ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2019


ფინჯან ჩაიზე

უკვე აღარ ღირს დარდი მომხდარზე,
დარჩა ამბავად დღეთა ქრონიკის.
დადის ბარბაცით ქუჩის სწორ ხაზზე
წვიმა, ეს სევდის ალკოჰოლიკი...
თუ გაგიზომავს ბედნიერება,
სიგრძით, სიგანით ანდა სიმაღლით?
ვერ დაიჭირე წამი? - მერე, რა,
თავი გარეთ ხომ გამოიყვანე...
რამ გაგახსენა ახლა „ნიჩურტა“,
იქნებ, მიზანთან საქმის გარჩევამ.
გქონდა სურვილი, მერე მიჩუმდა,
გზაც მიდიოდა, თუმცა, გაჩერდა...
ზოგჯერ როგორ ჰგავს შენი განწყობა
წრეში ჩატეულ განცდა-სმაილებს.
იყო, რაც იყო... ისიც, რაც მოვა,
შორისდებულებს შორის ჩაივლის...
სისულელეა ძებნა ლაქების,
მზე რომ დადგება ცაზე ზენიტში.
რა ბრიყვულია სახე მაქებრის,
ზურგსუკან შენზე კარგს რომ ვერ იტყვის...
სისულელეა ყველას მოსწონდე,
არმოსაწონიც ხომ ხარ ვიღაცის.
მხოლოდ შენ იცი განცდის კოცონზე,
როგორ იწვება მშვიდი ნიღაბი...
სისულელეა პატიოსნება,
თუმც, ამ „სიბრიყვეს“ მაინც ჩაიდენ!
და ძველ ოცნებებს პირზე კოცნებით
ეპატიჟები ფინჯან ჩაიზე...
01.12.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები