ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2019


მცდელობის


მოშვებულ კიდურებს ტოვებ და მიდიხარ ისეთი,
იფიქრებს შემხვედრი მიწაში ჩაზრდაა თურმე,
გიყურებ უსიტყვოდ, ამგვარი სიჩუმე ისუნთქე,
არ მისცე უფლება რომ გადაბრუნდეს ურემი,
თორემ გზებიც კი სახეს ჩაიფლობენ მტვერში.
მერე რაც არ უნდა გაზაფხული მწყემსონ მერცხლებმა,
ქუჩას გადაფარავს აღარაფრის ფერი ნისლი,
იდგები მიჩენილ ცას გამოკიდებულ ნაპრალთან,
შენივე უფსკრულის სიცოცხლე ჩამქრალი მოწმე
და თვალებიდან ყინული დაიწყებს დნობას,
ჩამოგშლის სიმუქე ლოდინით გამძღარი სივრცის,
მაშინ გაიგონებ გადარჩენილების ხმაურს,
სულერთი გახდება გვალვით დახეთქილი მიწა
- შენი შინაგანის შეუბრალებელი ასლი;
ახლა ვის ეკუთვნის, აღარ მიოკითხავ ამბავს.
მიწის ალიაქოთს ისე მედიდურად იხშობ
თითქოს აღარ ანთხევ გაუსაძლისობის შხამს და
გამოსაფხიზლებლად თმენის ნაწიბურებს ტკეპნი
ენა აგიღელვებს ყველა წამოსაცდენ სიტყვას,
შენი ილუზიის გამცილებელსა და მეგზურს.

27 სექტემბერი 2019 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები