ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია არგანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 ნოემბერი, 2018


ლიტერატურა ცხოვრებისათვის

           
  (ქართველი კაცის ისტორიული სახის რეცეფცია ილია ჭავჭავაძის მოთხრობებში)

წარმოსახვას რატომ უნდა უჭირდეს რაიმეს წარმოდგენა, თუ ის  ეთიკის და ესთეტიკის ნორმებს არ არღვევს, თუ სურათი მხატვრული რეალობის საზღვრებს არ სცილდება? თითქოს, მართლაც ასეა... მაგრამ მე  თუ რაიმეს დანახვა გამიჭირდება, ეს ბავშვური გატაცებით  ქვიშაში მოთამაშე რომელიმე დიდი და ცნობილი მწერლის  წარმოდგენაა. მიუხედავად იმისა,  რომ ყველაზე მდიდრული და საინტერესო მხატვრული სახეები  ბავშვური გატაცებით  სწორედ „იმ მასალაში“ იქმნება, სადაც ასევე ძალიან ადვილად შეიძლება უნებლიე „შეცდომის“ კვალის გაქრობა.
თუნდაც ბავშვური ფანტაზიით და გატაცებით,  ცნობილ ადამიანთა შორისაც ჩემში ყველაზე მეტ რიდსა და კრძალვას მაინც ქვიშაში მოთამაშე თავადი ილია ჭავჭავაძე,  წმიდა ილია მართალი იწვევს. თანაც, თუ  ამგვარ თამაშში გართულს  ჩვენ პატარა ილიკოს კი არ ვხედავთ, ერთხელ მამიდამ მუშების დასაძახებლად რომ გააგზავნა და ხელცარიელი უკანვე დაბრუნდა, ვერ გავღვიძე, ისე ტკბილად ეძინათო, არამედ უკვე კაცობაში შესულ ილია ჭავჭავაძეს.
მართლაც ძნელი წარმოსადგენია  ერთდრულად ლიტერატურულ თამაშში გართული, მეორე მხრივ კი ქვეყნის  ბედზე დაფიქრებული,  ბანკისა და გაზეთის  საქმეებით გაბეზრებული  მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი,საზოგადო მოღვაწე და  მომრიგებელი მოსამართლე  ილია ჭავჭავაძე.
უფრო კი მომრიგებელი მოსამართლე. ეს იყო მისი ერთადერთი პროფესია, რომელიც არასოდეს უსწავლია და არც არასოდეს დაუგდია. თანდაყოლილი ნიჭით, მონდომებით, მოწადინებით და მოწოდებით  მთელი ცხოვრება სხვადასხვა წოდებათა მორიგებას ცდილობდა.
და  არა მხოლოდ წოდებათა შორის იყო დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეული, არამედ მოსარიგებელნი  იყვნენ მდიდარი და ღარიბი, წარსული და აწმყო, აწმყო და მომავალი, ძველი  და ახალი, ძმა ძმასთან, შვილი მამასთან, ცოლი ქმართან უნდა შეერიგებინა..
ლიტერატურა მისთვის მაინც ცხოვრების ერთგვარი ლაბორატორია იყო, სადაც  ცდის ექსპერიმენტი ტარდებოდა  იმ საკითხების თეორიულად გადასჭრელად, რომელიც მერე ცხოვრებაში, პრაქტიკულად  უნდა განეხორციელებინა.
ქვიშაში  კი წარმოსახვითი,  ნამდვილი  „ლიტერატურული თამაშა“ იყო გაჩაღებული და თვითონაც მოთამაშეს ჰგავდა, როდესაც ბავშვური სიჯიუტით ცდილობდა მდინარის სხვადასხვა მხარეს, საუკუნეების განმვლობაში  დაპირისპირებულ მხარეთა მორიგებას, როდესაც  დაშორებული ნაპრების დასაკავშირებლად  ხიდის გადებას ლამობდა.
ეს იყო ლიტერატურა ცხოვრებისთვის (სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება) .  მწერალი  წინასწარ ქმნიდა  გარემოს,  სიტუაციას, ხოლო შემდეგ  პერსონაჟები ერთვებოდნენ ხელოვნურად შექმნილ ცხოვრებისეულ  კონფლიქტში.
ბავშვებიც ხომ  ასე ქმნიან თამაშის დროს  მაპროვოცირებელ გარემოს, სადაც  სამოქმედოდ თიხისგან გამოძერწილ პერსონაჟებს უშვებენ?!
გარემო კი უშუალოდ სინამდვილიდან იყო აღებული. სცენა წარმოადგენდა თავადის სახლ -კარს, დიდ მეურნეობას, მამულით, ტყით, საძოვრით,  უამრავი საქმით და ლამის უფასო მუშახელით. კონფლიქტში კი მონაწილეობდნენ: მრისხანე ბატონი, მოხუცი გლეხკაცი  და მისი მემბოხე შვილი.
თავდაპირველად („რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდანი“) ბატონის სახე იყო ძალზე სქემატური და დაუმუშავებელი.  თუმც კი ტიპური იმ დროისთვის და  ერთგვარად ნაცნობიც  („ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი“) , რომლის მსგავსიც  მრავალჯერ გვინახავს ილიამდე და ილიას შემდეგაც.
გლეხის (ზაქროს მამა) სახე იყო  ნედლი და დაუხვეწავი. ისეთი, რომ ბერიკაცს მოძრაობაც კი უჭირდა... სახელი კი არცერთს არ ჰქონდა და ეს უფრო მეტად არწმუნებდა მკითხველს, რომ ისინი ზოგადი ხასიათის მატარებელნი, თავიანთი წრის სისხლი სისხლთაგანნი და ხორცი ხორცთაგაანი იყვნენ.
პეიზაჟი იყო ერთფეროვანი,  ექსტერიერი– ღარიბი . სიტუაცია– ყბადაღებული  (სტერეოტიპული).  სრა - სასახლესთან მდიდრულ  ქურქში გამოწყობილი აჯამი, უშნო, რეგვენი ბატონი, ხოლო ხიდის მეორე ნაპირზე მიწური ქოხი და სანთელივით გულმართალი გლეხკაცი თავის ღარიბი კერიით.
თავდაპირველად ასე ისურვა ავტორმა.
ჯერ მხოლოდ ეს ორნი იყვნენ და მათი უფრო  ახლოს გაცნობა არც იყო საჭირო. დადგებოდა დრო  და ბატონს არჩილს , დათიკოს ან კოლას დაარქმევდა ავტორი, გლეხკაცს კი - კაკოს, ზაქროს, გაბრიელს  ან გიორგის.
ქვიშაში  ყველაზე ადვილი  ხიდის აშენება იყო. რიყის ქვებზე დაყრდნობილი ხის ორი წკირიც კი საკმარის პირობითობას ქმნიდა  მნახველზე სრული შთაბეჭდილების მოსახდენად.
და ამ ხიდზე პირველად თორმეტი წლის კაკო შეაბიჯებს... კი არ შეაბიჯებს, კისერზე თოკჩაბმულს  დასაკლავ  ხბოსავით გადაათრევენ  მეორე ნაპირზე და ვიდრე უკან დაბრუნების საშიშროება იქნება, დაბმული ეყოლებათ.
„მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი,
როცა ბატონმა სახლს მომაშორა...“
(თორმეტი წლის ბავშვი თითქოს არც ისე პატარაა,  თუმცა ის  ჯერ კიდევ მრავალი უხილავი ძაფით არის  მშობლების  გარემოსთან დაკავშირებული. ეს კავშირები თითქოს ადვილად წყდება, მაგრამ მკაცრი გარემოს პირობებში გაწყვეტილი ურთიერთობები შეუხორცებელ ჭრილობად მიჰყვება  მოზარდის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას).
მკითხველს ვთხოვ, რომ  აქ ფაქტობრივ შეცდომას ნუ დაუწყებს ძებნას, რადგან კარგად გვახსოვს, რომ საკუთარ ოჯახს და გარემოს მოშორებული ბიჭი კაკო კი არა ზაქროა. ზაქრო  ყვება თავის თავგადასავალს, მაგრამ მსგავსება ამ ორ ადამიანს (კაკოსა და ზაქროს) შორის იმდენად დიდია, რომ მკითხველი დარწმუნებულია იმდროინდელი ყველა გლეხკაცის შვილის ისტორია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.
კაკოც ისე ისმენს ამ ამბავს, როგორც საკუთარს. მასში ხელახლა იღვიძებს ბავშვობის მძიმე მოგონება. თითქოს თვითონაც  ერთვება კონფლიქტში. განიცდის,  იარაღს უჭერს ხელს და მზად არის  ხელახლა დაიცვას დაჩაგრული გლეხის უფლება.
მხოლოდ ერთხელ, როდესაც ზაქრო თითქოს ძალით წელავს ამბის თხრობას და შურისძიებას აგვიანებს , კაკოს მოთმინების ძაფი უწყდება და ჩქარობს იმის შეტყობას, რაც თავისი თვალით უხილავს, განუცდია და გაუკეთებია კიდეც...
ქვიშაზე  ადვილად იშლება დაწერილი. არც დეკორაციების შეცვლა ჭირს. პერსონაჟებიც ადვილად იცვლიან გარემოს. ისინი ადვილად ჩნდებიან და ასევე ადვილად ქრებიან...
  ავტორმაც დაუნანებლად წაშალა ისინი, რადგან გლეხისა და თავადის  ურთიერთობის  ნორმალიზების პერსპექტივა ამ სცენარში არ იკითხებოდა.
მეორე ცდაზე  („გლახის ნაამბობი“)  გარემოც უფრო მეტი რუდუნებით შეიქმნა. სახლიც სახლს დაემსგავსა, ეზო-ეზოს.  ბატონიც უფრო მეტად დამთმობი გახდა  და  გლეხიც. ურთიერთობისთვის  უფრო მეტი სიცოცხლე და რომანული განწყობილება რომ მიენიჭებინა, ახალგაზრდა ბატონსა და გლეხს შორის  ქალი - თამრო (თამარი) გააჩინა.
გლეხის შვილი  კი ახლა უკვე თავისი ნებით მიყვება ბატონს (აქ დედინაცვლის სტერეოტიპული  სახეც თამაშობს თავის უარყოფით როლს). პატარა ბატონსა (დათიკოს) და გლეხის შვილს (გაბრიელს) შორის  რაღაც სიყვარულის მსგავსიც ჩნდება, რადგან როდესაც გაბრიელის მამა (სწორედ ისე, როგორც ზაქროს  მამა) შვილის სახლში დასაბრუნებლად ეახლება ბატონს, ბატონი იქცევა ისე, როგორც მის კეთილშობილებას შეეფერება. არჩევანის საშუალებას აძლევს გაბრიელს, თუმც  გაბრიელი ბატონიშვილის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს და მოხუც მამას გაწბილებულს ტოვებს.
ერთი შეხედვითაც კარგად  ჩანს, რომ  ბატონისა და გლეხის ურთიერთობაში უკვე დიდი წინსვლაა . ამ ეპიზოდის მიხედვით, ბატონი მართლაც რომ მამაშვილურ დამოკიდებულებას  ამჟღავნებს გლეხის შვილისადმი. თუმცა ეს ურთიერთობა ჯერჯერობით მაინც მთლიანად ბატონის კეთილ ბუნებაზეა დამყარებული, მაგრამ რა ელის ამ ურთიერთობას, თუ ახალგაზრდა ბატონს ამგვარი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად არც დიდსულოვნება ეყოფა და აღარც მოვალეობის გრძნობა შეაწუხებს?!
დათიკოს ბუნებამ ყველაფერი მისცა, მაგრამ გარემომ წვრთნა დააკლო და საკუთარ გენეტიკაში ჩამარხული სისასტიკის  თუ სხვათა წამხედურობის გამო  მისი ზნე ერთი მიმართულებით გამრუდდა.  მის ხასიათში გაიღვიძა  ძველმა მრისხანე ბატონმა.  ერთი მხრივ მოძალადემ  და შეუწყნარებელმა მესაკუთრემ, ხოლო ,მეორე მხრივ, საკუთარ ყმებზე მზუნველმა  თავადმა (?!)
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ლიტერატურა დათიკოსნაირ რთულ პიროვნებას არ იცნობს. მასში  ორი პიროვნული მე ცოცხლობს. მართალია, მკითხველი ვერ ხედავს, ვერ გრძნობს  მის შინაგან კონფლიქტს, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ძნელი არ არის იმის დანახვა, რად უჯდება საკუთარი ნებით გაციმბირებული ყმების ძალით  გამოხსნა და ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა.
ჩვენ კი შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დათიკოში  პიროვნებამ (ადამიანურმა ცოდვამ) გააციმბირებინა გაბრიელი და პეპია, ხოლო  წოდებრიობამ (თავადაზნაურობის ისტორიული ფუნქცია)  იხსნა ისინი ტყვეობისგან.
მაგრამ როგორ რიგდებიან  თავადი და პიროვნება ერთ სხეულში და როგორ წარმართავენ ისინი მოქმედების ინიციატივას?
ვნებადაცლილი, დამცხრალი დათიკო თითქოს ეშმაკს იშორებს თავიდან.  მასში უპირველესად ისევ საკუთარი მამის (მზრუნველი ბატონის) აჩრდილი იღვიძებს. ის აჩრდილი ახსენებს მას საკუთარი ყმების დაცვის ოდინდელ ვალდებულებას და  მამისავე  აჩრდილი ამზადებს მას სიკვდილთან შესახვედრად..
  შემთხვევითი არ არის, რომ ამ ნაწარმოებში ჰამლეტის სახეც ჩნდება. ჯერჯერობით დათიკოს შემთხვევაში თუ ილუზიურია ეს ჩვენება,  გაბრიელში უფრო ნათლად ამოიზრდება დანიელი პრინცის ხასიათი, რადგან მასში მამის სახეც (პეპია) უფრო ცხადად იკვეთება, მისგან  ფიცით ვალდებულებაც მოტივივაციას იძენს, ხოლო გაბრიელს  ჰამლეტზე ნაკლებად როდი აწვალებს  შურისძიების განცდა და აქედან გამომდინარე, ყოფნა-არყოფნის დილემა, რამაც  საკუთარი ბედის ასე დაუნანებლად გაწირვა მოითხოვა მისგან.
ავტორს სამართლიანობის თუ ადამიანური  ცოდო –მადლის ასაწონად ნაწარმოებში ქრისტიანი მოძღვრის სახე შემოჰყავს. მართალია, მისი მსჯავრი ღვთიურად ლმობიერია, მაგრამ მკითხველისთვის ძალზე ადვილია მათი სულიერი მდგომარეობის შეცნობა, იმისდა მიხედვით ,ზიარებამიღებული მიდის  ამქვეყნიდან ცოდვილი ადამიანი თუ უზიარებლად კვდება:
„-პეპია რასა იქს?
-მოკვდა.
-ესე უზიარებლად და მოუნანიებლად, როგორც მე?
-ეგრე..“ (ჭავჭავაძე 1988: 215)
მკითხველს ალბათ გული წყდება  რომ პეპიასა და დათიკოს მსგავსად (ესენი კონფლიქტში უშუალოდ ჩართული მხარეები არიან და შესაბამისად ორივეს თავისი წილი ცოდვა აძევს კისერზე) ვერც გაბრიელი ეღირსება  ზიარებას და შენდობას. არადა თითქოს ყველაფერი მზად იყო  ამისთვის. მღვდელს ხელში სანაწილე ეჭირა და სულ რაღაც წამებში გაბრიელის  ცოდვილი სულიც იგრძნობდა ტანჯვის შემსუბუქებას, მაგრამ  რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და  გაბრიელიც არ დაემორჩილა არც მოძღვრის რჩევას (აღარც ავტორის სურვილს)  და მუხლებზე წამომართული  შუამავლის გარეშე წარსდგა  უზენაესი სამსჯავროს წინაშე.
ისეთი სურათი იხატება,  რომ ბრალდებული ძალით შეიჭრა სასამართლო დარბაზში და  ასე თავაუწევლად (იცის, რომ მისი ცოდვილი სული ვერ გაუძლებს ღვთიურ ნათელს) და უზენაესი მსაჯულის წინაშე მკაცრი განაჩენის მოლოდინში  გაერთხა მიწას.
არ შეიწყალეს.
კაცის კვლა, შურისძიება არ ეპატია. არ ეპატია, რადგან ეს მის ბუნებასთან შეუთავსებელი  იყო . მას, ვისგანაც ის  პატიებას ელოდა, მისი არსება შურისძიებისთვის არ შეუქმნია.  ეს ძალზე მძიმე ტვირთი აღმოჩნდა მისთვის. არც ის  გაითვალისწინეს, რომ  ის აიძულეს შურისმაძიებელი გამხდარიყო . აიძულეს სიყვარულის სახელით.  გამწარებული მამის ნებამ  ფიცით შეკრა (ჰამლეტივით) და  საკუთარი მიზნის განხორციელებას დაუმორჩილა  გაბრიელში დანთებული ცეცხლი:
„-რამ მოგიყვანა ამ დღემდინ - ჰკითხა  შეწუხებულად ბლაღოჩინმა.
-იმ ცეცხლა რომელიც ყველას გულში ღვთისგან გვინთია, როგორც შენ ერთხელ
მიბრძანე. მე ესე მგონია და სხვისა კი არ ვიცი..“. (ჭავჭავაძე 1988:218)
......................................................................................................................
  ისევ დაიქცა ქვიშაზე აშენებული სრა-სასახლე და გლეხური ქოხი.  მოსწორდა ქვიშა და უკვე მერამდენედ, ჯიუტად დაიწყო ახალი სცენის გათამაშება.
მესამე ცდა თითქოს უფრო წარმატებული გამოდგა. გლეხკაცის ეზო-კარიც კესოს ყვავილნარივით რუდუნებით მოეწყო. ამ დაგვილ-მოწესრიგებულ ეზოდან თავისი გულივით სუფთა ტანსაცმლით და ღირსების შეგრძნებით გამოვიდა უკვე საკმაოდ დადინჯებული გლეხკაცი ოთარაანთ გიორგი. მასაც  გაბრიელის ცეცხლი ენთო გულში, ისიც მასავით თონეში იყო  გამომცხვარი, თუმცა ოთარაანთ ქვრივის გაზრდილს შურისძიებისკენ ვერავინ უბიძგებდა.  მას მთელი ის ცეცხლი მხოლოდ დაჩაგრულის დასახმარებლად და სამართლიანობის აღსასრულებლად სჭირდებოდა.
  ზაქროს მრისხანე  ბატონიდან არჩილამდე მაღალ წოდებასაც  დიდი ცვლილება განუცდია.
განათლებას მის ჯიშში მხოლოდ კეთილი და სამართლიანობის ნერგი უხარებია. არჩილი დაფიქრებული კაცია. ის არ ჯერდება მამა-პაპით გადმოცემულ სიკეთეს. ფიქრობს, რომ ის ტალანტივით გაამრავლოს და კეთილად მოიხმაროს.
მთავარი ცვლილება კი, ის,  რაც წინა მოცემულობასთან შედარებით მომხდარა,  ისევ ქალის სახეა. თამროს ამჯერად კესო ჰქვია და ის ბატონის დაა.  ამით კონფლიქტის მიზეზიც ამოწურულია და  ყოველგვარი პირობაა იმისთვის, რომ ეს საუკუნოებრივი დავა ბატონსა და გლეხს შორის მორიგებით დასრულდეს.
თუმცა ქვიშაში მოთამაშე პერსონაჟები იგრძნობენ რა ნამდვილი სიცოცხლის ნიშან-წყალს,  უკვე დამოუკიდებლად იწყებენ მოქმედებას. ავტორი, რომელიც აქამდე ხანდახან ხელითაც კი  დაატარებდა  მათ ფიგურებს,  ახლა მხოლოდ მათი ცხოვრების მემატიანედ და  დამკვირვებლად იქცა. მართალია, დროდადრო ის მაინც შემოდის მოქმედებაში (ტექსტში), ოღონდ არა სიტუაციის შესაცვლელად, არამედ განსჯისა და ანალიზისთვის. 
გიორგი და ოთარაანთ ქვრივი არ ჰგვანან სხვა გლეხებს. ისინი არა მხოლოდ სამართლიანობის დასამკვიდრებლად  (ეს სოციალური დაკვეთა ერთგვარად წახალისებულიც არის იმ ეპოქაში) იბრძვიან,  არამედ  თანასწორთა შორის შრომის კულტურის,  მორალის და ადამიანური ღირსების შესანარჩუნებლადაც ზრუნავენ. ისინი სხვა გლეხებივით (ზაქროს მამა, პეპია) მხოლოდ ბატონის კეთილ ნებაზე როდი არიან დამოკიდებულნი.  ოთარაანთ ქვრივის ეზოში გავლას არ მხოლოდ სოფლის გზირი უფრთხის, არამედ სხვა თავადებიც  კარგად ხვდებიან, რომ მათი  დაჩაგრვა ასე იოლი არ არის.
  არც არჩილი და კესო ჰგვანან სხვა თავადებს.  მართალია, ისინი იდეალური  პერსონაჟები არიან (ის „უსიცოცხლობა“ და „უენერგიობა,“ რომელიც კრიტიკის აქვს შენიშნული და-ძმის სახეში, სწორედ მათი იდეალური ფორმებითაა გამოწვეული), რადგან ავტორს „ცდისპირებად“ მხოლოდ იდეალური პერსონაჟები ჰყავდა წარმოდგენილი,  რათა წოდებათა შორის ჩატეხილი ხიდის პრობლემა თეორიულად - ქაღალდზე (ქვიშაში) მაინც გადაეწყვიტა.
  თუმცა საოცარია, რომ ამ  ექსპერიმენტის დროს  ტრაგედია მაინც ხდება. კვდება გიორგი. კვდება არა რაღაც დაპირისპირების მიზეზით ან შურისძიების ნიადაგზე, არამედ საბედისწერო შემთხვევის გამო. თუმცა საეჭვოა, რომ  ეს საბედისწერო შემთხვევა საფუძვლიან მოტივს იყოს მოკლებული.
როდესაც ილია ჭავჭავაძემ „ოთარაანთ ქვრივი“ წაიკითხა საზოგადოების წინაშე (დავით სარაჯიშვილის სახლში), ილია მანსვეტაშვილი იგონებს: „ზოგმა დაუწუნა ილიას გიორგის სიკვდილი: „არაბუნებრივია, შემთხვევითიაო, თვით მოთხრობის მსვლელობისგან არ გამომდინარეობს, როგორც აუცილებელი, საბედისწერო შედეგი იმ მოვლენათა გადახლართ-გადმოხლართვის, რომელსაც ცხოვრება ჰქმნის“.
პერსონაჟის შემთხვევითი, მოტივაციის გარეშე სიკვდილი ნამდვილად უპატიებელი შეცდომაა მწერლისთვის,  ასეთ დროს კრიტიკას შეუძლია ავტორს „ლიტერატულ  მკვლელობაში “ დასდოს ბრალი. თუმცა ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედების გათვალისწინებით, ავტორი ამჯერადაც სწორედ მკითხველისგან იმსახურებს გამოსარჩლებას და მისი  მხატვრული ტექსტის  დაცვას.
ნუთუ, მართლა შემთხვევის მსხვერპლი გახდა გიორგი? ეს კითხვა ალბათ ერთ-ერთი უმთავრესია ამ ნაწარმოების მიმართ, რადგან (როგორც  ვთქვით) პერსონაჟის „შემთხვევითი“ სიკვდილი  (თუ ის ნაწარმოების განვითარების სრული უპერსპექტივობით არ არის ნაკარნახევი) აკნინებს არა მხოლოდ მწერლის ოსტატობას, არამედ იმ უმთავრეს იდეას, რომლის გადაწყვეტასაც ილიამ მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა.
თანმიმდევრობით მივყვეთ  ოთარაანთ გიორგის სიკვდილის სცენას. მას აშკარად  შემთხვევით გაუწყდა წნელი, შემთხვევით იმ ადგილზე ჭალებიანი ურემიც აღმოჩნდა, ისიც შემთხვევითი მოხდა, რომ საიდანღაც მომავალი გიორგი სწორედ ზვინის აგებას შეესწრო. ზვინი  თანაბრად ვერ იგებოდა და ამის გამო გიორგის მოუწია თივის ზვინზე ასვლა,  ამას თავის მიზეზი ჰქონდა და თივის მდგმელ  პეტრეს არც დაუმალავს ეს მიზეზი:
  „აკი ღმერთი არ გამწყრომია! -დაიძახა პეტრემ, - გასწორება უნდა. მოდი, თუ ღმერთი გწამს , გიორგი , ერთი ამომეშველე, გავასწოროთ, თორემ მე მარტოკა დღეს მაგას ვერ მოვასწრებ და საქმის სახვალიოდ დაგდება კი მეზარება“. (ჭავჭავაძე 1988: 289)
არც ღმერთის წყრომაა პეტრეს მიმართ მიმართ უსაფუძვლო (ეს პეტრემაც კარგად იცის): „ეჰ, შვილო და ძმაო, კაცი რომ დაჰბერდება, უნდა შვილდი ძირს დასდოს“ (ჭავჭავაძე 1988: 290), მაგრამ რა უსამართლო და შეუწყნარებელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ბერიკაცის ეს გულწრფელი სინანული არად ჩააგდოს და ამ ტრაგედიაში ბრალი დასდოს?!
ოღონდაც, პეტრესგან რომ ეს უნებლიე შეცოდება პირველი იყოს და მისგან თავისმართლებასაც პირველად ისმენდეს.
ვიდრე დაეჭვებული მკითხველი ტექსტში პეტრეს „სხვა დანაშაულის“ ძებნას დაიწყებს, უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ილია ჭავჭავაძის პერსონაჟები, რომლებიც საუკეთესოდ ავლენენ ქართული ხასიათს, ხშირად მცირეოდენი სახეცვლილებით ტექსტიდან ტექსტში გადადიან. პეტრე მათგან კიდევ უფრო  გამორჩეულია, რადგან მას ავტორის თითქმის ყველა პროზაულ ნაწარმოებში ვხვდებით („სარჩობელაზე“, „გლახის ნაამბობი“. „ოთარაანთ ქვრივი“ ) და ხშირ შემთხვევაში ის (იმის გათვალისწინებით, რომ ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება ერთი მთლიანი ტექსტია) კონფლიქტის მაპროვოცირებელს გარემოს ქმნის, საიდანაც  უმეტესად საბედისწერო (რადგან მოტივაცია აშკარად არ ჩანს) ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი იკითხება .
  და მაინც, ვინ არის პეტრე?!  სწორედ ასე სვამს ამ პერსონაჟის მიმართ კითხვას თავის წერილში „ვინ არის პეტრე? მანანა კვაჭანტირაძე, ვრცლად იკვლევს მის ხასიათს ერთ-ერთი  მოთხრობის „სარჩობელაზედ) ფარგლებში და ზუსტად აღწერს იმ თვისებებს, რომლებიც პეტრეს, როგორც „მზა პერსონაჟს“,  ილია ჭავჭავაძის სხვა ტექსტებშიც უცვლელად მიყვება.
„პეტრე „ჩვენიანია“ და „ბებერია“, როგორც საქრისტიანო საქართველო, ამიტომ ისიც ილიას საზრუნავია, ილიას გასაძლიერებელია („დიდის ღმერთის საკურთხევლის/ მისთვის ღვივის ცეცხლი გულში, /რომ ერისა მოწმედ ვიყო /ჭმუნვასა და სიხარულში“), და რადგან ერს სძინავს („სულ ძილი, და ძილი...“), ცოდვასა და გაუკვევლობაშია, ისევ ილიამ უნდა შემოაბრუნოს სწორ გზაზე, საიდანაც გადაუხვია - ჯერ შეისვენა, მერე „ღრმად წაუძინა“ (ლოჭინის ხევის ეპიზოდი), ბოლოს კი სულ ასცდა გზას (მახათას მთის ფრაგმენტი) და უცხო გარემოში აღმოჩნდა. (კვაჭანტირაძე 2013: 130).
„სარჩობელაზე“  პეტრეს ძალზე ახლოს ვეცნობით, , „ოთარაანთ ქვრივში“ კი ის  მხოლოდ ერთ პატარა ეპიზოდში ჩნდება, თუმცა მისი  სიბერე ერთდროულად იტევს ცნობისმოყვარე და თამაშას მოწყურებულ, ეჭვიან და უანგაროდ კეთილ გლეხკაცს, იტევს მის ძილს,  გაურკვევლობას,  გზის აცდენას და უცხო გარემოში მოხვედრას (“სარჩობელაზე“), ასევე სწავლისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას (“არა შეჯდა მწყერი ხესა..“ („გლახის ნაამბობი“) და ერთგვარ გლეხურ სიჯიუტეს, რათა თავისი უძლურება იგრძნოს და „ურმის“ მართვა შვილს დაუთმოს, ოღონდ არა ისე, როგორც პეტრემ თავისი  ადგილი ზვინზე გიორგის  დაუთმო, უკვე წამხდარი საქმის გამოსასწორებლად.
მცირეოდენი  ცვლილება  პეტრეს ხასიათში „სარჩობელადან“ ოთარაან ქვრივამდე“  მაინც  შეინიშნება. თუ პირველ შემთხვევაში  („სარჩობელაზე“)  პეტრე  საკუთარ „დანაშაულში“, რომელიც უპირველესად მისი სიბერით და ზედმეტი ნდობით არის გამოწვეული, ვერ  გარკვეულა  და ეს გაურკვევლობა  „-მე რა შუაში ვარო..“ (ჭავჭავაძე 1988: 239) ამოაკვნესებს,  მეორე შემთხვევაში, ის  სრულად აცნობიერებს  თავის უნებლიე მონაწილეობას ამ ტრაგედიაში, რაც  „რა შეგცოდე ღმერთო« რომ მე გამხადე საბაბიო“  (ჭავჭავაძე 1988:291)-  უნებურად ამას ათქმევინებს და აატირებს...
მართალია, ჩვენმა  მსჯელობამ ნაწილობრივ გააბათილა ის ბრალდება, რომ გიორგის სიკვდილი შემთხვევითია, მაგრამ  მკითხველი ხვდება,  რომ  პეტრეს ეს საყვედური– „რა შეგცოდე ღმერთოო...“  პირველ რიგში, სწორედ ავტორს მიემართება. მართლაც,  რა შესცოდა პეტრემ (რომელიც ქართველი ხალხის კრებით სახეს წარმოადგენს) ისეთი, რომ ავტორმა ის  „ოთარაანთ ქვრივში“  მომხდარი ტრაგედიის საბაბად აქცია.
  ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს პერსონაჟი აქაც იმაზე მეტი ფუნქციით დაიტვირთა, ვიდრე ეს ერთ უბრალო გლეხკაცს  შეიძლებოდა ეტარებინა, თუმცა მკითხველი შეამჩნევდა, რომ ილია ჭავჭავაძის პერსონაჟთა გალერიაში, პეტრეს სახე კირქვასავით გამომშრალია,  რომელიც ყველაზე ნაკლებად ემორჩილება ცვლილებას.
ვინაიდან პეტრე ქართველი ხალხის კრებით სახეს გამოხატავდა ,  სწორედ ამიტომ ავტორმა წარუმატებლობის მიზეზი(საბაბი)  წოდებათა მორიგების, ჩატეხილი ხიდის გამთლიანების საქმეში პეტრეში (ქართველის ხალხის ეროვნულ ხასიათში) დაინახა და შეეცადა ეს მკითხველისთვისაც დაენახვებინა.
ისევე როგორც „სარჩობელაზე“, „გლახის ნაამბობში“ (აქ პეპიას სახეც პეტრეს ერთგვარი ვარიაციაა), „ოთარაანთ ქვრივშიც“ პეტრეს რთული ხასიათი -  ხშირ შემთხვევაში უზომო სიკეთე და  უმწეობად ქცეული  პატიოსნება გახიდულა გზაზე და ერს წინსვლის საშუალებას უსპობს..
ის ახლა („ოთარაანთ ქვრივი“) თაობათა  მონაცვლეობის პროცესსაც აყოვნებს.  ეს, ერთგვარად პოლიტიკური საკითხი, ავტორმა ძალზე ფაქიზად  გიორგის და პეტრეს უკანასკნელ დიალოგში დასვა და  სხვა პროგრამულ საკითხებთან ერთად, რომლებიც ამ ნაწარმოებში ისედაც იკითხება, მკითხველს დაუტოვა სამსჯელოდ:
„ - მათაო, ჩემო კარგო, რომ ბერიკაცს თვალიც ატყუებს და ხელი ჰღალატობს. ის ქარი აღარა აქვს, რაც ახალგაზრდას, შენს ხანში ხელს არ მოვიტეხდი, რომ ეს ამბავი მომსვლოდა?
-ახლისა ნამუდრაგალსა, ბერის სჯობიაჩანჩალიო, გულს ნუ გაიტეხ.
-გაცოცხლოს ღმერთმა, თქმაც იცი და კეთებაც.“  (ჭავჭავაძე 1988:290)
გიორგიმ ეს უკანასკნელი სიტყვები ვეღარ გაიგონაო - ამბობს ავტორი. თუმცა, რომც გაეგონა, ეს მაინც ვერაფერს შეცვლიდა ვერც მის და ვერც ქვეყნის ბედისწერაში, რომელიც რატომღაც ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს.
***
დამოწმებანი:
კვაჭანტირაძე 2013: კვაჭანტირაძე მანანა. „ვექტორები“, წერილები, სტატიები. თბილისი 2013წ.
ჭავჭავაზე 1988: ჭავჭავაძე ილია. თხზულებანი, ტომი 2. მოთხრობები, პიესები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1988 წ.


გი არგანაშვილი

***
დაიბეჭდა ჟურნალ "კრიტიკაში" 2018 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები