ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯორდი
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2020


რექვიემი 6


საბარგულიდან გასაშლელ, მსუბუქ შეზლონგს ვიღებ, გუბესთან ვაწყობ და მოხერხებულად ვეწყობი. მკერდში ტკივილს თითქმის ვეღარ ვგრძნობ, სიგარეტსაც სიამოვნებით მოვწევდი რომ მქონდეს. მოწევა დიდი ხანია მივატოვე, მაგრამ ზოგჯერ მაინც გამექცევა ხოლმე ხელი. ნიკოტინს გადაჩვეული, პირველსავე ნაფაზზე თავბრუსხვევას ვგრძნობ, მსუბუქად მაბრუებს და თითქოს მამშვიდებს კიდეც. დინამიკებიდან ვივალდის ჯადოსნური მუსიკა იღვრება...წელიწადის დრონი...თვალდახუჭული ვისმენ, გარინდული. ზოგჯერ ჩიტების ფრთხიალი სწვდება ყურს, ტოტიდან ტოტზე რომ ფრინდებიან დროდადრო ... ესეც მუსიკის შემადგენელ ნაწილად მეჩვენება თითქოს. მხოლოდ ახლა გაბედა და ამოიღო ხმა დაუძლურებულმა წყარომაც, აქამდე მორიდებით, უჩუმრად რომ მოწანწკარებდა ჟანგიანი მილიდან...ფოთლებიც უფრო წყნარად შრიალებენ , ცდილობენ დისონანსი არ შეიტანონ ამ საამო ჰარმონიაში.
მუსიკა დასრულდა, კიდევ დიდხანს ვწევარ ასე გარინდული. მერე წამოვდექი, გავიარ გამოვიარე. უკეთესად ვარ, ნამდვილად უკეთესად, ნამდვილად დავრჩები და რამდენიმე ღამეს გავატარებ აქ...
მოშორებით წეღანდელი ძროხები შევამჩნიე, ათიოდე წლის გოგონა მოერეკებოდა. რომ გამისწორდნენ, ძროხებმა გეზი იცვალეს და აქეთ წამოვიდნენ. მე გადავჯექი, გუბესთან მისასვლელი გავუნთავისუფლე. გოგონა მოშორებით გაჩერდა, უხერხულად ხტავდა რაღაცას ფეხსაცმლის ჭვინტით ფხვიერ მიწაზე. წაბლისფერთმიანი გოგოა, გამხდარი და მზისგან გარუჯული, თაფლისფერი თვალები აქვს და ოვალური სახე, სწორი ნაკვთებით. დამოკლებული ჩითის კაბა მუხლებს ვერ უფარავს. ტანადი და სასიამოვნო გარეგნობის გოგო გაიზრდება მეთქი, გავიფიქრე.
ხელით ახლოს მოვიხმე. ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა მხოლოდ.
-რა გქვია?
-ლია. -სხარტად მპასუხობს, ზუსტად ისე, მასწავლებლის შეკითხვას რომ პასუხობენ ბეჯითი ბავშვები.
-რამდენი წლის ხარ ლია?
-თორმეტის.- თავი არ აუწევია, ისე მიპასუხა.
მასთან საუბარი მომინდა, მაგრამ რა ვუთხრა ისეთი რომ უფრო არ დავაფრთხო?
- მე მომწონს შენი საქციელი ლია, უცხო ადამიანებთან გამოლაპარაკება კარგ ტონად არ ითვლება, მით უმეტეს გოგონასთვის.
გოგონა მხრებს იჩეჩავს.
-შორს ცხოვრობ?
-აი იქ, - თითით მაჩვენებს განაპირა სახლისკენ,- დედასთან და პაპასთან ერთად.
-მამა?
უხერხულად შეიშმუშნა, მერე მაინც გაბედა და მიპასუხა,- პატარა ვიყავი როცა წავიდა....რუსეთში და...
-და აღარ დაბრუნდა?
გოგონა თავს იქნევს, მეშინია ცრემლები არ წამოსცვივდეს და ვცდილობ დავამშვიდო. უხერხულად ვიფხან გაუპარსავ ნიკაპს.
-დაბრუნდება ლია, აუცილებლად დაბრუნდება, მშობლები შვილებთან ყოველთვის ბრუნდებიან...ვამბობ და ჯიბეში უიმედოდ ვაფათურებ ხელს, იმისდა მიუხედავად, დანამდვილებით რომ ვიცი, იქ სიგარეტს ვერ ვიპოვი....ვერც შოკოლადის ფილას, გოგონას რომ ვაჩუქო. მკერდში ისევ მწარედ მჩხვლეტს.
-დედას და პაპას უთხარი რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ უკვე და მინდა მე და შენ მეგობრები ვიყოთ. თუ ნებას დაგრთავენ, ზოგჯერ ცოტა ხნით შემოიარე ხოლმე, ჩამოჯექი ჩემთან, შეისვენე, ვისაუბროთ. თუ შენც გინდა, რა თქმა უნდა.
მხრებს იჩეჩავს და მიდის, შვინდის პატარა სახრით მიერეკება „ნახირს“. რატომღაც გული მწყდება, მინდა მოვაბრუნო, გვერდით მოვისვა, და სუსტ მხრებზე მოვხვიო ხელი. მზე კარგა ხანია რაც ჩაესვენა. საბარგულიდან კაპრონის თოკს ვიღებ, აი ისეთს გამძლე როა და ისე კარგად სრიალებს, თავის ჩამოხრჩობას თუ გადაწყვეტ კაცი გასაპვნაც კი არ დასჭირდება. ხეებს შორის ვაბამ. ზედ ჩემს პლედს ვჭიმავ და თავსა და ბოლოში ჯოხებით ვამაგრებ. იმპროვიზებული ჰამაკი მზადაა. ფრთხილად ვწვები და ვამოწმებ, საკმაოდ მოხერხებულია. მოწმენდილი ცა ნელნელა ივსება პატარ-პატარა ვარსკვლავებით, გვიან ღამემდე მონუსხული მივჩერებივარ, ბავშვობის მერე ვერ ვიხსენებ, უკანასკნელად როდის ვიწექი ასე, ვარსკვლავებით მოჭედილი ღია ცის ქვეშ.
ჩიტების გალობამ გამაღვიძა სისხამ დილით. მხნედ წამოვდექი, წყალი შევისხი სახეზე, ცოტა გავისეირნე. ხიდიდან ვუცქერდი მტკვრის მღვრიე ტალღებს, გავიხსენე, სადღაც, ცოტა უფრო ზემოთ, თავთხელში, დიდი ხნის უკან, როგორ ვიჭერდით თევზს ბადით, არ ვეპუებოდით არც ჟიჟმატს და არც გვიანი შემოდგომის სუსხიან ქარს, მერე როგორ ვშრებოდით კოცონთან ერთიანად გალუმპულები. ვსვამდით ორნახად ჭანჭურის არაყს, ვიდრე თევზი მოიხარშებოდა, რაოდენ მხიარული და ბედნიერი ვიყავი მაშინ...
დაბრუნებულმა მსუბუქად ვისაუზმე, გუშინდელზე გემრიელად. პური ბალხების სურნელით გაჟღენთილიყო. გამახსენდა, ბავშვობაში, მინდორში რომ მივდიოდი, ზედმეტი პური მიმქონდა ხოლმე რომ უკანვე მომეტანა ჩემი უფროსი დისთვის, ელიკასთვის. ასეთი პური უყვარდა, გვიანობამდე არ ვახშმობდა იმ იმედით, რომ მე „მინდვრის“ პურს მოვუტანდი.
მოგვიანებით, მდინარის ნაპირზე გავიარე. რამდენიმე მოზრდილი ოროვანდის ფოთოლი შევათვალიერე, ვიფიქრე, გავრეცხავ და თეფშების მოვალეობას შეასრულებენ მეთქი. ხელს გავწიე თუ არა მოსაწყვეტად, ადგილზე გავშეშდი. ზამბარასავით დახვეული, რუხი ფერის გიურზა, ერთბაშად წამოიმართა და საბრძოლო პოზიცია მიიღო... ავად სისინებს და ნელა ირწევა მისი დაჭიმული სხეული წინ და უკან - შეტევისთვის მოხერხებულ მომენტს თუ ელის. მთელ ტანში ცივი ჟრუანტელი მივლის. ვგრძნობ, როგორ მიუყვებიან ხერხემალს ცივი ოფლის წვეთები. გარკვევით ვხედავ მის წაგრძელებულ ცხვირს, ქერცლით დაფარულ თავს, წინ წამოწეული საფეთქლებით, რუხ სხეულზე სიმეტრიულად განლაგებულ, ყავისფერ ლაქებს.... გრძელ, ორკაპა ნესტარს, დროდადრო რომ ასავსავებს ავის მომასწავებლად... ვერ ვხედავ მხოლოდ შხამის ჯირკვლებს და მიმალულ მახვილ კბილებს, ალბათ ვერც მოვასწრებ დანახვას რადგან პირს მხოლოდ ბოლო წამს აფჩენს ასოთხმოც გრადუსამდე და უკვე შემართული ეშვები ღრმად ესობიან მსხვერპლს.
ავად მიცქერის შუშის თვალებით... ნუთუ მოვიდა ჩემი აღსასრული? ამ ცოტა ხნის წინ ხომ ვნატრობდი უეცარ სიკვდილს...
„მისი ძლიერი შხამი სასიკვდილოა. საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად იმალება თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე გადადის შეტევაზე “... მიელვებს თავში...მაშ რას ელოდება? რატომ აყოვნებს?
აშკარაა რომ სულაც არ აპირებს დამალვას, ესე იგი... ახლავე დამარტყავს, დაუყოვნებლივ... „გიურზას შეუძლია დაკბენა სამოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლემდე“...
შუბლიდანაც წვეთავს ცივი ოფლი და გადმოკარკლულ თვალებს მივსებს, დახამხამებასაც რომ ვერ ვახერხებ; მზერა მებინდება...
ისევ წელში მოხრილი ვდგავარ, უძრავად, ნახევრად ხელგაწვდილი. ერთნაირი წარმატებით შეუძლია ჩამარჭოს თავისი გესლიანი ეშვები როგორც ხელში, ასევე სახეში. საფეთქლებში სისხლი მაწვება, ყურები ხმამაღლა შხუიან...საკმარისია სულ ოდნავ გავანძრიო ხელი და ყველაფერი დასრულდება. დამგესლავს და წავა თავისთვის, გამარჯვებული, ვალმოხდილი. მე ჯერ თვბრუსხვევა და გულისრევა დამეწყება, მერე კრუნჩხვები, კუნთები და სასიცოცხლო ორგანოები პარალიზდებიან, ბოლოს კი გული შეიკუმშება და აღარ გაიშლება, ეს დასასრული იქნება. ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე წუთში დამთავრდება....ენერგიას ვიკრებ და სხეულის პოზიციის შეუცვლელად მარცხენა ფეხს ნელა, ძალიან ნელა ვდგამ უკან... ასპიტი არ ინძრევა, მხოლოდ მისი ნესტარი და კუდის ბოლო მოძრაობს სწრაფად, ნერვიულად. ვცდილობ სხეულის წონა მარცხენა ფეხზე გადავიტანო, რაც შეიძლება მდორე მოძრაობით, მინდა საკმარისი ჰაერი შევისუნთქო, მეჩვენება თითქოს ცეცხლის ალი ჩადის ფილტვებში შხუილით...თავს ძალას ვატან და ახლა ისევე ფრთხილად მარჯვენა ფეხი მიმაქვს უკან. თავბრუ მესხმის, მეშინია საცაა დავეცემი. კიდევ ერთხელ ვცდილობ ღრმად შევისუნთქო, თუ დამახველა ან ქოშინი დამეწყო, ჩემს მკვეთრ მოძრაობას აგრესიაში ჩამითვლის და მაშინვე დამარტყამს. ნელ-ნელა ვიშლები წელში, თითქმის უსაფრთხო ზონაში ვარ უკვე, ერთი ნახტომით ალბათ ვეღარ მომწვდება, თუ პოზიცია არ შეიცვალა. გამბედაობას ვიკრებ და ისევ ნაბიჯს ვდგამ უკან, გიურზა თვალს არ მაშორებს, ისევ სისისინებს და დროდადრო გრძელ ნესტარს ამოძრავებს ავისმომასწავებლად, მერე ეშვება, იშლება ნელა, საკუთარი ღირსების შეგრძნებით, შემართულ თავს ძირს ხრის და საწინააღმდეგო მხარეს მისრიალებს მშვიდად, აუჩქარებლად, გრაციოზულად... მტოვებს შეშინებულს, დამცირებულს, იგნორირებულს... როგორც უძლურ მოწინააღმდეგეს, მისი კატეგორიისთვის შეუსაბამოს, შეუფერებელს. ყურადღების ღირსადაც რომ არ ვუღირვარ.
გაჭირვებით მივათრევ ფეხებს, წყაროზე წყალს ვსვამ პეშვით და ჰამაკში ვაგდებ დაქანცულ სხეულს. საზიზღარი შეგრძნება მაქვს, გაურკვეველი და უსახური. თავბრუ მესხმის და გული მერევა. ორივე ხელით მკერდს ვიზელ, ეგებ ტკივილი მომეშვას. ვერ ვგრძნობ სიხარულს გადარჩენის გამო, არადა არც იმაზე მწყდება გული რომ დამინდო და არ დამგესლა.
..............................
.................................................
ლია შუადღეს მოვიდა, პატარა პარკით ქლიავი მომიტანა. უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს.
-დედამ მკითხა აქ რატოაო?
-რა ვიცი აბა...ცოტა შეუძლოდ ვარ, ქალაქის ჩახუთულ ჰაერში უფრო მიჭირს სუნთქვა. აქ კი თითქოს უკეთ ვგრძნობ თვს.
-მერე, სულ აქ ხომ არ იქნებით?
-არა რატომ, ერთი ორ ღამეს გავათევ და მერე წავალ.
-შვილები გყავთ?
-ჰო, მაგრამ ისინი სხვაგან ცხოვრობენ.
-სურათები გაქვთ რომ მაჩვენოთ? ალბათ ძალიან ლამაზები და რა ვიცი... სულ სხვანაირები არიან...,
-არა სურათები არა მაქვს, თანაც საკმაოდ ჩვეულებრივები არიან...შენ თქვი რომ და-ძმა არა გყავს, ხომ?
-ჰო, მარტო ვარ.
-მოფიქრებული გაქვს ვინ გინდა გამოხვიდე?
-დედას უნდა ექიმი გამოვიდე...მე ქიმია მიყვარს...
-კარგად სწავლობ?
-რა ვიცი, კარგი ნიშნები მაქვს.
-მაშინ აუცილებლად გახდები კარგი ექიმი ან საუკეთესო ქიმიკოსი.
-თქვენ რა სპეციალობა გაქვთ?
-ინჟინერი ვარ, უფრო სწორად ვიყავი...
მანქანიდან ხილის პარკებს ვიღებ. მახსოვს გამირეცხეს, მაინც მივდივარ წყლის გადასავლებად. გოგონა წამოხტა, პარკებს მართმევს.
-მე გაგირეცხავთ!
ჯერ ერთ პარკს ანთავისუფლებს და რეცხავს, მერე ხილს სათითაოდ რეცხავს და ზედ აწყობს. ბოლოს თავის მოტანილ ნობათს გადავლო წყალი და ისიც გვერდზე დაუწყო.
ვუყურებ და ვხვდები რომ ამით უხერხულობას გრძნობს, არადა თვალის მოშორებაც მიჭირს...
დანას ვიღებ და ვაწოდებ.
-გმადლობთ მე არ მინდა.
-ლია, მოდი ისე მოვიქცეთ როგორც ჩვენს ადგილზე კარგად აღზრდილი ადამიანები მოიქცეოდნენ, კარგი?
-როგორ?
-როგორ და ჩვეულებრივ. წარმოიდგინე რომ ახლა შენ ძალიან გინდა ხილი, მე კი გეუბნები რომ არ მინდა და ახლოს არ ვეკარები. განა შეიძლება გემრიელად ჭამო და სიამოვნებაც მიიღო?...რა თქმა უნდა არა, მოგერიდება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მეც ვიღებ ერთ ცალს, მაშინაც კი თუ არ მინდა და ნელნელა შევექცევი, რომ შენ უხერხულად არ იგრძნო თვი. ადამიანებმა ხომ ანგარიში უნდა გავუწიოთ ერთმანეთს?
გოგონა იღიმება, დანას მართმევს და მსხალს ჭრის.
-თქვენ ისე კარგად ლაპარაკობთ...მე ამაზე არასოდეს მიფიქრია...მითხარით კიდევ რამე, როგორ უნდა იქცეოდნენ კარგი ადამიანები.
--აბა რა გითხრა, ბევრი რამ შენც კარგად იცი, ბევრ რამეს უნდა მიაქციო ყურადღება და დასკვნები შენ თითონ უნდა გამოიტანო.....მოდი, ვიდრე სხვა საკითხზე გადავიდოდეთ ერთ რჩევას მოგცემდი, რაც მოხვედი შენ სულ თავჩაღუნული ზიხარ. უსირცხვილობა და მოურიდებლობა ყველას აშოროს, მაგრამ მეტისმეტიც არაა კარგი, შინაგანად თრგუნავს ადამიანს. სწორად უნდა იჯდე, მხრებგაშლილი, ყელმოღერებული და თავაწეული, შეიძლება თვალდახრილი, როცა ვინმეს ესაუბრები, თვალი არ უნდა გაუშტერო, უტიფრად არავის არ უნდა მიაჩერდე, მაგრამ ზოგჯერ თვალებში კი შეხედო. თვალები ყველაფერზე მეტყველებენ, ერთი თვალის შევლებით მიხვდები როგორაა განწყობილი შენს მიმართ ამ თვალების პატრონი, კეთილია თუ ბოროტი, პატიოსანი თუ გაიძვერა. შენი მოძრაობა და მანერები ზომიერი და ბუნებრივი უნდა იყოს და არა თეატრალურად ხელოვნური და გამომწვევი. შენ ხომ კარგი და წესიერი გოგო ხარ, კარგი გარეგნობაც გაქვს, ასე დამნაშავე ბავშვივით მობუზული არ უნდა იყო თორემ შენი თანატოლები ზემოდან დაგიწყებენ ცქერას. - თუ ჩემთნ თავს უხერხულად გრძნობ, შეგიძლია საქმეები ან რაიმე სხვა მოიმიზეზო, ადგე და წახვიდე, მე სულაც არ მეწყინება. შენ ხომ არავითარი ვალდებულება არა გაქვს ჩემს მიმართ.
-გოგონა თავს წევს და თვალებში მიყურებს თავისი დამფრთხალი, თაფლისფერი თვალებით, გაღიმებას ცდილობს და ვერ ახერხებს.
-მიბრაზდებით?
-არა, პირიქით. შენ კარგი გოგო ხარ და მინდა რომ შენ თითონაც გჯეროდეს ეს.
გოგონა წითლდება, ნელა დგება.
-მე წავალ, დედას უნდა მივეხმარო. კიდევ მოვალ ხოლმე, შეიძლება?
-რა თქმა უნდა, მე გამეხარდება კიდეც.
-ნახვამდის.
-ნაყინი გიყვარს?
მორცხვად იღიმება და მხრებს იჩეჩავს.
ჯიბიდან კუპიურას ვიღებ და ვაწოდებ.
-არა მადლობთ, არ არის საჭირო. -ნაბიჯს უკან დგამს.
-შენ კარგად იქცევი, უცხო ადამიანისგან არც საჩუქრების მიღება იქნებოდა რიგიანი საქციელი. ამიტომ ჩვენ ცოტა სხვაგვარად მოვიქცეთ, მე გთხოვ ეს ფული დედას გადასცე და უთხრა, პერიოდულად ნაყინისთვის მოგცეს ხოლმე.
ყოყმანობს, მაგრამ ფულს მაინც მართმევს. ალბათ ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობენ, უსინდისო მამამისი კი... სინდისი, სინდისი, აბა სინდისი იაფად...წყვილი კონა ათ შაურად...
…………………
მალე გამიშინაურდა, აღარ მორცხვობს. უფრო ხშირად მსტუმრობს და დიდხანს რჩება. ძალზე ცნობისმოყვარე აღმოჩნდა, მეკითხება ათას რამეს და მერე ყურადღებთ მისმენს. განსაკუთრებით აინტერესებს ჩემი აზრი მორალთნ, ადამიანების ყოფა-ქცევასთან მიმართებაში. მეკითხება ისეთ რაღაცეებს რაც ამ ასაკის ბავშვებს წესით მაინც და მაინც არ უნდა აინტერესებდეთ. თავის მხრივ მიყვება სკოლაზე, ამხანაგებზე. ჩემს ბლოკნოტს იღებს და ფურცლავს...
-დღიურს წერთ?
-ჰო, ისე, ზოგჯერ.
-წამაკითხებთ?...მაგრამ... სხვისი დღიურების წაკითხვა არ შეიძლება, ხომ ასეა?
-წაგაკითხებ... და უფრო მეტიც, თუ გინდა გაჩუქებ კიდეც....მე მაინც არაფერში მჭირდება, თუმცა არ ვიცი მოგეწონება თუ არა.
გოგონა მიდის, შუა გზიდან უკან იხედება და ხელს მიქნევს.
ერთხელ პაპამისიც მესტუმრა, დილის სიგრილეში თავის საქმეები რომ მოითავა ალბათ. ქილით მაწონი მომიტანა, გამომელაპარაკა, გამომკითხა ვინაობა , სადაურობა. ერთი გულკეთილი, მშრომელი გლეხია მძიმე შრომისგან მოტეხილი, წელში მოხრილი, კეხიანი ცხვირით და დაკოჟრილი ხელებით. სახლში მიმიპატიჟა, აქ რატო უნდა იყო, ეს ხომ სოფლის სირცხვილია ასე ხის ძირში რომ გძინავს, ჩემთან წამოდი, ცალკე ოთახში მოგასვენებთო. მადლობა გადავუხადე, ღია ცის ქვეშ მირჩევნია მეთქი, როგორც ბავშვობაში. მისი იაფფასიანი სიგარეტი გავაბოლეთ. კოლოფიანად მიტოვებდა, არ გამოვართვი, რომ მექნება ბევრს მოვწევ მეთქი. წასვლისას ასლარიანი მივაწოდე, კარგი შვილიშვილი გყავს და ამითი სასკოლოდ რამე უყიდეთ მეთქი. იწყინა, ასეც კი არ გვიჭირს, ჩვენ თითონ მოვახერხებთო რამეს.
-ვიცი, მაგრამ გამეხარდება თუ ჩემგანაც ექნება ერთი კაბა ან ფეხსაცმელი. -ვეუბნები. დიდხანს მახვეწნინა, ძლივს დავითანხმე...ღმერთმა დაგლოცოსო და წავიდა შუადღს ხვატში, წავიდა წელში მოხრილი, დაღლილი შრომისა და გაუსაძლისი ცხოვრებისგან...
უკვა სამი ღამეა აქ ვარ. წუხელის საშინლად ცუდად მეძინა, აქეთ ქოშინი მახრჩობს, იქეთ კოშმარები არ მასვენებენ. ხან ის წყეული გიურზა მელანდება, შუშისფერი თვალებით, ტანზე რომ მეხვევა და უმოწყალოდ მგესლავს. გაქცევა მინდა, ფეხებს მიკრავს და არ მიშვებს, საშველად მინდა ვუხმო ვინმეს, ხმა არ ამომდის ყელიდან, ხელებს ვიქნევ სასოწარკვეთილი... როგორც იქნა ჩავავლე ხელი და მაგრად მოვუჭირე...გაშლილი ხელის მანძილზე მიჭირავს, ვეღარ მკბენს. უფრო მაგრად ვუჭერ ხელს, ნესტარი მოუდუნდა, პირი დააფჩინა, შემართული ეშვებიდან მომწვანო მოყვითალო შხამი ჩამოსდის, გადმოკარკლულ თვალებში ვუყურებ და მზარავს, ეს ხომ ჭაჭუაა, ის „ყვარყვარე“ ჭაჭუა, ყველაფერი რომ წამართვა და ქუჩში მომისროლა. სწორედ ის ჭაჭუა, საერთო კრებაზე, როცა ყველამ დაყარა კომუნისტური პარტიის წევრობის მანდატები, ფეხზე წამომდგარმა, მეც თქვენს გვერდით ვარო, მანდატიანი ხელი ზემოთ აღმართა, მერე მკვეთრად მოიქნია, მერე თავის ადგილზე დაჯდარმა მიიხედ მოიხედა და როცა დარწმუნდა არავინ მიყურებსო უბის ჯიბეში შეინახა საიმედოდ.
სახეზე წყალს ვისხამ და ბოლთას ვურტყამ, მერე სოფლამდე მივდივრ ნელი ნაბიჯით, განაპირა სახლში ჯერ არ სძინავთ, სინათლეები ანთია. დაბალ ღობეზე დაყრდნობილი ვუყურებ როგორ გადაადგილდებიან სილუეტები სქელი ფარდების მიღმა. უკან სვენებ-სვენებით ვბრუნდები, გამიჭირდა ერთობ. ვინმესთან მინდა ლაპარაკი, პირველად ამდენი ხნის შემდეგ. სულ ერთია ვისთან, სულ ერთია რაზე, თუნდაც ნებისმიერ სისულელეზე, ჯანდაბას, თუნდაც მხოლოდ ამინდზე...
ისევ ვწვები, იქნებ ცოტა ჩამთვლიმოს, ცოტა ენერგიას მოვიკრებ და მერე ისევ ქალაქში დავბრუნდები. იქ გრილ შხაპს მაინც მივიღებ ხოლმე. საღამოობით გავალ მუშთაიდის ბაღში და პენსიონერებთან ჭადრაკს ვითამაშებ, ან იქნებ ისევ საავადმყოფოში დავწვე და კვლევები ჩავიტარო...ეგებ დიაგნოზი მაინც დამისვას ვინმემ... სიცოცხლის წყურვილი შევიგრძენი, ლტოლვა წარმავალისკენ... ბაქანზე ვდგავარ, მატარებელი დაიძრა...უნდა დავეწიო, დიახ, რატომაც არა, უნდა შევახტე, თუნდაც ბოლო ვაგონს...უნდა შევახტე და ორივე ხელით მაგრად ჩავეჭიდო მასიურ სახელურს, აი ისე, ბავშვობაში რომ ვახტებოდი გასული საუკუნის „მან“-ის პლატფორმაზე აწყობილ, ხით მოპირკეთებულ წითელი ფერის, ხალხით გაჭედილ ტრამვაის. ზემოდან ხელსაც მაშველებდნენ კიბეზე რომ მომეკიდებინა ფეხი, ხის გრძელ სახელურზე ადგილსაც მინთავისუფლებდნენ ხელი რომ ჩამეჭიდა...ახლა კი...
არადა სიცოცხლე მინდა, სიყვარული მინდა როგორც არასდროს, მზის ამოსვლის ცქერა, პირველ თოვლში სირბილი და კოტრიალი, დილის ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი სირბილი, გაზაფხულის სურნელი და შემოდგომის ფერად ფერადი ფოთლებით მოფენილ ტყის ბილიკებზე უგზოუკვლოდ ხეტიალი მინდა... გავრბივარ... მატარებელი სიჩქარეს უმატებს....
....................
მტვრიან გაზატკეცილზე გოგონა მიდის აჩქარებული ნაბიჯით, ხელში პოლიეთილენის პარკი უჭირავს და ნაბიჯების რიტმში წინ და უკან იქნევს. გზადაგზა, ფართოდ ხელებგაშლილი, ფეხის თითებზე შემდგარი ტრიალებს და ისევ ღიღინით აგრძელებს გზას. ვერხვებს რომ გაუსწორდა, გზიდან უხვევს და საქონლისგან გაკვალულ ვიწრო ბილიკს მიუყვება, მანქანას რომ მიუახლოვდა კისერი წაიგრძელა და ჰამაკისკენ გაიხედა. ეშმაკურად იღიმება. მოხუცი თვალდახუჭული წევს. მის ჭაღარა წვერს ხშირ ფოთლებში როგორღაც გამოპარული ობოლი მზის სხივი ელაციცება. მანქანის კარი ფრთხილად გამოაღო, გაიხედ-გამოიხედა, დარწმუნდა რომ ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო და სწრაფად გაიძრო კაბა. ბიჭუნასავით ტანი აქვს, მოქნილი, ახლა იწყებენ მხოლოდ ქალის ნაკვთები ჩამოყალიბებას. პარკიდან წითელი ფერის კაბას იღებს და ფრთხილად იცვამს. კარებს უხმაუროდ ხურავს და ფანჯარაში თვის ანარეკლს აკვირდება. კაბის ნაკეცებს ასწორებს. მაღლა შეკრულ თმებს მხრებზე თანაბრად იშლის და ასწორებს.
რეპროდუქტორებიდან ნაზი, სევდიანი მუსიკა იღვრება, (ტომასო ალბინონის ადაჯიო, მუსიკათმცოდნენი დღემდე რომ დაობენ რემო ჯაზოტოს მიერაა შექმნილი თუ დასრულებულიო), არემარეს ეფინება ვერხვის ფოთლების მსუბუქად მოშრიალე აკომპანიმენტის თანხლებით. გოგონა ისევ კარებს აღებს, უნდა სხვაგან გადართოს, რამე უფრო მხიარულზე, სადღესასწაულოზე, მაგრამ აქ იმდენი ღილაკებია...ეშინია რამე არ გააფუჭოს, კარებს ღიას ტოვებს, ცდილობს მუსიკის რიტმს აუწყოს ფეხი, არ გამოსდის, მაინც ფეხის წვერებზე იწევს ცირკის მსახიობივით და გამართული ნაბიჯით მიდის ჰამაკისკენ.. ფეხის წვერებზევე ტრიალებს და თეატრალურ რევერანსს აკეთებს.
-გაიღვიძეთ ბატონო, ნახეთ რა ლამაზი კაბა მაცვია!
................
შარა გზაზე გოგონა გარბის, ეცემა, ისევ დგება და გარბის...
-დედააა!
სულს ძლივას ითქვამს...
-დედააა!...დეეეე!
დედა ჭიშკარში ეგებება, შეშინებული, დამფრთხალი...მაჯებამდე ცომიანი ხელებით...ფერწასული...
გოგონა მის ფეხებთან ეცემა, მუხლებზე ეხვევა და მოთქვამს...
-პაპა მოკვდა დეეე! პაპა მოკვდააა!...
ქალს გული მისდის და ისიც უღონოდ ეშვება მიწაზე. გონს მოდის და ადგომას ცდილობს...
-სად, როგორ...ეხლა გავიდა სახლიდან.
-არა, ჩვენი პაპა არააა, ის პაპა დეეე, აი იქ, ვერხვებთან...
ქალი სულს ითქვამს, ღობეს ეჭიდება და ნელ-ნელა დგება, წელში იმართება, ხელებს ნერვიულად იფშვნეტს რომ შემხმარი ცომი მოიშოროს.
-წადი სახლში...მე... მე მეზობლებს დავუძახებ...
..........................
ვერხვებთან რამდენიმე მანქანა დგას. პოლიციის, სასწრაფო დახმარების, სასამართლო ექსპერტიზის და კიდევ რამდენიმე სხვა. ფორმიანი ადამიანები მიდი მოდიან, ფოტოსურათებს იღებენ, რაღაცეებს ზომავენ, არკვევენ, დაობენ და ოქმებს ადგენენ. მოშორებით მეზობლები შეგროვილან, ისინიც რაღაცას ბჭობენ ხმადაბლა. ტანმორჩილი პოლიციელი, შეზლონგში მოხერხებულად რომ მოკალათებულა, მორიგეობით იძახებს მოწმეებს, ეკითხება რაც ნახეს და რაც გაუგიათ, ყველაფერს იწერს და ხელს აწერინებს. თვის საქმეს მალე ამთვრებს, მეტი არავის არც არაფერი უნახავს და არც არაფერი გაუგია.
მოხუცი კაცი უახლოვდება, წელში მოხრილი, მზისგან ერთიანად გარუჯული, ნიკოტინისგან გაყვითლებული ულვაშებით.
-უფროსო, აი ისა...მეზობლებმა მოვილაპარაკეთ და თუ კი არავინა ჰყავს, ჩვენ დავმარხავთ... მღვდელს მოვიყვანთ, წესსაც ავუგებთ... ქელეხსაც გადავუხდით..
-არ შეიძლება ძია, პროზექტურაში უნდა გადავიყვანოთ, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. მანქანაში ტელეფონი ჰქონია, კონტაქტებით დავადგენთ თუ ვინმე ჰყავს ახლობელი.
-და თუ არავინა ჰყავს?
-შენ ნუ დარდობ მაგაზე, თუ არავინა ჰყავს, მაშინ მთვრობის ხარჯით ჩამარხავენ სადმე, უპატრონოთა სექტორში.
-ჰოდა მეც მაგას არ ვამბობ კაცო, მაშინ იქნება ჩვენ გაგვაგებინოთ და მივხედავდით, აბა უპატრონოდ... ეგ როგორ იქნება?
პოლიციელი ჩქარობს, ქაღალდებს აწყობს გაბერილ „პაპკაში“, მერე ისევ აბეზარ მოხუცს უბრუნდება, რომ ვეღარ მოიშორა თავიდან...
-ამას ძია კაცო, ბევრი ქაღალდები და საბუთები დასჭირდება, როგორ გგონია თქვენი გამგებელი თუ რწმუნებული მაგისთვის თავს შეიწუხებს?
-ეეეჰ,- ხელი ჩაიქნია უიმედოდ გლეხმა. - ერთი გაქსუებული ვინმეა, ბედოვლათი და უმაქნისი, „ვოზდუხას“ ეძახიან. კაცი დაბერდა და მაგის გაკეთებული საქმე არავის არაფერი გვინახავს.
სამოქალაქო ტანსაცმლიანი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა. აგდებით ახედ დახედა.
-შენა, საქმე არაფერი გაქ? -შენი პრობლემა არაფერი გაქ, სხვის მკვდარს რო ტირი? - დაგვაცლი მუშაობასა თუ არა?
დაჭმუჭნულ კოლოფში აფათურებს თითებს ბერიკაცი, სიგარეტის ამოღებას ცდილობს დაკოჟრილი თითებით... თვალებში უცქერის ერთხანს, მერე მწარედ ჩაიცინა თითქოს და უხმოდ აქცია ზურგი.
..................
მანქანები როგორც მოვიდნენ, ისეთივე მიმდევრობით ჩაიარეს, მტვრის ბუღი დააყენეს და თვალს მიეფარნენ.
ღობის ძირში გოგონა ზის მიწაზე, აგვისტოს თაკარა მზის ქვეშ, მტვერში, ფეხებმოკეცილი. ნაწვიმარი ბეღურასავით საცოდავად მობუზული. ამოგანგლული წითელი ფერის კაბიდან დასისხლიანებული მუხლისთავები მოუჩანს. ორევე ხელით წითელყდიანი ბლოკნოტი ჩაუხუტებია მკერდში, დროდადრო სლუკუნებს და ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები გაფითრებულ, გამხდარ ლოყებზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები