აღსანიშნავია რომ იარაღი, რომელიც სამხედროებს სამსახურით ეკუთვნით, ყველამ ნაწილში თუ სხვა ობიექტზე დატოვა. ომის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, მიუხედავად ქვეყნების პირველ პირთა ისტერიული მოწოდებებისა ტელევიზიიდან, რადიოდან თუ ინტერნეტმედიიდან...
“ეს ბოლო ბრძოლაა თავისუფლებისათვის! რა გინდათ, რუსებს ჩაუგდოთ ხელში ჩვენი ამერიკა?“, გაჰკიოდა ეკრანიდან ამერიკის შეერთებული შტატების მელოტი პრეზიდენტი, უინთერბოთომი.
„ეს არის ღალატი! ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი უმკაცრესად აგებს პასუხს! ხვალ, თუ არ ვიბრძოლებთ, მოსკოვში ჩინელები და ამერიკელები შემოვლენ, ხოლო ვლადოვოსტოკს იაპონელი სამურაები გაანადგურებენ!“, არ ჩამორჩა უინთერბოთომს მისი რუსი კოლეგა და მტერი, ექსცენტრიული რავილ აკზიანოვი.
„ჩვენი მიწა-წყალი ჩვენვე უნდა დავიცვათ! დაბრუნდით საჯარისო ნაწილებში, თორემ ბრიტანეთი მტერს ჩაუვარდება ხელში!“, ღრიალებდა საოპერო ბარიტონით, დიდი ბრიტანეთის გიგანტური სიმაღლის პრემიერ-მინისტრი აიდან ფილიპსი და ცდილობდა ბი-ბი-სის მოკროფონისკენ დახრილიყო.
სამწუხაროდ, უგუნური პოლიტიკური ლიდერების მიერ განხორციელებულმა საბედისწერო ბირთვული დარტყმებიდან რამდენიმემ მიზანს მიაღწია: ამერიკულმა რაკეტებმა დაინგრიეს რუსული სანკტ-პეტერბურგის ნაწილი, ბირთვულად დაბინძურდა ფინეთის ყურე, ჰელსინკი, ესტონეთი, ლატვიის ნაწილი, ლენინგრადის ოლქი და რუსეთის კარელია.
რუსების ნასროლმა რაკეტებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს ევროპის დასავლეთის ქალაქები: ფრანგული ლიონი, სენტ-ეტიენი, ცნობილი კურორტი ვიში...გერმანული შტუტგარტი და შვარცვალდი, მილანი და ჩრდილოეთ იტალიის აღმოსავლეთი. ხალხისგან დაცარიელდა იტალიის ტურისტული ქალაქები, პიაჩენცა, ბერგამო, კრემონა, ბრეშია... სამწუხაროდ, მთლიანად წყალქვეშ აღმოჩნდა ტურისტული ვენეცია და დაინგრა პორტი ტრიესტე.
რუსების რამდენიმე სტრატეგიულმა ქობინამ დააზიანა აშშ-ს აღმოსავლეთის სანაპირო ზოლიც, კერძოდ მერილენდის შტატი და მისი ქალაქები ბალტიმორი, ანაპოლისი... აშშ-ს დედაქალაქი, ვაშინგტონი გადაურჩა პირდაპირ დარტყმას, თუმცა კოლუმბიის ფედერალური ოლქის ნაწილი უვარგისი შეიქნა საცხოვრებლად და დედაქალაქი სრულიად დაცარიელდა ხალხისგან...პირველი შოკის შემდეგ, როდესაც პირველი დარტყმის ჯამურმა მსხვერპლმა რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწია...ომი, მიუხედავად დაპირისპირებული მთავრობების საომარი მზადყოფნისა და არნახული მსხვერპლისა, მოულოდნელად შეწყდა!!!
დედამიწის თავისუფალი ადამიანები, განურჩევლად ქვეყნებისა, აღმსარებლობისა, სიმდიდრისა თუ პოლიტიკური გემოვნებებისა...მიხვდნენ რომ ამ ჯერზე მთავრობების „აყოლა“ მათ სასიკეთოს ვერაფერს მოუტანდა და მსოფლიოსაც საბოლოოდ დაღუპავდა.
2090 წლის მაისის მიწურულს, საყოველთაო ქაოსის ფონზე, დედამიწას მშვიდი და მკაცრი რევოლუციების ტალღამ გადაუარა. ყოველგვარი სისხლისა და სროლის გარეშე. დაბომბვის შედეგად დაჭრილთა და დაღუპულთა გადარჩენისათვის და ნანგრევებისგან ქუჩების გასათავისუფლებლად გარეთ გამოსულმა ადამიანებმა, ცივი გონებითა და სუფთა გულით, პროტესტი განუცხადეს თავიანთ მთავრობებსა და მმართველებს და მათ, ადამიანებმა უბრალოდ ხმამაღლა უთხრეს მტკიცე „არა!“
პოლიციელები, ჯარისკაცები, საჯარო სამსახურის მომსახურე პერსონალი თითქოსდა ჯადოსნური ჯოხის დაქნევით, ერთიანად აღდგა უსინდისო, უგუნური და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
მიმდინარე ჰუმანიტარული სამუშაოების ფონზე, ყოველგვარი ძალადობისა და სისასტიკის გარეშე, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სახალხო რაზმებმა დააპატიმრეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი, განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ „დამსახურებისა“: პრეზიდენტები, მეფეები, პრემიერ-მინისტრები თუ გენერალური მდივნები, ციხეებში აღმოჩნდნენ! საგულისხმოა რომ ყველაგან, ყველა ქვეყანაში, გამონაკლისის გარეშე... ყველა ლიდერი დააპატიმრა ხალხმა!!!
მათ შორის აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი საირუს უინთერბოთომი, ბრიტანეთის პრემიერი ჯონ ფილიპსი, რუსეთის პრეზიდენტი რავილ აკზიანოვი, ინდოეთის პრეზიდენტი - არჯუნ პატელი. დაწყებული ომის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტი, ბენუა მორლე, დაბომბვის დროს ლიონში იყო და იქ დაიღუპა. მის მაგივრად ფრანგებმა ციხეში გაისტუმრეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი არლეტ ჟუინო, რომელიც თავისი დუმილით უჭერდა მხარს ნატოს გადაწყვეტილებას ბირთვული ომის დაწყების შესახებ...
გერმანიის კაცლერი, მწვანეთა პარტიიდან არჩეული მარია-ულრიკე გროტე, თვითონვე გადადგა და მას გერმანელებმა, ბერლინში გამართულ სახალხო კრებაზე შინა პატიმრობა დაუწესეს, სასამართლოს გამართვამდე.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუიშ ალკანტარა ავეირუმ, რატომღაც მეზობელ არგენტინაში სცადა გაქცევა, მაგრამ მისთვის სამარცხვინოდ, გაიძვერა პრეზიდენტი სამხრეთ ბრაზილიის სასაზღვრო ქალაქ ფოზ-დუ-იგუასუში, ფეხბურთის მოთამაშე სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა შეამჩნია და სახალხო რაზმს შეატყობინა. ლაჩარი პრეზიდენტი დააკავეს და ქალაქის სახალხო კრებას გადასცეს...
სახალხო რისხვას გაექცნენ და როგორც ჩანს სამუდამოდ გაუჩინარდნენ ავსტრალიის პრემიერი ნოა უაითი და საუდის არაბეთის ერთ-ერთი ხანდაზმული კრონ-პრინცი, უალიდ მოჰამმად ბინ საუდი. ავსტრალიის პირველი პირი, როგორც "მწვანე კონტინენტის" გაზეთები წერდნენ, უკანასკნელად მის მეზობელს, ჯოშ პაპადაკისს დაუნახავს. "ბატონი პრემიერი, ნოა მაშინვე ვიცანი და დავუძახე კიდევაც, როგორ ხარ-მეთქი, მაგრამ ხმა არ გამცა, თვალი მომარიდა, თავზე კეპი ჩამოიფხუტა და მეუღლის "ფოლკსვაგენში" ჩაჯდა სასწრაფოდ-ო, ამბობდა უცბად ცნობილ კაცად ქცეული ბუღალტერი, პაპადაკისი. ამის შემდეგ, ავსტრალიის მკაცრსახა პრემიერ აღარავის უნახავს...
...საუდის არაბეთის კრონ-პრინცზე ბოროტი ენები ამბობდნენ, ქალის შავ ბურკაში ჩაცმულმა პრინცმა უალიდმ მოჰამადმა, ქვეყნიდან გაპარვა არჩია და ახლა სადღაც მალაიზიის ჯუნგლებში ცხოვრობს, თავის ცოლებთან ერთად, მონადირეთა სოფელშიო...
მსოფლიოს მომცრო ქვეყნებიდან ზოგიერთში, ცვლილებების პროცესები შედარებით უფრო მტკივნეულად და აგრესიულად მიმდინარეობდა, თუმცა რაღაც მანქანებით, ყველაფერი იქაც უმსხვერპლოდ დამთავრდა.
ერთადერთი ინციდენტი, რომელიც მსოფლიო მშვიდი რევოლუციების რიგიდან იყო ამოვარდნილი, გაზით მდიდარ თურქმენეთში მოხდა: ხალხმა, რომელიც თურქმენეთის მონარქის, დესპოტური შაჰ-საფარის წინააღმდეგ შეიკრიბა დედაქალაქის მთავარ მოედანზე, შაჰის სასახლიდან რამდენიმე გასროლას სრული სიმშვიდით უპასუხა (მიუხედავად რამდენიმე მსუბუქად დაჭრილისა) და არ დაიშალა. ხალხს არც სასახლის აღებას შეეცადა შტურმით, არც პიკეტირება გაუმართავთ...
როგორც ამბობენ, დაბნეული დიქტატორი და გაზით მდიდარი უდაბნოს ერთპიროვნული მმართველი, ახლგაზრდა შაჰი საფარი (ყმაწვილობაში, უშიშროების სამინისტროს სტაჟიორი საფარმირატ ბაირამდურდიევი), ერთი საათის განმავლობაში დარბოდა თავის ოქროს სასახლეში და სპილოს ძვლისგან გაკეთებული ჯოხით ერეკებოდა მის გატრუნულ და მომღიმარ დაცვის წევრებს: "დახოცეთ ეს ველურები! ესროლეთ, მიწასთან გაასწორეთ...ხომ ხედავთ რამდენი არიან ეს ღორები... ეს ფელახები მოკვლას მიპირებენ, მიშველეთ...." - გაჰკიოდა შიშისგან დუჟმორეული უდაბნოს შაჰინშაჰი... დაცვა არ გატოკებულა. შაჰის მცველნი მშვიდად დაელოდნენ თუ როდის დაიღლებოდა სირბილისგან გადარეული "შაჰი"... ერთი საათის შემდეგ, ყვირილისგან გათანგული და საკუთარი უმწეობით გაკვირვებული შაჰი, მდუმარე კავკასიელებით, ჩეჩნებითა და ინგუშებით დაკომპლექტებულმა დაცვის წევრებმა ხელდახელ გამოაბრძანეს ხალხის წინაშე და უთხრეს: „ჩვენ სახლში ვბრუნდებით. იგი თქვენია და თქვენვე მიხედეთ!“.
მოგვიანებით, გაირკვა თურთქმენთა ყოფილი თავკაცი, შაჰი საფარი ციხეში შეშლილიყო...და ყოფილი შაჰი, თურქმენეთის ბოლო თურქმენ-ბაში, ირანის, ისფაჰანის ფსიქიატრიულ პანსიონში გადაიყვანეს სამკურნალოდ. როგორც ჩანს, აღმოსავლელი დესპოტის ნაზმა ფსიქიკამ ვერ გადაიტანა თურქმენთა სოლიდარული პროტესტი და საფარმა შაჰად დარჩენა არჩია, ახლა უკვე თავის შიზოფრენიულ სამყაროში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :) ბოდიში დაგვიანებისთვის! ახლა დავდებ გაგრძელებას.
:) ბოდიში დაგვიანებისთვის! ახლა დავდებ გაგრძელებას.
1. იმდენი ხანი გავიდა წინა თავის დადების შემდეგ, რომ მეგონა უკვე მოგაკითხეს ახალი მსოფლიოთი შეშინებულმა შესაბამისმა სამსახურებმა :)
იმდენი ხანი გავიდა წინა თავის დადების შემდეგ, რომ მეგონა უკვე მოგაკითხეს ახალი მსოფლიოთი შეშინებულმა შესაბამისმა სამსახურებმა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|