ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2020


მერე ცოდვილობა ჭირსაც წაუღია

ღამემ მზის სხივები ციდან გადარეკა,
მთვარე იცქირება ღია ფანჯრებიდან,
თვალებს მისტიური გრძნობის  ანარეკლად,
გიჟურ მონატრების კვალი დამჩნევია.

სული ვეღარ ითმენს ხორცის სივიწროვეს,
თითქოს მხრებზე მაწევს მთელი დედამიწა,
ვიცი ვერ მოხვალ და გზაში დამიტოვებ
თვალს და სილუეტად ასჯერ გამოგძერწავ.

ჩემში ახმაურებ ღამის მდუმარებას,
უწყვეტ ელვასავით სულში ფორიაქობ,
შენი მონატრება სისხლში იარება -
ნეტავ გაჩნდებოდე სადმე შორი-ახლოს.

იქნებ მაგ თითებით კარიც შემოგეღო,
მთვარეს მოყოლოდი ანდაც ჩემს ფანჯრებთან,
შენი გულისცემა სუნთქვად გადმომეღო,
სულის სარკეებში წამით ჩამახედა.

ვნების სიმხურვალით მკერდზე მიგიკრავდი,
ურცხვად მოგტაცებდი კოცნას ტუჩებიდან,
ფრთხილად ჩაგიხსნიდი ღილის შესაკრავებს,
პეპლებს აგიფრენდი მუცლის ქუჩებიდან.

მინდა შენს ლავიწთან სუნთქვით ჩავიარო,
მწიფე კერტებისკენ ვნების აუზია...

ნეტავ გაჩნდებოდე სადმე შორი-ახლოს,
მერე ცოდვილობა ჭირსაც წაუღია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები