ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2020


ისინი

მარტონი არიან ,
ცრემლი სიბრაზისგან ყელში ეჩხირებათ
და ნერწყვად აფურთხებენ .
დაუკოჟრელი ხელებით მუცელს ითბობენ
და სტკივათ ორსულობა .
მერე სადღაც მთის მუხლებზე
უიღბლობას სანთელს უნთებენ ,
გამოგონილ ღმერთებს ტყავში იძვრენენ
და მიწის ჭამას იწყებენ .
მარტონი არიან როგორც ბარაბა .
სადღაც ძალიან შიგნით გრძნობენ სიმართლეს
და სტკივათ დახშული კარების სახელურები .
იწყებენ ბრძოლას სიმარტივესთან ,
მათთვის ესაც რთულია
და მიყავთ მთის მუხლებზე სხვებიც სალოცავად .
იბრძვიან ვენებგადაჭრილნი ,
მახვილებით ,
მეფისტოფილებით ,
ზარადუსტრებით 

და ამ დროს მე ისე დიდი ვარ ,
თითქოს მთა ცომი იყოს ,
მე ვაფუებდე .
ჩემი სიდიდე ჩემი ბრალია , თუ ამ მაღლობის ან იქნებ მათი ?!
მზეც თითქოს ჩემივე სხეულიდან ამოდიოდეს ,
დიდი ვარ ისე .
მიკვირს , როგორ ეტევიან პატარა სახლში ,
ცოლი , ქმარი და შვილები ბევრნი .
ქოხში ცხოვრობენ ,
მსუბუქად დადიან .
ერთ-ერთი შვილი წიგნს ჩამოიღებს ,
წაიკითხავს და თაროზე შემოდებს უკანვე .
სხვა შვილი კი არც კი გადაშლის ,
გრძნობაა ასეთი სიამაყის
და გაურბის მიწის გოჯებს .
მე იმ სახლში არა ვარ ,
არც ის სახლი არის ჩემში .
მე უბრალოდ ვდგავარ ,
ქვა-ღორღიან მტვერში .
მერე ვინმე ფეხშიშველი გლეხის გოგო ,
ჯერ რომ ჩემი თვალები არ შეხებია ,
ქოხის უკან , მთაზე რომ დგას მიწის გასწვრის ,
აამღერებს სიჩუმეში მორცხვად შაირს
და დედამიწის ვერცერთი მცხოვრები ვერ გაიგებს .
გოგოს კი მამა დაუძახებს , რადგან მზეც ჩავა .
ოღონდ არ ვიცი , ვიქნები თუ არა ისევე დიდი ,
როგორც ამ დილით
და მზე გაივლის თუ არა ჩემს სხეულზე ,
ვით ზღაპარი .
მარტონი არიან ,
ჩემსავით მარტონი .





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები