ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2020


ვაზის საგალობელი

ის,რაც ჩვენთან, რჯულზედ ადრე,ზენამ შემოიტანა,
მტერმა რომ ვერ ამოძირკვა, ჟინი ვერ გაიტანა...
პაპის პაპა რომ უვლიდა ფერებით და ლაციცით,
სად დავკარგეთ,სად ვიპოვოთ, სად ვეძებოთ? არ ვიცით!
თეთრი ბროლა, შავი ბუტკო, თეთრა, ბურძგლა წითელი,
კლარჯული, მათენოური,-გემოთი რქაწითელი,
ლივანური თეთრი-შავი, საფერავი ვაიო,
ჭიპაკური, ჩხუში, წვითე,-იცით სადმე არიო?
მწვანურა და მისკიეტა, ორჯოხულა, პოვნილი,
კაიკაციშვილის თეთრი-დუნიაზე ცნობილი!
შავშურა და ჩიტისთვალა, ცხენისძუძუ, სხალთური,
ხარისთვალა, აჭარული,-ვაზი, ნაღდი ქართული.
ეს, აქ, ჩვენთან, აჭარაში! (ჩემს სატირალს ვსტირი მე!)
რაჭა-ლეჩხუმისა გითხრა? კი, ქვე შენი ჭირიმე!
კარბისტონი, კაბისტონი, კაპისტონი, ალეში,
ხროგო, ჭუბულო, ფაჩხატა,-სასმელად ოჯალეში!
ბელარიანი, ბერბეშო, ბუტკო, თეთრი თბილური,
ხოტეურას, ფერუანის ღვინო-ძილისპირული...
ურიშულა?-ქალის ძუძუ! ყელი-თქლაფა რაჭული!
გამოყვანილი,კორტნული, რცხილი-გამოპრანჭული...
პაშანიკი, ფრთაშეჭრილა,თეთრი კუდურაული,
მელაკუდა, მოქათური, ხიხვს ხომ გვერდს ვერ აუვლი...
ჭანკილოურს, ნაკუთვნეულს,რა საქებარს, რა კარგებს,
მათაც ვეღარ მოუარეს...რაჭველებმაც დაკარგეს...
ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს სატკივარს,
გურიისაც მიემატა...რამაც გული მატკინა!
თუ კახეთში ვარდისფერა, ტყუპკვირტა, ჩიტისთვალა,
მტერმა ძირში ამოძირკვა, თვალცემარამ გათვალა...
გაბაშა და მაღრანული, ადრეული მცვივანი,
გახდა მსხვერპლი „ახლებურად“ მოაზროვნე ციგანის...
თელავის თეთრს, ჭობენურას, მწკლარტას და ჭაკმაშურას,
ცხენისძუძუც, წნორიც, კუმსიც მიემატა „საშურად“,
მომხვდურმაც კი, რომ ვერ შეძლო ღვთის „ძალით და შეწევნით“,
ქართველებმა ასე უცებ,ნეტავ „ვისით“ შევძელით?
იმერეთში მაჩანურის გემო კიდევ იციან?
თქვენთან ნენა! შავბარდაზე, რა, არ დაუფიციათ?
წვრიმალას და კირწვამარას მტევანი არ გინახავს?
ნუ ჩემულობ იმერლობას! სხვა იკითხე,-ვინა ხარ!
ბეწოურა, გომის წიკო, თქლაფა, ობჩი, სამაჭრე,
ნუთუ ისევ დუღილშია, აღარ უნდა დამაჭრდეს?
ვარდისფერი მსხვილმარცვალა, რკო თეთრი და კრახუნა,
არც მცვივანა, არც ქართულა...ყველამ გული დახურა...
ქართლელებო! ღვინოს მასმევთ თეთრი ახალციხურის?
გობიეთის,ენაგეთის, ვანურას და ქიშურის?
ისხამს თქვენთან ჭყაპა, თითა,, უსახელო წითელი?
ჭროღა ქართლის, ან ხეთურა, ან ჩინური ყვითელი...
ცხენისძუა, საბატონი, ნაადრევი, მჭვარტალა,
მეჯვრისხევის საფერავი, ჩიტიკვერცხა შავთვალა!
კლდის წითელი, ვარდისფერი კეხვი, თუნდაც კაპიტა,
სად გაგვიქრა, ვინ იყიდა, ან კიდევ ვინ გაყიდა...
დღვლაბე, გრეხი, დუდღუში და ქვაცახური, ოქონა,
სამეგრელოს მთავრებს ჩვენთან მოსაკითხად მოქონდათ!
ჩხაბერწული, ჩხოროკუნი, ჩეჩქიში და ჩიტაში,
ქვევრში აღარ ეტეოდა...კეკლუცობდა ჭიქაში!
თეთრიშათი ჩეკოლიშით, ჩერგვალით თუ ვერნახით,
კეთილურით, ეგურძგულით ივსებოდა ვენახი.
ჩქიმი ცოდო! ჩქიმი კოჩი! დედოფლის ქიტს ვინ ჩივის,
საქართველოს დაჩოქებას, გაბახებას გიჩივით...
„მივალ გურიაში მარა!“-ათინოურს მასმევენ?
ვაციწვერას დოულეველს, ქვევრში რა მოასვენებს!
ბერძულა და ზენათური, კორძალა და კიკაჩა,
ვინ დალია,სტუმარ კაცს რომ, თვალებს აქეთ მიქაჩავს...
რა კოცხანა, რი ჭუპეში, ხემხუ არა, მაური!
წითლანა და მტრედისფეხა,-რაის ათი შაური...
საკნატურა? კი, ბატონო! მახათურაც მწყურია,
შენი თქლაფა და კიაჩა, სად გაგიქრა გურია!...
ის, რაც ჩვენთან, რჯულზედ ადრე, ზენამ შემოგვიტანა,
მტერმა რომ ვერ ამოძირკვა, ჟინი ვერ გაიტანა!
პაპები რომ პატრონობდნენ, ფერებით და ლაციცით...
სად გაგვიქრა მოგვკითხავენ,-ქართველებო, არ ვიცით?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები