ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2020


თანდაყოლილი ლექსი

ტყემლის ტოტებში
გახლართული წვიმის წვეთები,
მაიძულებენ ავითვისო
ამ ლექსის წონა,

და მერე უკვე დანარჩენი
დავდო ბეჭებზე.

---
ერთი შეხედვით
გარდაცვლილი
სახის მქონენი,

მებრალებიან

სახლებიდან გამოქცეული,
და მერე უკან დაბრუნებულ
ხალხის ფიქრები,

ალკოჰოლისგან გაბუჟებულ
თავს რომ კიცხავენ.

ვინ იცის, ვის სად ეჩქარება.
რა აქვს საფრთხილო,

ვინ ჩამომჯდარა
ვიტრინის წინ.
თოჯინების წინ.


და ვის კოჟრებმა დაუფარეს
ბედის ხაზები,

თუთუნისაგან გაყვითლებულ
ნატანჯ ხელებზე.

---
ჟრუანტელი რომ კანს გაუჭრის
ბლაგვ დანასავით,

იმ მგრძნობიარე ქალებივით
სხედან ჩიტები,

ჩემს სახლთან მდგარი
ანტენების კენწეროებზე.

მებრალებიან.

ვისაც კომიკურ, წარმოსახვით
ტვინის კუთხეში
შოზოფრენიით შემინული
ბინძური სარკის,

ანარეკლი აქვს მოხვედრილი
გულთან ახლოს და,

ბინძურ ლექსებს წერს,
დროებითი გადარჩენისთვის.

---
რა იცის დენმა
სამაგისოდ თუ ვის დაარტყას.
ისე არ იცის
ალბათ კაცმაც სხვისი ტკივილი.

მებრალებიან

საბოლოოდ თუმცა ისინი,

ვინც ზის ვიტრინის
თოჯინებთან, ალბათ კი არა,

ვინაც ქუჩაში გამოღადრულ
საკუთარ ყელზე,

უკანასკნელი ხელის მოსმით
სისხლი იყნოსა,

თუმც არც ეგენი

ვინც თავის
თოკზე დაკიდებით ხიბლი
მოიკლა.

მებრალებიან უფრო მეტად
ალბათ ისინი,

ვინც ცხოვრებისგან
საკმარისად ვერ დაიტანჯა.

და მისი ტანი
ემსუბუქათ მერე კუბოში.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები