ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2020


გაზაფხულის რანინა

ცელქი ნიავი ფოთლებს შორის მღერის რანინას,
ასკინკილები გაუმართავთ ხნულებში ჩიტებს.
თეთრ-ვარდისფერი წაუსვიათ ფერუმარილი
სულ ახლადგაშლილ ნუშისა და ტყემლების კვირტებს.
თითის წვერებზე აწეულა თოთო სამყურა,
მასაც რომ ერგოს მზის ალერსი, ნანატრი სითბო.
ცაც კი ქცეულა გაზაფხულის მწედ და თვალყურად,
ეს გაზაფხული იბადება პირველად თითქოს...
ნიავმა თმები აუწეწა ბაბუაწვერას,
ცისა და მიწის საგალობელს ასრულებს შაშვი.
რა ნატიფი აქვს ოთხივე დრო ბუნება-მწერალს,
ჯერ შექმნის, მერე წასაკითხად დროს ატანს სახლში...
      05.05.20

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები