 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 4 ივლისი, 2020 |
ეს მოთხრობა დაახლოებით 15 წლის წინანდელია და თითქმის დოკუმენტურია...
იყალთოსა და გელათზე რომ გვიყვებოდა ბებია, ისიც კი მეწერა მოთხრობაში.(გელათი ამოვაკელი მხოლოდ).
დავამატე ერთადერთი წინადადება, სადაც ვწერ რომ ბებია ბაღში მუშაობდა...ეს არ მქონდა მოთხრობაში და კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე ჩავამატე.
როცა კონკურსის შესახებ ინფორმაცია მივიღე, მყისიერად ეს ჩანაწერი გამახსენდა...
აქაც ვაზია, იყალთო და კიდევ ბევრი რამ...
სხვა რაიმე ახლის დაწერა არც მიფიქრია...
ეს იყო ის, რაც ჩემს წარმოდგენაში ამ კონკურსთან ასოცირდა.
ეს იყო წლებისწინანდელი ნაწერი, რომელიც ჯერ კიდევ არსად არ გამომიქვეყნებია, თუმცა ამის შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა.(პერიოდულად ვიბეჭდებოდი რამდენიმე გამოცემაში და მეგობარმა ეს მოთხრობა რომ წაიკითხა, მოდი რა დაბეჭდეო. არ მახსოვს თავი რატომ შევიკავე მაშინ. მერე კი მიმრჩა და მიმრჩა)
ახლა, როცა მეც ბებია ვარ, საოცრად მომინდა მოვეფერო ჩემს მართლაც და რომ არაჩვეულებრივ ბებოს და პატივი მივაგო მის ხსოვნას.
ბებო როცა ბებოს ცხედარი უკანასკნელ გზაზე გამგზავრების წინ რამდენიმე წუთით ეზოში დავასვენეთ, ჩემმა ძმამ ვაზს გალერწილ-გაფურჩქნული, აყვავებული რქა შეატეხა. ბებოს სანთელივით გაყვითლებულ, დაღლილ ხელებს ეამბორა და მოწიწებით დაადო გულზე ცრემლებაკიაფებული რტო... ერთბაშად ამოხეთქა, იფეთქა მოწურულ გულში დაგროვილმა ტკივილმა. მთელმა ბავშვობამ და სიყმაწვილემ სულ ერთ წამში თვალწინ გამიელვა: ...მზე ცის კაბადონზე გვერდულად წამოწოლილა და თვალებს ეშმაკურად ნაბავს. ხელში უშველებელა, ცეცხლისფერი კალათა უჭირავს, დროდადრო ხელს ჩაკრავს, იქედან მოკისკისე, გიზგიზა სხივებს ამოკრეფს და მუჭა-მუჭა ისვრის დედამიწისკენ. ვაზის ფოთლებს შორის გამომსხლტარი სხივების ანცი და ბრჭყვიალა წნელები სახეზე მეცემა, თამაში და გართობა უნდათ, ცდილობენ ამიყოლიონ. მეც ხასიათს ვუგებ, მათთან ერთად ვცეტდები და ვკისკისებ. ჩემი ძმა წყენაგარეული, თბილი და ალალი ღიმილით მომჩერებია. ხედავს როგორ გავერთე და თანდათან მიმავიწყდა იგი. ,,-ჭიტააა-ჩამომძახებს მაღლიდან, თან ბებიას კიდევ უფრო მაგრად და მჭიდროდ ხვევს კისერზე ფუნჩულა ხელებს. დაიხრება, ლოყით ლოყაზე მიეკვრება და ისევ უცოდველად და სიყვარულით მიღიმის. მოუსვენარი სხივის წკეპლა ერთს აფრთხიალდება , შეიკუნტრუშებს, ჩემგან გაიქცევა, ისევ ვაზის ფოთლებში გასხლტება და ახლა ჩემს პატარა ძამიკოს მიეფეთება სათამაშოდ. ის კი გულუბრყვილოდ იშვერს ხელებს, უნდა რომ დაიჭიროს და მუჭში მოიმწყვდიოს. ,,- მაგრად მომეჭიდე, არ ჩამოვარდე!’’-გვაფხიზლებს ბებიას ხმა. ძირს დაყრილ ფოთლებს ვწვდები, ერთად ვაგროვებ და იქვე დადგმულ მოწნულ გოდორში ვყრი. ,,-აბა რამდენია 2+3?- მეკითხება ბებო. თავში გასვლამდე ვასწრებთ მათემატიკის გაკვეთილს. მეორე კვალში ქართული იწყება. კიდევ ერთი კვალი და სადილობის დროც მოსულა... არ მახსოვს, რომ ოდესმე ბებიას ხელი შემოერტყას ან თუნდაც ყური აეწიოს ჩვენთვის. ძალიან რომ გავაბრაზებდით და მოთმინებიდან გამოვიყვანდით, ხმას აუწევდა და ცრემლნარევი ხმით, ისეთი ტონით გვეტყოდა: თქვე ურჯულოებოო, რომ უკვე გვრცხვენოდა საკუთარი დაუდევარი საქციელის. ,,ურჯულო’’ მისთვის ყოველივე ცუდს, უზნეოს, მიუღებელს გამოხატავდა. ამაზე დიდი საყვედური რა უნდა ყოფილიყო, ვერ წარმოედგინა. ჩვენ კი მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდით, თუ რამდენ რამეს ატევდა იგი ამ ერთ სალანძღავ სიტყვაში... ბებოს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სოფელში ვიყავი ჩასული. დედაჩემმა ჩვეულებისამებრ გამომაცილა. გაჩერებამდე მოკლე გზით, ეზო-ეზო გადავედით. დედამ მოულოდნელად მძიმე ჩანთა ძირს დადო და შეჩერდა: ,,- ამხელა ქალი მოვიყარე, უკვე თავადა ვარ ბებია და ეგებ დიდ ბებიობასაც მომასწროს სულ მალე ღმერთმა. გული მწყდებოდა, დედაჩემს ერთხელაც არ უთქვამს ჩემთვის ,,შვილო“. ჰოდა, გუშინწინ საყვედურნარევი სევდით ვუთხარი ამის შესახებ. ბებია ერთხანს გაყუჩულა, გარინდებულა. მერე ჩაღიმებია და მისეული სიმშვიდითა და სიდინჯით უთქვამს: რა იყო, მადონა, შვილო?’’ ეს იყო პირველი და უკანასკნელი ამგვარი მოფერება მისგან დედაჩემისა. არადა მთელი ცხოვრება დაუზოგავად, დაუნანებლად, თავგანწირულად შეალია ერთადერთი შვილისა და მისი შვილ-შვილიშვილების გაზრდას, აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას. ზოგჯერ ასე მგონია ათი ქალის ტვირთი იტვირთა ბებომ. ბოლომდე დაიხარჯა, ჩაიწვა და ჩაიფერფლა. არაფერი დაუტოვებია თავისთვის, არაფერი გადაუმალავს, ყველა სიკეთე ხელგაშლილად დაგვიტოვა. წაიღო მხოლოდ გამოუცნობი სევდა , კდემა, ამოუხსნელი საიდუმლო ამა სოფლისა. ,,მალე მოდი, მალე! ჭკუით იყავი, აბა შენ იცი ბებო!’’- ყოველი წამოსვლისას უკან ამედევნებოდა ხოლმე მისი ტკბილი და რბილი ხმა. თუმცა არა, ტყუილს ვამბობ. ,,ბებო“ ხომ არასოდეს უთქვამს! ეს ჩვენ - მე და ჩემი ძმა ვეძახდით ასე მას. თავად კი არასოდეს წამოცდენია ,,ბებო გენაცვალოს’’, ,,ბებო შემოგევლოს’’. მაგრამ იმდენი ამაგი, სიყვარული და რუდუნება დაგვიტოვა, რომელსაც ალბათ ვერც ერთი თბილი სიტყვა ვერ დაიტევდა, ვერ აწონიდა; რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება გვეყოფა საგზლად, გაგვინათებს დახლართულ ბილიკებსა და გზა-შარას. ბოლო დღეებში, როცა იგი ლოგინად ჩაწვა, ხშირად შევდიოდით მის სანახავად ოთახში. ვატყობდით, უკვე სუნთქვა უჭირდა, ილეოდა და ინავლებოდა. ნაძალადევი ხალისით, გაღიმებული ვეკითხებოდით: ,,-როგორ ხარ, ბებო?“ ,,-კარგად, უკეთესად!’’-იყო მოკლე, იმედიანი პასუხი. მეტი არაფერი, სულ არაფერი.არც წუწუნი, არც კვნესა, არც ჩივილი, არც საყვედური,არაფერი! ,,-ვაზია შესაწამლი, არ დაგავიწყდეს’’- ეს მისი უკანასკნელი წინადადება იყო. ბოლო საათებში ლაპარაკის უნარი წაერთვა. თვალებით გვეძებდა, გვეფერებოდა, გვემშვიდობებოდა და გვლოცავდა... რიჟრაჟზე, როცა სიბნელემ გაბაცება იწყო, მამლებმა ყივილს უმატეს, გრილმა სიომ კი მერცხლის ფრთებივით შემოჰკრა, ბებომ მაშინ დახუჭა სამუდამოდ თვალები, მაშინ წავიდა მაღლა ზეცაში მისი სული და თითქოს ველური სიკვდილი მოგვიშინაურა. შიში და სიმფრთხალე შეგვიმსუბუქა, ისე უდრტვინველად, უბრძოლველად და მშვიდად წაყვა მას... ჩემს შვილებს ჩემგან გადაცემა და მოყოლა არ დასჭირდებათ, მათაც უხვად ერგოთ მისი სითბო და სანთელ-საკმეველი. ბევრი დარჩათ სამახსოვრო და მოსაგონარი. მერე კი ალბათ ჩემი და ჩემი ძმის გოგო-ბიჭები თავის შვილებს მოუყვებიან როგორი იყო მათი დიდი ბებო. ისინი კიდევ თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენზე მოუყვებიან, გაგვიხსენებენ და არასოდეს მოკვდება, არასოდეს ჩაქრება, არასოდეს დამთავრდება ჩემი ბებო! ...მოგვდევს, კვალდაკვალ მოგვყვება ბებიას შორეული და ახლობელი - აქვე, ყურის ძირში მოფაჩუნე ხმა. მოგვდევს და დავიწყების უფლებას არ გვაძლევს: ,,-ბავშვებო, ხომ იცით, დღეს ბიძინასთან უნდა გადახვიდეთ. ერთმა კალათა წაიღეთ, მეორემ ღვინით სავსე დოქი. არ დაგავიწყდეთ, კალათის ფსკერზე ცხვირსახოცში გამოკრული ფული დევს. უნდა შევეწიოთ, აბა რა უნდა ვქნათ?! კაცი აშენებს, ხომ არ ანგრევს!“- დაგვმოძღვრა ბებომ და თავად კი ერთი შორეული ნათესავის ახალშობილი ბავშვისთვის შეძენილი საჩუქრები და რკინის ფული ფაქიზად ჩაალაგა კომოდის უჯრაში. მერე ისევ სამზარეულოში შებრუნდა და მეზობელ ქუჩაში მიცვალებულის ჭირისუფლისთვის გადასატანი სადილის მზადებას შეუდგა. მივდივართ და მიგვყვება მე და ჩემს ძმას, გვინათებს და არ ქრება, არ იბჟუტება, პირიქით, უფრო და უფრო ეკიდება ცეცხლი, უფრო და უფრო ძლერდება ალი. თუმც შფოთვა მაინც მღრღნის და მაკრთობს, ვაი თუ... ,,-დედიკო, დედა, ნახე რა კარგი საჩუქარი შევარჩიეთ საბასთვის. ხომ ჩაგვიყვან ამ საღამოს, ხომ გვანახებ გვანცას პატარა ძამიკოს?’’-შემომეფეთნენ ჩემი კუდრაჭა გოგონები და თვალწინ უბრალო, სადა, მაგრამ საგულდაგულოდ შერჩეული სამახსოვრო ნივთი ამიფრიალეს. ,,-დღეს ვერა დე, ხვალ ხომ ექსკურსიაზე მივდივართ დილით ადრე ვართ ასადგომი. იყალთო და გრემი უნდა ვნახოთ.’’ ,,-აუ, რა კარგია...გახსოვს დე, დიდი ბებო იყალთოს აკადემიაზე რომ გვიკითხავდა, ერთ-ერთი უძველესი ცოდნის ტაძარი იყოოოო.... -და კიდევ იცი მე რა მახსოვს? - ახლა უმცროსი ჩაერთო საუბარში - ბებო რომ გვიყვებოდა, იყალთოს ძველი ნანგრევების ახლოს, ჩემს ახალგაზრდობაში ბაგა-ბაღი ააშენესო, სადაც ტექნიკუმის დასრულების შემდეგ გამანაწილეს და პირველი პრაქტიკები გავიარეო. ვაზისა და ვენახის უზომი სიყვარული, პატივისცემა და მოვლაც ამ კუთხის ხალხმა მასწავლაო... -დე, დე, დე, მოწნული ჩალის ქუდების ჩალაგება არ დაგავიწყდეს, მასწავლებელმა გვითხრა, ახლა ვენახის გასხვლის პერიოდია და ზვარში გლეხებს ერთი-ორი საათით უნდა მივეხმაროთ წალმის შეგროვებაშიო’’-ისევ უფროსი გოგონა ჩაერთო საუბარში და მერე ორივენი სიცილ- კისკისით გაცვივდნენ ქუდების მოსაძებნად. ...გამახსენდა, ბებოც გვაგროვებიებდა გასხლულ წალამს, კონებად კრავდა და გადახურულში ალაგებდა გამოსაშრობად. მერე კი ბუხარში ცეცხლის შესაკეთებლად იყენებდა... ჩემს კუდრაჭებსაც როგორ ხსომებიათ ყველაფერი, კაკალ-კაკალ, წერტილ-წერტილ,მე კი მეშინოდა! საოცარი სილაღე და სიმსუბუქე ვიგრძენი. მიხარია. ძალიან მიხარია! მძიმე - დარდითა და ეჭვით სავსე მხრებზე წამოკიდებული გოდორი ერთ წუთში სადღაც გაქრა. აღარ მაკრთობს შიში, რომ ნიავის შემობერვაზე სანთელი შეიძლება ჩაქრეს. ამ ცეცხლს ალბათ აწი ქარიშხალიც ვეღარ მოერევა! * * * * * * * * *
როცა ბებოს ცხედარი უკანასკნელ გზაზე გამგზავრების წინ რამდენიმე წუთით ეზოში დავასვენეთ, ჩემმა ძმამ ვაზს გალერწილ-გაფურჩქნული, აყვავებული რქა შეატეხა. ბებოს სანთელივით გაყვითლებულ, დაღლილ ხელებს ეამბორა და მოწიწებით დაადო გულზე ცრემლებაკიაფებული რტო. ბებოს პატივის მისაგებად მოსულთ-ახლობელსა თუ შორებელს, დიდსა თუ პატარას ღვარად სდიოდა ცრემლი...
პ.ს. სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ კონკურსებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაპატიეთ და ობიექტურობაში მეპარება ეჭვი...მერე და მეორე, ყველაფერი ხომ გემოვნების საკითხია, მათ შორის წერის მანერა, მიმდინარეობა და კიდევ ათასი ნიუანსი.ფაქტიურად, ჟიურის გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდე, ხომ ასეა?
ხოლო როცა მკითხველის ხმის მიცემითაა გადასაწყვეტი, აქ კიდევ უარესადაა საქმე: ხვეწნა, მუდარა, თხოვნა ხმებისთვის....
ამიტომაც, აქამდე არასოდეს არ მიმიღია კონკურსებში მონაწილეობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, მადლობა გულწრფელობისთვის, ყურადღებისთვის,შემოთავაზებისთვის! შენიშვნებისთვის კიდევ უფრო მადლობა!
პ.ს.ფორუმზე ვიკითხე, დამენახეთ, ერთადერთი 10 იანი ვინ დამიწერეთთქო:)))) თურმე თქვენ ყოფილხართ!
მუხა, მადლობა გულწრფელობისთვის, ყურადღებისთვის,შემოთავაზებისთვის! შენიშვნებისთვის კიდევ უფრო მადლობა!
პ.ს.ფორუმზე ვიკითხე, დამენახეთ, ერთადერთი 10 იანი ვინ დამიწერეთთქო:)))) თურმე თქვენ ყოფილხართ!
1. ნაწარმოები პირადად ძალიან მომეწონა, მოაქვს ემოცია, წაიკითხავ და გული გაგითბება. მხატვრული გაფორმებაც არ აკლია,კარგად არის მოცემული ქართული მენტალიტეტი. ბებოსა და ბებიასადმი სიყვარული მართლაც ავტორის არ იყოს "ამოუხსნელი სიყვარულია". ნაწარმოებს ჩემი უმაღლესი შეფასება მივეცი , მაგრამ ,გულწრფელად ვამბობ ჩემი სუბიექტური აზრით რომ ეს არ არის (ლილე 2020)საკონკურსე თემა.
ყოჩაღ, მონაწილეობა რომ მიიღეთ კონკურსში.,გამოცდილების მიღებაც საწინდარია, რომ მომავალში უფრო მეტად, შეძლოდ მრავალჯერ მონაწილეობა და გამარჯვება,
ნაწარმოები პირადად ძალიან მომეწონა, მოაქვს ემოცია, წაიკითხავ და გული გაგითბება. მხატვრული გაფორმებაც არ აკლია,კარგად არის მოცემული ქართული მენტალიტეტი. ბებოსა და ბებიასადმი სიყვარული მართლაც ავტორის არ იყოს "ამოუხსნელი სიყვარულია". ნაწარმოებს ჩემი უმაღლესი შეფასება მივეცი , მაგრამ ,გულწრფელად ვამბობ ჩემი სუბიექტური აზრით რომ ეს არ არის (ლილე 2020)საკონკურსე თემა.
ყოჩაღ, მონაწილეობა რომ მიიღეთ კონკურსში.,გამოცდილების მიღებაც საწინდარია, რომ მომავალში უფრო მეტად, შეძლოდ მრავალჯერ მონაწილეობა და გამარჯვება,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|