ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2019


ორიოდ სიტყვით სამშობლოზე, ნილს

ნილ,
ამ წერილს, სხვებისგან განსხვავებით, ხელით ვწერ,
და სხვებისგან განსხვავებით, ამჯერად ჩემზე არ მოვყვები,
უფრო სწორედ, ეგოისტურად არ დავმალავ ვინ ვარ.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით გზაზე,
მე კი ყოვლთვის ვადგენდი მარტივი გაქცევის გეგმებს,
და არასოდეს გიყვებოდი სამშობლოზე, რომელზეც წერა მეშინოდა,
რადგან ყოველთვის გავურბოდი პათეტიკას,
როგორ ძნელდება აქ იყო და ამაზე წერო.

ჩემი სამშობლო ოღროჩოღრო ბილიკია, სოფლის გზაზე ჩამწკრივებულ
პატარა სახლებს და ამ სახლებში მცხოვრებ პატარა ადამიანებს
რომ მიუყვება, დუნედ და მდორედ.
გზაზე შემხვედრი გამარჯვებას გისურვებს უმალ,
თუმცა არავის აღარ ჯერა ამ გამარჯვების,
რომელიც მხოლოდ შემიძლია გითარგმნო როგორც - „რაღაც იქნება“

ჩემს სამშობლოში გაურბიან მართალ პოეტებს,
სიმართლის თქმა რომ შემოებედათ;
„თქვენი ადგილი სხვაგანაა, სხვაგან წერეთ, სოფლის ორღობის
ოღროჩოღრო გზების სევდაზე“ - გეტყვიან ჩუმად,
თუ არ გესმის გაფურთხებენ და გაგინებენ,
განა ცემას ვინმე მოერიდება ან მერე ტყუილს.

ამიტომ არჩევ ჩაიკეტო და შენზე წერო,
მაგრამ ერთხელაც გაიღვიძებ, დილის ნიუსებს
თვალს ჩააყოლებ, მოძრავ ეკრანს ყველაფერი აქვს,
ავტომტურად ჩაირთვება ვიდეო სადაც,
ორ დროშას შორის, შენი პატარა სამშობლოს დროშა
მაღლა მიიწევს.
კამერის უკან მდგომი ჩუმად „აბა დავიწყეთ“
თუმცა უსმენოდ, თუმცა უშნოდ მღერის სიმღერას,
ახალი ქვეყნის სიმბოლოდ რომ დააწერინეს შენს ბავშვობაში,
და იქამდე იმღერეს და ყველგან იმღერეს,
ყველა წიგნის და რვეულის გარეკანზე დაგიწერეს, ბოლოს
წაკითხვაც, მოსმენაც და გაგონებაც რომ არ გინდოდა.
დრომ მაინც ბოლო  სხვა უპოვა და ახლა მხოლოდ
ჟრუანტელი გივლის და ცრემლიც თვალს რომ გივსებს, პათეტიკაა,
ესეც იცი, მაგრამ მაინც გიხარია, ორი დროშა ქვემოთაა
დიდი ქვეყნების და დარბაზში შენს ჰიმნს უკრავენ.
ამას ახლა პატარა ქვეყნის კომპლექსი ქვია,
რომ ვმალეთ და ვერ დავმალეთ.

ქუჩაში დგახარ, სადაც იდგნენ შენამდე ყველა,
და ყველაფერი აქ წყდებოდა.
და სამშობლოც შენი ტოლი, შენზე შემცბარი ქუჩაში დგას
და დაღლილია.
ჩამოჯდებოდა და ეჭვი მაქვს მარტივ გაქცევას
გაივლებდა გულში, გზის პირას აცაბაცა ბორდიურზე ჩამომჯდარი,
საქართველოს პარლამენტის წინ, ყველა რაღაცას რომ ვითხოვთ
და ზოგიც მოვითხოვთ და არასოდეს არ გვიკითხავს
თვითონ რა სურდა.

დიდი ხანი ვიდექი გზაზე,
მხოლოდ მარტივი გადახვეწის გეგმებს ვადგენდი,
თავის პოვნა რომ დავარქვი უფრო ლაჩურლად,
სინამდვილეში სწორედ პასუხს გავურბოდი,
და უცხოობის უსახელო სიმარტოვეს ვარჩევდი რადგან,
მძიმეა ტვირთი ვიღაცად და რაღაცად ყოფნის.

ნილ,
ამ წერილსაც არ ექნება ბოლო,
ვზივარ გზის პირას, გადაღმა კი დგას საქრთველო,
დაღლილი და უსასოო.
ვიღას გავექცე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები