 | ავტორი: ჩესტერი ჟანრი: პროზა 26 ივნისი, 2020 |
~~~ მოსაღამოვების შიში უკვე წლებია სტანჯავდა. საღამო მის ოჯახში ვახშმად შეკრებასთან ასოცირდებოდა. სანის კი ყოველდღე ახალ-ახალი ხერხის მოგონება უხდებოდა, როგორმე საერთო სუფრაზე დაჯდომა აეცილებინა, ან ისეთი რამის მომზადება ეთხოვა თავიანთი მზარეულისთვის, რომელიც კუჭში ყველაზე პატარა ადგილს დაიკავებდა ან რამე ისეთის, რომელსაც ძილის წინ იოლად ამოანთხევდა უკან.
სანამ შინ დაბრუნდებოდა, ვახშმობის დრო გადათვალა. ზუსტად იმ დროს დაბრუნდა, როცა, მისი აზრით, მშობლებს ვახშმობა უკვე დიდი ხნის მომთავრებული უნდა ჰქონოდათ. სასადილო ოთახში გასულს, დანა-ჩანგლის წკარუნის ხმა რომ შემოესმა, მიხვდა, რომ მათთან ერთად ჭამას ვერ აიცდენდა.
მაგიდას ნელა მიუჯდა და პროცესში ჩუმად ჩაერთო. არც მამას და არც დედას ხმა არ ამოუღია. თუმცა ოთახში შემოსულს არ გამოჰპარვია, როგორ გადახედეს ერთმანეთს, როცა მისი ახლადშეკრეჭილი თმა დაინახეს.
ვახშმად ქათმის სალათი, ოლივიე, გოგრის შეჭამანდი და მოთუშული ბოსტნეული იყო. პირველად ოლივიე გადმოიღო თეფშზე და ნერწყვი გადაყლაპა. სცადა, მამამისის დაჟინებული მზერისათვის ყურადღება არ მიექცია და ბარდასა და სიმინდის მარცვლების განცალკევებაზე კონცენტრირდა. ბარდის და სიმინდის ჭამა ადვილი იყო, მარცვალს ჩანგალი ჩაასო და პირში გაიქანა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ხედავდა, რა პატარა იყო მარცვალი, მაინც ვერაფერს უხერხებდა იმ უცნაურ გრძნობას, რომ თითქოს მარცვალი, მის ჯინაზე, ათმაგად დიდებოდა პირში ჩადების შემდეგ.
პირველად სიჩუმე დედამ დაარღვია.
- არა... მესმის, რომ ტასოსთან დაშორება მძიმედ განიცადე... მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ ცოტა აჭარბებ? - დედა იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და მეორე ხელში აღებული ჩანგლით სანის ახალ ვარცხნილობაზე მიუთითა. - ამდენი ხანი იზრდიდი...
- შეცვლა მინდოდა... - მხრები აიჩეჩა და თეფშზე დარჩენილი ბარდები მესამედ გადათვალა.
- ჰო, მაგრამ რაღა მაინცდამაინც თმა? - იკითხა დედამ და თან ქათმის სალათი შეაქო. - გარდერობი გადაგეხალისებინა... ისევ ზამთრის ჯემპრებით რომ დადიხარ... ან რავიცი... ახალი გოგო გაგეცნო! - დედამ მამას სალათის თეფში გადააწოდა და სანაცვლოდ მისგან, ხელახლა შევსებული შავი ღვინით სავსე ბოკალი მიიღო.
- ეგ არაფერ შუაშია.. და ახალ გოგოს ახლა ნამდვილად არ ვეძებ.. - დაიჟინა და ხმაში მობეზრება დაეტყო. - უბრალოდ რამის შეცვლა მინდოდა.
- სულ ეგაა? - ახლა მამამ ამოიღო ხმა და სანისგან კუშტი მზერაც მიიღო საპასუხოდ. ბოლოს თავი დაუქნია, იმის იმედით რომ მამა მიხვდებოდა და ამ თემაზე საუბარს შეწყვეტდა. ჯერ მზად არ იყო დედამისისთვის მოეყოლა, ჯერ საკუთარ თავს ძლივს გამოუტყდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, იმაზე ფიქრი, რომ დედამისთან ამაზე ლაპარაკი ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა, წინასწარ გულს ურევდა.
მამამისმა თვალები მოწკურა და თავის თეფშს მიუბრუნდა. საუბარი დანა-ჩანგლის რიტმულმა წკარუნმა ჩაანაცვლა. თეფშზე ცოტა ქათმის სალათი გადმოიღო და ნერწყვი გადაყლაპა. ისედაც წვრილად დაჩეჩილი ხორცი კიდევ უფრო წვრილ ნაჭრებად დააქუცმაცა. - თუ კიდევ რამეს დააპირებ, წინასწარ გაგვაფრთხილე, - დაარღვია სიჩუმე დედამ.
- ამიერიდან თუ რამეს გადავწყვეტ, ორივეს გაგაგებინებთ... როდის ავდგები, როდის დავწვები, ტუალეტში როდის შევალ... - თქვა არხეინი ტონით და ქათმის დაქუცმაცებულ ხორცსა და ბარდას ადგილი გაუცვალა.
- არა, მაინც თმას რას ერჩოდი ვერ გავიგე... - არ იშლიდა დედა თავისას. - თუ მაგით ცდილობ, ჩვენსა და შენს შორის მსგავსება მოშალო...
- ღმერთო, არა, დედა! თქვენ არაფერ შუაში ხართ! უბრალოდ თმა შევიჭერი! თმაა, გაიზრდება... - მოუთმენლად გააწყვეტინა დედამისს და ახლა სიმინდის დარჩენილი მარცვლებით დაიწყო თამაში.
- ჰო? - იკითხა მამამ მიამიტი ტონით. სანიმ უკვე მეორედ დააჯილდოვა შუბლშეკრული მზერით.
- რატომ არ უნდა გაიზარდოს? - იკითხა დედამ და ქმარს პასუხის მოლოდინში გახედა.
- არა, ისე... უბრალოდ მაინტერესებს მოკლედ დატოვებას ხომ არ აპირებს ამის მერე... - თეფში გვერდით გასწია მამამ და ერთი ხელი სკამის საზურგეზე გადადო. - თმა რომ შავად ჰქონდეს შეღებილი, იმ როკ ბენდის მომღერალს დაემსგავსებოდა, რა ერქვა? - მამა ცოტა ხანს ჩაფიქრდა, როგორც ჩანს სახელი ვერ გაიხსენა და თავისი ღვინო მოსვა.
- ჰო, ცოტა ხანში შეიძლება რკინის ჯაჭვების ტარება დავიწყო, მერე ბაიკი გაყიდინო და ძერსკი შრამები გავიკეთო, უი, მოიცა! ერთი დიდი შრამი უკვე მაქვს! - თქვა ირონიულად და დაიფიცებდა, რომ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მის ხსენებაზე ნაქსოვი ჯემპრის ქვეშ, მუცელზე ქვეწარმავალივით გაწოლილმა დიდმა შრამმა წამით პირი დააღოო.
ამით მშობლებს რამდენიმე წუთით მოაკეტინა. ხორცს ჩანგალი დაასო და პირში ისე გაიქანა, მაგიდის მეორე ბოლოდან მამამისის დაჟინებული მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ლუკმასთან ერთად იქვე თეფშზე ამონთხევის სურვილიც გაჭირვებით გადაყლაპა და ჩანგალი ხელში აათამაშა. იმ წუთას ვერ გადაეწყვიტა რა უფრო სძულდა, ის რომ მამამისმა იცოდა და ასეთი დაჟინებით აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას, თუ თვითონ ჭამის პროცესი. ახლა რომ ამდგარიყო, მამა მაშინვე მიხვდებოდა, სადაც წავიდოდა. ამწუთას ძალიანაც ნანობდა, რომ მამამისს გაენდო.
ფიქრებისგან ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამოაფხიზლა. მაგიდაზე დადებულ ტელეფონს სწრაფად დასწვდა და მეილი გახსნა.
- რამე მნიშვნელოვანია? - იკითხა დედამ და ღვინო მოსვა.
- ჯერ არ ვიცი... - წამოდგა, მათ კითხვებს აღარ დალოდებია და პირდაპირ თავისი საძინებლისკენ აიღო გეზი.
~~~ ჯემპრი სასწრაფოდ გადაიძრო და გასწორებულ საწოლზე გადაგორდა. ტუმბოზე დადებულ ლეპტოპს გადაწვდა და მიღებული მეილი დიდ ეკრანზე გახსნა. წერილი იმ სამედიცინო ცენტრისგან იყო, სადაც თერაპია უნდა დაეწყო. მისი ყურადღება ხუთგვერდიანმა ფორმამ მიიქცია. ფაილს სათაურად „ინსტრუქციები“ ერქვა.
პირველი გვერდი ზოგად ინფორმაციას ეთმობოდა: სახელი-გვარი, ასაკი, სიმაღლე, წონა, საგვარეულო პათოლოგიები და ა.შ. პირველი გვერდი მარტივად შეავსო, თუმცა პათოლოგიებთან ინსტიქტურად აკრიფა - „მამაჩემი“ და მალევე წაშალა. მომდევნო გვერდის სათაური შედარებით წვრილი, მაგრამ მუქი შრიფტით იყო დაბეჭდილი. „აღწერეთ პრობლემა, რისთვისაც ეძებთ დახმარებას“
სანიმ თვალები დახუჭა და კლავიატურაზე ხელები გაუშეშდა. რატომღაც ვერ გაიხსენა, აქამდე როგორ მოვიდა. შიმშილობაზე უარესი, ამის დაწერა იყო და თანაც სხვისთვის. ბოლოს თვალები გაახილა და პასუხისთვის გამოყოფილ პატარა მართკუთხედში თავისი პრობლემა რაც შეიძლებოდა მოკლედ და კონკრეტულად აღწერა: „საჭმელს ვერ ვჭამ“. პასუხს ცოტა ხანს უყურა, ბოლოს წაშალა და ხელმეორედ დაწერა: „საჭმელს არ ვჭამ, თუ ვჭამ, მხოლოდ სირბილის ან სიარულის შემდეგ და მერე ისევ უკან ვიღებ.“ თითები ისევ გაუშეშდა კლავიატურაზე და ვერ გაეგო, კითხვები იყო ასეთი რთული პასუხგასაცემი, თუ ის ვერ ახერხებდა ელემენტარული პასუხის ჩამოყალიბებას?
„რამ გადაგაწყვეტინათ მკურნალობის დაწყება?“
ისევ პატარა მართკუთხედი პასუხისათვის. ჯერ იფიქრა, რამე მოეგონებინა და ადგილი შეევსო, მაგრამ მალევე თავის სულელურ ფიქრებზე ხელი აიღო. ჯერ ისედაც სძულდა საკუთარი თავი და ახლა უფრო მეტად, როცა მკურნალობა გადაწყვიტა.
„1. თმა მცვივა. 2. დავიღალე დამალვით 3. აღარ მინდა მატყუარა ვიყო 4. აღარ მინდა ჩემი თავი უნიტაზთან ასოცირდებოდეს.“
ლეპტოპი ინსტინქტურად დაკეცა, როცა კარზე მსუბუქად დააკაკუნეს. დედას ხელში ხილის თასი ეჭირა. უკვე ნანობდა, რომ მშობლების სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედამ დემონსტრაციულად მიხურა კარი, იქვე მდგომი სკამი საწოლთან მოაჩოჩა და ნებართვის უკითხავად ჩამოჯდა.
- სულელი გგონივარ? - დედამისი უცნაური ქალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება იცნობდა, ვერასოდეს ატყობდა როდის რა გუნებაზე იყო. ახლაც ისეთი გაწონასწორებული და თავდაჭერილი იჯდა, რომ სანი ვერ მიხვდა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ნათქვამზე.
- თუ იმ ფაქტს არ ჩავთვლით, რომ ჯერ ისევ მამაჩემის ცოლი ხარ... ალბათ არა...
დედამისს გაეღიმა, ხილის თასი გაუწოდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო. სანი იმ მარწყვს დასწვდა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო კიდესთან. ყუნწი მოაშორა, პირში ჩაიგდო და ხმაურიანად დაღეჭა. დედა მის ყველა მოძრაობას განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა.
- ვიცი, რომ რაღაც ვერ გაქვს რიგზე... - დაარღვია სიჩუმე და ხილის თასი ცოტა ხნით გვერდით გადადო. - გეგონა კიდევ დიდხანს დამალავდი?
ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მუცელი ამოუყირავდა და იმ მომენტების რაოდენობამ, როცა მამამისთან განდობა ინანა, იმ მომენტებს საგრძნობლად გადააჭარბა, როცა არ უნანია.
- ამდენი წლების განმავლობაში წარმატებით ვახერხებდი, როგორც ჩანს, ერთადერთი შეცდომა მამაჩემისთვის თქმა იყო... - თქვა უახილისოდ და მარწყვი ხელში შეათამაშა.
- მამაშენი? არა, მამაშენს ჩემთვის არაფერი უთქვას, თუმცა კი მართალი ხარ, საიდუმლოს შენახვა მისი ძლიერი მხარე არც არასოდეს ყოფილა...
- როგორ მიხვდი...
დედამ უხერხულად ჩაახველა. და ხელები მუხლებზე დაიწყო.
- ტყუპების დაბადების დღეზე შენსა და ტასოს ჩხუბს შევესწარი...
სანის ტანში გასცრა, თითქოს ოთახში ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლო და ცხადად წარმოუდგა ის დღე, როცა თავისი ბიძაშვილის ბავშვების დაბადების დღეზე თავისმა შეყვარებულმა ისტერიკა დაიმართა.
- სულ შემთხვევით! ხომ იცი, სხვისი საუბრების მოსმენა არ მჩვევია, უბრალოდ ტასო იმხელა ხმაზე გიყვიროდა, ძნელი იყო არ გამეგო... - განაგრძო დედამ. - თუ სწორად მახსოვს, მისი სიტყვები იყო - „თუ ჩვენთან ერთად არ დაჯდები სასადილოდ, ჩათვალე, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!“ რაღაც ასეთი... ტასოს და მისი გაზვიადების ამბავი ყველამ ვიცით, მაგრამ მერე თითქოს ყველა ჩვენი საერთო სადილობა დამიდგა თვალწინ... შუა სადილი დროს წამოხტებოდი და ხან ტელეფონზე საუბრის, ხან რაღაც მიზეზით ცოტა ხნით უჩინარდებოდი, მერე მანამდე აწვალებდი საჭმელს თეფშზე, სანამ ყველა არ მორჩებოდა. თავიდან გადაღლას ვაბრალებდი, მერე, როცა თვეები ასე გაგრძელდა, მივხვდი, რაც ხდებოდა შენ თავს. შეიძლება მამაშენი უყურადღებო ყეყეჩია და არც მე ვარ სამაგალითო დედა, მაგრამ მე მაინც დედაშენი ვარ და ბოლოს მაინც ყველაფერს გავიგებ... - თქვა დედამისმა.
- ჰოო, ტასოს ისტერიკები და ცხრა წელი დაგჭირდა რომ შეგემჩნია, დედა...
- ცხრა? - დედამისსაც ზუსტად ისევე აუვიდა შუბლზე თვალები, როგორც მამამისს.
- ცხრა... - ჩაახველა და გაშტერებულ ქალს თვალი აარიდა. - მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებ!
- აკონტროლებ? ჰა! იმის გამბედაობაც არ გეყო, რომ ჩემთვის გეთქვა! ტასოც კი თავისით მიხვდა!
- ჰო... - თქვა და იგრძნო, როგორ დააწვა გულზე ცოტა ხნის წინ ნაჭამი რამდენიმე ლუკმა.
- როცა გავიგე, ბაკურიანში ჩამოსულები ცალ-ცალკე ნომერში გაჩერდით, ვიფიქრე ისევ შენებურად წამოგიარეს და მეგონა, ბოლოს ყველაფერი გამოსწორდებოდა. ვიცი, რომ ტასო გიყვარდა, თუმცა დღემდე ვერ გამიგია რატომ. ბოდიში, მაგრამ მისი ყვირილი არ დამავიწყდება, შენ რა უპასუხე, არ მახსოვს, მაგრამ ბოლოს იკივლა, „არ ვაპირებ ვუყურო, როგორ იკლავ თავს!“
- ღმერთო... - ჩაიბუტბუტა და სირცხვილმა სახე აუწვა.
- არ ვიცი, მასეთი რა ქენი, რომ მაინცდამაინც ტყუპების დაბადების დღეს დაუმთხვია კონცერტის გამართვა, მაგრამ დარწმუნებული იყავი, არც მე ვაპირებ გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ვუყურო, როგორ იტანჯება ჩემი ერთადერთი შვილი...
სანის საშინლად უნდოდა დაეცინა და ეთქვა, რომ ეგ ჯობდა, მანამდე ეფიქრა, სანამ თვითონ და თავისი ქმარი მომავალს წაართმევდნენ. თუმცა თავი შეიკავა.
- მაინც ვერ ვხვდები, რატომ მიხვედი მამაშენთან და არა, ჩემთან... მაგრამ რაც არის, არის! მე მხოლოდ შენი ჯანმრთელობა მაღელვებს. ძალას არ გატან, როცა საჭიროდ ჩათვლი, მაშინ მოდი ჩემთან. გეფიცები, მეორედ აღარ გაგიცრუებ იმედებს! - დედამ ნერწყვი ჩაყლაპა, კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა მალევე გადაიფიქრა. მერე წამოდგა და ოთახი ისე დატოვა, სანისთვის აღარ შეუხედავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კი, ნამდვილად მასეა, ფლორენცია. ალბათ არც მე დავიჯერებდი.. ძირითადად თეარპიის ისტორიაა და ვცდილობ რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. ექშენის რა გითხრა, მაგრამ დატვირთული იქნება არასასიამოვნო მძიმე სცენებით .. კი, ნამდვილად მასეა, ფლორენცია. ალბათ არც მე დავიჯერებდი.. ძირითადად თეარპიის ისტორიაა და ვცდილობ რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. ექშენის რა გითხრა, მაგრამ დატვირთული იქნება არასასიამოვნო მძიმე სცენებით ..
6. გეთანხმებით ჩესტერ, რომ ძალიან ვერაგი დაავადებაა. ზოგისთვის წარმოუდგენელია ალბათ, ვისაც რომელიმე სახის ფობია ან დამოკიდებულება არ გამოუცდია (საბედნიეროდ) მეოთხე თავსაც წავიკითხავ სულ მალე ველი მეტ დინამიკას და ექშნს :) გეთანხმებით ჩესტერ, რომ ძალიან ვერაგი დაავადებაა. ზოგისთვის წარმოუდგენელია ალბათ, ვისაც რომელიმე სახის ფობია ან დამოკიდებულება არ გამოუცდია (საბედნიეროდ) მეოთხე თავსაც წავიკითხავ სულ მალე ველი მეტ დინამიკას და ექშნს :)
5. სამწუხაროდ ძალიან ვერაგი დაავადებაა და შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ დედას თხუთმეტი წელი ტანჯავდა.
აბზაცებზე გავითვალისწინებ და დიდ თავებად დავდებ. მართალია, ცოტა მომაბეზრებელია მოკლე თავები. სამწუხაროდ ძალიან ვერაგი დაავადებაა და შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ დედას თხუთმეტი წელი ტანჯავდა.
აბზაცებზე გავითვალისწინებ და დიდ თავებად დავდებ. მართალია, ცოტა მომაბეზრებელია მოკლე თავები.
4. ცოტა დაუჯერებელია 9 წელი... ცოტა დაუჯერებელია 9 წელი...
3. დედა-შვილის ცივი დამოკიდებულება ჩანს. მართლაც ძალიან მცირე მოცულობისაა და თან დამღალა ამდენმა ინტერვალებმა. თუ რა ქვია ამას. ჩვეულებრივი წესით დაიცავი აბზაცები და ვსიო. დედა-შვილის ცივი დამოკიდებულება ჩანს. მართლაც ძალიან მცირე მოცულობისაა და თან დამღალა ამდენმა ინტერვალებმა. თუ რა ქვია ამას. ჩვეულებრივი წესით დაიცავი აბზაცები და ვსიო.
2. დდდ როცა გაკითხებდი, მაშინ წაგეკითხა დდ თავის დროზე დდ დდდ როცა გაკითხებდი, მაშინ წაგეკითხა დდ თავის დროზე დდ
1. ოდნავ კიიდე ცოტა დიდი თავები...
პ.ს. ჩეს, რომ დამპირდი ბოლომდე წაგაკითხებო, დაპირება ისევ ძალაშია? :დ >..< ოდნავ კიიდე ცოტა დიდი თავები...
პ.ს. ჩეს, რომ დამპირდი ბოლომდე წაგაკითხებო, დაპირება ისევ ძალაშია? :დ >..<
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|