ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია არგანაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2018


* * *

შენ ჰგავხარ იმ ხეს,
რომელსაც ჩემი სიტყვის გაგება რომ შეეძლოს,
ვურჩევდი, ოდნავ ტანი გაიმრუდოს,
აქა-იქ კორძებიც გამოუშვას,
რათა ალვასავით  ცისკენ აწვდილს
კაცის შურიანი თვალი არ მიწვდეს და
მოჭრა არ დაუპიროს...
შენ ხე არ ხარ,
თუმცა მაინც არ  გესმის,
რომ ამ ხალხს შენგან
მხოლოდ  ნაცნობი ნივთის გაკეთება სურს
ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ და გაუტყდათ,
ან დაკარგეს...
შესაძლოა, კერპი ჰყავდათ  და დაემსხვრა,
რომელიც გულით უყვარდათ და
უიმისოდ ყოფნას ვერ იტანენ,
ამიტომ ფიქრობენ შენს გათლას
(და თუ დაsჭირდათ,
დაგაგრძელებენ ან შეგამოკლებენ),
ვიდრე შენში ნაცნობ  პროფილს არ დაინახავენ და
ძველი კერპის ადგილს არ შეავსებენ...
და ნუ გაგიკვირდება,  თუ შენ გერქმევა  (ვთქვათ)
მეორე  ილია, მეორე აკაკი  ან ვაჟა
ოღონდ,  ისიც მეორე...
რომლებიც  უკვე იყვნენ  და აღარასოდეს განმეორდებიან
და რომელთაც  ისევ ელიან,
რადგან მხოლოდ მათ იცნობენ
(იცნობენ?),
ხოლო  ახალს კი არაფრით მიიღებენ,
რადგან ახლის ცნობა უჭირთ,
მათ შორის კი არ არის მცნობელი,
რომელიც ყველას თავის სახელს დაარქმევს...
.........................................................................
სწორედ ამიტომ გირჩევდი, რომ შენი ნიჭი დამალო,
რათა გულმშვიდად შეძლო საკუთარი ბუნების გამოვლენა,
რომელიც იმდენად  უცხო იქნება მათთვის,
რომ მისი გამოყენება არ ეცოდინებათ
და მხოლოდ ამის გამო გადარჩები მოჭრას,
როგორც ის ტანმრუდე ხე,
რომელიც უღრან ტყეში დგას,
რომელსაც ვერც მასალად იყენებენ,
ვერც პარკში გადასარგავად,
ვერც ღუმელში დასაწვავად,
მაგრამ სწორედ იმ დაწუნებული,
ტანმრუდი ხეების სიმრავლე ქმნის ტყეს,
რომლის გარეშეც
დიდი ხანია ეს ქვეყანა უდაბნოდ გადაიქცეოდა..

***

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები