ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2019


იქნებ

იქნებ,
მახსენდება ეს სიტყვა
და იწყება ჰიპოთეტური ჯაჭვის პირველი რგოლების გადაბმა.

იქნებ,
ძილის დროს ვფხიზლობ
და ესაა ჩემი ცხოვრება.
იქნებ,
ცხოვრება, რომელიც ცხადი მგონია,
მხოლოდ ლოგიკური სიზმარია,
რომ ჩემს ჰიპოთეზაში ეჭვი შევიტანო
და ცხადში კი ლოგიკა არ უნდა არსებობდეს?!

აი, გუშინ,
სიზმარში,
კბილები დამცვივდა,
მე კი მოვახერხე და სტომატოლოგთან მივედი,
როცა გავიღვიძე,
წამოდგომაც ვერ შევძელი.
რატომ?

მე ვწყვეტ!
ჩემი სიზმარი ცხადია,
ასე მირჩევნია.

ჩემი სიზმრები ფლორიდაში ასეთია.
სანაპიროზე მზე აცხუნებს,
ოქროსფერი ქვიშა და ლურჯზე ღია,
კამკამა ცისფერი,
აკრილივით ზღვა,
ცა კი ცისფერზე მუქი,
ლურჯი,
როგორც ოკეანე,
გუაშივით სქელი.
აი სად ვცხოვრობ.
სანაპიროზე სიმშვიდეა,
მოულოდნელად ვიგებ,
რომ ვიღაც მომიკლავს.
გავრბივარ, ყველაფერი მარტივადაა, არც გვამია,
არც სისხლი,
არც დანაშაული,
მხოლოდ შედეგი,
აი, ესაა ცხოვრება,
უნდა დავისაჯო ყველაფრისთვის,
რაც არ გამიკეთებია.

ვარჩევ, რომელი სცენაც უფრო ცხოვრებისეულია.
მაგისტრალზე ვდგავარ მარტო,
მანქანების ზუზუნი მაწუხებს,
ცხელა!
ვგრძნობ,  ყველა კბილი მერყევა,
რომელიც ჯანმრთელია.
ვიღაცები მომსდევენ,
აქაც მკვლელი ვარ, ან მოსაკლავი.
თუკი ეს ცხადი სიზმარი არ არის,
მაშინ რა არის სიზმარი?!

აი, კლდე,
რომელიც თავზე უნდა ჩამომემხოს,
ასეც ხდება,
ისეც ხდება,
მაინც ვარ,
მაინც ვინარჩუნებ მერყევ კბილს.
მამა მეუბნება,
ძაფი უნდა გამოვაბათ,
(როგორც ბავშვობაში)
არა, არ მინდა!
მქონდეს, სანამ თვითონ მომძვრება!
ის, ხომ, ჯანმრთელი კბილია,
რატომ ირყევა?

ყველაზე რთული, იმის აღწერაა,
რატომ გავატანე მიცვალებული წყალს,
როგორც ცუდი სიზმარი
და სახლში დაბრუნებულმა,
ვიგრძენი შიში,
რომ ის მოვა და წამიყვანს.

სად არის სიზმარში
ამომგდები ძალა?
მე მას უნდა ვაჯობო
და იქ დავრჩე,
სადაც მინდა.
იქ, სადაც არ არსებობს ლოგიკური დინება და ჰიპოთეტური გადაბმა.

იქნებ, რაც ხდება, ხდება
და მეტი არაფერია საჭირო.
აი, ჩემი ცხოვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები