ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია არგანაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2018


***

***
ყოველ დილით,
სადღაც შვიდ  საათზე თუ  რვის  რაღაც  წუთებზე ,
ჩემი დის ტელეფონი რეკავს და  მატყობინებს,
რომ უკვე გათენდა...
უფრო სწორად,
ახლა მე  უკვე ვიცი,
რომ  ასეთ დროს ჩემი და სამსახურში წასასვლელად ემზადება,
იღებს ტელეფონს  და
მისი ძველი „ნოკია“
ისე  იჭეჭყება სხვა ნივთებს შორის ჩანთაში,
რომ ტკივილისგან  შეწუხებული მუდამ ერთ  ერთ ზარს „უშვებს“ საშველად
და ის ზარი აუცილებლად ჩემთან იგზავნება,
რადგან „კონტაქტებში“ მე სიის თავში ვარ.
თავდაპირველად ეს ზარი  ჩემთვის  იყო სტრესის  მიზეზი,
როგორც უდროო  დროს  კარზე  ბრახუნი
ან სასოწარკვეთილი ყვირილი ...
თუმცა მალე  შევეჩვიე და ახლა ყოველ  დილით
ეს უნებური ზარი ისეთ  რაღაცებსაც მატყობინებს,
რაზეც ჩვეულებრივ არასოდეს ვლაპარაკობთ:
ის, რომ ახალი დღე ისევ დადგა,
მზე დაუზარებლად ამოვიდა ცაზე,
რომ ამქვეყანაში არც ომია და
არც რაიმე სტიქიური უბედურება,
ერთი სიტყვით, არ არსებობს გონივრული მიზეზი,
რომელიც  ჩემს დას დღის წესრიგს დაარღვევინებს...
ჰო, ღვთის წყალობით
(როგორც ჩემი და იტყოდა ტელეფონზე  მას რომ დაერეკა),
ოჯახშიც ყველაფერი რიგზეა,
სახლით,
საქონლით,
შვილებით და
შვილიშვილებით...
და ისიც  ჩვეულებრივ  გადის სახლიდან,
ისე, როგორც შარშან, შარშანწინ და
იმის წინის წინ..
ხოლო  შემდეგ,
შემდეგ...
მთელი დღის განმავლობაში,
ჩვენ რამდენჯერმე ვურეკავთ ერთმანეთს,
ვსაუბრობთ ათასგვარ  თემაზე,
რომლებიც ძალზე უმნიშვნელოა
იმასთან  შედარებით,
რაც  დილით ტელეფონმა უკვე შემატყობინა....
***

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები