ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2018


უთქმელი სევდა

*
სიცივეები სოფლებში დიდ ხანს არ მთავრდებიან. სიცივეები გულებში დიდ ხანს არ მთავრდებიან, თუკი ერთხელ ჩაიბუდებენ. ფიქრებს ლაგამს ვერ ამოსდებო, ნათქვამია. მეც ასეთ ფიქრებში გართული თასიდან ჩაიდანში ცივ წყალს ვასხამ და ღუმელზე ვდგამ. ჩაი მინდა, ჩაი უნდა დავლიო, უნდა გავთბე - მეყოფა ამდენი გაკაჟება. სკოლიდან წამოსასვლელი გზა უფრო გრძელია, ვიდრე წასასვლელი. და ჩემი გულიც ჩემზე წინ მოდის ხოლმე, ვიდრე ფეხები. ფეხები სულ დაღლილი მაქვს, ისევე როგორც მთელი სხეული, თუმცა, უკვე შევეჩვიე ჩემს გაუკუღმართებულ ცხოვრებას, ახალ სკოლას ახლოს მე არავინ ამიშენებს, ისევ კილომეტრები უნდა ვსერო, უნდა მეტკინოს ტერფები და უნდა გამიმაგრდეს კუნთები. ასეთია ჩემი დალოცვილი ცხოვრება.
*
- ისევ ხუთიანი მივიღე, დე, მასწავლებელმა ჩუმად შემაქო გაკვეთილების შემდეგ, სხვებს რომ არ გაეგოთ.
- კარგია, დედი, ძალიან კარგია.
- დე, ხო მართლა გიხარია?
- მიხარია, შვილო, აბა არ მიხარია?!..
დედაჩემს აღარაფერი აღარ ახარებს, მამაჩემის იმქვეყნად წასვლის შემდეგ. თითოეული დღის გათენება ენერგიის შეცოტავების ტოლფასია მისთვის. მდინარეზე ჩასვლა დასჩემდა, მდინარეს უყვება თავის ამბებს, ტკივილიან ამბებს, მდინარეს, რომელიც მამაჩემამდე მიდის. და მერე ბრუნდება თვალებდასიებული, ცხვირდასიებული, ფეხებგაყინული და მე წინდებს ვუმზადებ. მეზობლის ბიჭს წინასწარ ვთხოვ ხოლმე შეშის დაჩეხას, დედა უნდა გავათბო რომ მოვა და ამბებს მდინარესთან დატოვებს.
*
სკოლიდან მოვდიოდი, მიწას დავყურებდი, ტალახებში ფეხი რომ არ ჩამედგა. ჩემს უბანს რომ მოვუახლოვდი, კაცების საუბარი გავიგონე - მამაჩემზე საუბრობდნენ, ამბობდნენ, მარილზე გავიდაო. მაშინ სულ არ ვიცოდი მარილზე გასვლა რა იყო, მეგონა ოჯახში მარილი აღარ გვქონდა და მამაჩემი მის სათხოვნელად წავიდა. ეს ამბავი რომ გავიგე, ვნატრობდი, მართლა მარილი მოგვკლებოდა და არა მამაჩემი. უკაცო სახლის სევდა, სხვა სევდაა, ენით უთქმელი. "მარილის შეცოტავებასთან" ერთად, შეცოტავდა ჩვენი მოსავალიც. ყანები ჩაჭკნენ, მზეებმა ერთიანად დააჭირეს ბაღებს და ბოსტნებს, გაახმეს და იავარყვეს ყველა შრომა და სულამომძვრალი კაცის ჯაფა. აღარ მოვიდა ისეთი შემოდგომა, ბარაქიანს რომ უწოდებენ ახლა სხვები, აღარ გაყვითლდნენ ხეები ისე, მე რომ მიყვარდა. შეგვიცოტავდა საქმე და გაგვიბევრდა საფიქრალი. ჩვენ რა ვიცოდით, რომ უკაცო ოჯახის სევდა, სხვა სევდაა, ენით უთქმელი.
იმ პერიოდში საკუთარ სიძლიერეს ერთი რამით ვზომავდი - რამდენ ღამეს გავატარებდი ისე, რომ არ მეტირა. რამდენჯერ დავიძინებდი და დავისიზმრებდი მამაჩემს, ჩემი არსებობის დასტურს და იმ ქვეყნიდან გადმომდგარ მეთვალყურეს. რამდენჯერ გავათენებდი საათებს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გამეცოცხლებინა ჩემი მშობელი. როგორ ამომეთხარა მიწა და როგორ ამეყენებინა საფლავიდან ეს ნაადრევად მკვდარი კაცი, მშობელი ჩემი. როგორ გამეცოცხლებინა და მომეყვანა დედაჩემისთვის, მენახებინა - დედა, აი, მოგიყვანე შენი და ჩემი მარჩენალი, შენი ფიქრების მთვარე და გათბი ახლა უჩემოდ, გაითბე სახე და შეისრუტე ეგ ცრემლები უკან. აღარ გიხდება ეგ ტირილი, სახე რომ დაგიღარა და დაგიჭკნო, დედა, მიდი და ჩაეხუტე შენს კაცს, შენს ნაოცნებარს.
ცის ამოყირავებას ჰგავდა ჩემი ცხოვრება, მამა რომ მოკვდა. ისე შემცივდა, მდინარეებში წყლის ჩადგომის პერიოდმაც ვერ ამაცალა ჩემი ყინული, ვერ გამადნო, ვერ დამამასხვრია. მე თვითონ ვამსხვრევდი საკუთარ თავს ძილის პირულებზე და ვიმსხვრევდი ოცნებებს, შორს რომ მიდიოდა, თბილ ქვეყნებში, თვალუწვდენელ ჰორიზონტებზე. ისე მიყვარდა, ჩემი ფიქრები, ანთებული ბუხრის წინ მოდგმული სამეცადინო და თაფლიანი პურები, მეგონა, ცხოვრებას არ შეეძლო, უიმედო ყოფილიყო.
და მერე მალევე დაიწყო ჩემი დაკერილი წინდების ისტორიები. დაცარიელდა სახლი. დიდთოვლობისას შემოჩვეული მგლების ყმუილი გვაშინებდა მე და დედაჩემს. დაჟანგდა თოფი და ჩაჟანგდა სახლის სხვენში შენახული ტყვიები. ის ტყვიები, ყოველდღე რომ მკლავდა და კლავდა ჩემი წარსულის აჩრდილებს.
*
სკოლამდე გზას სხვებზე ფიქრებს ვაყოლებ ხოლმე, კარგი კლასელები მყავს, ერთი-ორგან თუ გამოერევიან ულამაზოები. ყველა ყველაზე ფიქრობს ჩემსავით და ყველამ ყველაზე იცის, ვის ოჯახს რამდენი სული საქონელი ჰყავს, ვის როგორი სახლი აქვს და რამდენ ლიტრ რძეს ჰყიდიან მათი მშობლები ყოველ შუადღით. ვის აკლია დილაობით ახალშედედებული მაწონი და ვის რას ატანს დედა სკოლაში სახუთგაკვეთილო დაღლის ტოლფასად. მე ჩემი საჭმელი კი არა, დედა მენატრება დილაობით სახლში. უფრო მეტად კი მათთან ვმეგობრობ, ვისაც მშობელი არ ჰყავს, ვიცი, საერთო ტკივილი საერთო დაღია ადამიანებისთვის, ასე უფრო გამომდის. მათ უკეთესად იციან, რომ მშობლის გარეშე ყოფნა სხვა სევდაა, უთქმელი სევდა.
შიო-ბიჭია ერთი ბიჭი, ჩემი კლასელი. კარგი ბიჭია, თვალებიდან თავისი ფერი გაზაფხული გამოსდის ხოლმე და მისი დანახვა ჩემი ფერი ცუდი ამინდების გამოდარებას უდრის თითქოს. და ისე მრცხვენია ხოლმე, ამას თავად რომ ვერ ვაკეთებ, ისე მრცხვენია საკუთარ თავს რომ ვერ ვათბობ და ვერ ვზაფხულდები, მკლავს. შიო-ბიჭი კარგი ბიჭია, მაგრამ ჩემი წინდებია ცუდი, ჩემი უხალისოდ ერთმანეთზე დახვეული ორი კაშნია ცუდი, ჩემი დაკემსილი ქვედაბოლოებია ცუდი, თოვლისგან ბოლოები რომ უსველდებათ ხოლმე და მეც მიმძიმდება საზიდარი, თითქოს საკუთარი თავი არ მყოფნიდეს. ბევრს არ ვფიქრობ ამაზე, რა ბედენაა ფიქრი ასეთ დროს, ასეთ ადგილას, მთელი მსოფლიოს სევდა რომ მხრებზე მატყვია და არ ვმსუბუქდები. რა ხეირია, დილაობით მის თვალებში ყურება, როცა ჩემი თვალები სივდებიან და ივსებიან ვერგადაყლაპული ცრემლებით, როცა ყელში გაჩხერილი ბურთები მიკრავენ სუნთქვას და აღარ მიხსნიან გათენებამდე. თითქოს დამნაშავე ვიყო, სევდას რომ ვატარებ, უთქმელ სევდას, ვერნაშველებს, ვერ გამოსწორებულს.
*
მდინარეებმა ჩანთქეს დედაჩემის ამბები და მეც აღარ ვთხოვ ცას გამოდარებას. არ გასწორდება გზები, რომლებიც ჩემი გასავლელია. არ გათენდება ღამეები ჩემი დასველებული სახის გარეშე და ვერც ვერასდროს ამოვდებ ჩემს ფიქრებს ლაგამს. დიდი ზამთრები მაქვს გადასატანი, დიდი თოვლები მაქვს გადასატანი, ბევრჯერ ვარ სახლში დასაბრუნებელი და უკან წამოსასვლელი, ბევრჯერ ამოხაპავს დედაჩემი თავის მდინარეებს ოქროს თევზების ძებნაში, მე კი გაყინვა არ მიწერია. მე სიცოცხლე მაქვს დაბედებული, გაუკუღმართებული სიცოცხლე, უნაყოფო მიწებზე სიარული რომ დამიბედა ასე ახალგაზრდას.
ერთი ადამიანის არყოფნამ ყველა მზე შეიძლება ჩაიყვანოს ცის დასალიერზე.
მე კი ისევ ყოველდღე ვკაჟდები და ისე მაინც ვერ გავკაჟდი, აღარაფერი რომ აღარ მეტკინოს.
გაივლიან დღეები და გულს შემორჩება სევდა, უტყვი სევდა, ათასი წლის საგრძნობს რომ ერთ დღეში მაგრძნობინებს
-  რომ უკაცო ოჯახის სევდა სხვა სევდაა, ენით უთქმელი..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები