ვანო ჩხიკვაძის „ქულა”
ახალთვალახელილი ლეკვი იყო, მწყემსებმა ეკლესიის წინამძღვარს, მამა პავლეს რომ აჩუქეს - სუფთა ქართული ჯიში, ჭკვიანი, დამჯერე, პატრონისა და ფარეხის ერთგული, თეთრი, ქათქათა. ბამბის ქულასთან მსგავსების გამო მოძღვარმა „ქულა” შეარქვა. ქულა ვანო ჩხიკვაძის მოთხრობის პერსონაჟია, მოთხრობისა, რომელშიაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო ეპოქის კატაკლიზმები ძაღლის განცდებითა და ემოციებით არის გადმოცემული. მყეფარის თვალით დანახული რეალობა განსაზღვრავს „ქულას” მთავარ სიუჟეტურ ხაზს. ნაწარმოები მტკივნეულად ასახავს ჩვენს თანადროულობაში გაბატონებულ ზნეობრიობისა და სულიერების კრიზისს, სადაც ადამიანებს დაუკარგავთ საკუთარი სახე და მხოხავი ემპირიზმის (აქ: სულიერ ღირებულებებს მოკლებული ეგოისტური ქმედება) ტყვეებად ქცეულან. ამ გაგანია უტილიტარიზმის პირობებში თითქოს მხოლოდ ცხოველებშიღა შემორჩენილა ჭეშმარიტი ქართული ჩამომავლობაცა და ჯიშიც. სწორედ ამიტომაც ირჩევს ვანო ჩხიკვაძე მთავარ პროტაგონისტად კეთილშობილური სისხლის მქონე ქათულ ნაგაზს. უახლესი ქართული ლიტერატურისათვის უცხო არ არის მთავარ მოქმედ პირად ძაღლის შემოყვანა. ზოგადკავკასიური წარმოდგენით, ძაღლს მხოლოდ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული - ის ან დარაჯი იყო, ან - მაძებარი. ამგვარ ხედვას მკვეთრად დაუპირისპირდა XX საუკუნის 60-ინელთა ქართული პროზა. ნოდარ დუმბაძის („ძაღლი”) თუ არჩილ სულაკაურის („ბიჭი და ძაღლი”) მოთხრობებმა ჩვენს მწერლობაში თემატური სიახლე შემოიტანა - ძაღლი ცენტრალურ ფიგურად აქცია და ადამიანური გრძნობების აღქმისა თუ გამოხატვის უნარი მიანიჭა. ამ მოთხრობებში ძაღლი-პერსონაჟები მკაფიოდ ავლენენ თავიანთ შინაგან ბუნებასა თუ სიტუაციასა და მოვლენებთან შესაფერის ემოციურ დამოკიდებულებას. ამგვარ თემატიკას კიდევ უფრო აღრმავებს და აფართოებს ვანო ჩხიკვაძის „ქულა”. მეტიც, აქ ქართული ჯიშის ნაგაზს კონკრეტული სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ოღონდ ამაზე ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი. ვანო ჩხიკვაძის მოთხრობა ერთ ჩანაფიქრს, ერთი საერთო იდეის წარმოჩენას ემსახურება. განსაცდელთა დაძლევის, ცოდვათა შეცნობისა და მონანიების გზით, ადამიანის/ერის განწმენდასა და ზნეობრივ ამაღლებას ისახავს მიზნად. მოთხრობაში, ავტორის გამონაგონთან ერთად, არაერთ რეალურ მოვლენასა თუ ფაქტს ამოიცნობს მკითხველი, რომელიც მხატვრულად არის გარდათქმული. მძაფრი ემოციური იმპულსით ირევა ერთმანეთში წარსული და აწმყო, რა დროსაც მკაფიოდ იგრძნობა მწერლის შეშფოთება არსებული რეალობის გამო.
• საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძაღლი მხატვრულ თუ ცხოვრებისეულ სინამდვილეში ერთგულების, უღალატობის სიმბოლოდ მოიაზრება. სწორედ ასეთი ძაღლია ქულაც, თუმც მისი ფერით - ქათქათა თეთრით - მწერალმა გარკვეული მინიშნებაც გააკეთა. თეთრი, როგორც სიმბოლოთა ლექსიკონი გვამცნობს (ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელიაშვილი), უმანკოების, სიწმინდისა და ღვთაებრიობის სიმბოლოდ მოიაზრება სახარებასა თუ საზოგადოდ ქრისტიანულ სახისმეტყველებაში. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ქულას პატრონი სასულიერო პირია, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ზრდის მას, ხოლო როდესაც მამა პავლეს შესთავაზებენ, მეტი სიავისთვის, ყურები დააჭრას ნაგაზს, მოძღვარი კატეგორიულად შეიცხადებს: „ამის სიავე რაში მჭირდება, პირიქით, თვინიერი და ყველას მოყვარული მინდა იყოსო”. მთელი ნაწარმოების განმავლობაში, ყველგან და ყველა სიტუაციაში, სწორედ ღვთისნიერი პატრონის ჰუმანურობა და კაცთმოყვარეობა ასაზრდოებს ცხოველის ქმედებასა და ცნობიერებას: „თვალები შერჩა ძველებური, ნათელი, გულუბრყვილო. საკმარისი იყო, მღვდელს შუბლი შეეკრა და ქულაც მოიწყენდა, მკერდზე მიაყუდებდა ხავერდივით თავს და ზურგზე გადასმულ მამა პავლეს ხელს გაუტვრინდებოდა, ნაცნობი სურნელით ტკბებოდა”.
• მამულის მძაფრი განცდა - ეს მოთხრობა „ქულას” და, ზოგადად, ვანო ჩხიკვაძის შემოქმედების წამყვანი მოტივია. ქვეყნის სიყვარული, მასზე ზრუნვა და ფიქრი მწერალთან ერთი ნიშნის ქვეშ ერთიანდება და მკითხველს თვითჩაღრმავებისკენ მოუწოდებს. მოთხრობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ცხოვრების მხოლოდ ერთ, კონკრეტულ მონაკვეთს არ ასახავს, ამიტომაც ეს ნაწარმოები, კომპოზიციური სირთულიდან გამომდინარე, ქმნის შთაბეჭდილებას თემატური მრავალფეროვნებისა. მასში თითქოს საფეხურებად არის განლაგებული ჩვენი უახლესი ეპოქა - ტკივილითა და ტანჯვით აღსავსე წლები - XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის დასაწყისისა. თავიდან მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მოთხრობაში ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ, შინაარსობრივად გათიშულ სიუჟეტთან გვაქვს საქმე, თუმც ფინალურ პასაჟებს აბსოლუტური სიცხადე შემოაქვს და ნათელი ხდება, რომ ამ ვრცელ თხზულებას ერთი საერთო იდეურ-აზრობრივი შინაარსი აქვს. „ქულა” 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმესი ამბების თხრობით იწყება, რასაც ბუნებრივად ერწყმის დროში უკან დახევა, XX საუკუნის 90-იანი წლების ავბედითი პერიოდის რეტროსპექტივა თუ გლობალური გამოწვევების ქაოსში გახვეული ჩვენი თანადროული ყოფითი რეალობა. მოთხრობა ერთგვარ კინოქრონიკას ჰგავს, სადაც ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ ცოცხლდება ყველა ის უბედურება, რაც ბოლო ათწლეულებში დაატყდა თავს საქართველოს და რომელიც დიდხანს დარჩება ქართული საზოგადოების დაფიქრებისა და განსჯა-გაანალიზების თემად.
• მკითხველზე განსაკუთრებულ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს ძაღლი ქულა. კაცთა სიძულვილში გაუჩვეველს, ადამიანებზე უფრო მეტად გაუჭირდა ომის დაწყებისას - ზოგადად მიმნდობი, დაიბნა და გაირიყა. ქულა, თუ შეიძლება ითქვას, ანთეოსის კომპლექსმა შეიპყრო - როგორც კი მშობლიურ გარემოს მოსწყდა და ეკლესიის ზარების საამო, ჟრუანტელისმომგვრელი ხმებიც ავისმომასწავებლად ჩაჩუმდნენ, თითქოს სადღაც დაიკარგა მისი შინაგანი სიძლიერეცა და თვითგადარჩენის ინსტინქტიც. ყოვლისმომცველ ქაოსში გახვეული ქულა უმიზნოდ და უმისამართოდ იწყებს წანწალს. ბოლოს შიმშილის დაუოკებელი გრძნობა მტრის სამხედრო ბაზაზე ამოაყოფინებს თავს. ამ მომენტიდან იწყება მოთხრობის უმთავრესი მხატვრული თავისებურება - ძაღლის თვალით დანახული გარესამყარო და მომხდურის სახე ამ სამყაროში. „ქულას” ავტორი არ მიაწერს ძაღლს ადამიანურ თვისებებს. აქ ცხოველის გაადამინურობასთან არ გვაქვს საქმე, მსგავსად ბუნების გასულიერებისა, რომლის არაერთი ბრწყინვალე ნიმუში იცის ქართულმა მწერლობამ. ქულას ყოველი მოქმედება გაპირობებულია მისი შინაგანი ინსტინქტით. მეტიც, ეს უკვე ინსტინქტი კი არა ცნობიერებაა, რომლის მეშვეობითაც გრძნობს ხიფათს, თავს აღწევს გამოუვალ მდგომარეობას და ასხვავებს მტერ-მოყვარეს. ვანო ჩხკივაძე, თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული სტილით, არსებითად, რეალური სინამდვილის მხატვარია, ესაა ოღონდ, მასთან რეალობა ხშირად, ქვეტექსტებისა და მინიშნებების მეშვეობით, შინაარსობრივად გაღრმავებული და მკვეთრად გამძაფრებულია, რაც უდავოდ აძლიერებს ტექსტისადმი მკითხველის აზრობრივსა და ემოციურ დამოკიდებულებას. „ქულაში” ემოციას ისიც ამძაფრებს, რომ, როგორც ითქვა, მწერალი ცხოველის ინტუიციურ-ასოციაციური აზროვნების მეშვეობით გადმოგვცემს სათქმელს. გავიხსენოთ, როგორ არის დახატული ომის შედეგად დაცარიელებული სოფლის ავისმომასწავებელი სიჩუმე, რასაც ნაგაზი ადეკვატურად და ძალზე ემოციურად აღიქვამს: „დაცლილი სახლების, კარ-მიდამოს, ბაღჩებისა და ბაღების, სოფლის სალაყბოების შემაშფოთებელი დუმილი გამეფდა, რომელიც თან თითქოს ხმაურობდა, მოსვენებას უკარგავდა [ქულას]...… აწკმუტუნდა, მკერდიდან გაბმულმა ყმუილმა ამოხეთქა. მოთქვამდა, მაგრამ ვინ იყო მისი მომსმენი და ჯავრის გამზიარებელი”. ქულას ყნოსვის ორგანოებს მკვეთრად აღიზიანებს მყრალი, აუტანელი სუნი. სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, რომ საძულველი მტრის ბანაკში მოხდვა: „ბათინკების და ბათინკის ყელში ჩატანებულ ყვითელ-მწვანე სამხედრო შარვლებს ოფლის, ვაქსის და კიდევ რაღაცის გულისამრევი სუნი ასდიოდათ”. გვიან მიხვდა ნაგაზი, რისი სუნი იყო ეს: „ამის მსგავსი სუნი იქ, მინდორში, შეიგრძნო პირველად, დაფლეთილ კაცს რომ ეწვა გვერდით - გადამსკდარი კიდურის ძარღვებიდან სისხლმა და ოხშივარმა რომ იფეთქა”. მომხდურთა ველურ ჟინსა და ტემპერამენტზე მეტყველებს მათი ქცევაც: „მაგიდა ახმაურდა, თუნუქის ჯამებს კოვზები შეესივნენ, ვიღაცები თავშეუკავებელი ხრუპუნით ნთქავდნენ წვნიანს, მაგიდის ქვეშ კი, ქულას ირგვლივ თავმოყრილი, პატრონების ემოციებს აყოლილი ბათინკები ტოკავდნენ, ცმუკავდნენ, თითქოს ადგილს ვერ პოულობდნენ… ბათინკები ყაყანებდნენ, ბრაზდებოდნენ, იღრინებოდნენ, იმუქრებოდნენ…” გამხეცებული მტერი ქართული ჯიშის ნაგაზზე იყრის ჯავრს. ქულას სხეულზე მიყენებული თითოეული დარტყმა ქართველების მიმართ გამოხატულ ზიზღსა და სიძულვილზე მეტყველებს. როცა ქულას უცხო ჯიშის ნაგაზთან, ე.წ. ავჩარკასთან აჩხუბებენ, აქაც ქართველების მიმართ სიძულვილს გამოხატავენ. ლმობიერ ქულას თავიდან გაუჭირდა ავ და სასტიკ ქოფაკთან ორთაბრძოლა. სითბოსა და სიყვარულში გამოზრდილს ვერაფრით აეხსნა, რატომ ავლენდნენ მის მიმართ ასეთ ზიზღსა და დაუნდობლობას. გაცოფებული მტერი, რომელიც გაგულისებით უქსევდა ქულას კბილებდაღრჭენილ ავჩარკას, არაფრით განსხვავდებოდა სისხლის სუნს დახარბებული მხეცისაგან: „სისხლნანახ სამხედროებს თუ არაფორმალ მოხალისეთა ჯგუფებს ომის გაგრძელება, ხორცის გლეჯა და კბენა-ღრენა სწყუროდათ, რადგან ეშხში რომ შევიდნენ და „გემო” გაუგეს, ომი სწორედ მაშინ შეწყდა”. ასმაგად გაბოროტებულებმა, ქართველები რომ ვეღარ მოიხელთეს, ქართული ჯიშის ნაგაზზე დაიწყეს გულის მოოხება - მისი წამება სანახაობად აქციეს, რადგან „ასეთი სანახაობა ერთგვარად დაუოკებდათ, დაუცხრობდათ დაუკმაყოფილებელ ჟინს”. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჩოფურა კი ისე არ ჩაუვლიდა დატყვევებულ, პალოზე გამობმულ ქულას, რომ მისთვის „ბათინკის” ჭვინტი არ ეთავაზებინა. მეტიც, თავისი სიმხეცეაშლილი ჟინი რომ დაეოკებინა, მეტისმეტი სიამოვნებით დამდუღრა საცოდავი, დაუცველი პირუტყვი. ამიტომაც არის ჩოფურა ნახევარსახიანი. ის, ზოგადად, მომხდურს განასახიერებს, რომელსაც ადამიანური სახე წაშლილი აქვს. ამ მონღოლოიდური წარმოშობის, კაცის ტყავში გახვეული ეშმაკის ვიწრო თვალებიდან აშკარად გამოსჭვივის, რომ მისთვის სრულიად უცხოა სიტყვა - კაცთმოყვარეობა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - რაც შეიძლება ბევრი სისხლი შესვას ქართველებისა. ამიტომაც არის ის ზეზეურად ამყრალებული, ამიტომაც უდის აქოთებული სუნი მის საავკაცო გზებზე ნათრევ ფეხებს. სწორედ ამ „ბათინკიანი” ფეხებიდან იწყებს ქულა შურისძიებას - იმ კოჭისძვლებს უმსხვრევს მტარვალს, რომლითაც მოინდომა ქართველების გასრესვა: „ქულასაც თანდათან აემღვრა თვალები, გაახსენდა ყველაფერი, მიძინებულმა ინსტინქტმა მოულოდნელად გაიღვიძა, ზიზღმა ზიზღი შობა, გულ-მუცელში დაგუბებული მრისხანება მთელ სხეულში გაუჯდა, აჯაგრა, იგრძნო ენერგიით დაბურთული ვეება თათები, აქამდე ამოუთქმელი ყეფა ტალღასავით მოაწვა ყელში, მოაწვა და ისეთმა ავისმომასწავებელმა ბუხუნმა ამოხეთქა... ჩამხმარი ყამირი უკანა ფეხების ღონიერი გასმით აამტვერა… მაგრამ გეზი შეიცვალა და, მოულოდნელად, ავჩარკის მაგივრად, ჩოფურას ეცა - ჯერ ერთი ბათინკი გაგლიჯა, მერე წაფორხილებულ კაცს მეორე ბათინკის ყელში ჩააფრინდა, ყბები მაგრად მოუჭირა და კბილებმა კოჭის ძვლები „გაიარეს”. ქულა თავდაუზოგავად იბრძვის თავისუფლებისათვის. ის არა მარტო ქვეყნის ბედის თანაზიარი ხდება, მეტიც, თავად განასახიერებს საქართველოს. მოთხრობაში აშკარად საცნაურდება მწერლის ჰუმანურობა. ვანო ჩხიკვაძე, ჟღალწვერიანი მზარეულის სახით, გვიჩვენებს, რომ გამხეცებული მომხდურის ბრბოშიც კი შეიძლება იყოს კაცთმოყვარე, კეთილშობილი ადამიანი, რომელიც თავის კუთვნილ ხორცის ნაჭერსაც კი უზიარებს ქულას და მის მიმართ განსაკუთრებული სითბოთიც გამოირჩევა. მეტიც, ის კარგად იცნობს ქართველთა ბუნება-ხასიათს და ავ ვნებებს აყოლილ ქართველთმოძულეებს გონიერებისაკენ მოუწოდებს: „ქართულ ნაგაზთან ხუმრობა არ შეიძლება!” აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაწარმოებში ოსი მტრად არ არის მოხსენიებული. მწერალი ზოგადად ერიდება რომელიმე ეროვნების პერსონაჟთა აუგად ხსენებას. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ კონკრეტული ნაძირლები მთლიანი ერის სახეს არ წარმოადგენენ. თვით საძულველ ჩოფურასაც კი არა აქვს ეროვნება. ის არც ოსია, არც - სუფთა სისხლის რუსი. ამიტომაც სახელიც კი არა გააჩნია. ავტორი მისი წვრილი თვალებით, ყვრიმალებამობერილი სახითა თუ მომცრო ტანით რუსულ-მონღოლოიდურ ჰიბრიდულობაზე მიანიშნებს. რამ განაპირობა ამ პერსონაჟის ნაწარმოების სიუჟეტში შემოყვანა? ამით მწერალს იმის ხაზგასმა სურს, რომ ეს მონღოლოიდური არსება გადამთიელია. მისთვის უცხოა არა მარტო ქართული ან ოსური, არამედ ყოველივე ზოგადკავკასიური: ბუნებაც, ადამიანებიც, მათი ტრადიციებიც, ღირსეული მტრობაც და, რაღა თქმა უნდა, ერთობაც. ის ქართველთა და ოსთა ერთობის დასანგრევად მოსულა და გამუდმებით სწყურია სისხლი. ეს ორსახოვანი იანუსი კრეისერ „შმიდტის” კაპიტანს, კუზმა კილგას გვაგონებს ლეო ქიაჩელის მოთხრობიდან „ჰაკი აძბა”. ჩოფურას სახე ზედმიწევნით ჰგავს ასეთსავე მტარვალის, მომხდურისა და კაცთმოძულე კილგას ნახევარსახეს:
„რომ გაიცინა, ცეცხლით თუ მდუღარე წყლით დამწვარი პროფილე დაეჭმუჭნა, თითქოს ერთის ნაცვლად ორი სხვადასხვა ადამიანი მიყურებდა” („ქულა”).
შდრ:
„ამ კაცის ერთ ტანზე ორ პირისახესა და თვალებს ხედავდნენ... სახის ეს კანშემოჭიმული ნახევარი უძრავი და უცვლელი იყო, სულ ერთნაირი გამომეტყველების მქონე, რომელიც უცვლელად უსასტიკესი რისხვის გამოხატულებას ატარებდა”. („ჰაკი აძბა”).
• ქულას ცხოვრების პირველი ეტაპი მტრის ბანაკიდან გაქცევით სრულდება. ნაწარმოებში ვკითხულობთ: „ბოლო დღეების სატანჯველმა ქულა თითქმის თავიდან შობა”. ამის შემდგომ მოქმედების არეალი ლიახვის ხეობიდან თბილისში ინაცვლებს და ტანჯვის ქურაში გამოწრთობილ ნაგაზსაც წინ ახალი განსაცდელი ელის. ქულას ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ მოთხრობის სიუჟეტში სიტუაცია რადიკალურად იცვლება. თუ პირველ ნაწილში გადამთიელი მოდის საქართველოს სისხლის სახვრეპად, მეორე ნაწილში თავად ქართველივე ხვრეპს მას ჩვენი ქვეყნის ისედაც დაცლილ-გამომხმარი სისხლძარღვებიდან. აქ თითქმის მთელი საზოგადოება ერთნაირად დეგრადირებულია. ამიტომაც ამბობს ქულას ახალი პატრონი მახო: „არაკაცი ვიყო, ამის [ქულას] კეთილშობილება თუ ჩვენი ქალაქის მოქალაქეების ოთხმოცდაათ პროცენტს ჰქონდეს”. როგორც ითქვა, საკუთარი მიწა-წყლიდან გამოძევებული, ნატანჯ-ნაწამები ქულა ალეგორიულად ჩვენს თანადროულ საქართველოს ასახავს. მტრის კლანჭებიდან ვაი-ვაგლახით თავდაღწეულ მყეფარს რაიონულ ცენტრში ტანკების გრუხუნისა და ავტომატების კაკანის ხმა აღარ ესმის. აქ, ერთი შეხედვით, სიმშვიდეს დაუსადგურებია, მაგრამ ამ მოჩვენებით სიმშვიდეში უფრო დიდი განსაცდელი ელის ნაგაზს - კასტრაცია! ამ კასტრაციის სულისჩამდგმელები და ორგანიზატორები კი ჩვენი „კეთილისმყოფელები” არიან, რომელთაც არ დაზარებიათ და საქართველოში გახსნილი საძაღლის შესამოწმებლად ევროკომისიის წარმომადგენელი მოუვლენიათ. მაწანწალა ძაღლების უფლებადამცველი თავგამოდებით ცდილობს დაარწმუნოს ქართველი საზოგადოება, რომ ცხოველების დასაჭურისება ჰუმანური აქტია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი მისიის შინაარსი ასეთია - იცოცხლე, მაგრამ გადაჯიშდი! მოთხრობაში განვითარებული დრამატული მოვლენების ფონზე აშკარად თვალშისაცემია ავტორის სარკასტული ტონი, რომელიც ევროპელი კურატორების ჩვენდამი დამოკიდებულებაში ვლინდება: რადგან უპატრონო ცხოველებზე ზრუნვა დაიწყეთ, ეს ადასტურებს, რომ თქვენი ქვეყანა მზად არის ნამდვილ, საკაცობრიო ფასეულობებს უერთგულოსო. საძაღლე ქვეყნის მიკრომოდელია: „ზუსტად ადამიანებივით იქცევიან [ძაღლები] - ჰყავთ რჩეული, რომელსაც ემორჩილებიან, ელაქუცებიან, საჭმელთან პირველს უშვებენ, ზოგჯერ უჯანყდებიან კიდეც. ჩამოაგდებენ ტახტიდან და არის ერთი შეხლა-შემოხლა... სუსტი აქაც დაჩაგრული და უუფლებოა...” საძაღლეში დაუნდობლად „იღვწიან” მამრების გადაჯიშებისათვის. აქ უკვე ორი უკიდურესობა იჩენს თავს: რომელი რომელს სჯობს - მტრის ხელით სიკვდილი თუ „მოყვრის” ხელით გადაგვარება?! აი, ასეთი დილემის წინაშე აღმოჩნდება ქულა (ქვეყანა), რომელსაც დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. მოთხრობაში ასეთ დამცველად მალხაზ ფერაძე გვევლინება.
• მალხაზ ფერაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ჩვენი უახლესი წარსულის ყველა უბედურება. ოდესღაც სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლს საკუთარი ხალხის ზნედაცემულობამ ერთბაშად წაართვა ცხოვრების ხალისი. მის სულში ყოვლისმომცველმა სკეპსისმა და უიმედობამ დაისადგურა, ყოველივე ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ სასმელს მიეძალა და თავით გადაეშვა იმ ჭაობში, რომელმაც ქართველი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ან შთანთქა, ან დაუნდობლად აყურყუმელავა თავის ამყრალებულ წიაღში. ვანო ჩხიკვაძე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ავადსახსენებელ 90-იან წლებს. ტექსტში თანმიმდევრულად არის ასახული ის მტკივნეული პროცესი, თუ როგორ იხრწნებოდა ჩვენი საზოგადოება. ამ პერიოდის დაწვრილებით აღწერა აფიქრებინებს მკითხველს, რომ „ქულაში” გადმოცემული ამბები უკვე კარგად ნაცნობი ძველია - გაცვეთილი და გადაღეჭილი, მაგრამ საგულისხოა, რომ მოცემულ მოთხრობაში საქმე გვაქვს მრავალშრიან და მრავალგანზომილებიან სიუჟეტთან, რომელიც თითქოს პატარ-პატარა რგოლებად ნაწილდება, სადაც თავმოყრილია სევდითა და ტკივილით აღსავსე ჩვენი უახლესი წარსულიც, აწმყოც და ჯერ კიდევ გაურკვეველი მომავალიც. კვანძის გახსნის შემდეგ ეს „რგოლები” ერთიანდება და მოთხრობის იდეურ-აზრობრივი შინაარსის ერთი მთლიანი ჯაჭვი იქმნება. „ქულა” იმ ყაიდის ნაწარმოებია, რომლის ქრონოტოპიც მთლიანად ზოგადეროვნული სატკივრით არის გაჯერებული. აქ ფოტოგრაფიული სიზუსტით არის ასახული ნარკომანიის, ლოთობისა და უსაქმურობის ტყვეობაში მოქცეული ქართული საზოგადოების სასტიკი რეალობა. მალხაზ ფერაძის თვალებდასიებული თანამეინახეების სახეებში მკითხველი უმალ ამოიცნობს ჩვენი „დაკარგული თაობის” ზოგად სახეს, დროისა და გარემოების სამსხვერპლოზე რომ აღმოჩნდნენ. ყოველივე ამას რელიეფურობას სძენს კიდევ ერთი პერსონაჟი რობე. ახალგაზრდა კაცი იმდენად გადაუგვარებია სასმელს, საკუთარ ფოტოსურათს ვეღარ სცნობს და მის შესანდობარს სვამს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვუწოდოთ ამ ფაქტს სიტუაციური კომიზმი ან რა სახელი უნდა მოვუძებნოთ იმას, რომ ადამიანს იმდენად დაუკარგავს საკუთარი სახე, ფხიზელი თვალით ვეღარ იყურება და მხოლოდ სათანადო „დოზის” მიღების შემდეგ ხვდება, რომ მახოს მიერ ნაჩვენებ ფოტოზე ვინმე ახლახან გარდაცვლილი მისი სეხნია კი არა, თვითონ რობეა გამოსახული, ოღონდ ამჟამინდელ რობეს აღარაფერი აქვს საერთო ფოტოსურათიდან მომზირალ ჯანსაღ კაცთან. არადა, სიუჟეტის განვითარების პროცესში თანდათან ვრწმუნდებით, რომ რობე კეთილშობილი, სამართლიანი და ვაჟკაცური პიროვნებაა, რომელიც დროისა და ვითარების მსახვრალმა ხელმა გადააგვარა. რობე, მახოსთან ერთად, აქტიურად იბრძვის ქულას გადარჩენისათვის - იცავს ძაღლს და ზრუნავს მასზე.
• როგორც აღინიშნა, „ქულას”, მხატვრულ გამონაგონთან ერთად, ექსპრესიულობას მატებს უახლოეს წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებული განუკითხაობისა და ქაოსის ამსახველი რეალისტური სურათები. აქ ბევრი ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი პერსონაჟია, რომლებმაც „საქართველოს სახელით” მიჰყვეს ხელი ქვეყნის ნგრევას; აქ ყავლი გასვლია თავისმოსაწონებელ პოეტურ პათეტიკას: „სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი”. შევადაროთ ახლა ამას ვანო ჩხიკვაძის მოთხრობის პერსონაჟის სიტყვები: „სულ ნაწილ-ნაწილ გაყიდული სამშობლო გვაქვს... ამ ნაკუწებს ვინ შეკრებს და შეაკოწიწებს ანდა რა „წებო” ეყოფა...” ფსევდოპატრიოტებისა და „უცხო ქვეყნის მიერ დავერბორკებული” მაღალი ჩინის აგენტების საქციელმა ათქმევინა მალხაზ ფერაძეს: „როცა სიყალბეები ანგრევენ ქვეყანას და ადამიანთა სულებს, მიდი და გამოადექი”. სწორედ ასეთმა ადამიანებმა მოუსპეს მახოს თაობას ცხოვრების ხალისი და მოქალაქედ ყოფნის განცდა. ტექსტში თვალნათლივ ჩანს, რომ საზოგადოებისთვის უცხო გამხდარა პიროვნული მეობის განცდაც და ეროვნული ერთიანობის გრძნობაც. ასე რომ არ იყოს, ქვეყნის პრეზიდენტის მეხოტბენი ძნელბედობის ჟამს ორად გახლეჩილი ქვეყნის ბედზე ზრუნვით დაკავდებოდნენ და არა იმაზე ფიქრით - სახელმწიფოს პირველი პირის სამეცნიერო სტატია ევროპის რომელ ქვეყანაში ითარგმნა. ერთი სიტყვით, ქვეყნის დაქცევაში მტერს არც თავად ქართველები უდებენ ტოლს. ამიტომაც არის ნათქვამი მოთხრობაში: „ქართველებთან ომი რა საჭიროა, მივცეთ, რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკი და თავისით გადაშენდებიანო”. უღირსებო, ზნედაცემულ ადამიანებს განასახიერებენ ძმები ხახიშვილები. მათგან ერთ-ერთმა, ჭინკამ, საკუთარი და ე.წ. ზალოგში დაუტოვა ნარკომოვაჭრე მტერს, მეორემ კი, ახალ დროებას მორგებულმა გაქსუებულმა ბიზნესმენმა, გროშიც არ გაიღო საიმისოდ, რომ ღვიძლი და თავისზე უფრო ნაძირლებისაგან გამოესყიდა. გარდა ამისა, ქულა მოაწამვლინა და სასიკვდილოდ გაიმეტა დაუცველი ნაგაზი. სწორედ ასეთების შესახებ ამბობს მახო: „გაბოროტებულების, ყველაფრის მკადრებლების მთელი არმიაა!.. ტექნიკური ცივილიზაცია წინ მიდის, ჩვენი ზნეობა კი...” სულისშემძვრელია ხახიშვილების დის ისტორია. ეს ქალი მალხაზ ფერაძეს უყვარდა, ამიტომაც ორმაგად შეურაცხყოფილი მახო იძულებული ხდება, მომხდურის დამამცირებელი ცინიზმი აიტანოს: „ვალი თუ მოიტანეს, გაგატანთ, ცოლად ხომ არ წავიყვანთ, თანაც რომელმა უნდა ვირგუნოთ, აქ ყველანი სიძეები ვართო”. ამ შემაძრწუნებელ ეპიზოდში ყველაზე მტკივნეული და გამაოგნებელი ის არის, რომ თავად ქართველებმა მისცეს მტერს დაცინვისა და საკუთარი თავის აბუჩად აგდების უფლება. როცა მახოს ხახიშვილების და მოჰყავს, ამბობს: „ასე მეგონა, ის კი არა, დაჩენჩხილი, შეურაცხყოფილი, გაუპატიურებული საქართველო მოგვყავდა”, - ეს არ არის სასახვათაშორისოდ ნათქვამი ფრაზა. ამ სიტყვების მიღმა კიდევ უფრო ღრმა ქვეტექსტი და სატკივარი იმალება. ეს ნაწამები, გაუპატიურებული და შეურაცხყოფილი ქალი ქვეყნის სამწუხარო სიმბოლოა, მსაგვსად მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებისა” და ოთარ ჭილაძის რომანის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” პერსონაჟი ქალებისა. მარგო და ანა - შეურაცხყოფილები, უუფლებოები და დაბეჩავებულები ამ თხზულებებში, ალეგორიულად, დამცირებული ქვეყნის სახეს განასახიერებენ. ანალოგიურ მიდგომასთან გვაქვს საქმე ვანო ჩხიკვაძის „ქულაშიც”. ხახიშვილების ნამუსაყრილი და დამცირებული, დამარცხებული, მტრისა და მოყვრისგან ერთნაირად განწირული საქართველოს სახეა. ეგებ ამიტომაც აერიდა მწერალი კონკრეტიკას და მოთხრობის ამ პერსონაჟს სახელი არ დაარქვა. მახო ფერაძეს ხელში ატატებული მოჰყავს ოდესღაც საყვარელი, აწ კი მისთვის უკვე მიუღებელი ქალი და გულდაწყვეტით ამბობს: შეურაცხყოფილი, გაუპატიურებული საქართველო მოგვყავდაო. ქართველების ზნედაცემულობით, მათი დაკნინება-დამცრობით გახალისებული მომხდურები კი ორ მწკრივად ჩადგნენ და გაუბედურებული ქალის წასაყვანად მისულ ქართველებს სულ სიცილ-ხარხარში ჩაათავებინეს „სირცხვილის დერეფანი”.
• ნაწარმოებში აღწერილი ყოფა ქაოსითა და პანიკით არის მოცული. ამ დრო-სივრცულ ალიაქოთში თითქოს აპოკალიფსის ჟამი დამდგარა. აქ ერთმანეთში ირევა სამშობლოწართმეული კაცის მოთქმა და მომხდურის ღრენა-ღავღავი; ტანკების გრუხუნისა და ყუმბარების აფეთქების ხმას დაუცველი, დაბნეული ლიახვისპირელების ვაი-ვიში ერწყმის; პანიკა და შიში წარმართავს მოხუცებული თომას ქმედებასაც მასთან თავშეფარებული ქართველი რეზერვისტის დაუნდობლად ცემის დროს. ეს კიდევ ერთი გაუგებარი და გაუგონარი ეპიზოდია ჩვენი უახლესი რეალობისა - უიარაღო, გამოუცდელი ყმაწვილების ომში გაგზავნა და ღვთისანაბარა, უპატრონოდ მიტოვება. ამიტომაც დაუკარგავთ მოთხრობის პერსონაჟებს ადამიანების მიმართ რწმენა და კეთილშობილებას მხოლოდ ნაგაზებშიღა ხედავენ: „სწორედაც ცხოველებშიღა უფრო შემორჩა ჯიშიცა და ჯილაგიც... აბა, ჩვენს პატრონებს რა ეტყობათ ან ერთი, ან მეორე!.. ბედის ანაბარად ამ კაციჭამიებს შეგვატოვეს”. აქ საერთო ფონს ღირსებადაკარგული საზოგადოების ზნედაცემულობა, ურწმუნოება, სკეპსისი და ღვთისგან განდგომა ქმნის. სკეპსისმა მოიცვა მალხაზ ფერაძეც, რომელიც სულიერი განწმენდისა და ზნეობრივი ამაღლებისთვის მონასტერში წავიდა, მაგრამ რწმენის სიმტკიცემ უღალატა - როგორც კი თანამეინახეები დაინახა, მაშინვე პირვანდელ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამიტომაც ამბობს სინანულით: „ვიყავი სავლე, მაგრამ ვერ გავხდი პავლე”. ამის შემდეგ კი მის სულს ბირკასავით მოედო უიმედობა. ცხოვრებისადმი მახოს ნიჰილისტურ დამოკიდებულებას რადიკალურად ცვლის ქულასთან შეხვედრა. მისი მეტამორფოზა ქართული ჯიშის ნაგაზის გამოჩენამ გამოიწვია; მასში პასუხისმგებლობის გრძნობა იღვიძებს - ხვდება, რომ ქულას სასწრაფოდ თუ არ უშველის, კაცთა მოდგმის მახინჯ იდეებს შეწირული ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ გადაგვარდება და გადაშენდება. „მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული მეთოდის შესაფერისი გადაწყვეტილებით” (კასტაციით) იმ უსახელო, უუნარო, პოტენციადაქვეითებულ ხროვად გადაიქცევა, მოთხრობის საძაღლეში რომ ბინადრობს: „მათთვის არც წარსულია და, რა თქმა უნდა, აღარც მომავალი. უმეტესობა ერთნაირად გაზანტებული დადის თუ დალასლასებს. ღვიძავთ და მაინც თვლემენ”. ივლის მერე ასე მთელი საქართველო - დაღდასმული, „დაპეტლილი ყურებით” (ჩიპებით?!). ასე რომ არ მოხდეს, ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება მხსნელი და პატრონი. ასეთი, როგორც არაერთგზის აღინიშნა, მალხაზ ფერაძეა - სულიერად განახლებული და სახარების მადლით მოსილი. აკი ამბობს კიდეც - ციხეში ბიბლიამ გამაძლებინაო. ამ მეტამორფოზაში მას სახარება დაეხმარა, სარწმუნოება და ქულა, რომლის დამცველად და პატრონადაც იგრძნო თავი. აქედან იწყება მისი ფერისცვალება. ასე იქცა ცოდვილი სავლე პავლედ, რითაც კეთილშობილ, ღვთისმოსავ მამა პავლეს დაემსგავსა. სწორედ ეს მსგავსება განაპირობებს, რომ მახოს ყოველი მოფერება ქულას ცნობიერებაში თავისი პირვანდელი პატრონის ალერსის ასოციაციას იწვევს. მისთვის ეს ორი ადამიანი - მამა პავლე და მალხაზი ერთმანეთს შეერწყა, გაერთიანდა და ერთ მთლიან არსებად იქცა. როგორც დასაწყისში აღინიშნა, ქულა იმთავითვე სისპეტაკესა და ღთაებრიობასთან არის დაკავშირებული - მისი თეთრი, ქათქათა ფერი სიწმინდისა და ღვთაებრიობის სიმბოლოდ მოიაზრება. მამა პავლეს ყოველი გახსენებაც მისთვის ზებუნებრივ სინათლესთან ასოცირდება. ამიტომაც არ არის შემთხვევითი ქულასთან ურთიერთობამ რომ განაპირობა მალხაზ ფერაძის სულიერი და ზნეობრივი ამაღლება. ნაგაზზე ზრუნვამ ცხოვრების ხალისი და სიყვარული დაუბრუნა მალხაზს. მას ერთბაშად შესძაგდა მარტოობაცა და თავისი უაზრო, უშინაარსო ყოფაც - ოჯახი მოუნდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს. ღვთისა და მამულის სიყვარული იქცა ორიენტირად მახო ფერაძისათვის. დეგრადირებულმა მახომ წარსულში ვერ შეძლო უმწეო ქალის დაცვა და პატრონობა, მაგრამ სულიერდ გარდაქმნილმა, ყოვლისმომცველი ღვთაებრივი სიყვარულითა და რწმენით აღვსილმა ბოლომდე დაიცვა ქულა - მამა პავლესთან ერთად, სულზე მიუსწრო მას და ხელიდან გამოგლიჯა ნაგაზი მისი კასტრაციის მსურველთ. გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ქულას დასაჭურისება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ. აქ გაცილებით ღრმა ქვეტექსტთან გვაქვს საქმე. ქულამ/ქვეყანამ თავი უნდა დაიხსნას, როგორც ლიახვისპირს შემოსეული მტრისგან, ისე კასტრაციის/გადაჯიშების მოსურნე „მოკეთეებისგან”. ამისათვის მისი პატრონი/საზოგადოება ჯერ ცოდვის მორევიდან უნდა ამოვიდეს, ზნეობრივად ამაღლდეს, რწმენის გზას დაადგეს და პასუხისმგებლობით განიმსჭვალოს; სხვისი მოიმედე კი არ იყოს, ისევე იხსნას და უპატრონოს ქვეყანას, როგორც მამა პავლემ და მალხაზ ფერაძემ იხსნეს ქულა განსაცდელისგან. ამიტომაც შეიძლება იმის დაბეჯითებით თქმა, რომ ქულა ვანო ჩხიკვაძის მოთხრობაში ორ წყალს შუა მოქცეულ ჩვენს ქვეყანას განასახიერებს, რომელსაც, თუ არ ვუპატრონეთ, იმ მამაპაპეული გზიდან გადახვევა ემუქრება, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში იოვანე საბანისძემ „ჩვეულებისაებრ მამაულისა სლვაი” რომ უწოდა.
თამარ გელიტაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან საინტერესო და ლიტერატურმცოდნე მოგვემატა და მეც ასევე გეტყოდით რასაც წერს ნეფერტარი ძალიან საინტერესო და ლიტერატურმცოდნე მოგვემატა და მეც ასევე გეტყოდით რასაც წერს ნეფერტარი
7. ნ-ი-კ-ი, კრიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ უარყოფით შეფასებას. კრიტიკული წერილები დადებით შეფასებასაც მოიცავს ნ-ი-კ-ი, კრიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ უარყოფით შეფასებას. კრიტიკული წერილები დადებით შეფასებასაც მოიცავს
6. უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მადლობა მუხა, ნეფერტატ, ნიკი უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მადლობა მუხა, ნეფერტატ, ნიკი
5. წავიკითხე დაპირებისამებრ ორივე
ეს ძალიან მომეწონა და გამიჩნდა სურვილი “ქულა“-ს წაკითხვისა ძალიან კარგი კრიტიკაა ( კრიტიკა რა, გასაკრიტიკებელი არაფერი უჩანს იმ ნაწარმოებს :) )
ყველას ვურჩევდი წაკითხვას
5 ქულა ჩემგან
წავიკითხე დაპირებისამებრ ორივე
ეს ძალიან მომეწონა და გამიჩნდა სურვილი “ქულა“-ს წაკითხვისა ძალიან კარგი კრიტიკაა ( კრიტიკა რა, გასაკრიტიკებელი არაფერი უჩანს იმ ნაწარმოებს :) )
ყველას ვურჩევდი წაკითხვას
5 ქულა ჩემგან
4. აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მომეწონა, ძალიან იშვიათად იდება აქ კრიტიკა. მინდა ხშირად იდებოდეს. თუ დრო ექნება ავტორს, - აქაური ნაწერებიც ირჩეოდეს.
მიხარია თქვენი გამოჩენა.
აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მომეწონა, ძალიან იშვიათად იდება აქ კრიტიკა. მინდა ხშირად იდებოდეს. თუ დრო ექნება ავტორს, - აქაური ნაწერებიც ირჩეოდეს.
მიხარია თქვენი გამოჩენა.
3. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
2. ძალიან მომეწონა , არაჩვეულებრივი ნაწერია. ძალიან მომეწონა , არაჩვეულებრივი ნაწერია.
1. მიუხედავად დაპირებისა, ვერც ამის წინა კრიტიკა ვერ წავიკითხე დიდი მოცულობის და მცირე დროის გამო. მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ უახლოეს მომავალში, რადგან ძალიან მაინტერესებს
მითუმეტეს ასეთი წევრი შემოგვემატა საიტზე
მიუხედავად დაპირებისა, ვერც ამის წინა კრიტიკა ვერ წავიკითხე დიდი მოცულობის და მცირე დროის გამო. მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ უახლოეს მომავალში, რადგან ძალიან მაინტერესებს
მითუმეტეს ასეთი წევრი შემოგვემატა საიტზე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|