მავთულხლართის პირისპირ (ფიქრები გიორგი სოსიაშვილის პროზაზე)
„ქალბატონო თამარ, გეპატიჟებით დიცში, გაგაცნობთ ჩემს ლიტერატურულ პერსონაჟებს”, - ეს წარწერა ამშვენებს გიორგი სოსიაშვილის მოთხრობათა კრებულს, რომელიც ავტორმა განსაკუთრებული გულისხმიერებით მისახსოვრა. არ ვიცი, როდის მომეცემა დიცში ჩასვლისა და მწერლის ლიტერატურულ პერსონაჟებთან შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მე მათ უკვე ვიცნობ. გიორგი სოსიაშვილის მხატვრული ოსტატობით შექმნილი ნაწარმოებები ამის საშუალებას იძლევა. მათი კითხვისას ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ამ პერსონაჟთა პირისპირ ვდგავარ და თვალნათლივ ვხედავ მათ თვალებში ჩამდგარ სევდას. ეს მოთხრობები ულმობელ სარკედ ქცეულან, საიდანაც იმ ადამიანთა ყოფის სიმწვავე აირეკლება, რომელსაც ბოროტებამ თვალწინ მავთულის უშველებელი, ეკლიანი ფარდა ჩამოუფარა. გიორგი სოსიაშვილის მთელ შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს ის უდიდესი ტკივილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის სისასტიკემ მოუტანა საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ ხალხს (თუკი შეიძლება, საზღვრისპირა ეწოდოს მავთულხლართით გაყოფილ ჩვენს ძირძველ მამულს). ამიტომაც არის, რომ პერსონაჟთა სულიერი განცდის ტრაექტორია, მათი სიცოცხლის მამოძრავებელი ძარღვი იმ მარადიულ ღირებულებას ეფუძნება, რომელსაც დრო და ჟამი არ გააჩნია. ეს არის სამშობლოს, მშობლიური მიწის სიყვარულით დასნეულება. წინამდებარე წერილის სათაურიც გიორგი სოსიაშვილის მოთხრობა „მავთულხლართმა” შთამაგონა. ეს ნაწარმოები მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ჩვენ, ყველანი, პერსონაჟ თედოს მსგავსად, მავთულხლართის პირისპირ ვიმყოფებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას დანარჩენი საქართველო ისე ღრმად და მწვავედ ვერ შეიგრძნობს, როგორც ლიახვისპირას ღვთის ანაბარად დარჩენილი ხალხი. მოთხრობაში ჩვენი თანადროული რეალობა შეუფერადებელი, გაუღიავებელი ფერებით არის დახატული. ბეროაანთ თედოს გამჭოლ მზერაში დაკვირვებული მკითხველი უმალ ამოიკითხავს „ჩვენის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტას”. ბერიკაცის უიმედობით ამოლესილი თვალებიდან ყოვლისმომცველი სკეპსისი იმზირება. მას სტკივა, ორმაგად სტკივა, ამ ტკივილში კი შინაურსაც და გარეულსაც თანაბრად მიუძღვის ბრალი. მტერი მტერია. მოვიდა, არ დაინდო, არ შეიბრალა, დაწიხლა და სულში ჩაფურთხებულს მშობლიური მიწის ის ნაწილიც ჩამოათალა, სადაც მისი ცოლი განისვენებს. დგას ახლა თედო, ორკაპა იატაგანით დაკოდილი და ცხარედ შესტირის იმ თავის დაკარგულ ჩამონათალს, მაგრამ შინაური? შინაური რას აკეთებს ამ დროს? ის სიტუაციას სათავისოდ ერგება და მომავალი ტრიუმფისთვის ემზადება. სხვისი ჭირი რომ ღობის ჩხირი ყოფილა, ეს კიდევ ერთხელ საცნაურდება „მავთულხლართიდან”. ჩვენ არ გვინდა იმ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერება, რომ თედოს ტრაგედია არ არის მარტო ერთი კაცის ტრაგედია და არც ლოკალური პრობლემაა მხოლოდ, რომ თედოს „გამშრალ ცრემლში” უამრავი ქართველის სატკივარი მოიაზრება. ეს სატკივარი ჩვენი, ზოგადქართული, ზოგადეროვნული პრობლემაა და ყველამ გულწრფელად უნდა გავითავისოთ, ოღონდ პიარისთვის კი არა, როგორც ამას თედოსთან ჩასული ჩინოვნიკები და ჟურნალისტები მოიმოქმედებენ - ორიოდე შეკვრა მაკარონს მიუტანენ მოხუცს, თანაც ამ „ძღვენს” გამოსაჩენ ადგილას დააწყობენ, რათა კამერებმა კარგად დააფიქსირონ, რომ შემდეგ ქვეყანას ზარ-ზეიმით ამცნონ, როგორ ზრუნავენ საზღვრისპირა სოფლებში დარჩენილ ადამიანებზე. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი მხოლოდ პირადი ინტერესისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის სჭირდებათ, მოახლოებულ არჩევნებზე „გამსვლელი ქულები” რომ ჩაიწერონ, ის კი სრულიადაც არ ანაღვლებთ, თავიანთი უტაქტო ქცევითა და ბრიყვული შეკითხვებით კიდევ უფრო როგორ ამძიმებენ ისედაც გაუბედურებული კაცის ყოფას, როგორ უძლიერებენ უიმედობის განცდას, ჭანგივით რომ მოსდებია მოხუცებულის დასერილ-დანაოჭებულ სულს. ორმაგად უჭირს თედოს, ორმაგი უსამართლობა გუდავს. მტერიც და მოყვარეც დაუნდობლად დააბოტებს მის წყლულებზე. მომხდურმა მისი და მისი წინაპრების ოფლით გამდნარ-გაპოხიერებული მიწა წაართვა, დამხვდურმა კი - ღირსება. ამიტომაც თქვა უარი პენსიაზე, თავის ერთადერთ შემოსავალზე. იმ მთავრობისგან არაფერი სჭირდება, რომელიც გულდაგულ ცდილობს სხვისი ზნეობრივი ღირებულების ხელყოფას. ეს ასმაგად უფრო მტკივნეულია ბეროაანთ უკანასკნელი მოჰიკანისთვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ, უკვე ცრემლგამშრალს, მხოლოდ თანამემამულეთა უკეთურობაზე უცრემლიანდება თვალები. როცა ოპერატორები კამერებს გამორთავენ და თედოს სახლის წინ გაბმულ მავთულხლართთან ორატორთა პათოსიც ჩაცხრება, უკვალოდ ქრება მათი პატრიოტული სულისკვეთება. ამ დროს ურცხვად, მოურიდებლად ამჟღავნებენ თავიანთ ჩანაფიქრს: „პაპა, პიარი რა არის, იცი? არ იცი. აბა, შენ დროს სად გეცოდინებოდა პიარი. ჩვენი დრო კიდე რას არ მოაგონებინებს ადამიანს. ჩვენ გოთვერან დროში ვცხოვრობთ და იძულებულები ვართ, გავაპიაროთ ყველაფერი. აი, შენ რო აქა ხარ ეხლა, ეს, იცი, რამხელა პიარია ჩვენი ქვეყნისთვის? ამიტომ დიდხანს უნდა იყვე, პაპა... რუსები არ გაახარო, მაგრად იდექი”. ხედავს თედო, რომ საკუთარი ქვეყნის ხელში სათამაშოდ ქცეულა, საჩვენებელ საგნად, რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა სწადიათ. ამ დროს უფრო მეტად არის თვალშისაცემი თედოს სულიერი მდგომარეობა, რომელსაც მწერალი ჩვეული ოსტატობით გადმოგვცემს: „ბოღმა მოაწვა, თვალებში ცრემლის გუბეები ჩაუდგა, ნაცრისფერი კაკლები თითქო გაუდიდა, რისხვა მოემატა”. გადაგვარებული ქვეყნის მდგომარეობა მოთხრობაში თედოს პირით არის გაცხადებული: „ვაი, ამათ პატრონს. არაფრის თქმა არ მინდა, ერთმანეთს სჭამენ, ერთმანეთს ხრავენ, ლანძღავენ, თათხავენ, თედო კიდე ძაღლივით გდია ამ მკვდარ არემარეზე და ორი მგელი სჭამს - სიბერე და სიმარტოვე... ტყუილში ვართ, ტყუილში და ამ ტყუილით დაბანგულებს აგვართვეს მიწები, წაგვგლიჯეს ეს ამხელა ტერიტორია. ვის გაახსენდება, იარაღი აისხას, მოუვარდეს ამათ და თავი შეაკლას. მარტო მიტინგებისთვის ამოდიან, ერთი-ორ სიტყვას წამოიყვირებენ ჩემს სახლთან და გარბიან. აი, სამშობლო...”
*** „მავთულხლართის” ვერც ერთ ეპიზოდში ვერ შეხვდებით ბუნების ფერხულს, გაზაფხულის გახშირებულ სუნთქვასა თუ საკარნავალო სამოსში გამოწყობილ შემოდგომის მაყრულს. აქ, ადამიანებთან ერთად, ყველაფერი ტირის, გოდებს და მოთქვამს; აქ ყველაფერი ნადგურდება. ნადგურდებიან, როგორც ადამიანები, ისე ფლორა და ფაუნა. თანდათან ყველაფერი სასაფლაოს ემსგავსება: „ქრებოდა სიცოცხლე თედოს სახლში თანდათან. ძაღლი მოუკვდა თედოს, მოზვრები გაყიდა, ქათმებიც შემოეცალა. ზოგი დაკლა, ზოგიც ჭირმა წაიღო. ერთი სული ბებერი ძროხა ჰყავდა და იმით ედგა სული”, ხოლო ის, რაც სიკვდილს გადარჩენია, უსუსურობასა და უუნარობას შეუპყრია. მართალია, ძაღლი სიფხიზლის სიმბოლოა, მაგრამ თედოს ძაღლს იმის უნარიც აღარ შესწევდა, რომ პატრონი დაეცვა, პირიქით, თავად ითხოვდა შველას: „ქოფაკი ყეფით მოვიდა და თედოს ფეხებზე მიეგლისა”. ძაღლის მსგავსად, ფუნქციადაკარგულია მამალიც. მასში ისე მიმქრალა სიცოცხლის ძალა და ენერგია, რომ ყივილის თავიც აღარ აქვს. ამ ყოველივეს თედო ძალიან მტკივნეულად განიცდის: „ეს ჩემი მამალი რო ეგრე უგულოდ დაიყივლებს ხოლმე, მგონია, რო მტრის ყურს სწვდება მაგის ჩახრინწული, უფხო ხმა და ახარებს გადამთიელს”. ბებერი, ძალაგამოცლილი მამალი და ბეროაანთ მოხუცებული თედო ალეგორიულად ასახავენ საზღვრისპირა რეგიონებში გამეფებულ სასტიკ რეალობას. მთელი უბედურება ისაა, რომ სოფლები დაცლილა და თედოსნაირების იმედადღაა სამშობლო მიტოვებული. თედოს ფესვები ღრმა წარსულიდან მოდის. ამიტომაც განიცდის ასე მწვავედ თავისი ქვეყნის სავალალო მდგომარეობას, მაგრამ რაღა შეუძლია განიარაღებულსა და სიბერით დაუძლურებულს? ასევეა მამალიც. სიბერის წლებს წაუღიათ მისი ყივილის შნო და ლაზათი. „ყივილის თავი აღარ აქვს, კი არ შეჰყივის დილას, შესტირის”, - ვკითხულობთ მოთხრობაში. თედოც სიცოცხლის მიწურულსაა და მამალიც. მათი სიკვდილის შემდეგ კი კიდევ უფრო გაუკაცურდება სოფელი, მტრის გასახარად ჩაყუჩდება და ჩაწყნარდება ირგვლივ ყოველივე. ყველაფერს სიკვდილის ლანდი დაეპატრონება. ეს რომ არ მოხდეს, სოფელს ახალი სიცოცხლე სჭირდება, ახალგაზრდული მუხტი და შემართება, ისეთი მამალი, „ყოჩაღად რო შეჰყივლებს ხოლმე, სიცოცხლე მოგწყურდება, დალოცვილი, დილას რომ ჩამოხევს ნისკარტით”. სწორედ ამიტომაც მოჰყავს მეზობელ ავთოს ახალგაზრდა, მოუსვენარი მამალი. „ყურთასმენა მიაქვს ამ ოხერს და იყივლოს, რუსებს გულს „გაუხარებს”... ჩვენ არაფრის თავი გვაქ და მამლები მაინც ვაყივლოთ საზღვართან, მამლის ყივილით მაინც მოვუშალოთ მტერს ნერვები”, - ეს არის ორი ქართველის ყველაზე უმწეო და უსუსური მცდელობა მტერთან ჭიდილისა. მამალი ხომ სიცოცხლის სიმბოლოა. საზღვრისპირა სოფლებში სიცოცხლე რომ არ ჩამქრალა, უნდათ, მამალის ყივილით მაინც მიანიშნონ მტერს. ასე ცდილობენ გადამთიელის გულზე გახეთქვას. სოფელი მოხუცების ამარა მიტოვებას კი არა, განახლებას, გამოცოცხლებას ითხოვს, მუდმივ მოძრაობასა და დუღილს. მას აღორძინება სჭირდება, მომხდურმა რომ ვერასდროს იგემოს გამარჯვების სიამე. სწორედ ამას ასახავს მამლის ეპიზოდი და ამითაა გამოხატული ნაწარმოების ერთი უმთავრესი სათქმელი. სულისშემძვრელია ცოლის საფლავის შორიდან მაცქერალი თედოს მდგომარეობა. ცრემლი რა არის, ცრემლი რომ დაადინოს თანამეცხედრეს და გულზე ბალახი შემოაცალოს, იმის უფლებაც კი აღუკვეთა წყეულმა ეკლიანმა სამანმა. თედოს პიროვნებას, მის შინაგან მეს კიდევ უფრო ააშკარავებს საკუთარ ორეულთან პაექრობა. ეს ორეული მისი სინდისია, რომლის ხმაც მაშინვე აედევნება მოხუცს, როგორც კი საკუთარი პრინციპების ღალატს დააპირებს და, ცოლის საფლავზე შეშვების სანაცლოდ, რუსი მესაზღვრეების მოქრთამვას გადაწყვეტს. ამისათვის დაიწყებს არყის გამოხდას, მაგრამ მაშინათვე შეეჩეხება მამხილებელ სინდისს. ამ ღირსეულ კაცს სინდისიც წმინდა და კრისტალური აქვს. ამიტომაც ამბობს მწერალი: „ხმა შეეცვალა უჩინარს, თითქო გული აუჩუყდა”. სინდისი აუტირდა თედოს და „ამხილა” მოხუცებული: „რუსებს უხდი არაყს, გული გინდა მოიგო, მტრის გული. არაყს მიართმევ და იქნებ როგორმე გადაგიშვან იქით, მავთულხლართს იქით. შეეხვეწები, ასე გაქვს ჩაფიქრებული. ყელს გამოუწევ. თუ გეტყიან, მუხლებზეც დაუდგები, ოღონდ ცოლის საფლავი გაჩვენონ... შენი გამოხდილი არყით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ რუსები ერთმანეთს, მერე გადაჰკრავენ, პურის ნატეხს დასუნავენ... დამცინავი სახეებით გაცქერდებიან რუსი მესაზღვრეები. სიამე ეღვრებათ გულში, ბებერ, დამცირებულ, ღირსებააყრილ „მტერს” რო ხედავენ...” სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა თედოს სულიერი ჭიდილი. ამხედრებული სინდისი მოხუცმა ბოლოს იმით დაამშვიდა, რომ ცეცხლთან მიიჭრა და ძირს მოაპირქვავა ქაფქაფა არყით სავსე ქვაბი. მერე, როდესაც მალულად გადაძვრა მავთულხლართს იქით, ის მამხილებელი ხმა თან აღარ გაჰყოლია. ასე სინდისდამშვიდებული და ღირსებააუყრელი გაეშურა ცოლთან შესახვედრად. ცოლის საფლავზე გადაქცეულმა თედოს სხეულმა უმალ ოთარაანთ ქვრივის სიკვდილი გამახსენა. ილიას „ოთარაანთ ქვრივსა” და „მავთულხლართს” შორის მართლაც არის საერთო. აქ ვხვდებით ორ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს: მაცხოვრის შობასა და აღდგომას. ოთარაანთ ქვრივი შობის ღამეს გარდაიცვალა, თედო - აღდგომის ღამეს. ორივე „ფესვმაგარი ხე” საყვარელი ადამიანის საფლავზე „წამოიქცა”. არც ოთარაანთ ქვრივს გააჩნდა ვინმე გიორგის მეტი და არც თედოს - ცოლის მეტი. ორივემ მარტოობაში გალია სატანჯველად ქცეული წუთისოფელი, ოღონდ ეგ კია, ოთარაანთ ქვრივს ერთი ჭირისუფალი მაინც დარჩა ამქვეყნად, ის სოსია მეწისქვილეს მაინც მოუკვდა, მაგრამ, საკითხავია, ვის მოუკვდა ბეროაანთ მოხუცებული თედო? აქ ისევ ილიას დავესესხები და ვიტყვი: „ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში”. ვფიქრობ, სწორედ ეს დიდი კითხვის ნიშანი დასვა გიორგი სოსიაშვილმა თავის მოთხრობაში.
*** გიორგი სოსიაშვილის მთელ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მზის კონცეპტს. აქ თითქმის ყველგან ვხვდებით მზეს, მაგრამ უსიცოცხლოს, მგლოვიარეს. მოთხრობა „მავთულხლართში” მზე ისეთივე ნაცემ-ნაგვემია, როგორც ჯვარცმული მაცხოვარი. ამქვეყნიური ცოდვების სიმძიმე უტვირთიაო თითქოს მნათობს. სწორედ ეს ცოდვებია, შედედებული სისხლის კოლტებად რომ ამჩნევია: „წითელი პარასკევის სისხლისფერი მზე ნაგვემივით მიცურავდა საავდრო ღრუბლებში, ხანდახან დაგლეჯილი ფთილებიდან გამოჩნდებოდა, შედედებული სისხლი მოუჩანდა”. აქ მზეც ყოვლისმომცველ სიკვდილის ველზე ინაცვლებს: „სისხლისფერი მზე ესვენებოდა მიწისფრად დაფერილ მთებში, ესვენებოდა, ნაგვემი და ნაწამები, როგორც ჯვარცმიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის ნატანჯი სხეული”. საგულისხმოა, რომ „მავთულხლართში” მზის სიკვდილი სიმბოლურად ემთხვევა ქრისტეს ჯვარცმას. მზის ჯვარცმაც წითელ პარასკევს ხდება, დიდშაბათს კი თვალნათლივ ვხედავთ მის გარდაცვალებას: „დიდშაბათის მზე არსად ჩანდა, დიდშაბათის მზეც თითქო ცის სამარხში გაუჩინარებულიყო, ვეება ლოდივით გადაფარებოდა ღრუბელი”. ეს ყოველივე სახარებისეული გამოძახილია - ლოდიც იესოს საფლავის ლოდის პარადიგმაა და მზის დაბნელებაც. როგორც სახარება გვამცნობს, მაცხოვრის ჯვარცმის წინ: „და იყო ასე ექვსი საათი, და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე, და დაბნელდა მზე, და შუა ჩაიხია ტაძრის ფარდა” (ლუკა, 23-24, 44-45). მოთხრობა „მავთულხლართშიც” მზე წითელი პარასკევიდან აღდგომამდე დაბნელებულია. პარასკევს კვდება მზე, რათა აღდგომის დილას ხელახლა აღმობრწყინდეს. როგორც ვიცით, მზე ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ქრისტეს ჰიპოსტასია. მისი არქეტიპი ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს: „მან მზეს დაუდგა კარავი მათში” (ფსალმუნი დავითისა, 18 (19), 5). ეს ასეა, როგორც უძველეს ჰიმნოგრაფებთან („დაუსაბამოისა მზისა, ნათლისა ნათლისღებითა დამდაბლებულ არიან...” - გრიგოლ ხანძთელი), ისე დავით გურამიშვილთან („მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვაზრობა, მიუწთომელო ნათელო, სად პირად მთვარობ, სად მზობა”). ყოველივე ამის გათვალისწინებით, რთული ამოსახსნელი არ უნდა იყოს გარდაცვალებული მზის სიმბოლიკა „მავთულხლართში”, რაც მეტ აზრობრივ დატვირთვას სძენს ნაწარმოებს და აშკარად მეტყველებს გიორგი სოსიაშვილის მოთხრობის სიღრმისეულ პლასტზე. ქრისტე ღმერთი ჯვარს აცვეს კაცთა ცოდვებისთვის. თითქოს ეს ჯვარცმა განმეორდა 2008 წლის აგვისტოს. აქ თითქოს ხელმეორედ აწამეს უფალი. სისხლისფრად შეღებილი მზე ადამიანთა გაუგონარი ცოდვით უარყოფილი და ნაგვემი მაცხოვრის სახეა, რომელიც აღდგომისთვის ემზადება და აღსდგება კიდეც. აღდგომის დილას ამოსული მზე სულ სხვანაირია მოთხრობა „მავთულხლართში” - ახალი სიცოცხლით ამოკაშკაშებული, განახლებული და აღორძინებული: „შამბირეთზე გადმოცურებული აღდგომის მნათობი დასცქერის მკვდარ სოფლებს. აღდგომის მარადიული სიცოცხლით ანთია თითოეული სხივი”, ხოლო ვარსკვლავები იმ ვარსკვლავზე მიგვანიშნებენ, აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა რომ იხილეს ნიშნად იესოს შობისა (მათე 2,1-2): „აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულის მახარობლებად ეკიდნენ ვარსკვლავები ცაზე და თითქო ერთმანეთს შეჰხაროდნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ”. მოცემული პასაჟის აზრობრივი შინაარსი, ვფიქრობ, ნათელია - მართალია, მოსპო მტერმა ირგვლივ ყოველივე, მაგრამ ბოლომდე რაც ვერ მოკლა და გაანადგურა, უფლის რწმენა და სიყვარულია. ამიტომაც ამბობს მწერალი, ის მუდამ ანთია ჩვენში მარადიული სხივით განათებულიო. ბეროაანთ თედომ ქრისტეს მოდელი გაიმეორა. ის მსხვერპლია, კაცთა ცოდვებსა და მამულის სიყვარულს შეწირული, თუმც მინიშნება არქეტიპზე (ქრისტეს მოდელზე) აღდგომასა და აღორძინებასაც გულისხმობს. ამიტომაც ეს მოთხრობა, ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, მოწოდებაცაა: საზღვრისპირა სოფლები არ უნდა დაიცალოს, სიკვდილის ტრამალად არ უნდა იქცეს, პირიქით, უნდა აღდგეს, განახლდეს და გამოცოცხლდეს. იქაურმა მოსახლეობამ (და საზოგადოდ ქართველობამ) ისე კი არ უნდა იაზროვნოს, როგორც გიორგი სოსიაშვილის ერთ-ერთი მოთხრობის („მავთულხლართი სამანს აქეთ და იქით. ახირებული გოგია, გუგულა და უბნის ბიჭები”) პერსონაჟი ქალი ფიქრობს: „სამშობლოს სიყვარულიო, მიწის სიყვარულიო, პატრიოტიზმიო. შვილები თუ კარგად არ მეყოლება, მეხი დავაყარე ყველაფერს!”, არამედ პირადი კეთილდღეობა მშობლიური მიწის კეთილდღეობის ტოლფარდად უნდა გაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უპატრონო ეკლესიას ეშმაკი, ისე დაეპატრონება მტერი მიტოვებულ, ისედაც გოჯისოდენად დარჩენილ მიწას. ეს შიში, რაც ფარულად არის ჩაქარაგმებული მოთხრობა „მავთულხლართში”, მკაფიოდაა გაცხადებული გიორგი სოსიაშვილის სხვა ნაწარმოებებში. ზემოთ მოხმობილ მოთხრობაში პერსონაჟ გოგიას შესახებ ნათქვამია: „იდგა და გაშეშებული მისჩერებოდა, ქვადქცეული გასცქეროდა მკვდარ სივრცეს, ბალახგადავლილ სოფლებს და ფიქრობდა: რა იქნება ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ? და ისევ თვითონ სცემდა თავის კითხვას პასუხს: რა უნდა იყოს, ძნელი მისახვედრია? ჰა, ჰა, რამდენი დავრჩით - ოცი, ოცდაათი კომლი, შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ ეს რას შეცვლის. ჩვენს მერე აქაც სიცარიელე იქნება. მერე ვინ უწყის, იქნება უფრო აქეთაც ჩამოიწიონ და ამით დამთავრდება... ღმერთო!” გიორგი სოსიაშვილის „მავთულხლართში”, რეალისტური პლანის პარალელურად, აშკარად იკვეთება მეორეული პლანი, რაც მეტ სიღრმესა და მომხიბვლელობას სძენს ნაწარმოებს. მეორეული პლანის შემოტანა ჩვენს მწერლობაში XX საუკუნის 20-იანი წლების ქართველი კლასიკოსების დამსახურებაა (დემნა შენგელაიას „სანავარდო”, კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილი”, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი”...). მეორეულ პლანს ვხვდებით XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართულ პროზაშიც (ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია”, ოთარ ჭილაძის რომანები, ნოდარ წულეისკირის „თუთარჩელა”...). ამ თვალსაზრისით, გიორგი სოსიაშვილის „მავთულხლართი” აშკარად ეხმიანება წინამორბედი ქართული პროზის საუკეთესო ნიმუშებს, რაც ფრიად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, მით უფრო ახლა, როდესაც თანამედროვე ქართულმა მწერლობამ გადაივიწყა ეს სიღრმისეულობა და ადგილი დაუთმო მომეტებული ყოფითი რეალობის აღწერას, რასაც უმეტესწილად შიშველ ნატურალიზმამდე მივყავართ (მაგარამ ამაზე სხვა დროს...).
*** გიორგი სოსიაშვილის ლიტერატურულ პერსონაჟებს ერთი უმთავრესი რამ აერთიანებთ - მშობლიური მიწის უსაზღვრო სიყვარული. ეს სიყვარული, თავის მხრივ, წარმოშობს სხვადასხვა განშტოებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, მტრის ამოუყრელ ჯავრსაც და საფლავში წასაღებ ტკივილსაც, მაგრამ ამ ადამიანებს მაინც არ დაუკარგავთ ერთი უმთავრესი თვისება - კეთილშობილება, სხვისთვის უანგაროდ გაღებული სიკეთის ქმნადობის უნარი. ეს არის მათი არსებობის უმთავრესი პრინციპი. ეს შინაარსია გადმოცემული მოთხრობებში „გოგიას გარმონი”, „ბაღები”, და სხვა. ეს ნოველები საცნაურყოფს, რომ ამდენ სატკივარგამოვლილი ადამიანები ცხოვრებამ ვერ გააუხეშა, ომის სისასტიკემ მაინც ვერ ჩააქრო მათ სულში ღრმად ფესვგამდგარი მადლის კეთების სურვილი. ისინი, ყველაფრის მიუხედავად, მუდმივად სხვათა სამსახურში არიან. აკი ამბობს კიდეც ნოველა „ლამპიონების” პერსონაჟი ბაჩანა: „განაპირას მცხოვრებნი ყველა ერთნაირები გავხდით”. ეს ერთნაირად მარტოსული, სამშობლოს სიყვარულით შეპყრობილი ხალხი სწორედ საერთო ტრაგედიამ შეკრა და შეადუღაბა. რთულია, ცრემლის გარეშე წაიკითხო მოთხრობა „ბაღები”. ეს არის ორი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლის - ქართველისა და ოსის ძველისძველი და მარადიული მეგობრობის, ერთმანეთზე ზრუნვისა და ურთიერთისთვის ტკივილის შემსუბუქების სადიდებელი. „ბაღების” მთავარი სათქმელი მოთხრობის პერსონაჟის, ნიკოს ფრაზაშია გამჟღავნებული: „სახლები დაგვიწვესო, ქონება გაგვიზიდესო... ძნელია, როგორ არ დაეთანხმები, მაგრამ ერთმანეთი რო დავკარგეთ, ის ნაკლებად გვახსენდება”. მოთხრობაში ხატოვნად არის დახატული, როგორ ეწირება მესამე, გარეშე ძალას ოსი და ქართველი ადამიანების ნაოფლარ-ნაამაგარი. რუსებს, სადაც მოეპრიანებათ, იქ ავლებენ საზღვარს, შესაბამისად, ხან ქართველების მიწები ჰყვება სამანს იქით და ხანაც ოსების. ვერანაირმა ომის ქარიშხალმა ვერ მოსპო ამ ორი ერის შვილების მეგობრობა და სიყვარული: ჯერ ქართველი ნიკო უვლიდა ოსი გაბის ხეხილის ბაღებს, მოსავალს აბინავებდა და აღებული ფული უკლებლივ მიჰქონდა მავთულხლართთან მოსულ ოს მეგობართან, შემდეგ კი როლები შეიცვალა. ახლა გაბი უვლის ოსების (თუ რუსების?) ტერიტორიაზე დარჩენილ ნიკოს ბაღებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ნიკოს იმის შიში კი არ აქვს, რომ გაბი რაიმეს დააკლებს მის ხეხილს ან ფულს არ მისცემს, მთავარი მაინც უპასუხოდ დარჩენილი კითხვაა: რამდენი ხანი ექნება „გაშვილებული” საკუთარი მიწა ან, საერთოდ, შეძლებს კი ოდესმე მის დაბრუნებას? ეს კითხვა რეფრენად გასდევს გიორგი სოსიაშვილის მთელ შემოქმედებას. მისი პერსონაჟები საკუთარ გულს ასკდებიან ძლიერი მტრის წინაშე - უუფლებოები და განიარაღებულები. მავთულხლართის ეკლების სიმწვავეს, ჯერჯერობით, ვერც ძლიერი სიყვარული ამარცხებს. ძნელია, მძაფრი ემოციის გარეშე წაიკითხო ამ თემაზე დაწერილი მოთხრობა „მძახლები”. როგორც თავად ავტორმა მითხრა, „მძახლები”, ისევე, როგორც მისი არაერთი ნაწარმოები, რეალურ სიუჟეტზეა დაფუძნებული. ამ მოთხრობიდან ხელშესახებად საცნაურდება სიყვარულის უძლეველი ძალა. გვაკვირვებს, როგორ შეძლო ერთმა თითისტოლა გოგომ ის, რის გაფიქრებაზეც, შესაძლოა, ზრდასრულ ადამიანებსაც კი შიშის ჟრუანტელი უვლიდეთ. არც აცია, არც აცხელა, „გულიანად ჩაბეტონებული” მავთულხლართის ქვეშ მიწა გამოთხარა, ერთი ლაზათიანი ქოქოლა მიაყარა მძინარე რუს მესაზღვრეებს და ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიპარა. გადმოიპარა და ქართველ ბიჭს გაჰყვა ცოლად. სულისშემძვრელია მეფე-პატარძლის მშობლებთან შეხვედრისა და მძახლების გაცნობის სცენა: „ორ ნაბიჯზეა ის დაწყევლილი მავთულხლართი. ხელის გაწვდენაზეა რუსების პოსტი. აქეთაც სქართველოა და იქითაც”. სწორედ ამ „ორი” საქართველოს მიჯნაზე, მავთულხლართის პირას იმართება სადღესასწაულო სუფრა, ოღონდ ჭიქების მიჭახუნებისა და გულში ჩახუტების გარეშე - მეტად უჩვეულოდ, ხმამაღალი გადაძახილებით. ეს პურისჭამა არ ჰგავდა ნადიმს; ეს ისეთი სევდანარევი ტრაპეზი იყო, ავთანდილისა და ტარიელის მოკრძალებული პურობის შესახებ რომ ამბობს რუსთველი: „მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა”. „მძახლებში” დახატული ამბავი არ არის ის შემთხვევა, რამაც გიორგი ლეონიძის მოთხრობის („ჩირიკი და ჩიკოტელა”) დაუძინებელ მტრებად ქცეული მეზობლები შეარიგა. ეს უფრო მწარე, უფრო დაუძლეველი ტკივილია, რადგან მათ შორის მესამე, უცხო ძალაა გახიდული, თუმც აქ ერთი რამ არის საგულისხმო - გიორგი სოსიაშვილის მოთხრობის პერსონაჟები მაინც უღრმესი ოპტიმიზმით არიან გამსჭვალულნი. მათ სწამთ, რომ, ერთხელაც იქნება, გადაჯეკავენ ოსურ-ქართული ურთიერთობების მჩხვლეტავ ბარიერს და სიყვარულით ჩაეხუტებიან სამანს მიღმა დარჩენილ მეზობლებსა და მოკეთეებს. ამ იმედით აღვსილი გადასძახის ქართველი ჯაგა ოს მძახალს: „თქვენ გაგიმარჯოთ, მძახალო, ბედნიერება და სიყვარული არ მოგიშალოთ ღმერთმა. არ იდარდო, ეს მავთულხლართი ვერ შეგვაკავებს, ტყუილა ირჯებიან. მალე ჩავეხუტებით ერთმანეთს, მალე. ამის დარდი არა გქონდეს, - რძალი ჩავიკარი გულში. - ეს ჩემი გოგოა, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით. ჩვენი გამარჯვებისა იყვეს!” ამ ოპტიმიზმზე მეტყველებს მოთხრობის დასასრულიც: „ალადასტურით სავსე ჭიქებში გაძვრა მზის სხივი”. გიორგი სოსიაშვილის მოთხრობათა სიუჟეტურ ხაზს ერთი დასაწყისი და დასასრული აქვს - მიწის ყივილი! ეს იგრძნობა ყველგან, ყველა მის ნაწარმოებში. მიწის ყივილია „სამანში”, „მიწის სუნში”, „ლამპიონებში”, „ანასტას მიქოიანში” და ა.შ. ისეთი განსხვავებული თემატიკის ნაწარმოებშიც კი, როგორც „დამიანეს სტუმარია”, მიწის ყივილს უმთავრესი კონცეფციური ადგილი უკავია.
*** მკითხველი დამეთანხმება, რომ ლექსიკურ-ენობრივი გამომსახველობის გარეშე არ იქმნება მხატვრული ეფექტი. ამ მხრივაც გამოირჩევა გიორგი სოსიაშვილის შემოქმედება. თვითმყოფადობასთან ერთად, მისი ერთ-ერთი მთავარი მწერლური ღირსება მხატვრული სახეებით აზროვნებაა. ბრწინვალე მოქართულე, დიალექტიზმებისა და არქაიზმების შერწყმით, ოსტატურად ძერწავს პერსონაჟთა ხატებს. მის ნაწარმოებებში თითოეული პასაჟი თუ სტრიქონი განცდის სიმძაფრით, ექსპრესიულობით არის აღბეჭდილი. „შეპერანგებული”, „უთვალმზერებს”, „ჩარფუზანა”, „დაჯოშილი”, „დახაციცებული”, „დანქრეული”... - ეს სიტყვები იმ კუთხის კოლორიტის შექმნას ემსახურება, რომლის შვილიც თავად ავტორია, ხოლო არქაული გამონათქვამები: „ხნარცვი”, „სათლი”, „ალიზი”... ისე მხატვრულად არის გადაწნული ტექსტთან, რომ არ ირღვევა თანამედროვე ქართული ენის გრამატიკული ნორმები. პირიქით, მეტ სიმძაფრესა და ემოციას მატებს სათქმელს. აკი თავად ამბობს კიდეც მწერალი: „თანამედროვე ტერმინების გამოყენება არ მიყვარს ჩემს მოთხრობებში. ასე მგონია, ტკივილს ვაყენებდე ჩვენს ზღაპრულ ენას, რომელიც ზენაარმა მსოფლიოში ჩვენ, ქართველებს, გვიბოძა და ამით გამოხატა თავისი დიდი, გაუნელებელი სიყვარული ჩვენდამი” („ანასტას მიქოიანი”). GGგიორგიH სოსიაშვილის სტილური ექსპრესია სასაუბრო ენისთვის ნიშანდობლივ მდიდარ ლექსიკას ეფუძნება. აქ ყოველი ფრაზა სუნთქავს, ყველა სტრიქონი ხატოვნად გვიყვება ამბავს; აქ ვერ შეხვდებით გადაპრანჭულ, ხელოვნურ, არაბუნებრივ სიტყვებს. განსაკუთრებული სისადავით შექმნილი პოეტური ხატები თუ ოკაზიური ფორმები ერთ საერთო კონსტრუქციად გარდაიქმნება. კომპოზიციურ ერთმთლიანობას აძლიერებს სინტაგმები და მხატვრულ-გამომსახველობითი ერთეულები. მაგალითისთვის რამდენიმე ფრაზის მოხმობაც საკმარისია: „ცრემლის გუბეებია სულში, დავტოპავ ცრემლის გუბეებში, გავშხვიპავ და გამოვშხვიპავ” („მიწის სუნი”)... შთამბეჭდავია გიორგი სოსიაშვილის მწერლური სტილისთვის დამახასიათებელი მეტყველი მეტაფორები: „დინჯად, აუჩქარებლად ანათებდა ცის მეფარნე” („ბიძაძმისშვილური”)...… გაპიროვნებები - „აპრილი სუნთქავდა პატარა, უსიცოცხლო სოფელში... მზეს აეცენცა მიცვალებულთათვის ვარსკვლავთა ნატირალი ცრემლი” ან „ცოტაც და მამა გახდება აპრილი” („აკაციის სევდა”)... თუ შედარებები - „წინდის ჩხირებივით ქსოვენ მის სახეზე წლები ნაოჭებს” („ბიძაძმისშვილური”). გიორგი სოსიაშვილი, თავისი მწერლური ნიჭითა და ალღოთი, თავისი სიტყვაქმნადობით („ცოტა ხნის წინ შემონაზვნებული დღე”, „მკვდარი დღის ნარჩენებია გზადაგზა”...), თამამად შეიძლება მივიჩნიოთ რევაზ ინანიშვილისა და, საზოგადოდ, ქართული პოეტური პროზის დიდებულ შემოქმედთა ღირსეულ მემკვიდრედ.
*** P.შ. რა თქმა უნდა, დიდია მხატვრული სიტყვის ძალა. ეს შუშანიკისა და აბოს მარტვილობებსა თუ „ვეფხისტყაოსანზე” გაზრდილ მკითხველს არ ესწავლება, მაგრამ თუ სიტყვას საქმეც არ მოჰყვა, ის, შესაძლოა, კედელზე შეყრილი ცერცვივით ჩამოიმტვეროს. გიორგი სოსიაშვილი ორმაგად არის დასაფასებელი - როგორც მწერალი და როგორც მოქალაქე, რადგან ის სიტყვას საქმითაც განამტკიცებს. გორის უნივერსიტეტის რექტორი დღემდე მშობლიურ სოფელ დიცში ცხოვრობს და იქიდან დადის სამსახურში. ოჯახიც იქ ჰყავს და მისი შვილებიც დიცსის სკოლაში სწავლობენ. გორში „ცისკრის” რედაქციის სტუმრობისას მითხრეს, რომ, რაც არ უნდა შეაგვინდეს, ერთი ღამითაც კი არ რჩება გორში, ისე მიიჩქარის თავისი სოფლისკენო, იმ სოფლისკენ, სადაც დარდითა და სულიერი ტკივილით სავსე პერსონაჟები ეგულებიან და, რომლებიც სიმწრით ინარჩუნებენ საკუთარ მიწა-წყალს. ჩვენს ქვეყანას კი ბევრი გიორგი სოსიაშვილი ესაჭიროება, ისეთი, „ძილშიც რომ არ სძინავს ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულსა”. ისევ გიორგი სოსიაშვილის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი: ვინ იცის, „იქნებ დადგეს ის დრო, რომ აღარასდროს აღარ აეწიოს ქართველს ჭიქა და გულმხურვალედ არ ეთქვას: „ემ ჩვენი მიტოვებული სოფლების სადღეგრძელო იყოს, პატრონს რო უცდის!”
თამარ გელიტაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან ბევრი რამ უნდა იწერებოდეს და ცნობილი უნდა იყვეს ყველასთვის ასეთი კარგი პიროვნება, როგორიც არის გიორგი სოზიაშვილი. ძალიან ბევრი რამ უნდა იწერებოდეს და ცნობილი უნდა იყვეს ყველასთვის ასეთი კარგი პიროვნება, როგორიც არის გიორგი სოზიაშვილი.
2. დიდი მადლობა ჯონათან! დიდი მადლობა ჯონათან!
1. სულ ვაპირებ ამ ავტორის ნარკვევების წაკითხვას და ვერ მოვახერხე :)
ეს წავიკითხე ახლა და ცოტა არ იყოს , შემრცხვა, რომ აქამდე არაფერი მსმენია გიორგი სოსიაშვილის შესახებ- კიდეც რომ არაფერი წამეკითხა მისი, რა კარგი მოქალაქე ყოფილა. მადლობა, თამაე!
სულ ვაპირებ ამ ავტორის ნარკვევების წაკითხვას და ვერ მოვახერხე :)
ეს წავიკითხე ახლა და ცოტა არ იყოს , შემრცხვა, რომ აქამდე არაფერი მსმენია გიორგი სოსიაშვილის შესახებ- კიდეც რომ არაფერი წამეკითხა მისი, რა კარგი მოქალაქე ყოფილა. მადლობა, თამაე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|