხოვრია, ალბათ ვერ იგრძნობს. დილიდანვე ყავის ჭიქებით და ტკბილეულით გაწყობილი ხის დაბალი მაგიდები მაგნიტივით იზიდავენ და ერთად კრებენ თმაგაჩეჩილ, ტანზე ჩითის ხალათგადაცმულ  ქალებს, ყველგან ბავშვების მხიარული ჟივჟივი ისმის, ეზოს შუაგულში ფიცრებით გადახურული საჩრდილობლები ნარდის სათამაშოდ იწვევენ ნაბახუსევ, ღიპგადმოგდებულ კაცებს...და ისმის იტალიურ-ქართულ ეზოებში მხიარული ქართულ-სომხური გადაძახილები: „ჩამო კოლა-ჯან,  ნარდი ვითამაშოოთ, გეყო გორაობა „ 
-გოგოო, ვიქტორია, კოფე არა გაქვს ცავატანემ?
უკვე თითქმის ორი საუკუნეა ერთად ცხოვრობენ  ქართული და სომხური ოჯახები, ორი საუკუნეა, მათ ოჯახებს აერთიანებს მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა, ჭირი თუ ლხინი,
და ეროვნული სხვაობა არ იგრძნობა არსად.
  ორთაჭალის  ამ ერთ-ერთ უბანში დაიბადა ევა, მისი დაბადება თანაბარი სიხარულით აღნიშნეს ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა, თანაბრად უხაროდათ და ანცვიფრებდათ ბავშვის იშვიათი სილამაზე, გონიერება, კეთილშობილება და მშვიდი ხასიათი. ევა ადრე დაობლდა, მამა ავარიაში მოჰყვა და ოჯახის ცალუღელი დედას უმოწყალოდ დააწვა გამხდარ მხრებზე. ნაავარიები მანქანა (დედამისს ვერ გაემეტებინა გასაყიდად)  ავტოფარეხში იდგა მანამ, სანამ ევა არ წამოიზარდა და შეკეთება არ გადაწყვიტა. მეზობლები დაეხმარნენ, თორემ მარტო რას გახდებოდა. მერე მართვის მოწმობა და სკოლის ატესტატი ერთად რომ აიღო, ასაკმორეულ დედას მხარში ამოუდგა და ნელ-ნელა ამოისუნთქეს კიდეც: უბანში მცირეოდენი გასამრჯელოს ფასად ხან მაღაზიებში გამყიდველებს პროდუქტებს უზიდავდა, ხან თავისუფალ დროს მგზავრები გადაჰყავდა. ხასიათი არ გაფუჭებია, ისევ ისეთი მშვიდი, თბილი გოგონა იყო და უბანში ყველას ძალიან უყვარდა. პირველ წელს ვერ მოეწყო, შემდეგ როგორღაც მოემზადა რამდენიმე საგანში და ჩაირიცხა კიდეც თეატრალურზე.
მისი სასწავლებელში მოწყობა ისევ თანაბარი სიხარულით აღნიშნეს საღამოს შეკრებილმა დედა ანეტამ და მეზობლებმა, ისევ ერთად გაიშალა ეზოში, გრძელ ხის მაგიდაზე მოკრძალებული სუფრა და დაილია ევას სადღეგრძელოები, ის კი მშვიდად იჯდა  ლოყებაწითლებული, დამრცხვებული და თვალზე ცრემლმომდგარი.
  პირველ კურსზე, მეორე სემესტრში შეეცვალათ ერთ-ერთი ლექტორი, რამდენიმე წუთი მდუმარედ ისხდნენ და ელოდნენ შემცვლელს, მერე ლოდინით დაიღალნენ და ნელ-ნელა ახმაურდნენ სტუდენტები, გოგონებმა ნამდვილი სალონი მოიწყეს, ზოგი თმას ივარცხნიდა, ზოგი ერთმანეთის პარფიუმერიის ჩანთაში იქექებოდა, ევა ფანჯრის რაფაზე იჯდა და ეზოში იცქირებოდა, ბიჭები  წინა დღის ფეხბურთის მატჩზე  საუბრობდნენ და აცანცარებულ გოგონებს ჩუმჩუმათ უთვალთვალებდნენ, უფრო მეტი შეფარვით ევას გახედავდნენ, მოწონდათ და უცნაური რიდით ექცეოდნენ ამაყ და გულჩათხრობილ ქალიშვილს. ზედმეტს ვერაფერს ჰკადრებდნენ, მეტისმეტად შორეული და ცივი იყო ევა, ნაადრევად დაბრძენებული და დინჯი,  მნიშვნელოვნად გამოირჩეოდა გოგონებისაგან, თვალებში მათგან განსხვავებით არ ედგა სიხარული და სითამამე, ახლაც, ფანჯრის რაფაზე განმარტოებით მჯდომს, სულ არ აინტერსებდა  საერთო ჟრიამული, არც ცნობისმოყვარე ვაჟების გამოხედვა მოქმედებდა მასზე. შეეჭმუხნა ლამაზი, მაღალი შუბლი და ფიქრობდა, თუ როგორ გადაეხადა კომუნალური გადასახადები, სად ეყიდა პროდუქტები იაფად, დედა ანეტას წამალი ჭირდებოდა, როგორმე უნდა შეეგროვებინა ფული...როგორ არ ჰგავდა მისი ფიქრები ხალისიანი, კისკისა თანატოლების ფიქრებს...
აუდიტორიაში შემოსული ახალგაზრდა ლექტორი სტუდენტებს არ შეუნიშნავთ, მხიარულად განაგრძობდნენ გართობას, მანამდე სანამ ამ უკანასკნელმა არ ჩაახველა და სიმშვიდისკენ არ მოუწოდა. ევა ფიქრებიდან გამოერკვა, დარცხვენილი ჩამოხტა რაფიდან, მოუბოდიშა და თავჩაღუნულმა გვერდით ჩაუარა...
        ...და პირველად მაშინ დაინახა გოგამ ევა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები