რა შეგიძლია მითხრა უკმეხო ზამთარო, შენი ხასიათი შვიდგზის ლოცვასავით დავიზეპირე. შიშის ბაგასთან იცოხნება უიმედობა მათთვის ვინც ისე ჩაიხერგა ქალაქის მიღმა, როგორც მეწყერში უღელტეხილი. განსხვავებულად ვერასოდეს ახერხებ მოსვლას. იცი ქუჩებიდან როგორ არ მოიცვალო ფეხი, თავზეხელაღებული ტეხასელივით ირჩევ სხეულებს, რომ მოუსწრაფო ძაღლუმადური ცხოვრება ვინმეს. კიდევ ერთხელ მოსულო ზამთარო, შენი პასუხი ერთხელ მაინც გასცდეს სიცივეს, ერთხელ მაინც გასცდეს სითეთრეს იქნებ შეძლო თოვლით პირი ამომივსო და უკან ჩამიბრუნო იმ სიტყვების კორიანტელი, რომელმაც შენზე სამდურავი დამაცდენინა.