ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2019


არასაახალწლო

მარტო ხარ. გული ცარიელი, საფერფლეც, ჭიქაც,
ძველი ნივთებიც აიღე და დაწვი ერთბაშად,
არ იცი ამ გზას სად მიყავხარ, ან საით მიგყავს -
დრო აღარ დაგრჩა იმისთვის, რომ გადაგეხარშა.

ვერავის ვეღარ დაუძახებ, თუკი დაგჭირდა,
ეგ არაფერი, ასეთ წვრილმანს აღარ უჩივი.
შენ შეიძლება გადახტომა გინდა ფანჯრიდან,
მაგრამ არავინ გაიხსნება პარაშუტივით,

ვინც გადაგარჩენს, სანაცვლოდაც არაფერს მოგთხოვს
და არ დაიწყებს სიზარმაცის გამო ზმორებას,
ან არ გაგკიცხავს და არ გკითხავს პატარა გოგოს
რატომ აქვს უკვე გადარჩენის საჭიროება.

შენ მოკვდი უკვე, ვერაფერი ვეღარ გაშინებს
და ვერც ვერავინ, ვეღარც ქარით და ვეღარც სეტყვით
და ელოდები პერიოდის გასვლას საშინელ,
დაუბრუნდები როცა თავს და აღსდგები მკვდრეთით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები