 | ავტორი: თეონე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 იანვარი, 2020 |
ამოარწყიე. გადმოდინდი ჯებირებიდან. დააღწიე თავი საკუთარ თავს. განადგურდი.
ამოარწყიე მოწამლული სისხლი ვენებიდან. დაიხეთქე კაპილარები და დატოვე სისხლიანი ნაკვალევი ყველგან გარშემო.
ამოარწყიე ყველა უთქმელი ემოცია, ყველა ტკივილი ამოიღე და დააკვირდი. ფერს, სტრუქტურას. ამოიღე ბოლომდე, რომ არცერთი მისხალი შიგნით არ დაგრჩეს.
ამოარწყიე საკუთარი შერყეული თავი შენივე თავის კედლებიდან და იზრუნე მერე, რომ იქ რაღაც დაიწყოს თავიდან.
ამოარწყიე ყველა აკრძალული სურვილი, რომელსაც არასდროს ამხელდი. ამოარწიე და აისრულე.
ამოარწყიე ყველა ნაწერი, რომელიც უნდა დაგეწერა და არ დაწერე, რომლებიც სისხლძარღვებში ჩაილპე და წამით არ გინანია.
ამოარწყიე ყველა დაპირება, რომელიც გაეცი და ვერ შეასრულე. ყოველი დაპირება, რომელიც დაიჯერე და არ შეგისრულეს. ყველა ოცნება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ოცნება.
ამოარწყიე ყველა უძილო და უმიზნო ღამე. ამოიღე და თქვი, რომ ბოლოა, რომ აღარასდროს დაღამდება ასე, რომ…
ამოარწყიე ყველა გრამი მოუნელებელი ალკოჰოლი და ამოაყოლე ყველა გაუმართლებელი იმედი. ამოარწყიე და მიხვდები, რომ უზარმაზარი მარწუხების გარდა არაფერი დაგრჩება შიგნით. მარწუხების, რომლებიც ყველა ორგანოზე სათითაოდ და მერე მთელ სხეულზე ერთად გიჭერს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.
მიეცი თავის ქალას საშუალება, გაიბზაროს და მერე გატყდეს. ოთხ თანაბარ ნაწილად გაიყოს და სხვადასხვა მიმართულებით გადაგორდეს, ხელახლა აწყობის პერსპექტივის გარეშე.
არ იფიქრო. არწყიე, სანამ სულის ნაფლეთები არ გამოყვება ამოღებულ არსებას. უნდა გადარჩე. უნდა გადაურჩე საკუთარ თავს. უნდა გადაურჩე ტკივილებს. არ შეგეშინდეს. არ შედრკე და უკან არ შებრუნდე. გადაეყუდე უფსკრულში თავით და არწყიე, სანამ თვალის გუგები გადმოცვენამდე არ მივა, ოღონდ იცოდე, შუბლს არავინ დაგიჭერს და შეიძლება თმაც დაგესვაროს.
ფრთხილი იყავი, ზომიერი და აკურატული. ხმაურის გარეშე, სისტემურად გამოდევნე საკუთარი თავი საკუთარი არსებიდან. თავიდან ბოლომდე, ბოლო გრამ ცრემლამდე გამოშიგნე ყველაფერი და ჩააქციე იქ, საიდანაც უკან არასდროს დაბრუნებულხარ.
არაფერი თქვა. არსად, არავისთან სიტყვა არ დაგცდეს, ისე გამოიცვალე კანი. ისე მოაგროვე ბოლო ნაფხეკები ორგანიზმში და გადმოაფურთხე. გადმოაფურთხე საბოლოოდ, სანამ ცრემლი ბოლომდე არ დაიცლება. სანამ თვალები დამშრალ ტბებს არ დაემსგავსება, სანამ ვეღარსად სისველეს ვეღარ იგრძნობ, მანამდე აფურთხე. აგროვე და აფურთხე. ამოტუმბე, ამოწოვე და გარეთ გამოუშვი.
შეიზიზღე. წამით შეიზიზღე საკუთარი თავი. დაინახე ისეთი, როგორიც არის და ხორცის მანქანაში გატარებული გამოუშვი გარეთ. აწამე, დაასახიჩრე, გაიხსენე ყველა საშინელება, რაც ოდესმე გიფიქრია და ყველაფერი რიგრიგობით გამოსცადე საკუთარ თავზე. მიიღე სიამოვნება. გაიაზრე, რომ ეს მაზოხიზმია და ჰო, რომ ეს გსიამოვნებს, რომ სხვა აღარაფერი უკვე დიდი ხანია სიამოვნებას აღარ განიჭებს…
გარდა თვითდესტრუქციისა.
გადათვალე ციკლები და სურვილი ჩაიფიქრე მთელ რიცხვზე.
ღრმად ჩაისუნთქე. ყურებში გაუსაძლის წუილს იგრძნობ. უნდა აიტანო. შეიგრძენი, როგორ გადადის ნერვულ დაბოლოებებში და მთელ სხეულში როგორ ნაწილდება. უნდა ისიამოვნო. და შენ იცი, ეს როგორ უნდა გააკეთო. უსმინე წუილს ისე, რომ არცერთი წამი არ გამოგრჩეს. უსმინე და იგრძენი დასასრული. იგრძენი, როგორ გეფრცქვნება კანი ხელებიდან. საკუთარი კბილებით დაიჯიჯგნე ხორცი მკლავებზე და დახუჭე თვალები, რომ ორგაზმი ბოლომდე შეიგრძნო.
ყელში დაიწყებს მოგროვებას მთელი ჟრუანტელი, მერე ნელ-ნელა ტვინში ავარდება და იქიდან საშინელი სისწრაფით დაიძვრება დასასრულისკენ. ეს დასასრულია. შენი, კაცმა არ იცის, მერამდენე დასასრული. ახლა იგრძნობ სამყაროებს შორის ყველაზე დიდ აფეთქებას და შენგან აღარაფერი დარჩება. მოუსმინე ხმაურს, ეს ხმა ისმოდა მაშინაც, როცა სამყარო იქმნებოდა. ის სამყარო, სადაც ახლა გიწევს ცხოვრება, შენი საშოდანაა გადმოვარდნილი ოდესღაც, უსასრულობის წინ. შენ იყავი აქ ყოველთვის. დასაბამიდან და ბოლომდე, სინათლის უკანასკნელ სხივამდე იქნები შენ. ჯერ შენ და მერე სხვა დანარჩენი. ჯერ შენ.
აფეთქდი.
ეს შენ უნდა გააკეთო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეტი ინდივიდუალიზმი.... მეტი ინდივიდუალიზმი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|