ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2020


გლეხური ფილოსოფია(ლილე 2020 )

ირაკლი 6 საათზე, უკვე ვენახშია. ასე ურჩევნია. მანამ იმუშავებს, სანამ სიგრილეა. მზე რომ დააჭერს, აგერ, კაკლის ძირში წამოწვება. შუადღით ნატო სადილს და ყინულიან წყალს მოუტანს. 
მეოთხე წამლობას უკეთებს ვენახს. უკვე ბევრი წელია ირაკლი მიწას და მის აღმონაცენს ეფერება. ბევრი წელია ხელები მექანიკურად მოქმედებენ, ტვინი კი ათასი ფიქრით “ფეთქდება”. ხან რას მოედება, ხან - რას. 
ერთი რიგის ბოლოში რომ გავიდა და ჭერმის ძირში ჩამოყრილი ნაყოფი დაინახა, თავი გადააქნია და ჩაილაპარაკა:
-დედა უტირა! როგორ შეიცვალა კლიმატი!
ახსოვს, რომ ამ ოცდაათი წლის წინ დედას ეს ჭერამი მისი დაბადების დღისთვის ამოქონდა ბავშვების გასამასპინძლებლად. ახლა კი ერთი თვით ადრე შემოდის. რას უშვება ადამიანი დედამიწას! 6 ათასი წლის წინ საჰარაც მწვანე ყოფილა. ვინ იცის რა მოელის ამ მადლიან მიწას! ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიის გრძნობა დაკარგა.
თავად კი ცდილობს, მუდმივად,  რაც თავი ახსოვს,  სამყაროსთან, დედამიწასთან ჰარმონიულ თანაარსებობას, მაგრამ ურთულესი ყოფილა ამის მიღწევა. დანამდვილებით არც კი იცის მისი არსი. არ იცის, ირღვევა თუ არა წესიგი, როცა კრაზანებს დიდი გარჯით აშენებულ ბუდეს დაუნგრევს. რა უფრო მნიშვნელოვანი და სამართლიანია სამყაროსთვის: კრაზანები მიუშვას ნებაზე და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს, თუ გაანადგუროს ისინი. ეჰ, ამაზე პასუხს ვერასოდეს გაიგებს. ერთადერთი ცხადი პასუხი ისაა, რაც ლაო ძიმ თქვა: “დაო არ არის სამართლიანი. მისთვის ერთია ქალი, კაცი, თუ ჩალის ძაღლი,” ხოლო თუ დავუმატებთ დოსტოევსკიდან ციტატას:”მართალი ის არის, ვინც ბედნიერიაო,” ჰარმონიულობა სულ თავდაყირა დგება. ბედნიერება იმდენნაირია, რამდენი ადამიანიც არსებობს. ირაკლიც ბედნიერია, მაგრამ მეტი ფინანსური შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ხომ უფრო ბედნიერი იქნებოდა?!  დარწმუნებულია, ხალხის კისერზე მომჯდარი ჩინოვნიკები გაცილებით ბედნიერად გრძნომენ თავს, თავიანთ ფეშენებელურ სასახლეებში, მაგრამ მართლები არიან?... ჰარმონიის მსგავსად, არც სიმართლეა მარტივი გასარკვევი. შეჭამ თუ შეგჭამენ, ყველა ერთ სტომაქში მოექცევით. ყველა და ყველაფერი იმ დიდი ენერგიის წილს ვიღებთ და გავცემთ, ერთელ რომ აფეთქებიდან წარმოიშვა...შეხედე, სად გაუკეთებია ბუდე კაჭკაჭს. ეგ, ახლა კაკალს დაუტოვებს ირაკლის? თუმცა რა ქნას, მაგასაც ხომ უნდა ჭამა, მაგისიც ხომაა ეს სამყარო...
ენერგიაზე ფიქრი მას შემდეგ შემოვიდა მის ცხოვრებაში, რაც მოცალეობისას, ამ თემაზე დოკუმენტურ ფილმს უყურა. ყველაფერი დეტალურად და დამაჯერებლად იყო განხილული. დიდი აფეთქების შესახებ  ძმასთან -შოთასთან კამათიც ჰქონდა. შოთა ღრმადმორწმუნეა და მუდამ სკეპტიკურად უყურებს ირაკლის დაინტერესებას მეცნიერული საკითხებით. 
  -ნეტაი, რას მიშტერებიხარ მაგ დოკუმენტურ ფილმებს. წაიკითხე ბიბლია და სიმართლე იქ არის, იქა! -უჩიჩინებს ძმა
-ბიბლია დიდი ხნის წინ წავიკითხე, მაგრამ ბევრი კითხვა დამრჩა უპასუხოდ. - 
-არასწორი კითხვები გებადება, ძმაო - პასუხობს შოთა და ირაკლი უფრო ღმად აღარ შედის პაექრობაში.
მეცნიერებაშიც უამრავი უპასუხო კითხვაა. კაი, ბატონო, დავუშვათ აფეთქდა, რა აფეთქდა ამ დალოცვილში. სიცარიელე ხომ არ აფეთქდებოდა?! თუმცა, ესეც გასააზრებელია: "დაო ცარიელია, მაგრამ ამოვლინებისას ამოულეველია.
ეს კიდევ უფრო ჩახლართული ამბავია.

როგორ განსხვავებულად აზროვნებენ ძმები. არადა პედაგოგი დედა ორთავეს ერთი და იგივე იდეებს და პრინციპებს უნერგავდა. შოთა თავიდანვე მორჩილი იყო. მოცემულობას კითხვების გარეშე იღებდა. ირაკლი კი  შეკითხვებით და ამბოხით გულს უწყალებდა მშობლებს. თავიდან სწავლაშიც ზარმაცობდა.
-თქვენ ისეთ ისტორიულ სოფელში გაგაჩინათ ღმერთმა, სირცხვილია გაუნათლებელი რომ დარჩეთ. აქ ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებს იმ სინათლის და კეთილგონიერების აჩრდილი, რაც ამ, დალოცვილი აკადემიის კედლებში ღვიოდა საუკუნეების წინ. - ისე ხშირად უჩიჩინებდა დედა ბიჭებს, რომ სანამ წამოიზრდებოდა, ირაკლის აკადემიის გაგონებაც კი უსიამოვნო განცდას უჩენდა. მერე კი, სწორედ სოფლის წარსულით სიამაყის გრძნობამ მიიყვანა ისტორიის სიყვარულამდე და უნივერსიტეტამდე.
ისწავლა, განათლება ნორმალური აქვს, მაგრამ რა, მაინც ვენახში შრობობს. ისე აეწყო მისი ცხოვრება და რას იზამს. ოთხმოცდაათიანმა წლებმა მოუსწრო და დარჩა ასე. ქალაქშიც უმუშავია, მაგრამ უფროსს ვერ შეეწყო. მისი ქედმაღლობა და მბრძანებლური ტონი ვერ აიტანა. ერთხელაც კახურად დააფარა თავზე ყველაფერი და წამოვიდა.
ბავშვობაში აუტანელი ეჩვენებოდა მინდორში მუშაობა. ახლა კი აქ იპოვა შვება. თვითონ არის თავისი თავის უფროსიც და უმცროსიც. უნდა იმუშავებს, უნდა დაისვენებს.თან სიამოვნებას იღებს ბუნებასთან ურთიერთობით. მზისგან წამოსულ ენერგიას შენი შინაგანი ენერგიით რომ შეავსებ, ვაზს რომ მიესათუთები, მერე ისიც რომ თვისი კეთილი ნაყოფით გიხდის მადლობას, ამაზე უფრო სასიამოვნო რა უნდა იყოს. საუკეთესო თერაპიაა. პირდაპირ უებარი წამალია ყოველგვარი სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ. მიწასთან განმარტოებასაც თანდათან ეჩვევი. - (აქ  მიხვდა, რომ, თუკი ფიქრებით ამ ხაზს გაყვებოდა, საკუთარ ანტიდეპრესანტულ თეორიასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა და ისევ ვაზს დაუბრუნდა.) ამ დალოცვილს ფოთოლიც კი გემრიელი აქვს. რა გემრიელ ტოლმას აკეთებდა დედა. ამას წინათ მარი მალაზონიას გადაცემიდან მოისმინა, თურმე, რამდენ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, პექტინებსო, ვიტამინებსო და კიდევ ათასგვარ რამესო. წელსაც მოხუფა ნატომ რამდენიმე ქილა განაფურჩქნი ფოთოლი... დაიცა, ეს რამოდენა ნამხრევი დარჩენია მოსაშორებელი.

იმაზე ფიქრობდა, იმ 14 მილიადი წლის წინ წარმოშობილი ენერგიით საზრდოობს ახლაც ეს ვაზი. ამ ენერგიით კვებავს მზე, მიწა, და წყალი ყველას და ყველაფერს. ენერგია ხომ მუდმივია. ერთი სახიდან მეორეში გადადის ესაა და ეს. ვიკვებებით და ვკვებავთ, ჩვენი სხეულით. ნეტავ, ეს ფიქრები სად მიდის? ნეტავ ეს გრძნობები რა ენერგიაა?
ამაზე ხშირად უფიქრია ირაკლის. კიდევ უფრო ხშირად კი უოცნებია ყველანაირი ენერგია სასიკეთოდ გარდაექმნა და ადამიანისთვის სასარგებლოდ გამოყენების მარტივი გზები ეპოვა. მე-11-ე საუკუნეში ჩინეთში ქარის ენერგიას ეტლის მამოძრავებლად იყენებდნენო. რა კარგი იქნებოდა ახლაც რომ არსებობდნენ აფრებიანი მანქანები. წარმოიდგინე, რა მშვენიერება იქნებოდა აფრებიანი მანქანებით სავსე ქუჩები ამ ოხერ ქარს როცა მიაქვს ყველაფერი, მაშინ მაინც გამოიყენებდა კაცი და ცოტას დედამიწაც ამოისუნთქავდა. პრინციპში დედამიწისთვის სულ ერთია, რაც წიაღიდან გასცა, იმასვე დაიბრუნებს, მაგრამ ადამიანისთვის ხომ უკეთესი იქნებოდა.?! ძველად ქოხებს ნაკელით ლესავდნენო. ძველად კი არა აზიურ ქვეყნების სოფლებში ახლაც ასე იქცევიან თურმე. ზამთარში სითბოს ინარჩუნებს და ზაფხულში - სიგრილეს...კარგი რა, ირაკლი
რა დროს ნაკელია 21-ე საუკუნეში, რაებზე ფიქრობ! თუმცა სხვა ბუნებრივი საშუალებებიც იქნებოდა ძველად. ჩვენ ხომ ახალ აღმოჩენებთან ერთად ძველს ვივიწყებთ. ტურ ჰეიერდლი თვლიდა, რომ პოლინეზიის კუნძულებზე საუკუნეების წინ აკეთებდნენ ტრეპანაციას და იმპლანტად ქოქოსის ნაჭუჭს დგამდნენ. ეგვიპტეში კი 2 ათასი წლის წინანდელი, დახვეწილი ინსტრუმენტი აღმოაჩინეს, რითაც, თურმე კატარაქტის ოპერაციას აკეთებდნენ. ჩვენ კიდევ ჩვენი მიღწევები გვიკვირს. შე კაი ადამიანო, ჯერ მიღწეული შეისწავლე! წყლის და ქარის ენეგიის გამოყენება ხომ შეიძლება?! მზის სითბური ენერგიის გამოყენება ხომ შეიძლება?! თუ ყიდვა ძვირი ღირს, შენ რომ მთავრობა ხარ და საშუალება გაქვს, ჩადე თანხები, წაახალისე ახალგაზრდა გამომგონებლები. სავსეა ეს პატარა ქვეყანა გენიოსებით. სოფელი არაა, სადაც ჩანჩქერი არ მოჩქეფდეს. რომ მიადგები და ტყეებს კაფავ გიგანტური ჰესებისთვის, ააშენე რა, ბევრი პატარა ჰესი. არც მიწას ავნო და არც ჰაერს. ხომ შეიძლება არა? მაგრამ, ერთხელ რომ სკამებზე მოჯდებიან, მერე საკუთარი ჯიბის იქით ვეღარაფერს ხედავენ...
ეს ოხერი ჭანგა, როგორ ვერ მოსპო, ამ რიგში!

ჰო, ირაკლის ხელში რომ იყოს, დაარსებდა “სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობის სააგენტოს”. ჰმ, ახლა ამ სააგენტოს თანამშრომლები არჩენინე, კიდევ ხალხს! ან, რა "ირაკლის ხელში!" სხვებზე მეტ კეთილგონიერებას, ვითომ რით გამოიჩენდა.?! რამდენი რამე მიუქარია.
ახლაც კი, 22 წლის მერეც წითლდება რომ ახსენდება, როგორ მოღალატურად მოექცა ნატოს, როგორ ტომარასავით ჩატენა მანქანაში და მოიტაცა.არადა ბაღიდან მოყოლებული მეგობრობდნენ. 
ბაღიდან უყვარდა. ცხადად ახსოვს,  თამაშზე მაშინ თანხმდებოდა, თუ ნატო  ირაკლის დედა იქნებოდა. დათა მამა იყო. მისთვის ავბედითი გამოდგა ნატოს და დათას ვითომ-ვითომ ცოლ-ქმრობა. გაიზარდნენ და ნატო ყოველვის დათას ანიჭებდა უპირატესობას. როცა სამივენი ერთად იყვნენ, ირაკლის ვერც კი ამჩვევდა ნატო. ის კი მისით სუნთქავდა და საზრდოობდა. სულ მისი ხედვის არეში იყო ნატო. სულ ზრუნავდა მასზე, ისე, რომ, ხშირად ვერც კი გებულობდა გოგო, ამის შესახებ. ძალა კი ერთხელაც ვერ მოიკრიბა, რომ გრძნობებში გამოტყდომოდა. სულ ჩუმად უთხრიდა ძირს მის ურთიერტობას დათასთან. ვერ ახსენდება, მთლად კარგად მაშინდელი საქციელი. ურჩევნია, ამაზე არ იფიქროს...
ერთხელაც ადგა და მოიტაცა!
მაშინ ასე იყო. მიყვარდა ვინმე, მანქანაში ჩატენიდი და შენი ცოლი იყო. უყვარდი, სძულდი, არ ეკითხებოდი... როგორ იცვლება საზოგადოება. ახლა ხომ მასაც სამარცხვინოდ მიაჩნია ეს ტრადიცია! 
კიდევ კარგი, კეთილგონიერება ეყო და არ იძალადა. მაშინ ხომ სამუდამოდ დაკარგავდა ნატოს. მხოლოდ უგრძნობი სხეულის მფლობელი იქნებოდა.
დათამ გაიგო სად ყავდა წაყვანილი და ჩააკითხა. გოგომ დაინახა თუ, არა, მაშივნე გაიქცა და მანქანაში ჩაუხტა. 
დათა კი სძულდა ირაკლის, მაგრამ აღიარებს, რომ კარგი ვაჟკაცია. ყველაფერში მართალი და სწორი იყო, რას მაშინ ირაკლის ეძახა, ყველა მუშტი ალალი იყო, რაც მისგან მოხვდა. რას იზამ, ახალგაზრდა და უჭკუო იყო მაშინ, ლაჩარიც! 
15 წლის დაქორწინებულები იყვნენ, ნატამ რომ მეზობლის რძალთან შეუსწრო დათას და  ოჯახი დაენგრათ. კარგია, რომ შვილი არ ჰყავდათ, მისი ხათრით შეიძლებოდა ეპატიებია ნატოს. ირაკლიმ იქამდეც იცოდა დათას მექალთანეობის შესახებ, მაგრამ, ამჯერად არაკაცურად მოქცევა არ უნდოდა. 
7 წელი, ისევ კრძალვით  ზრუნავდა ირაკლი ნატოზე. ხანდახან ფრთხილად გადაუკრავდა სიტყვას თავის გრძნობებზე. როგორც იქნა დაარწმუნა ქალი წრფელ გრძნობაში და ცოლობაზე დაითანხმა.
ბედნიერია ირაკლი.”ასე მგონია, სულ შენ მიყვარდი და ვერ ვხვდებოდიო.”- ეუბნება ნატო. ვერავინ დააჯერებს ირაკლის, რომ ახალგაზედული სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე შუახნისა.
ღმერთმაც განსაკუთრებული წყალობა გამოიმეტა და 49 წლის ასაკში ბავშვი ჩაესახა ნატოს. ბავშვზე ოცნება ვერ კი გაებედა ირაკლის, ნატოს ქმრობითაც ზღაპარში ეგონა თავი.
ახალი, დიდი მოტივაცია და ულევი ენერგიის წყაროდ  გაუხდა ირაკლის ჯერარდაბადებული ბავშვი. ახლა მას საკუთარი, მზიანი სამყარო აქვს და განსაკუთრებით სჭირდება მათი სახლი - დედამიწა ჯანსაღი იყოს...
უჰ, რა დრო გასულა! აგერ, ნატოც მოგორავს, თავისი მრგვალი მუცლით. დაისვენე, ირაკლი, დაისვენე. წამოწექი კაკლის ძირში, სანამ მზე გადავა ეჭუკჭუკე ცოლსა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები