 | ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2019 |
როცა ქალაქში გამთენიისას ერთხმად ამბობენ სათქმელს ჩიტები, ყველა საფიქრალს გულთან მივიტან და სწორედ ამ დროს შემეშინდები. ვინ იცის, ცდება გონება ჩემი, როდესაც სხივად და მხსნელად გსახავს, ან იქნებ ფუჭი ოცნება მშვენის რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც გნახავ. ზოგჯერ გინატრებ გამთენიისას, როცა გარშემო მთელ ქალაქს სძინავს, შენი სახელი დასდევს თილისმად ყველა გზას, ქუჩას თუ ფანჯრის მინას. მე უკვე შეგრჩი უცნაურ დარდად, გულის კუნჭულში გარბენილ ჩხვლეტად, შენ გაიხსენებ, როგორ გიყვარდი, მაგრამ ვერ ახსნი, რად არ ვართ ერთად. ასეა, ყველა თავისას იბრძვის, ყველას თავისი ტკივილი თელავს და ღიმილს იფენს სახეზე სიმწრით: არ შეუძლია ტირილი ყველას. გამთენიისას გაკრთება ფრთხილი შუქი. ხმაურიც ერევა ქუჩებს. ფათურობს სულში ათასი ჩრჩილი, მაგრამ, ვერაფერს ვერ გვაკლებს ურჩებს. მზეს მოუყევი შენი გულისთქმა და ჩაუკვირდი დაბინდულ ფანჯრებს, ეგება, მუქი ფარდების მიღმა შენი ტკივილის საშველი ჩანდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|