ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2020


მალაყი (ქამარი8)

იციან ხოლმე ამინდებმა გამეორება.
სადაც არ უნდა ნახო ნისლი,
კოტიტა ბუჩქებზე,
კამეჩების საყურჭაოსთან ტირიფებს ზემოთ,
ან ხვართქლა გადავლილ ნაყანარზე,
ყოველთვის არის შესაძლებლობა,
მაინცდამაინც ის გაგახსენდეს,
რატომ ვერ აგნებდი სახლის გზას,
უსაშველო მოლოდინივით რომ იწელებოდა,
ან  ქაფქაფა ფელამუშივით უფრო.
როგორც არ უნდა გაცრა ნისლი,
საფუარად მაჯებიდან გამოპრეხილი მყესები დაუფქვა,
თვალის ბადურა დოლბანდად დაუფინო,
მაინც ვერ გამოაცხობ უტყუარ საზრისს
თუ შეამჩნევ დამფრთხალ კურდღელს დაბალ ბუჩქებში,
და მისი ხტუნვის ტრაექტორიას
ნახტომში გამძვრალი კალიების რაოდენობაზე გადამრავლებ,
იქნებ იმ კუთხის გრადუსულ ზომას გაუტოლდეს,
რომელშიც ეტევა მოკუნტული ადამიანი,
მთელი თუ არა ნახევარი ალიაქოთით.
იქნებ გზის ვერგაგნების საფუძველიც გამოიკვლიო,
მოსალოდნელი მოქნევა აიცილო,
ბუდიდან აქშეული კრაზანები კვამლით გააბრუო,
ცხელი კეცივით მოისროლო საბჯენი სახრე და გაიქცე,
იმ იმედით რომ ვიღაცას ბრაზმა გადაუარა.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები