 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 28 ოქტომბერი, 2019 |
ის...ის იძინებდა და იღვიძებდა, იცინოდა და ტიროდა, მხიარულობდა და დარდობდა თანაც...ისევე უთავსებდა ანტონიმურ წყვილებს თავის უჩინარ ცხოვრებას, როგორც ამას ჩვეულებრივი ადამიანები ახერხებდნენ, მაგრამ ის არ იყო ჩვეულებრივი...ის უბრალოდ უბრალო კაცი იყო...მლოცველივით უფალთან დაახლოებული! ის მღეროდა, ცეკვავდა, მუსიკალურ ინსტრუმენტებს აწყობდა და უკრავდა კიდეც მათზე, თუმცა არც მომღერალი იყო, არც მოცეკვავე და მითუმეტეს არც საკრავთმეუფე...ის უბრალოდ თავისუფალი კაცი იყო...მარტოსულივით ფიქრებს დამეგობრებული! ის წერდა, ხატავდა, ძერწავდა და ქარგავდა დროდადრო, მაგრამ მისთვის არასდროს არავის უწოდებია მწერალი, მხატვარი ან თუნდაც მოქანდაკე...ის უბრალოდ ხელოვნებაზე შეყვარებული კაცი იყო...მონადირესავით "იარაღშემართული" შემოქმედი! ის კაფავდა, ასუფთავებდა, გეგმავდა, აშენებდა და მაინც, ის არასდროს ყოფილა მეეზოვე, არც არქიტექტორი ყოფილა ოდესმე...ის უბრალოდ კეთილი კაცი იყო...ოქროს თევზივით სულსავსე! ის რგავდა, უვლიდა, ზრდიდა და ნაყოფს არიგებდა...თუმცა არც მებაღის სუნთქვას ჰგავდა მისი სამყარო... ის უბრალოდ მზიანი მომავალი იყო...ჩვილის თვალებივით გულუბრყვილო და დიადი სინათლე! ის არასდროს შეუმჩნევიათ, რადგან არ ჩანდა!არასდროს გაუგონიათ მისი ნაბიჯების ხმა, რადგან ის არ ხმაურობდა! არავინ იცოდა მისი არსებობა, თუმცა ის არსებობდა! და როცა ის ჩაიფერფლა...და როცა იმისგან ადრინდელი ის კი არა, ახლანდელი, ტკივილებისაგან ნაკაცარად აკინძული ის იცქირებოდა...და როცა ის აღარ იყო...სულ აღარ იყო...როცა ის კი არა, მხოლოდ მისი ნა-"ის"-არები აღმოაჩინეს, მოეწონათ და შედევრად აღიარეს...აი, სწორედ მაშინ შეამჩნიეს ისიც...მაგრამ...მაგრამ ვეღარ იპოვეს... ის აღარ იყო...საერთოდ აღარ იყო!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|