თავი დაიხრჩე! შენი კივილი ყურებში მიგუგუნებს და ვერ ვხვდები რას ვაკეთებ . დინებას მივყვები ,დაე ტალღებმა წამიღონ დავიწყებული ქალღმერთების ტაძარში ,იქ სადაც ყველაფერი უკვდავების ტრაგედიითაა გაჟღენთილი . თავზე გადავუფრენ მილიონ ჩაძირულ ქალაქს ,სადაც ხალხი ოდესღაც ბედნიერი იყო . დაე დაგვხოცონ! მკვდარი ბავშვების ცრემლებით ვიტიროთ ,ვიტიროთ იქამდე სანამ გაფრენას შევძლებთ . მე წავალ . აბგაში გამოვკრავ ყველა მოგონებას ნივთივით და გულით წავიღებ . მაპატიე ,რომ ვერ შევძელი . შადრევნის ირგვლივ ვიცეკვოთ ვალსი და მივცემ ყველას ნებას შემეხოს ხელით სადაც მოუნდებათ . ეს ჩვენი ცხოვრება არაა. მე იქ დავრჩი სადაც მომკლეს .ახლა ხის ფიცრებს ვუმღერი დაუწერელ მელოდიებს და ვცდილობ ამოგიყვანო ფერადი სიზმრებიდან . მე ელისი ვარ . შენი სისხლი შეკარი თაიგულებად და გვირგვინად დამადე თავზე .ბეტონის კედლებიდან მკვდრები მიყურებენ და ელიან . დაე დაგვხოცონ! ღმერთების უძლურებით დაღლილი ჩვენი სხეულები ვეღარასოდეს შეხვდებიან . მე ხომ მოვკვდი . გთხოვ ,ნუ ცდილობ გამაცოცხლო . მე ელისი ვარ . ფეხისგულებიდან გამოვიძრობ დალეწილი ბოთლების ნამსხვრევებს და ჩემი ტირილიც დაინთქმება უზარმაზარ მორევში ,სადაც მარტო ჩვენი დაუბადებელი ბავშვები იცნობენ ჩვენს სუნს . ისინი მოგვაკითხავენ . ღმერთები შეცდომებს არ პატიობენ .ისინიც ხომ თავიანთმა შეცდომებმა დაღუპეს . ელის გთხოვ! მასწავლე ვალსი და მე წაგიყვან იქ სადაც ვერავინ გვიპოვის . მაპატიე ,მე ვერ შევძელი .გაცვეთილ სიტყვებს დაგიფენ მწვანე ბალახზე და იქნებ სიმშვიდე იპოვო . სიგიჟის ნიადაგზე დავიმტვრევ ყველა ძვალს და ყვავილებად მოგიტან საფლავზე . იქნებ მიპოვო . გალაქტიკებად გადმოსული ჩემი სისხლი მოგიტანს თავისუფლებას და შეუმდგარი ცხოვრებაც სავსე გახდება . ფრჩხილებს დავილეწავთ კედლებზე და მაინც ვერ გავალთ . მე ელისი ვარ . ჩემივე თავში ნაპოვნ სხვა ხალხებს ველაპარაკები და ისინიც მიყვებიან ზღაპრებს ,თუ როგორ იყო და არა იყო პატარა გოგო ,ჩიტის ფრთებით და კურდღლის გულით . ისინი მომიყვებიან ამბებს შენზე ,ჩემს დაკარგულ თავზე ,რომელმაც ვერ მიატოვა შავი თმები და ალერსი უსულო . მომეფერე .ვიცი ვერ შემიყვარებ და ალბათ ახლა სადმე ნაპირთან ზიხარ და ფიქრობ ,რა იქნებოდა ,რა იქნებოდა რომ/// თავი დაიხრჩე! შენი კივილი ყურებში მიგუგუნებს და ვიცი რასაც ვაკეთებ . მე გიპოვი ,შენთან მოვალთ და ერთად ვიმღერებთ ჰიმნს დავიწყებულ ქანდაკებებთან ერთად ,მსხვერპლად შევწირავთ ჩვენი დაუბადებელი ბავშვების სულებს იმ ღმერთებს რომლებისაც ჩვენც კი არ გვჯერა .ისინი მოგვატყუებენ . მე ელისი ვარ > ჩემი თავი დიდი ხნის წინ დავკარგე ზეცაში და ვეძებ . გთხოვთ არ მიპოვოთ ,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|