სერია # 19
მოქმედი პირები: ოსტატი - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი; შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე; პაველი - წითელარმიელი; კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი; და სხვები.
(ბარაქის ფეხი)
კულმანის (სპეციალური სახაზავი დაფა) წინაშე მდგომ ოსტატს პაველი მიუახლოვდა: - შეფ, რას აკეთებ? - ახალ ველოსიპედს ვიგონებ! - ველოსიპედს იგონებ? - ველოსიპედი გამოგონილია... მე ახალ ველოსიპედს ვიგონრბ! - გამომგონებელი ხარ? - წადი, დაიკავე შენი ადგილი... - ადგილის დაკავებას მოვასწრებ... - პაველი ნახაზს ჩააკვირდა. - შენ თუ ველოსიპედს იგონებ, ჯერ ბორბალი უნდა გამოიგონო! აი, შეხედე, აქ ბორბალი გჭირდება! - თითი ერთ წერტილს დაადო. ოსტატი დაფიქრდა. - მართალი ხარ, ბორბალი მჭირდება... - და საჩვენებელი თითით მრავლისმეტყველად კეფა მოიქექა. - ჯერ ბორბალი უნდა გამოვიგონო! - ახალი ბორბალი უნდა გამოიგონო! თორე, „ელიავაზე“ ძველი ბორბლების მეტი რა ყრია... - ხო, ახალ ველოსიპედს ძველი ბორბალი არ მოერგება! პაველი თავისი ადგილისკენ გაემართა; ოსტატმა გზაში დააწია სიტყვა: - შენ რომელი უმაღლესი დაამთავრე? - სამი კლასის განათლება მაქვს... - უმაღლესი რომ დაგემთავრებინა, მეცნიერ-გამომგონებელი გამოხვიდოდი! - ჩემ ახალგაზრდობაში სად იყო უმაღლესები, სამოქალაქო ომი მძვინვარებდა - 1917-1923 წლები... დოინჯშემოყრილმა ოსტატმა სტუდიაში გაიარ-გამოიარა. - „მეცნიერებას“ დროებით გვერდზე გადავდებ; სადაცაა სტუდიაში სტუმარი გვეწვევა. - ვინ სტუმარი, ბატონი ცოტნე? - ჰკითხა პაველმა. - ბატონი ცოტნე არა! - მეყავე მარგო? - არც მარგო! - აბა, ვინ? - ვინ და, ჩვენი მიშკა-თაგვის მომავალი ცოლი! - „პტიჩი-რინოკზე“ დედალი თაგვი იყიდე? - თაგვი კი არ მოდის, ადამიანი გვეწვევა სტუმრად, ლამაზი ქალი, რომელსაც მე თაგვად გადავაქცევ; მისი სახელია „ლასკა-თაგუნია“, გსმენიათ, ალბათ... ოსტატმა მაგიდაზე ეგრედ წოდებული „სიძე“, თეთრ თაგვად გადაქცეული თავისი პირველი შეგირდი ამოსვა - მიშკა-თაგვი. - აი, ძმაო, როგორც იქნა, დადგა შენი დაქორწინების დღე! - შეფ, რომელ „ლასკა-თაგუნიაზე“ ამბობ - ფიტნეს-ვარსკვლავზე? - სწორედ მაგაზე! სტუმრად მოვიწვიე და სამუდამოდ დავტოვებ კიდეც ჩვენს გუნდში, რაღა თქმა უნდა, თაგვის სახით! - თეთრ თაგვს ზურგზე მეგობრულად გადაუსვა თითი. - გეტყობა შენ არ იცი, მაგ ქალს ქმარი კინგბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი რომ ჰყავს?! მისგან ვერც ჩემი ტყვიამფრქვევი დაგიცავს, ვერც კანტროლკას ცული და ვერც ის შენი „მოლოტოვის კოქტეილად“ წოდებული არყით სავსე ბოთლები, მაგიდის ქვეშ რომ გილაგია! - შენ ვინ გითხრა, რომ მისი ქმარი კინგბოქსიორია? - როგორ თუ ვინ მითხრა, მთელმა მსოფლიომ იცის! - ვახ მე... - თაგვს მიუბრუნდა. - ისევ გადაიდო შენი ქორწილი! თაგვი მაგიდის ქვეშ ჩასვა. უჯრიდან ამოიღო ოდეკოლონი და ისხურა, თან ბურტყუნს მოჰყვა: - მთელი გადაცემა რა გაუძლებს მაგას... - შეფ, ეგ რა დაისხი? კარგი სუნი აქვს... - ჰკითხა პაველმა. - ოდეკოლონი. - ჩვენც დაგვასხი, რა... - აჰა, დაისხი. პაველმა ფრქვევადი ოდეკოლონი გამოართვა, თავის ადგილს დაუბრუნდა და მისი თვალიერება იწყო; როგორც ჩანს, მოხმარების წესში მთლად კარგად ვერ ერკვეოდა. - ეგ არის ოდეკოლონი? - ჰკითხა პაველს გვერდით მჯდომმა კანტროლკამ. - ხო, ოდეკოლონია. - ეგ არ არის ოდეკოლონი! - აბა, რა არის? - ოდეკოლონი რომ იყოს, ზედ უნდა ეწეროს - „тройной одеколон“; ამას სულ სხვა რამ აწერია. - ზოგადად, ნამდვილ ოდეკოლონს აწერია - „красный октябрь“, მაგრამ ეხლა, მწარმოებლები იმას აწერენ, რაც მოეპრიანებათ!
კულისებიდან ახალგაზრდა ქალის კისკისი მოისმა; ის ლასკა-თაგუნია იყო. ფეხზეწამომდგარი ოსტატი მას შეეგება. სტუმარს იმდენად მოკლე კაბა ეცვა, რომ კანტროლკას ეგონა, კაბა კი არა, წელვადი ქსოვილისგან დამზადებული განიერი ქამარი უკეთიაო. - შეხედე, კაბის გარეშე მოვიდა! - გადაუჩურჩულა პაველს. - დაბრმავდი, მინი-იუბკა აცვია! - ეგ ქამარია! - იუბკაა! - რანაირი იუბკაა? - მაგნაირი! უხდება... - სულ რომ არაფერი ჩაეცვა, ისიც მოუხდებოდა... - ლამაზი ქალია... სუნამომ, რომელიც ლასკა-თაგუნიას ესხურა, ოსტატის „საეჭვო ოდეკოლონის“ სუნი გადაფარა. - ლამაზია და თან სურნელოვანიც - რომელიღაც ძვირფასი საპნის სუნი ასდის... - დასძინა კანტროლკამ. - საპნის კი არა, შამპუნის! ვერა და ვერ გამოხვედი შუასუკუნეების ხედვებიდან...
- ოსტატო, საყვარელო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს სტუდიაში! მე ისეთი ფეხბედნიერი გოგო ვარ, მთელი წელი წარმატება არ მოგაკლდება! სტუმრისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩაეფლო და მარცხენა ფეხბედნიერი ფეხი, მარჯვენა ფეხბედნიერ ფეხზე ისეთნაირად შემოიკეცა, რომ მისი მინიიუბკიდან ეგრედწოდებული „ქამარიც“ აღარ დარჩა. გაშეშებულ, თუ უფრო გაბრუებულ, ოსტატს სიტყვა ბაგეზე, არა, ბაგეძე არა, უფრო დაბლა, გლანდების ქვემოთ, ხორხად წოდებულ საყლაპავ მილში შეაშრა. - ოსტატო, გამოფხიზლდი, დაუბრუნდი სტუდიას; რაზე ფიქრობ? - არაფერზე... - როგორ არაფერზე, ფერი დაკარგე! - წარმატების მომტანი ვარო, რომ თქვი - ერთი შენნაირი ფეხბედნიერი გოგო არ მაწყენდა აქ, სტუდიაში, თანამშრომლად! - ჩემნაირი? - ხო, შენნაირი; ტელემაყურებელს აერობიკას შევასწავლიდით... - აერობიკას? - სხვა რამეებსაც... - კიდევ რას? - ჩაიღიმა. - ნუ, რა ვიცი... - თანამშრომლობაზე უარს გეტყვი, მოუცლელობის გამო... ლასკა თაგუნიამ შემოკეცილი ფეხბედნიერი ფეხი მეორეთი შეანაცვლა, რამაც ოსტატი ხელახლად დაამუნჯა... - ოსტატო, საყვარელო, ხმა ამოიღე, მკითხე რაიმე - ერთი სული მაქვს ჩემს ცხოვრებაზე წავიჭორაო! - შენს ცხოვრებაზე? - ისეთი საყვარელი Bugatti შევიძინე, ორ ადგილიანი, ინტიმური... მკითხე, გარბენი რამდენი აქვს! - ორ ბორბლიანი Bugatti? - Bugatti როგორ იქნება ორ ბორბლიანი?! ორ ადგილიანი, გითხარი, ნული გარბენით, ანუ ახალი! - ხო, მივხვდი, ავტომობილზე საუბრობ; მე, რატომღაც, დილიდან ველოსიპედებზე ფიქრი ამეკვიატა... ლასკა-თაგუნიამ ვითომდა მკაცრად, თავი გადააქნია. - ოი, ეს ის ელვის პრესლის ნაქონი ცნობილი ცხვირსახოცია? - იქვე ახლოს მდგარი დახლისკენ გადაიტანა მზერა. ოსტატი გამოცოცხლადა. - დიახ, სწორედ ეგ არის; სოტბის აუქციონიდან გამომიგზავნეს! - ხომ შეიძლება ახლოდან ვნახო? - თუ გნებავს, იყიდე კიდეც! წამოდგა და დახლში, შუშის ქვეშ გამოფენილი ცხვირსახოცის თვალიერება დაიწყო; თუმცა მალევე დაუბრუნდა თავის ადგილს.
- შეხედე, ოსტატმა შენი ჟღვლინტიანი ცხვირსახოცი გაყიდა! - გადაუჩურჩულა კანტროლკამ პაველს. - ჯერ არ გაუყიდია! მეორეც, ეგ ჩემი კი არა, მისი პირველი შეგირდის საკუთრებაა, დერეფანში დაკარგა; მაგ ცხირსახოცით მე მხოლოდ ცხვირი მოვიხოცე! - ეჰ, ლუი არმსტრონგის წინდაც უნდა გამოეფინა... - მერე და, გამოეფინა, ვინ დაუშალა? - შენ დაგავალა, რომ პირადი გარდერობიდან ერთი წინდა მიგეტანა, მაგრამ წინდის ნაცვლად გაშავებული „პარწიანკა“ მიუტანე! - ვაა, ვერ გაგაგებინეთ - ვინ რა იცის, ლუი არმსტრონგი „პარწიანკას“ ხმარობდა თუ წინდას? დადე, გაიყიდება! - ოსტატს ვაჭრობას ნუ ასწავლი... რაც გითხრა, ის უნდა მიგეტანა! - საიდან უნდა მიმეტანა ის, რაც არ მაქვს? ცხოვრებაში არ მიხმარია წინდა! შენ მიგეტანა, რატომ არ მიუტანე?! - მე არც წინდა მაქვს და არც „პარწიანკა“! ცულის მეტი არაფერი არ მაბადია...
ამასობაში, ლასკა-თაგუნიამ შემოკეცილი ფეხბედნიერი ფეხი ისევ შეანაცვლა მეორე ფეხბედნიერი ფეხით, რამაც, რაღა თქმა უნდა, ოსტატის მორიგი დამუნჯება გამოიწვია. - ოსტატო, საყვარელო, რა გჭირს, ისევ დადუმდი? - ხო, არა... ვფიქრობ... - რაზე ფიქრობ? - თუ ცხვირსახოცის შეძენა გსურს, „ბე“ დამიტოვე, რადგან რამდენიმე კოლექციონერი დასტრიალებს მას, მალე გაიყიდება! - არა, პრესლის ფანატი არ ვარ... - ლუი არმსტრონგის წინდა მოვიგე აუქციონზე; გზაშია, სადაცაა ჩამოვა! - არც ლუი არმსტრონგის წინდა მჭირდება! აი, ჯეინ ფონდას წინდაში კი, მართლაც სოლიდურ თანხას გადავიხდიდი! - გიშოვი! - საიდან მიშოვი? - მსოფლიოს ყველა კუთხეში საიდუმლო კავშირები მაქვს... ნებისმიერი ნივთის შოვნა შემიძლია! - ნებისმიერი ნივთის შოვნა შეგიძლია? - შემიძლია! - სულ, სულ ყველაფრის? - სულ, სულ ყველაფრის! - ახლად მოწველილ ჩიტის რძესაც იშოვი? - ვიშოვი! - პაუზა. - რა მკითხე? - გკითხე - ახლად მოწველილ ჩიტის რძესაც თუ იშოვიდი? - ხოო... - ოსტატმა ჩვევისამებრ მოიქექა კეფა. - აი, რას გეტყვი: მე ჩიტს მოგიყვან და შენ თავად მოწველე! არ ვიცი, ლასკა-თაგუნიამ რა გიფირა, სიცილისგან ისე ჩაბჟირდა, რომ გადაცემაში სასწრაფოდ რეკლამის ჩაკერება გახდა საჭირო.
რეკლამის შემდეგ: - ოსტატო, უხერხულია... - რა არის უხერხული? - თვალს ვერ წყვეტ ჩემს წითელ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს... - ფეხსაცმელს? გამოგიტყდები, შენმა კოჭმაც მიიტაცა ჩემი მზერა, წვივმაც, მუხლმაც და მუხლის გაგრძელებამაც პერსპექტივაში... მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეგ კალმით ნახატი ფეხი წარმატებისა და ბარაქის მომტანია! ხომ თავად ბრძანე - ისეთი ფეხბედნიერი გოგო ვარ, მთელი წელი წარმატება არ მოგაკლდებაო~! ერთი წელი ცოტა დრო არ არის, მაგრამ ერთი წლის შემდეგაც მჭირდება „კაი ცხოვრება“! - რა ვქნა, რით დაგეხმარო? ფეხს ვერ მოვიჭრი, რომ დგიტოვო... ერთი წლის შემდეგ შემეხმიანე და ისევ გეწვევი სტუმრად! იმ დროისთვის თუ საქართველოში ვიქენი... - უცხოეთში აპირებ წასვლას? - მე სულით მოგზაური ვარ... - ბრწყინვალე აზრმა გამინათა გონება; არ ვიცი, ის მისაღები იქნება თუ არა, შენთვის? - თქვი, რა მოგაფიქრდა? - შენი ფეხის ასლი შევქმნათ და ის მადლი, რომელიც შენს ფეხში ბუდობს, მასზე გადავა! - ოჰო, როგორ უნდა შევქმნათ ასლი, რისგან? - მე გამოვაქანდაკებ მას! ამისთვის დამჭირდება: ფოლადის მავთული - კონსტრუქციის სიმყარისთვის; წებოში დამბალი ქაღალდი, ეგერდ წოდებული - პაპიე-მაშე; და ცოტაოდენი თაბაშირი. - მოქანდაკე ხარ? - შენ ის მკითხე, ვინ არ ვარ მე? - კარგი, ვნახოთ, რა გამოგივა... ოსტატმა მიშკა-შეგირდს დაავალა სასწრაფოდ სტუდიაში ყველაფერი ის მოეზიდა, რაც ლასკა-თაგუნიას კალმით ნახატი ფეხის ასლის შესაქმნელად დასჭირდებოდა - ფოლადის მავთული, წებო, ქაღალდი, თაბაშირი, სამუშაო ინსტრუმენტები და კიდევ - შირმა, რათა მუშაობის პროცესში ვინმე სულიერს მისთვის თვალი არ ედევნებინა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მიშკა-შეგირდმა „ტელევიზიის ბეღლიდან“ სწრაფად მოზიდა. ოსტატი საქმეს შეუდგა; თან ლაზღანდარობას მოჰყვა; თუმცა ვინ იცის, იქნებ სრული სერიოზულობითაც ლაპარაკობდა... - ლასკა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ამ ხელოვნების ნიმუშს, რომელსაც ვქმნი, ვუწოდებ - „ბარაქის ფეხს“! ბანკებში ჩამოვატარებ, სუპერმარკეტებშიც, ბრენდულ სალონებსა თუ მაღაზიებში, ერთი სიტყვით ყველგან, სადაც ბიზნეს-წარმატება სურთ. დასაწყისისთვის, ამ აქციას საქველმოქმედო ხასიათი ექნება; შემდეგ, ნებაყოფლობით შემოწირულობებს მივიღებ; ხოლო ბოლოს - კეთილი ინებონ და გადაიხადონ! თანხას გავიყოფთ... - იტალიაზე ვგიჟდები - რომი, ვენეცია... წინა ცხოვრებაში უეჭველად იტალიელი ვიყავი. - „ბარაქის ფეხს“ არტ-გალერეებსა და მუზეუმებს არ გავაკარებ; ეგენი დატკბნენ თავიანთი ჯღანებით... - ეგვიპტე არ მიყვარს, არც თურქეთი... - „ბარაქის ფეხს“ სოტბის აუქციონზეც წარვადგენ; რა გვენაღვლება, კიდევ ერთ ასლს შევქმნით... ახლა, მარჯვენას ვაქანდაკებ, მეორე ჯერზე, მარცხენა იყოს. თუმცა არა, მარცხენა არ გვინდა, ზოგადად - მარცხენა ნამსია! იყოს ორთავე მარჯვენა. - მეგობრებმა დაიჩემეს, გინდა თუ არა, დაბადების დღე პარიზში უნდა გადაგიხადოთო(!), სხვა გზა არ არის, უნდა წავიდე... - მოიცა, რა დროს წასვლაა, ცოტაც და, დავასრულე! - დაასრულე? ერთი სული მაქვს ვნახო! - ორიოდე წუთი კიდევ მაცადე. თუმცა ორიოდე წუთიც აღარ მჭირდება, უკვე მზად არის! ოსტატმა „ბარაქის ფეხს“ შირმა შემოხსნა. დაა... - ეე, ეს ხომ შრეკის ფეხია?! - გადაუჩურჩულა პაველმა კანტროლკას. - შრეკსაც არ აქვს ასეთი მახინჯი ფეხი... - ოსტატო, ძვირფასო, რა საყვარელი შედევრი შექმენი! - წამოიძახა ლასკა-თაგუნიამ; ცალი ფეხბედნიერი ფეხიდან გაიძრო მაღალყელიანი, წითელი ბაფთით დამშვენებული წინდა, ეგერთ წოდებული „აჟურნი ჩულქი“ და „ბარაქის ფეხს“ ამოაცვა.
Bravissimo! Bravissimo! თქვენი არ ვიცი და მე, ლასკა-თაგუნია მხურვალე აპლოდისმენტით დავაჯილდოვე.
ბოლოს წინა სცენა: წასასვლელად მომზადებულმა ლასკა-თაგუნიამ სტუდიაში მყოფთ ხელი დაუქნია. - გაკოცეთ! - ჩვენც გკოცნით, ლასკა! შემდგომში მეუღლესთან ერთად გვეწვიე, გაგვაცანი; მოკითხვა გადაეცი ჩვენგან! - მე მეუღლე არ მყავს! - როგორ არ გყავს? კინგბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი შენი ქმარია! - აა, „მხეცოს“ გულისხმობ; პრესაში სურათები გავრცელდა; უბრალოდ, ეგ საქორწინო კაბის რეკლამა იყო.
ბოლო სცენა: - შეფ, ეგ ტიპი მე მაგის ქმარი მეგონა... - მე ნუ მიყურებ, მიშკა-თაგვს გაუსწორე თვალი - უცოლოდ რომ დატოვე კაცი!
მეცხრამეტე სერიის დასასრული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|