ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2019


ტიბეტის მისადგომებთან. ახალი მსოფლიო და პატარა სოფელი ავსტრიულ ტიროლში*. ნაწილი VII

მსოფლიო ანტისამთავრობო მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ უცნობი სახალხო ლიდერები, რომლებმაც დედაქალაქებში გამართულ სპონტანურ სახალხო კრებებზე საჯაროდ დადეს პირობა რომ ქვეყნის მართვას არ გააგრძელებდნენ და ძველ, სახელმწიფო სისტემაზე უარს იტყოდნენ.

ყველგან, ევროპასა და აფრიკაში, ამერიკასა და რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთში თუ პერუში, ხალხი შეთანხმდა რომ პოლიტიკური სისტემა, რომლითაც დედამიწის ქვეყნები იმართებოდა, უნდა გაუქმდეს. ამის წინააღმდეგ არავინ გამოსულა. მთელს მსოფლიოში, დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში დგებოდა ახალი ეპოქა, ეპოქა პირდაპირი დემოკრატიისა. თვით ტოტალიტარულ და პოსტ-კომუნისტურ ჩინეთშიც კი, ათობით მილიონმა ჩინელმა, ავად სახსენებელი ტიან-ნან მენის მიედნიდან გააფრთხლა კომუნისტური მთავრობა: „ხვალ, 12 საათზე, შუადღეს მოვალთ, პასუხის მოსათხოვადო... ჩინელთა იმდროინდელი ლიდერი, 75 წლის იდეური კომუნისტი და ადმინისტრატორი, უ პინი, სასწარაფოდ დათანხმდა ხალხის მოთხოვნას და კომუნისტური პარტია დაშლილად გამოცხადა.

ადამიანებმა უარი თქვეს ძველი მოდელით ცხოვრებაზე...სრულიად გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდნენ მსოფლიო კაპიტალის მფლობელები, ბანკები, ბირჟები, ფინანსური და სამრეწველო კორპორაციები, სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატების მფლობელები, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის საწარმოების მმართველნი...ხალხმა მათ პირდაპირი განაჩენი გამოუტანა: „დაიტოვეთ თქვენი ნაშრომის ათი პროცენტი, ხოლო დანარჩენი, თქვენს ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხზე გადაანაწილეთ, აქციების სახით“.

ეს უპრეცენდენტო შეთავაზება გახლდათ - მსოფლიოს უმსხვილესი კაპიტალისტები კარგავდნენ თავიანთ ქონებას, თუმცა, ეს არ იყო ექსპროპრიაცია, მათ საშუალება ეძლეოდათ გაეგრძელებინათ საქმიანობა, ოღონდ ახალ აქციონერებთან ერთად, რომლებიც მათსავე საწარმოებში იყვნენ დასაქმებულნი...და მათტან ერთად გააგრძელებდნენ საწარმოს მართვას.

მოგვიანებით, რამდენიმე წელიწადში, როდესაც დედამიწაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, სხვადახვა რელიგიის მსახურები დაიწყებენ ქადაგებას „ღმრთის სახად შექმნილი ადამიანის ჭეშმარიტი ნების“, „ბუნების სამართლიანი ძალის“ და „საწყისი სიბრძნის“ შესახებ, თუმცა მსოფლიოს ადამიანები, (რომლებსაც მესამე მსოფლიო ომამდე უტიფრად „უბრალო ადამიანებად“ მოიხსენიებდნენ), რომლებმაც სამყარო დაღუპვას გადაარჩინეს, ახალ "ქურუმებს" აღარ დაუჯერებენ. ადამიანების ბუნებრივი რეაქცია ნებისმიერ დოგმაზე, ჩარჩოებზე და „სწავლებაზე“, რომელიც გონებას გამორიცხავს და ბრმა რწმენას გულისხმობს, მძაფრი იქნება და მათი მკაცრი დუმილი დედამიწაზე გავრცელებული რელიგიების მქადაგებლებს ყველანაირი „ახალი“ ქადაგების სურვილს დაუკარგავს. რელიგია და მისი ინფრასტრუქტურა უბრალოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას ... ადამიანები შეიცვლებიან და დაუბრუნდებიან თავის საწყის მდგომარეობას - თავისუფლებას თავიანთ სახლში, დედამიწაზე. ეს გახდება დაბრუნება „ადამიანების სამყაროდან“ „დედამიწის სამყაროში“.

ამ ცვლილების შემდეგ, მსოფლიო საბოლოოდ განთავისუფლდება ფულის, ვაჭრობის, სარჩოსათვის შრომის, ჩაგვრის, ადამიანებს შორის კონკურენციისა და ტყუილის უკიდეგანო ოკეანისგან და ადამიანები, ერთმანეთთან შეთანხმებისა თუ „მსოფლიო კონგრესების“ გარეშე გააკეთებენ არჩევანს კეთილსა და ბოროტს, სიხარბესა და დიდსულოვნებას, ზიზღსა და სიყვარულს, რწმენასა და გონებას შორის და გადაწყვეტენ ისე იცხოვრონ, როგორც ეს დედამიწაზეა შესაძლებელი - ერთმანეთთან ბრძოლის და შურის თანხლებით, თუმცა უკვე პოლიტიკის, ომებისა და სამხედრო დაპირისპირებების გარეშე.

ადამიანი საბოლოოდ მიხვდება რომ მისი მტერი „ეშმაკი“ ან „ბოროტი სული“ კი არ არის, არამედ თვითონ ადამიანი, რომელმაც სხვებზე აღმატება გადაწყვიტა და თავისი ამპარტავნობით ლამის დაღუპა კაცობრიობა 2090 წლის აპრილში მომხდარი გაუგებრობის, ე.წ. შტაინახის ინციდენტის შემდეგ, რომელიც მოგვიანებით, 2090 წლის მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა...

საქმე კი ასე იყო: აპრილის ერთ მშვენიერ შუადღეს, კანონმორჩილი, პატიოსანი და შრომისმოყვარე გერმანელი ტურისტი თიურინგიიდან, ფრანკ მაშერი, თავის ოჯახთან ერთად, რომელიც თვითონ ფრანკისგან, ფრანკის მშვენიერი მეუღლის, ოცდაათი წლის ანე-ლიზასგან და ასევე მშვენიერი ექვსი წლის პატარა ბიჭუნასგან, ბერნარდ მაშერისგან შედგებოდა, იტალიის ლაჟვარდოვანი სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე, სასადილოდ ავსტრიული ტიროლის სოფელში, შტაინახში გაჩერდა.

შტაინახი ავსტრიის სამხრეთში, ალპების წიაღში მდებარეობს, იტალიის საზღვრიდან სულ რაღაც ოციოდ კილომეტრში. ამ პატარა სოფლის რამდენიმე გზისპირა რესტორნიდან, მაშერმა „ტანნჰაიმერ შტუბე“ შეარჩია. როგორც რესტორნის გარეთ გაკრული რეკლამა იუწყბოდა, მხოლოდ „ტანნჰაიმერში“ შეიძლებოდა „ნატურალური ტიროლური“ სამზარეულოს საოცრებების დაგემოვნება. მაშერი კარგი და კეთილი კაცი იყო და ეჭვის გარეშე ენდო ტიროლურ რეკლამას.

მაშერების რესტორანში შესვლისთანავე, მათ ღიმილით გამოეგება „ტანჰაიმერის“ პატრონი, ბატონი კონრად შურხი და სტუმრებს ტრადიციული ტიროლური „გრიუს გოტ!“-ით (გფარავდეთ ღმერთი! ბავარიაში, ავსტრიაში და საერთოდ, გერმანულენოვანი კათოლიკეების ტრადიციული მისალმება) მიესალმა. მაშერებისგან შეკვეთის მიღების შემდეგ, ბატონი შურხი სამზარეულოში გაუჩინარდა, ხოლო მაშერებთან, სტუმრებისგან გამაგრილებელი სასმელების შეკვეთის მისაღებად,  ბატონი შურხის დამხმარე, მიშკო ილიჩი, მივიდა.

მიშკო ავსტრიაში ნატურალიზირებული სერბი გახლდათ. მისი ოჯახი, დედ-მამა და უმცროსი ძმები, გერმანიაში ცხოვრობდნენ და ისტორიულ სამშობლოსთან მხოლოდ გვარი და მართლმადიდებლობა აკავშირებდათ. შტაინახის ინციდენტის რეალური სურათი, ისტორიის ანალებშია ჩაკარგული. არის ორი ძირითადი ვერსია რომელსაც მეტ-ნაკლებად იზიარებს დღევანდელი მსოფლიო. ერთი ვერსია ავსტრიულ-გერმანულია და მის მიხედვით, კონფლიქტი მაშერებთან, მიშკოს ბრალია.

მეორე ვერსია კი ბალკანურია, რომლის მიხედვითაც გერმანელმა მიშკოს უხამსი სიტყვებით მიმართა, რამაც შემდეგ კონფლიქტი გამოიწვია. 

სანამ შტაინახის ინციდენტის ვერსიებს მოგახსენებთ, მინდა გაგახსენოთ წარსულის სევდიანი ისტორია. 1914 წლის 28 ივნისს, შტაინახის ინციდენტიდან 184 წლის წინ, დედამიწაზე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო სარაევოში სერბი ნაციონალისტის, გავრილო პრინციპის თავდასხმით ავსტრია-უნგრეთის ერც-ჰერცოგზე, ფრანც-ფერდინანდსა და მის მეუღლეზე, სოფიაზე. სარაევოს ინციდენტმა ავსტრია-უნგრეთს უბიძგა სერბეთთან ომის დაწყებისკენ, ომში ჩაერთნენ ერთის მხრით ავსტრია-უგრეთის იმპერია, გერმანია და მოგვიანებით თურქეთი, ბულგარეთი და იაპონია, ხოლო მეორე მხრით, ანტანტის გაერთიანება (რუსეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, მოგვიანებით კი იტალია და აშშ).

ამ საშინელმა ომმა, მსოფლიოს სხვადახვა კუთხეში, ათეულობით მილიონი ადამიანი შეიწირა, ხოლო მისმა  სავალალო შედეგებმა, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს, კიდევ უფრო საშინელი და სისხლიანი, მეორე მსოფლიო ომი გამოიწვიეს. იკითხავთ რა შუაშია შტაინახთან პირველი და მეორე მსოფლიო ომებიო? ფორმალურად არაფერში, თუ არ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ინციდენტი ავსტრიაში მოხდა, მასში კი გერმანელი და სერბი იყვნენ გარეულნი...შტაინახელი სერბის გვარი კი ილიჩი გახლდათ(!)

ისტორიის აჩრდილები: სარაევოში ჰაბსბურგების კრონ-პრინცზე თავდასხმის კოორდინატორი, გავრილო პრინციპის უფროსი კოლეგა-ტერორისტი და „მლადა ბოსნას“ (ახალგაზრდა ბოსნია - ბოსნიის სერბთა შეიარაღებული ნაციონალისტური ორგანიზაცია) ორგანიზაციის ერთ-ერთი თავკაცი გახლდათ დანილო ილიჩი. ისტორიის მწარე ირონიით, შორეულ 2098 წელს, ავსტრიის მიწაზე კვლავ ილიჩის გვარის ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდება გარეული ინციდენტში, რომელსაც მოულოდნელი და წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება... 
სამწუხაროდ, შტაინახის ინციდენტმა, რომელზეც ზემოთ დავიწყეთ მოყოლა, ხელი შეუწყო მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, რამაც მსოფლიოს ისტორიის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალა და ფაქტობრივად გადაარჩინა ჩვენი მოდგმა სრული განადგურებისგან...

----------
* ავსტრიის ტიროლის გარდა, არსებობს იტალიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ტიროლიც (იტალიური პროვინციები: ტრენტინო და ალტო-ადიჯე -სამხრეთ ტიროლი), სადაც იტალიელებთან ერთად ცხოვრობენ სამხრეთ ტიროლელები (ეთნიკური სამხრეთ ავსტრიელები). ეს მხარე იტალიის საზღრებში აღმოჩნდა 1919 წლის სენ-ჟერმენის ხელშეკრულებით, როდესაც I მსოფლიო ომში დამარცხებულ და დაშლილ ავსტრია-უნგრეთის იმპერიას, საერთაშორისო შეთანხმებით ჩამოართვეს ალპებში მდებარე ტიროლის სამხრეთ ნაწილი. იტალიის სამხრეთ ტიროლის ქალაქებია: ბოლცანო (ტირ. ბოცენი), მერანო (მერანი), ბრესანონე (ბრიქსენი), ბრუნიკო (ბრიუნეკი), სარენტინო (ზარნტალი), ვიპიტენო (შტერცინგი).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები