ცისფერ მოლბერტზე ქარი ხატავს დროთა ქაოსებს, მე წვიმის წვეთებს დანის პირზე ისევ გავჭრი და ვიტყვი, თუ ახლა სიმყუდროვე რატომ მაოცებს, რადგან არავინ გადმომხტარა დღესაც ფანჯრიდან,
როგორც "გალა" და დაემსგავსა ახლა ეპოქა, ყალბ სუიციდით და ლოთობით ლექსში ხეტიალს, გეყოფათ მდიდარ პოეტებს და სხვებსაც გეყოფათ, ამ გამოგონილ სიღარიბის ფსევდოცენტრია...
ვიცი, ეს ლექსი ახლა რთული მოსასმენია, როგორც ხმა მდევრის, როცა ძალას კარგავ მუხლებში, არ ჰყვარებია ისე, ანდა ჯერ არ სტკენია, რომ მაუზერი დაეხალა შუბლის კუთხეში
ვინმეს და ასე დაემსხვრია ყველა სინაზე, და დაეცალა პოეზიის ლურჯი ხელადა, ან ზღვას ტალღებთან ბრძოლის მერე იქვე სილაზე, გამოერიყა წლის პოეტი - როგორც "ჰელადოს"...
ალბათ ამიტომ დავავიწყდით ყველა მიჯნურებს, ჩაიყოლია "პოეტები" დრომ პერანგივით, მინდა ვთქვა ახლა ყველა გულის კარი მიხურეს და სამახსოვრო დროს ფირები აღარ უვარგა...
რადგან აქ ყველა დასასრული უქარიშხლოა, არც ერთი წასვლა აღარა ჰგავს მეხის გავარდნას, ყველა მცდელობა უკვდავების უხარისხოა, ვეღარ დაძლია ვერვინ შიში ქვემოთ ჩავარდნის...
შიში გაფრენის, შიში ზღვის და დენთის სურნელის... რისი ასფალტი მესამედან ზღვაში ეშვება კაცი, რომელიც კოლაუსთვის იყო სულელი. ვხედავ ვეზირებს, რომ მეფესთან ისევ ეშლებათ...
ერთი ყულფია დედამიწა, თავი გაყავი, ყელზე სილურჯე - უკვდავების ეპიტაფია, მოუწევთ მგოსნებს ყვავილების გზაზე გადაყრა და მდუმარებით შენს წინაშე თავებს დახრიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. თავადაც ხომ თქვა - " იყო მრავალი განადგურება, ლექსთა სიკვდილი კი - არასოდეს"-ო.
უკვდავი რომ გახდე, ჯერ უნდა მოკვდე- სამყაროს კანონზომირებაა ეს.
თავადაც ხომ თქვა - " იყო მრავალი განადგურება, ლექსთა სიკვდილი კი - არასოდეს"-ო.
უკვდავი რომ გახდე, ჯერ უნდა მოკვდე- სამყაროს კანონზომირებაა ეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|