ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2019


#####


სულმა ყალბი სიმშვიდის გადაკვეთა საზღვარი,
სევდა ჟონავს ლექსებად უნაპირო გულიდან,
რა ვიცოდი ოდესღაც ბედი გულით მზაკვარი
მოვიდოდა, სიცოცხლეს - ფერხთით გადაუვლიდა.
 
სისხლში გრძნობა გამეფდა - ხე ვარ ტოტებშემხმარი,
ვწევარ მიწის ბელტებზე მოგლეჯილი ფესვიდან,
გაზაფხულის სიმწვანე ნუთუ აღარ შემხარის?...
კვირტი - ჩემი ფოთლობის  ნუთუ აღარ გასივდა?...

მიწა, როგორც სამარე - მზერაც ისე ცივი მაქვს,
გული ისე დამზრალი ეგ თვალებიც არ ათბობს,
შენს თითებზე დაწერილ სიყვარულის  მინიმას
მალე ჩემი ამბორის მონატრება დაათოვს...

მე კი მახრჩობს ოთახის შეუცნობი სიბნელე,
როგორც ღამის ფარვანა ვეძებ მისხალ სინათლეს,
მთვარის სისხლში ნაბანი ღამე მისთვის მიჩემებს,
მიწა მეტრფის შორიდან სანამ გადავინაცვლებ

შავი ღრუბლის ნაფლეთად, სადღაც ზეცის კიდესთან,
უფრო მუქი ფოტოთი მარმარილოს დაფაზე
(ვიღაც გულის ჭრილობებს ცრემლით ამოირეცხავას,
მაგრამ სულის ტკივილებს დრო ვერ გადააფასებს).

სულმა ყალბი სიმშვიდის გადაკვეთა საზღვარი,
სევდა ჟონავს ლექსებად უნაპირო გულიდან,
რა ვიცოდი ოდესღაც ბედი გულით მზაკვარი,
მოვიდოდა, სიცოცხლეს - ფერხთით გადაუვლიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები