აკაკის „განთიადიც” და იმ კაცის თავდადებაც, რაც საფუძვლად დაედო ამ ლექსს, ყოველმა ჩვენგანმა სკოლის მერხიდან იცის, მაგრამ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ უწოდა პოეტმა ლექსს „განთიადი”? ფიქრი იმაზე, რომ დიმიტრი ყიფიანის აღსასრული, მისი თავდადება ქვეყნის განთიადთან, ანუ სამშობლოს უკეთეს მერმისთან გვაახლოებს, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, ლოგიკურ აზრს არის მოკლებული. ამდენად, „განთიადის” მხატვრული ტექსტის ანალიზთან ერთად, ჩვენ წინაშე დგება საკითხი, თუ რა აზრის შემცველია სათაური აკაკის პოეტური შედევრისა.
••• დიმიტრი ყიფიანის ტრაგიკულმა ხვედრმა შეძრა სრულიად საქართველო. ბუნებრივია, ისეთი პოეტი და ერისკაცი, როგორიც აკაკი წერეთელი იყო, მდუმარედ ვერ შეხვდებოდა ჭეშმარიტი მამულიშვილის თავგანწირვას და გამოეხმაურა ამ საყოველთაო მწუხარებას. მან ორი ლექსი უძღვნა ერისათვის თავდადებულ გმირს: „ქართველი უცხოეთში” (1887წ) და „განთიადი”, თუმც, ისიც აღსანიშნავია, რომ აკაკიმ დიმიტრი ყიფიანისადმი პატივისცემა მის სიცოცხლეშივე გამოხატა. ეს არის ექსპრომტად შექმნილი „დიმიტრი ყიფიანის სადღეგრძელოდ”. დიმიტრი ყიფიანის ხატება, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში თან სდევდა აკაკის პოეტურ შთაგონებას, რაც 1892 წელს „განთიადის” შექმნით დაგვირგვინდა. მართალია, „განთიადი” კონკრეტულ პიროვნებას, დიმიტრი ყიფიანს ეძღვნება, მაგარმ იმდენად დიდია მისი განმაზოგადებელი ეფექტი, რომ, შეიძლება ითქვას, ეს ლექსი ნებისმიერი თავდადებული მამულიშვილის საგალობელია. მართებულად შენიშნავს აკაკი ბაქრაძე: „აკაკის ლექსების დიდი ნაწილს საგალობლის ხასიათი აქვს”. სწორედ ამაშია „განთიადის” სიდიადეც. როცა დიმიტრი ყიფიანის მკვლელობით სულშეძრულმა აკაკი წერეთელმა ამ ტრაგიკული ამბის შეტყობისთანავე დაწერა ლექსი „ქართველი უცხოეთში”, იქ სწორედ კონკრეტული ფაქტი აღწერა. პოეტი გვიამბობს, როგორ მოკლეს მხცოვანი მამულიშვილი:
ამ დროს გაიღო კარები, მის წინა წარსდგა სკვითელი და მირონცხებულ მოხუცსა მტრულად შეახო მან ხელი. „განთიადი” კი ყოველგვარ კონკრეტიკას არის მიკლებული. არსად არ არის ნათქვამი თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა დიმიტრი ყიფიანის თავგანწირვა. მეტიც, გმირი სახელითა და გვარითაც კი არ არის მოხსენიებული. მხოლოდ ეპითეტებია: „თავდადებული”, „მტრის ურჩი რაინდი”, „ქვეყნის მოყვარე”, თუმცა არსებობს ლექსის ხელნაწერი, რომლის პირველი სტროფის ბოლო ორ ბწკარში იკითხებოდა: „მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს, საფლავსა დიმიტრისასა”, მაგრამ საბოლოოდ აკაკიმ „საფლავსა დიმიტრისასა” შეცვალა კონკრეტულობას მოკლებული, თუმც უფრო მრავლისმთქმელი ეპითეტით: „თავდადებულის საფლავსა” (აღნიშნული ცვლილების შესახებ იხ. ჯ. გაბოძე - „როდის შეიქმნა და ვის მიეძღვნა „განთიადი”?). „განთიადში” არც ხალხის, მშობელი ერის დამოკიდებულება ჩანს ქვეყნისთვის წამებული რაინდის მიმართ. აქ არ არის ჭირისუფალთა მოთქმა და ზარი. ყოველივე ეს ბუნების თანაგრძნობით გამოიხატება, ოღონდ ისე, რომ ბუნება ყველა შემთხვევაში გასულიერებულია. ამიტომაც მიმართავს აკაკი პოეტურ გაპიროვენებებს: „მთაწმინდა ჩაფიქრებულა”, „მდინარე ნანას უმღერის”, „დადუმებულა მთაწმინდა”... ასე რომ, მშობელი ერის თანაგრძნობა ბუნების თანაგრძნობით არის შეცლილი. ეს უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული ჭირისუფლის განცდა. ახლა უმთავრეს სათქმელს მივადექით. მშობლიური ბუნების გარდა, „მტრის ურჩ რაინდს” და მის „სამშობლო მხარეს” კიდევ ერთი და უზენაესი ჭირისუფალი ჰყავს - მაცხოვარი! „განთიადში” ვკითხულობთ: „მთაწმიდა ჩაფიქრებულა / შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა”. ქრისტიანულ სახისმეტყველებაში განთიადის, ანუ ცისკრის ვარსკვლავი ისეთივე სახე-სიმბოლოა მაცხოვრისა, როგორც, ვთქვათ „მზე”. დავით გურამიშვილი ამბობს:
მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვაზრობა, მიუწთომელო ნათელო, სად პირად მთვარობ, სად მზობა.
ძლისპირში მაცხოვარი „მზე სიმართლისად” იწოდება - „გამობრწყინდა საშოისაგან ქალწულისა მზეი იგი სიმართლისაი”. იმას, რასაც ცისკრის (განთიადის) ვარსკვლავის შესახებ იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ, „განთიადის” სათაურის ასახსნელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: „მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისა, და ვარსკვლავი ბრწყინვალე განთიადისა” (გამოცხ. იოანე, 22, 16). ახალი აღთქმის თანამედროვე თარგმანში ეს ფრაზა ასე იკითხება: „მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი”. განთიადის ვარსკვლავი რომ იგივე ცისკრის ვარსკვლავია, ეს მეტ-ნაკლებად წიგნიერმა ქართველმა აკაკის დროსაც კარგად იცოდა, აკაკიმდეც და აკაკის შემდომაც, უბრალოდ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით ლექსში ნახსენები „ცისკრის ვარსკვლავის” დაკავშირება განთიადთან (განთიადისა ვარსკვლავთან). ამის გამო დარჩა აუხსნელი აკაკის ლექსის უმთავრესი სახე-სიმბოლოც და სათაურიც, მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრის ახალიაღთქმისეული სახე-სიმბოლო - განთიადის (ცისკრის) ვარსკვლავი საყოველთაოდ არის დაკანონებული ქრისტიანულ სახისმეტყველებაში. ნუმუშად ისევ დავით გურამიშვილს მოვუხმოთ: „განთიადისა ვარსკვლავო, მის მზეთამზისა მთიებო!. ამრიგად, როცა გავაცნობიერებთ, რომ განთიადის, ანუ ცისკრის ვარსკვლავი მაცხოვრის სახე-სიმბოლოა, გასაგები ხდება, თუ რატომ შეჰყურებს „ჩაფიქრებული მთაწმინდა” ცისკრის ვარსკვლავს. იგი ღვთაებრივი მადლის მოლოდინშია! შემდეგი სტრიქონები კი ამ მადლის მოფენის უცხადესი გამოხატულებაა: „მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა”. როგორც ვხედავთ, აკაკიმ ღვთაებრივი მადლით შემოსა სამშობლოსათვის თავდადებული გმირის განსასვენებელი - „საშვილიშვილო სამარე”. წამებული რაინდის ღვთაებრივი მადლით მოსილი საფლავი, იქ მდებარე ნეშტით, უკვე წმინდა ალაგია, წმინდა არეა. ღვთაებრივმა მადლმა, რომელიც ცისკრის ვარსკვლავიდან (მაცხოვრიდან) გადმოედინება, წმინდა ჰყო თავდადებულის სამარე (მეტიც, ეს მადლი მთელ იმ არემარეს ეფინება, რომელსაც თვალს ავლებს გრძნობამორეული მგოსანი). ამ გზით პოეტმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანის რანგში აიყვანა. აკაკი წერეთელმა პოეტური მგზნებარებით იწინასწარმეტყველა ის, რაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ დააკანონა. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში აღნიშნულია, რომ „აკაკი წერეთელი საკმაოდ ღრმა რელიგიური განცდის პოეტია... გამსჭვალული სამყაროს ღვთაებრიობის განცდით” (ა. გომართელი, „სულიკოს” სემოიტიკა ანუ კიდევ ერთხელ „სულიკოს” საიდუმლოს შესახებ”),. აკაკის რელიგიური მრწამსის წარმოჩენისას განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას მის ლექსსზე - „ქებათა-ქება”, რომელსაც ბიბლიიდან მომდინარე სათაური აქვს (გრ. რობაქიძე, ა. ბაქრაძე, ა. გომართელი, გრ, ფარულავა, ი. ევგენიძე...). „აკაკი „ქებათა-ქებაში” უზენაესი შემოქმედის სიდიადეს ჭვრეტს. ღვთაებრივი სიყვარული რეალურად არის განხორციელებული ხილულ, მატერიალურ სამყაროში... მთელი ხილული, მატერიალური სამყარო - ღვთაებრიობის გამოვლენაა” (ა. გომართელი, 2001, IX). გრიგოლ რობაქიძეს აღნიშნულ ლექსზე ნათქვამი აქვს: „მთელი ბუნება შესტრფის ღვთაებრიობის სხეულობას სამყაროში”. ეს კი სიყვარულის ღვთაებრივი ძალის მეშვეობით ხორციელდება, რისი დასტურიც ისევ აკაკის სიტყვებია: „შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის კავშირო და თან შუამავალო” („ქებათა-ქება”). ცისა და მიწის ამგვარი კავშირი რეალიზდება „განთიადშიც”. აქ ერთმანეთს ერწყმის ღვთაებრივი და მატერიალური. „განთიადის” ავტორმა სულიერსა და მატერიალურს თანაბარი მნიშვნელობა მიანიჭა, მათი გამთიშველი უფსკრული ამოავსო, მათი განუყოფლობა და ერთიანობა წარმოგვიდგინა. ის სულისა და ხორცის ჰარმონიის რწმენით უფრო „ვეფხისტყაოსნის” ავტორს ეთანხმება, ვიდრე ადრექრისტიანული ან მომდევნო ეპოქისა თუ თავის თანამედროვე მოკალმეებს. სულიერისა და მატერიალურის ერთიანობას ქადაგებს გურამიშვილიც:
ვით საწუთროსი მზესთანა მიჩნს თინათინის შვენება, ეგრეთვე ძესთან საწუთრო მზე მიჩანს და მის თენება.
თუმც, მიუხედავად ზემოთქმულისა, უნდა აღინიშნოს, რომ გურამიშვილთან ყოველთვის არ ვხვდებით სულიერისა და ხორციელის ერთიანობის მაგალითებს. იმავე „დავითიანში” ვკითხულობთ:
ხორცია მიწა ტალახი, საწუთროს ფეხით ნალახი; სული უსხეულ მყოფელი, აქვს საუკუნო სოფელი.
ამავე მოსაზრებას ეხმიანება „დავითიანის” სხვა სტრიქონებიც:
ხორცსა აქვს დანაშაული, სულისა არა ბრალია; სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი მყრალია.
ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება სულს, რადგანაც ის ღვთაებრივია და ზეციურ საუფლოში იმკვიდრებს ადგილს. რაც შეეხება ხორცს, გურამიშვილის სტრიქონების თანახმად, ის მიწის კუთვნილებაა, ლეშად ქცეული ჭია-მატლის საზრდო ხდება. აქ ხორცილი ბუნება დაცლილია ყოველგვარი ღვთაებრიობისაგან. ამასვე მოწმობს ვაჟა-ფშაველას ლექსიც: „ჩემი ვედრება”, სადაც მკვეთრი ზღვარია გავლებული სულსა და ხორცს შორის: „სული - შენ, ლეში - მიწასა...”, მაგრამ ეს მაშინ, როცა ჩვეულებრივ მოკვდავზეა საუბარი, მაშინ არის ხორცი მიწა-ტალახი თუ ლეში, ხოლო წმინდანის შემთხვევაში, როგორც ეს „განთიადშია” ნაჩვენები, მისი ნეშტიც და ის არეც, სადაც ეს ნეშტი განისვენებს, უკვე ღვთაებრივია. აკაკი წერეთელმა შესანიშნავი რეგალიით შეამკო დიმიტრი ყიფიანი, როდესაც მას „მტრის ურჩი რაინდი” უწოდა. ეს მისი პოეტური შეფასებაა სამშობლოსათვის თავდადებული, დიდი ბრძოლისუნარიანობის მქონე გმირისა, რომელმაც მთაწმინდაზე დაიდო ბინა და დაიმკვიდრა სამარადჟამო უკვდავება - „საშვილიშვილო სამარე”. აკაკი მამადავითს (მთაწმინდის კალთაზე არსებულ წმ. დავით გარეჯელის სახელობის ტაძარს) ავედრებს „საშვილიშვილო სამარეს” და ამით ღმერთს გმირისადმი სასუფევლის დამკვდრებას შესთხოვს, გრძნობამორეული მგოსანი ქვეყნის ცასა და ხმელეთს ხატოვნად ადარებს ფირუზსა და ზურმუხტს და ამ ფირუზისფერ ცასა და ზურმუხტისფერ მიწას მოშორებულ გმირს „ობოლს” უწოდებს. პოეტი სრული სიცხადით წარმოგვიდგენს უცხოობაში მყოფი, სამშობლოსა და ახლობლებს მოწყვეტილი დიმიტრი ყიფიანის სულიერ მღელვარებას, რა დროსაც „სისხლის ცრემლები” უღვრია მხცოვან რაინდს. როდესაც აკაკი ლირიკული გმირის განცდებზე მოგვითხრობს, მის ყოველ ფრაზაში თავად მგოსნის სულიერი მღელვარებაც გამოსჭვივის. როგორც ითქვა, აკაკიმ დიმიტრი ყიფიანს გარდაცვაებისთნავე უძღვნა ლექსი. ამის შემდეგ თითქოს ვალლმოხდილად უნდა ჩაეთვლა თავი მის წინაშე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა... აკაკიმ აფორიაქებული სული ვერ დაიმშვიდა. ვფიქრობ, ის პერიოდი, ვიდრე „განთიადი” შეიქმნებოდა, იყო ძიების წლები, გამუდმებული ფიქრი არა მარტო დიმიტრი ყიფიანის, არამედ საზოგადოდ ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილთა ადგილზე ერის ისტორიაში. ეს კი აზრისა და გმოსახვის ჰარმონიულ სრულყოფილებას მოითხოვდა. ეს სრულყოფილება მხოლოდ 1892 წელს მოვიდა, როდესაც „განთიადი” შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ აკაკი წერეთელი გარკვევით ამბობს: „მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს”-ო, მაცხოვრის (ცისკრის ვარსკვლავის) მადლით კურთხეული გმირი აღარ აღიქმება გარდაცვლილად. პოეტი სწორედ მისი მეშვეობით ესაუბრება და ეთაყვანება სამშობლო მხარეს. „განთიადში” საოცარი ერთსულოვნებაა ლექსის, ლირიკული გმირისა და პოეტისა. მეტიც, არსებითად წაშლილია ზღვარი მათ შორის. აკაკი ამბობს:
მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა.
ერთი შეხედვით, თითქოს შეუძლებელია გავარკვიოთ, ვინ იგულისხმება გრძნობამორეულ მგოსანში - ლექსის ავტორი თუ მშობლიური მიწის წიაღში დაბრუნებული წამებული რაინდი. რა თქმა უნდა, გრძნობამორეული მგოსანი რომელიც „თვალს ავლებს არემარესა”, აკაკი წერეთელია, მაგრამ მან იმდენად გაითავისა საკუთარი ლექსის გმირის განცდები, რომ თავს უფლებას აძლევს, მის ნაცვლად ილაპარაკოს. შემდგომში მთელი ლექსი უკვე დიმიტრი ყიფიანის მონოლოგია, „გრძნობამორეული მგოსნის”, აკაკი წერეთლის მირ წარმოთქმული, სადაც გამუდმებით იგრძნობა პოეტისა და ლირიკული გმირის ერთიანობა. თითქოს ისინი ერთად წარმოთქვმდნენ მამულის საგალობელს, სადაც უფრო მეტია ლოცვა-ღაღადისი, ვიდრე ტრაგიზმი. ამგვარი განცდის გამოხატულებაა სტროფი, რომელსაც დამამშვიდებლი ინტონაცია შემოაქვს ლექსის საერთო დრამატულ ტონალობაში:
გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, - ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლა გამიხარეო.
მართლაც, ძნელია თქვა, ვის მიემართება ეს ოპტიმისტური ფრაზა - „გულში იფეთქა სიამემ, / სევდები უკუვყარეო”, - მშობლიურ წიაღში დაკრძალვით სულდამშვიდებულ გმირს თუ პოეტს, რომელსაც ასევე სულის სიმშვიდე ეუფლება, ვინაიდან გრძნობს, თუ რა ღვთაებრივი სიტყვით ეფერება და ადიდებს „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოვან” სამშობლო მხარეს ან როგორი ღირსეული ადგილი მიუჩინა წამებულ რაინდს ქართველი ერის ისტირიაში. ანალოგიურ სწრაფვას სულიერი სიმშვიდისაკენ ვხვდებით აკაკის „სულიკოშიც”. გავიხსენოთ, როგორ მშვიდდება საყვარლის საფლავის (მაცხოვრის სამყოფლის) ძიებით დაღონებული ლირიკული გმირი, როდესაც აღმოაჩენს, რომ „ღმერთი ყველგან არის, ყოველ არსსა თუ არსებაში ღვთაებაა განფენილი, ყოველივე ღვთის გამოვლენაა: მიწაზეც (ვარდი), ცაშიც (ბულბული) და შორეულ კოსმიურ სივრცეშიც (ვარსკვლავი)” - (ა. ბაქრაძე, 2004). აკაკი „განთიადში” თითქოს ციურ მხედრობათა სიმრავლეზე საუბრობს, როდესაც ამბობს:
წინ მომეგებნენ ღიმილით, შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი, მიკაშკაშ-მოელვარეო”
ვფიქრობ, აღნიშნული სტრიქონები ემანაციის პრინციპის თვლასაჩინო გამოხატულებაა. ქრისტიანული მრწამსის თანახმად, ღმერთი თვითონ არის გამობრწყინება ყოველი იერარქიული გამოცხადებისა. წმ. დიონისე არეოპაგელი ამბობს: „ყოველგვარი ხილული და უხილავი წესრიგის ზებუნებრივი წესდასაბამობა თავის ნათლისცემის ელვარებას ყოვლადბედნიერი გადმოღვრის სახით უპირველესად გამოაშუქებს და გამოუბრწყინებს უზემოეს არსებებს, რომლებიც უქვემოეს მწკრივებსაც აზიარებენ, ღვთიურ სხივებს... ნათელმოსილ არსებებს ასხივოსნებს საერთო წყარო - ღმერთი” (წმ. დიონისე არეოპაგელი, „ზეციური იერარქია”). ამდენად, მზე, მთვარე და ვარსკვლავთა ის გუნდი, რომლებიც „განთიადში” თავდადებულ გმირს ეგებებიან, იმ ნათელმოსილ არსებებს წარმოადგენენ, რომელთაც საერთო პირველსაფუძველი - ღმერთი ასხივოსნებს. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული რწმენის თნახმად, წმინდანები მსგავსნი არიან მზისა და ვარსკვლავებისა (ბიბლიის ლექსიკონი, ტ. II). ასეა ეს, როოგრც ძველი, ისე ახალი აღთქმის მიხედვით. წინასწარმეტყველებაში დანიელისა (12,3) ნათქვამია: „და გულისხმა - მყოფელნი გამობრწყინდნენ, ვითარცა ბრწინვალება სამყაროსი და... ვითარცა ვარსკვლავნი”. ასე რომ, აკაკის პოეტური ფრაზა: „წინ მომეგებნენ ღიმილით / შენი მზე, შენი მთვარეო, / გუნდი და გუნდი ვარსკვლავი, / მოკაშკაშ- მოელვარეო”, შესაძლებელია, კიდევ ერთი მინიშნება იყოს იმისა, რომ „განთიადის” ავტორი თავდადებულ გმირს წმინდანის შარავანდედით მოსავს. როგორც ცნობილია, აკაკი წერეთელი დიდად აფასებდა ღრმად რელიგური მრწამსის პოეტს, დავით გურამიშვილს. სწორედ გურამიშვილის ერთი სტრიქონი შეიქნა ბიძგის მიმცემი „განთიადის” ფრაზისა: „გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე შენ კერძ დამმარხეო” (გურამიშვილი). შდრ. „დედაშვილობამ ბევრს არ გთხოვ, / შენს მიწას მიმაბარეო” („განთიადი”). „გურამიშვილისეული ვედრება ღვთაებრივ წიაღში დამკვიდრებისა აკაკის „განთიადში” მშობლიურ წიაღში დაკრძალვის ნატვრად ტრანსფორმირდება” (ა. გომართელი), თუმც სამშობლო ქვეყნის ტრფიალებაში, „განთიადის” თანახმად, სამყაროს ერთიანობისა და ღვთაებრიობის განცდაც გამოსჭვივის. ამდენად, პოეტის თვალთახედვით, არა მხოლოდ თავდადებულის სამარე და მთაწმინდის შემოგარენი, არამედ ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოვანი სამშობლოც, ღვთაებრიობის ნაწილია, ისიც მაცხოვრის (განთიადის, ანუ ცისკრის ვარსკვლავის) ზეციური მადლით არის გასხივოსნეული. ასე რომ, ზეციური საუფლო და აკაკის ღვთივკურთხეული სამშობლო ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიან, რომელთა წიაღშიც არის დავანებული თავდადებულის სულიცა და ნეშტიც, ამიტომაც უძღვნის აკაკი წერეთელი ჭეშმარიტ საგალობელს სამშობლო ქვეყის ცასა და მიწას - და ამ „სამშობლო მხარეს” შეწირულ გმირს, დიმიტრი ყიფიანს, რომელიც 2007 წლის 26 აპრილს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
თამარ გელიტაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი ნამუშევარია. კარგი ნამუშევარია.
5. თამუნა, მიხარია , აქ რომ გხედავთ. რამდენი გიმუშავიათ! მაპატიეთ, ასეთი ვრცელი ტექსტის ტელეფონის ეკრანზე გულდასმით წაკითხვა ძნელია ჩემთვის . ბარათაშვილის ამ მაგალითს თუ იხსენიებთ?
,მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი, რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.”
ჩემი ფიქრით, ალუზიაზე მეტი კავშირია. თამუნა, მიხარია , აქ რომ გხედავთ. რამდენი გიმუშავიათ! მაპატიეთ, ასეთი ვრცელი ტექსტის ტელეფონის ეკრანზე გულდასმით წაკითხვა ძნელია ჩემთვის . ბარათაშვილის ამ მაგალითს თუ იხსენიებთ?
,მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი, რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.”
ჩემი ფიქრით, ალუზიაზე მეტი კავშირია.
4. გმადლობთ, მუხა. დიდი მადლობა გმადლობთ, მუხა. დიდი მადლობა
3. ამ გვერდზე რომ შემოვდივარ, სულიერად ვისვენებ და ლიტერატურულად ვივსები, ძალიან მომეწონა. ამ გვერდზე რომ შემოვდივარ, სულიერად ვისვენებ და ლიტერატურულად ვივსები, ძალიან მომეწონა.
2. დიდი მადლობა ჰარირამა დიდი მადლობა ჰარირამა
1. რა კარგია , კარგ კრიტიკას რომ კიტხულობ,მიხარია რომ ამ მიმარტულებიტ სერიოაზულად მომუსავე ადამიანი გამოჩნდა. რა კარგია , კარგ კრიტიკას რომ კიტხულობ,მიხარია რომ ამ მიმარტულებიტ სერიოაზულად მომუსავე ადამიანი გამოჩნდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|