ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2020


მარტოობა ͈ 7

ახლა მარტო ვარ,
ვერ ვყლაპავ ჩემს თავს.
და მაშინებენ ჩემი სიზმრები.
და ბავშვებივით გადარბიან
ჩემი შიშები
გზებზე,
რომლებზეც დავდიოდით ოდესღაც ერთად.
როცა შენს თმებზე სეირნობდნენ ჩემი თითები
და ჩემი სული ინთებოდა შენი სინათლით.
ახლა ჩემს სხეულს ჭიანჭველებს თუ მივაკარებ.
ახლა ამ სხეულს
სხვა სიცოცხლე არ შეუძლია.

ცარიელი ვარ, ვეღარ ვნიღბავ,
აღარ გამომდის.
სხვებს ვეუბნები, რომ კარგად ვარ
მივყვები სავალ ან გაუვალ ბილიკებს, თითქოს,
უნდა შემომხვდეს ვინმე.
ვინმე, ვინც მიცნობს, გამიღიმებს და მომეხვევა.
მერე წამდაუწუმ ვამოწმებ საათს.
მაგრამ ხომ  ვიცი, თავს ვიტყუებ,
ვის რას ვაჩვენებ ?!

საკუთარ ცხოვრებას ვთამაშობ.
ლიზას ნაჩუქარი ერთადერთი პიჯაკით,
ღილებამწყდარით და გახუნებულით
მივაბიჯებ მხნედ და ამაყად,
მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ უსიცოცხლოდ ვარ?!
მე ხომ ვიცი, რომ ეს გზა არსად მიდის?!
მე ხომ ვიცი, რომ ამ გზის ბოლოს არავინ მელოდება ყვავილებით ხელში ?!
მხოლოდ ის მინდა,
შემომხვდებოდე.
რომ ვიგრძნო, შემიძლია, თუ არა ისევ მიყვარდეს ?

მარტო ვარ.
საკუთარი სიმარტოვით ვთამაშობ
და თავს ვერაფერს ვაჯერებ. 
მზის სხივებს არ მოაქვთ არც სევდა,
ტკივილიც არ მოაქვთ მზის სხივებს.
ფარდებს ვწევ,
სახეს ვაგებებ და  მხოლოდ დაღლით ვივსები,
ჩემი მარტოობის ზენიტით.

და ვფიქრობ,
თუ ჩემს სიმარტოვეს გავამხელ, ის დამტოვებს.
თუ ჩემს სიყვარულს გავამხელ, ის დამტოვებს.
თუ მის სახელს ვიტყვი, ის გაქრება.
მან კი უბრალოდ, ჩემს ცხოვრებაზე გაისეირნა.

ჭიანჭველები დამდიან ტანზე.
ალბათ ოდესმე ჩიტი გავხდები
და როგორც საკენკს,
ისე მივიღებ ამ მარტოობის ეიფორიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები