8 სერია
მოქმედი პირები: ოსტატი - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი; შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე; პაველი - წითელარმიელი; კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი; და სხვები.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი სარდაფიდან ზევით, კეთიმოწყობილ ტელესტუდიაში გადააბარგეს, გადაცემას სახელწოდება იგივე დარჩა - ტელევიზიის სარდაფში. ხელმძღვანელობამ სტუდია დეკორაციით იმავე პრინციპით მორთო, როგორც სარდაფში იყო - ოსტატს დიდი საწერი მაგიდა დაუდგა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავეჯის სარესტავრაციოდ ვარგის მაგიდადაც გამოდგებოდა; ხოლო შეგირდს, თვალშისაცემად მცირე ზომისა არგუნა, ოღონდ, ხელმძღვანელის მაგიდის ზუსტი ასლი. სავარძლებიც იმავე პრინციპით შეირჩა - დიდი და პატარა. ოსტატის მოთხოვნით სახელოსნოში, უკაცრავად - სტუდიაში (სახელოსნო სარდაფში დარჩა) დაიდგა დახლიც, სადაც გასაყიდად დიდი ელვის პრესლის პირადი ნივთი გამოიფინა - ცხვირსახოცი. კედლებიც იმავე ტრანსფარანტებითა თუ რაღაც ამის მსგავსით მორთეს, მაგალითად, რომ „რესტავრირებული ავეჯი პრეტენზიებითურთ უკან არ მიიღებოდა!“ და კიდევ, „მენდელეევის ტაბულა“, რომელიც ვიღაცას პითაგორას ცხრილი ეგონა. პო მართლა, ლამის გამომრჩა, გუნდის ორი, არცთუ მეორეხარისხოვანი წევრისთვის - პაველისა და კანტროლკასთვის კუთხეში დადგეს წითელი ფერის დივანი. გარდა ამისა, ამ ორი ვაჟბატონის „სპეცსაქმიანობისთვის“ საიდუმლო ოთახიც გამუყვიათ - ყრუ, კედლითა და ხის მოზრდილი კუნძით. ოღონდ, ამ სივრცის დეტალური აღწერისგან თავს შევიკავებ, რადგან მასში ოსტატმა ფეხი კატეგორიულად არ შედგა; და ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც, ყოველი შემთხვევისთვის, ეს სივრცე თავის ბალანსზე არ აღურიცხავს.
არ ღირს იმ ემოციის აღწერა, რომელიც ჯგუფმა სტუდიაში შებიჯებისას განიცადა... ხოლო როცა ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ისინი სტუდიაში გადამღები ჯგუფის ანაბარა დატოვა, პაველმა საიდანღაც დიდი, ეგრედ წოდებული „ლილოს ჩანთა“ გამოათრია: - შეფ, მოვიტანე რაც დამავალე! - რა დაგავალე? - წინდა! - რა წინდა? - როგორ, თუ რა წინდა - ლუი არმსტრონგის ნაცვამი წინდა; ელვის პრესლის ნაქონ ცხვირსახოცთან ერთად უნდა გაყიდო, გარეცხილია! - ჰო, გამახსენდა... ჩანთიდან ორმოცდაშვიდი ზომა ჯარისკაცის ძირგავარდნილი ჩექმა ამოიღო. - შეფ, ცალი წამოვიღე, თუ გინდა ამის წყვილსაც მოგიტან - იმაზე უკვე ფასდაკლება იქნება. - ეგ რანაირი წინდაა?! - წინდა რად გინდა, ეს უკეთესია! - შენ რა, გააფრინე?! - არ აიღებ? - არა! - რატო? - იმიტომ! - კარგი, „კალოში“ გაწყობს? აიღე და ამის წყვილს უფასოდ მოგცემ, აქციაა - ორი ერთის ფასად! - ამოიღო, ესეც ორმოცდაშიდი ზომა, შავი. ოსტატმა დაუშტვინა, მერე, უთხრა: - წინ-და, იცი რას ქვია?! - წინდა არ მაქვს, ჩექმაში წინდას ვერ ვიცმევ - „პარწიანკს“ ვხმარებ. ეგეც წამოვიღე, წყვილი... - ჩანთიდან ასე ერთი მეტრი სიგრძის, არცთუ განიერი, ხმარებისაგან გაშავებული ბიაზს ნაჭერი ამოიღო. გაშტერებულმა ოსტატმა პირი დააღო და პაუზის შემდეგ, წამოიყვირა: - ეგ რა არის?! - „პარწიანკაა“, ჩექმაში წინდის ნაცვლად ფეხზე იხვევ, უფრო თბილია და მოსახერხებელი. - შენ სულ მთლად გარეკე!!! - რატო გავრეკე, ვინ რა იცის ლუი არმსტრონგი წინდას ხმარობდა თუ „პარწიანკას“?! - წაიღე, მოაშორე აქედან! - აქ კიდევ ბევრი ნივთი მილაგია, გენახა... - სახლში წაიღე!!! - კარგი შეფ, ნუ ბრაზობ. ოსტატს მრისხანებამ მალე გადაუარა; ახლა მან გამოაძრო საიდანღაც ჩანთა, დიდი, ოღონდ, არა ლილოსი, სპორტული - ადიდას. - ყური დამიგდეთ: სატელევიზიო გადაცემების მოსამზადებლად საჭირო ცოდნას სანამ შევიძენ, დროებით ცნობილ ტელეწამყვანებს უნდა მივბაძო, მათი გამოცდილება გამოვიყენო, მაგრამ ეს მათგან ფარულად უნდა მოხდეს - ავეჯის რესტავრატორებისა არ იყოს, ვინ რას გასწავლის... თქვენი დახმარება მჭირდება: სტუდიები დაზვერეთ, ტელეწამყვანთა მუშაობის სტილი ფარულად კამერაზე დამიფიქსირეთ; მოპოვებული მასალის შესწავლით საკუთარ საავტორო გადაცემას შევქმნი! - შპიონობისთვის დაგვიჭერენ, შეფ! - უთხრა პაველმა. - შპიონობისთვის წინათ იჭერდნენ... ჩანთიდან ამოიღო მობილური ტელეფონი, მცირე ზომის სამოყვარულო ვიდეოკამერა და ერთიც, მოზტდილი, ნახევრად პროფესიონალი კამერა. - მობილურით კანტროლკა გადაიღებს - ტომრის ქვემოდან თვალზე სკოჩით მივაკრავ, თხელია, ვერ შეამჩნევენ; ჩავურთავ ვიდეო რეჟიმში, და ჰაიდა... პატარა ვიდეოკამერას, პაველ, ყვავილების თაიგულში ჩამალავ - ვითომ, შეყვარებულს ეძებ და სტუდიებში გზა აგებნა. - თაიგული საიდან მოვიტანო? - მხრები აიჩეჩა. - ქუჩაში გადი, იყიდე! - ჩემი ფულით? - ხო, რა მოხდა - ხელოვნება მსხვერპს მოითხოვს! - ხელოვანი შენ ხარ - მოიკელი ათი ლარი! ოსტატს სახე დაუმჟავდა. - ათი ლარი რათ უნდა თაიგულს, ხუთიც ეყობა... აჰა, დაიჭი! - გაუწოდა. - წადი და მალე დაბრუნდი! წასულს თვალი გააყოლა. მერე, დიდი ზომის ვიდეოკამერა ხელში შეათამაშა და ადიდას-ის ჩანთაში ჩადო, ობიექტივს სპეციალურად დატანებულ შეუმჩნეველ ჭრილში თავი გააყოფინა, ჩართო და სტუდიაში გაიარ-გამოიარა. - დიდი კამერით მე ვიმუშავებ - სტუდიებს გადაცემის ჩაწერისას ვესტუმრები, ვითომ სასხვათაშორისოდ. ჩანთას სადმე კუთხეში მივაგდებ, ისეთნაირად რომ ობიექტივმა იქაურობა დააფიქსიროს. ეგდოს იქ სამუშიო დღის ამოწურვამდე და მერე, მივაკითხავ, როგორც შემთხვევით დარჩენილ ნივთს. - უფროსო, უპატრონოდ დაგდებული ჩანთა ბომბი ეგონებათ! - უთხრა კანტროლკამ. - ბომბი არა, ისა... - მართლა გეუბნები, ტერორისტები ეგრე ტოვებენ. თანაც, ეგ შენი ჩანთა ვაი და მართლა აფეთქდეს! - ჩანთას რა ააფეთქებს?! - ტელევიზიაში ყველაფერი ხდება... ჩანთას უპატრონოდ და დაგადებინებენ! - თუ ასეა, მეც ჩანთასთან ერთად ვიდგები, ხელში მეჭირება. - თუ შენც იქ იდგები, კამერა რაღად გინდა? - იმიტომ მინდა, რომ შეიძლება რაიმე გამომრჩეს; ადამიანური ფაქტორია... - სცადე. სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მალე კანტროლკამ გაფანტა; ოსტატს შეგირდზე ანიშნა, უფრო სწორად, მიმიკით მიახვედრა - ამას დავალებას რატომ არ აძლევო?! - ეგ საქმეს ჩააფლავებს, სჯობს იჯდეს აქ, სტუდიას უყარაულოს - მამა აბრამის ბატკნად რომ მოაქვს თავი, სინამდვილეში „კაენის თხაა“! მობილური მოიმარჯვა, რომელიც კანტროლკასთვის თვალზე სკოჩით უნდა მიეკრა: - მომიახლოვდი, მაგ ტომრის ქვემოდან როგორმე ცალი თვალი გამომიჩინე; ვიცი, რომ ზედ შეგეზარდა, ფრთხილად აიძრე, კანი არ აიყოლო! თვითონაც დაეხმარა და ორიოდ წუთში „შპიონ 007“-ად ქცეული კანტროლკა მისიის აღსასრულებლად მზად იყო. - შეუდექი საქმეს! კანტროლკამ მობილური ტელეფონის ოთხ პიქსელიანი კამერით აღჭურვილი თვალი ჯერ სტუდიას მოავლო, შემდეგ, ოსტატის დეტალურ დაფიქსირებას შეუდგა. - რას აკეთებ? - ვაფიქსირებ გადაცემას როგორ აკეთებ! - გადამრევს ეს კაცი... წადი, პროფესიონალი ტელეწამყვანების მუშაობა დააფიქსირე! - პროფესიონალი ტელეწამყვანი ჩემ თვალში შენ ხარ! - შენ თვალში... სადღა გაქვს თვალი, შე უბედურო! სტუდიიდან მუჯლუგუნით გააგდო.
შემოვიდა პაველი „ვენოკით“ ხელში. პირდაღებული ოსტატი სკამის საზურგეს აეკრა და ყელში გაჩხერილი სიტყვა რისვაივაგლახით გადმოანთხია: - „ვენოკი“ რატომ მოიტანე?! - შენ დამავალე! - მე ყვავილების თაიგული დაგავალე, ეგ „ვენოკია“! - ყვავილებისგანაა დამზადებული! - იაფად მოგცეს, ხომ... - ისეთნაირად დავიჭერ, ვერ მიხვდებიან „ვენოკია“ თუ თაიგული, თანაც, ვიდეოკამერა ამაში უფრო კარგად ჩაიმალება. აიღო კამერა და „ვენოკში“ ფოთლებსა და ხავს შორის დაფლა, თან ოსტატს ელაპარაკებოდა: - შეფ, ეს ოპერატორები იქნებ უკვე გვიღებებ, თანაც რამდენნი არიან... - სტუდიას მოავლო თვალი. - არა მგონია, გვიღებდნენ... თუ რამეა, კადრებს ამოვჭრით! პაველმაც დატოვა სტუდია. ოსტატი რაღაც ხანს დარჩა იქ, ჩანთაში ჩამალულ ვიდეოკამერას უკირკიტებდა, და ბოლოს, სტუდიიდან გასვლისას, შეგირდის მისამართით თხასავით წაიკიკინა: - მეე...
თითქოსდა შეყვარებულის ძებნის საბაბით სტუდიებში ხეტიალმა პაველს მართლაც აპოვნინა გულისწორი, ოღონდ, არა ჟურნალისტი, არც მსახიობი, არამედ დამლაგებელი ქალი - ფუმფულა აზა, რომელთანაც პირველ ოფიციალურ პაემანზე „ვენოკის“ ნაცვლად უკვე წითელი ვარდების თაიგულით ხელდამშვენებული წარსდგა. ამბობებ, ეს ვარდები სასაფლაოდან წამოიღოო, მაგრამ ამის მტკიცებას ნუ მივეცემით! რაც შეეხება კანტროლკას, მან თავიდან ბრწყინვალედ გაითავისა „შპიონის როლი“, შემოიარა სტუდიები, ეგზოტიკური გარეგნობის ხარჯზე შეისისხლხრცეს, მაგრამ დღის ბოლოს, ოთხ პიქსელიანი კამერით აღჭურვილი თვალით ამინდის გამომცხადებელ გოგოს დეკოლტეში ჭიპამდე რომ ჩაუძვრა, გამოაძევეს და აუკრძალეს კიდეც ტელევიზიის სივრცეში თვითნებური ხეტიალი. ახლა ოსტატის „ნიჭიერებაზე“ უნდა ვთქვათ - ამ ორის ფონზე ის მართლაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა; რა თქმა უნდა, გაუმართლა კიდეც - სანამ დასაზვერად სტუდიას შეარჩევდა, თავად მიიწვიეს ერთ-ერთ გასართობ-პუბლიცისტურ გადაცემაში „შუადღე-ში, პატარა ნინკასთან“. პატარა ნინკა მანამდე ნანახი არ ჰყავდა და იფიქრა, ვინმე ახალბედა ტელეწამყვანი იქნებაო, მაგრამ ის სულაც არ აღმოჩნდა ასაკითა და მითუმეტეს, გამოცდილებით მცირე - სტუდიაში რაღაც უჩვეულო უშუალობით მიიღო, ყავა თავისი ხელით მოუდუღა და ტყავის დივანზე ისე ახლოს მიუჯდა, უხერხულობისგან ოსტატი კიდისკენ გადაიზნიქა: - აბა, რას იტყვი, ჩემო ძვირფასო, როგორ მოგწომს ჩემი სტუდია? - დიდებულია... - ჩემზე რას იტყვი - ხმამ მოაღწია, რომ არც კი გცნობივარ... - არა, რას ბრძანებთ... თქვენს შესახებ ბევრი მსმენია... უფრო სწორად, მინახავს - თქვენი გადაცემის ფანი ვარ! - ოოო, გული გამომიკეთე! - თქვენ... - ჩუუ... - ტუჩთან თითი მიუტანა. - „თქვენ“ არა, უბრალოდ - „მე“! დროა ერთმანეთს გავუშინაურდეთ, სხვა თუ არაფერი, კოლეგები ვართ! „კოლეგებიო“ - როგორღაც გამხნევდა ოსტატი და სპონტანურად წამოიძახა, რამაც გონებაში გაჰკრა: - ავეჯის რესტავრაციასთან გაქვს რაიმე შეხება? - „კოლეგაში“ ჟურნალისტობას ვგულისხმობ. - სიცილით თქვა. - თუმცა ახლა ცოტათი შენს წინა პროფესიაზეც წავიჭორავებთ; რა ეშველებათ კლიენტებს, ვისაც ავეჯს ურემონტებდი - ლუვრს, კაიროს მუზეუმს, ტუტანჰამონის ნივთებს? - დამწუხრებულმა თავი გადააქნია. ოსტატი მიხვდა, რომ პატარა ნინკას ქცევა დიდი სპექტაკლის მხოლოდ შესავალი იყო და ამ სპექტაკლში თავადაც გარკვეული როლის სათამაშოდ მოემზადა. - ხოო... მუზეუმების ხათრი მაქვს, მაგრამ ამის გამო „დიდი ავიაციიდან“ „მცირე ავიაციაში“ ვერ დავბრუნდები! - „დიდი ავიაციიდან“ „მცირე ავიაციაში“ ვერ დაბრუნდები? თუნდაც მცირე ხნით, ერთი საათით, რომ გთხოვოს ვინმემ! - ვერა! - ტუტან ჰამონი რომ ადგეს საფლავიდან და გთხოვოს - სხვას ვერ მივანდობ ჩემს ნივთებსაო... - ნუ, ეხლა, ტუტან ჰამონს შესაძლოა ხათრი ვერ გავუტეხო... მაგრამ არც მთლად ასეა საქმე, ანუ, გააჩნია რას გადაიხდის! - გასაგებია... ნინკამ საქმიანი ქალის სახე მიიღო. - მე ეხლა ჩავატარებ ტესტს, რომლის მეშვეობითაც გამოვიკვლევ ვინ უფრო ძვირფასია შენთვის, მე, თუ ტუტან ჰამონი? ოსტატმა მრავლისმეტყველად ჩაახველა. - ძაღლმა სავარძლის ფეხი დამიღრღნა, დამეხმარე; იმდენს ვერ გადაგიხდი, რასაც ტუტან ჰამონი შემოგაძლევს, მაგრამ პირადი ფაქტორიც ხომ ანგარიშგასაწევია... - ფულს ვერ გამოგართმევ! - ძალით ჩაგიდებ ჯიბეში! - ძალით თუ ჩამიდებ, ანუ, ჯიბის ჩამოხევამდე თუ მიდგა საქმე, რა გაეწყობა, შარვლის გადარჩენის მიზნით ავიღებ თანხას! - ალბათ, საამქროში გადატანას არ მომთხოვ, ადგილზე შეარემონტებ! - ბინაზე? - აქვეა, ჩემი მანქანით მიგიყვან, მოგიყვან, მეფესავით პატივში მეყოლები... - გასაგებია... ოღონდ, ჩემს მოსვლამდე შეგირდი უნდა გამოვგზავნო დაზიანების მდგომარეობის შესაფასებლად! - შეგირდი? - ხო, ვითარებაში გარკვევის მიზნით; მთელს საამქროს ხომ არ წამოვიყოლებ დაზიანების აღმოსაფხვრელად! ოღონდ, ეგ საქმე ფასიანია - ფულს შეგირდი იღებს; მე აღნიშნულ თანხასთან შეხება არ მაქვს. ოსტატს ვიზიტის საფასური ათი ლარი უნდა ეთქვა, მაგრამ გაზარდა - ეთერში წუწუნს არ დაიწყებსო და ოცი უთხრა. - ვიხდი, რა პრობლემაა... ნინკას უდარდელ რეაქციაზე იგრძნო, რომ ეს გოგო ოცდაათსაც გადაიხდიდა და შეცდომის გამოსწორებას შეეცადა: - ჩემო ნინკა, ოცი ისე, ხუმრობით გითხარი; სხვა ავეჯის რესტავრატორთა ყურამდე თუ მიაღწია ინფორმაციამ - ოც ლარად ვიზიტი განახორციელესო, მათი ყბიდან საუკუნე ვერ ამოვარდები! აღიშნულ საქმეს ოცდაათი ლარი სჭირდება; ასე იღებს ჩემი შეგირდი; სხვათა შორის, დიდი წუწურაქი ბიჭია! - კარგი, კარგი, მე ორმოის გადამხდელიც ვიყავი... - გადაიხარხარა ნინკამ. ოსტატს სახე მოეღრიცა... - იყოს ორმოცდაათი! - ორმოცდაათი საიდან მოიტანე, მე ორმოცი გითხარი! - იქიდან მოვიტანე, რომ... - ენა დაება, - რა ჩემი ბრალია, ორმოცდაათის გადამხდელიც ყოფილხარ, და რა ვქნა?! - გადამხდელი ვარ? - წარბი შეკრა ნინკამ. - ათასი ლარის გადამხდელი რომ ვიყო, შენ უნდა გამომართვა ამდენი?! - მე რა შუაში ვარ, აკი გითხარი, ფულს შეგირდი იღებს; დიდი წუწურაქი ბიჭია! - იცი რას გეტყვი, მაგ შენი შეგირდის ვიზიტში ოცდაათ ლარს ვიხდი, მეტს არა! - შევთანხმდით, ოცდათხუთმეტი იყოს! ნინკამ მუშტი მოიღერა. - ოცდათხუთმეტი იმიტომ, რომ შუალედური რიცხვია; რომ არ გეთქვა ორმოცის გადამხდელი ვარო, ის ჩემი წუწურაქი შეგირდი ოცდაათს დასჯერდებოდა! - კარგი, კარგი, შენი „წუწურაქი“ შეგირდის ვიზიტში ვიხდი ოცდათხუთმეტ ლარს! - შევთანხმდით! - გაიმეორა ოსტატმა და მერე, თავისთვის დასძინა, - დანარჩენს ადგილზე დაგცინცლი... - რა თქვი?! - რა ვთქვი? - დანარჩენს ადგილზე დაგცინცლიო! - არა, ჩემო კარგო, მსგავს რამეს მე როგორ ვიტყოდი?! მსგავსი ტერმინი ავეჯის რესტავრატორის ლექსიკონში არ მოიძებნება! - არ მოიძებნება?! - არა შენმა მზემ! - ჩემმა მზემ, თუ შენმა მზემ?! - ჩვენმა მზემ... ნინკამ თავი გადააქნია. - ახლა „შენი მოღვაწეობის“ სხვა ასპეკტს უნდა შევეხო - ცულითა და ტყვიამფრქვევით შეიარაღებული დამსჯელი ჯგუფი გყოლია; ადამიანის თაგვად გადაქცევის საიდუმლო იცი... ნინკას კიდევ რაღაცეები უნდა ექვა, მაგრამ ის ოსტატის განწირულმა ღრიალმა დაადუმა; კაცი იფიქრებდა, ლახვარი ჩაასესო - ხელი ჯერ დუნდულზე წაივლო, შემდეგ, ბარძაყზე გადატანა. - ზამბარა შემერჭო... ეს რა დივანზე დამსვი!!! სტუდიაში სიცილი გაისმა. - რა გაცინებთ, კაცი სისხლისგან ვიცლები, გუბეში ვცურავ! - მეორე, თავისუფალი ხელი იატაკისკენ მიმართა. ნინკა წინ გადაიზნიქა, „სისხლის გუბე“ რომ დაენახა. - შენ თუ სისხლის ფაქტობრივ გუბეს ეძებ, ვერ დაინახავ; სადღა მაქვს მაგდენი სისხლი - მტრებმა წაიღეს... - როგორ თუ წაიღეს?! - როგორც მიაქთ ხოლმე, კათეტერი არ მოუერთებიათ, უბრალოდ, გამიშრეს! - ბევრი გყავს მტერი? - ყველას დავხოცავ! - კი მაგრამ, რამდენნი არიან ეგ „დასახოცები“?! - დახოცვისას დავთვლი! - ტკივილისაგან ამოიკვნესა, - ამ ლაპარაკის ნაცვლად სჯობს სტუდიაში ქირურგი მოიწვიო! - ასე რთულადაა საქმე? - ერთი ავეჯის რესტავრატორიც მოაყოლე - მარტო ქირურგი ამხელა ზამბარას ვერ ამომაცლის! - ქირურგის სტუდიაში მოწვევას დრო სჭირდება; რაც შეეხება ავეჯის რესტავრატორს, ის ხომ შენ თავად ხარ?! - მე დაბორკილი ვარ! იცი რას გეტყვი, სანამ ქირურგი მოვა, ჭრილობის დეზიმფექციისთვის სპირტი მოატანინე! - კიდევ უფრო სულმიხდილმა ამოიკვნესა. - სპირტს სად იშოვი აქ... არაუჭირს, არაყი იყოს - იმედია, იაფფასიანს არ სვავთ... - რაო, რაო, არაყიო - ამ სიკვდილის წინ სტუდიაში ქეიფი მომინდომე?! - რა მექეიფება?! ფეხის თითებში შეგრძნება დავკარგე... მუხლიც მერთმევა... ეს ჩინური ზამბარის მეტასტაზია! კაცმა რომ გკითხოს, სტუდიაში იტალიური ავეჯი გიდგას! - ქირურგი როგორი უნდა იყოს, გრძელფეხება, მოკლეკაბიანი, ოფიციანტის ლანგრით ხელში? - მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიცირებული, ჰიპოკრატეს ფიცმიღებული! - ერთი ჭიქა არყის გადაკვრა გამოგაცოცხლებს? - არაყს ცხოვრებაში არ დავლევ - ის ათრობს! - ცხოვრებაში? რაღა დროს ცხოვრებაა, კაცი სასიკვდილოდ ემზადები!
მოგვიანებით, ნინკამ სტუდიაში მართლაც შემოატანინა ლანგრით არყიანი ჭიქა. ოსტატმა ჭიქას ზიზღით დასუნა, ხელში შეატრიალ-შემოატრიალა და ხელსაყრელი პოზის ძებნა იწყო, რომ „ცეცხლოვანი სითხე“ ჭრილობისთვის ესხურებინა, მაგრამ ვერ შეარჩია - ამოხეთქილ „ჩინურ ზამბარას“ ბარძაყით გაუნძრევლად დაებორკა დივანზე. - დივნიანად თუ ამომატრიალებთ, ქვემოდან შესაძლებელი გახდება ჭრილობის დამუშავება... მაგრამ ამ საქმეს კვალიფიცირებული ავეჯის რესტავრატორი სჭირდება, სად ნახავთ ასეთს! - ხელი ჩაიქნია. რამოდენიმე ამოკვნესის შემდეგ, უეცრად სახე გაუბრწყინდა და წამოიყვირა - გამოსავალი ვიპოვეო; მიიტანა პირთან ჭიქა და გადაკრა. - აბა, არ დავლევო... - ეს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით მოვიმოქმედე - კუჭიდან სისხლში გადავა, ხოლო სისხლიდან ჭრილობამდე მიაღწევს! - აა... - აი, შედეგი უკვე სახეზეა - ფეხის თითებში შეგრძნება დამიბრუნდა! მუხლიც ჩემია! ნინკა, თუ შეიძლება, ერთი ჭიქა კიდევ მოატანინე ეს ჯადოსნური სითხე!
ერთს კიდევ რამოდენიმე მიყვა და მალე, ის ეგრედ წოდებული „ჩინური ზამბარით“ ტრამვირებული ფეხი ოსტატმა მეორე ფეხზე გადაიდო. - ჭრილობა შეგხორცებია, ოსტატო, მაგრამ ამ ჩემს „გაგლეჯილ“ დივანს რა ეშველება?! - ოო, მართლაც... - დამწუხრდა. - თუმცა არაუშავს, მე მას აღვადგენ! - დაინერწყვა ცერა თითზე და ტყავის „დაზიზნებული“ მონაკვეთის ზელვა იწყო, თან ნინკას ამშვიდებდა. - ასე კეთდება რესტავრაცია! ერთი წუთის შემდეგ გამოაცხადა, მზად არისო; წამოდგა და თავის ნახელავით ტკბობა იწყო. - რა ხელმა აღადგინა, რა ხელმა! - თავი გადააქნია. - მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ მე თავმდაბალი ადამიანი ვარ, ფაქტს, რომელიც ჩემს ბრწყინვალე რესტავრატორობაზე მეტყველებს, დავმალავ! - დამალავ? - დიახ, დავმალავ, აი, ასე! - დააჯდა ზედ.
გადაცემის მიწურულს ოსტატი სტუდიიდან მხურვალე აპლოდისმენტით გააცილეს.
მერვე სერიის დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ყველაფერი ხდება... :) ყველაფერი ხდება... :)
1. ლილოს ჩანთა უძახეთ და დემნა გვასალიამ კი აიტანა მაღალ მოდაში :)))) აქამდე წაკითხული მქონდა :)) ლილოს ჩანთა უძახეთ და დემნა გვასალიამ კი აიტანა მაღალ მოდაში :)))) აქამდე წაკითხული მქონდა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|