 | ავტორი: ჩესტერი ჟანრი: პროზა 9 ივლისი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
~~~ სანიმ პატარა პომიდორს ჩანგალი ისე ჩაასო, მისი ფიქრები მაიასა და თავის პირველ სეანსს არ მოშორებია. პირველივე ვიზიტიდან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მის თერაპევტს ბევრ კითხვაზე ექნებოდა პასუხი. სანიმ მაგიდის ქვეშ ფეხები აათამაშა და დედამისის მოწვდილი სალათი კიდევ ერთხელ გადაიღო. შეცვლა უფრო უნდა გინდოდეს, ვიდრე დაკარგული კონტროლის აღდგენა... უთხრა თერაპევტმა ცოტა ხნის წინ. ამოიოხრა და ეცადა ამ სიტყვებზე მეტად აღარ ეფიქრა. მე მამაცი არ ვარ... შეახსენა საკუთარ თავს, მაგრამ არასდროს აზრად გაუვლია ვინმესთვის ეთხოვა ესწავლებინათ როგორ გამხდარიყო მამაცი. იქნებ რამდენიმე წლით ადრე, იქნებ ხუთი, ან შვიდი წლის წინ რომ ეთხოვა დახმარება... მაგრამ იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, არავის უკითხავს სანისთვის კარგად იყო თუ არა. თუ ვერავინ ხედავდა სანის პრობლემას, თვითონ სანი როგორღა დაინახავდა? - აბა, წარმატებული იყო შენი დღევანდელი ვიზიტი? - იკითხა მამამ. ხმაში ეტყობოდა, რომ კითხვა რამდენჯერმე შეცვალა, სანამ ხმამაღლა გააჟღერებდა. - თუ იმას გულისხმობ განვიკურნე თუ არა, - სანი მოშორებით დადებულ კიტრის სალათს გადასწვდა და ჯერ დედამისს შესთავაზა, მერე კი თვითონ გადაიღო. - არა, მაგრამ რავი... უცნაური იყო... - გუშინდელზე უკეთ ხომ ხარ? - ჰკითხა დედამ და გაზიანი წყალი დალია. სანიმ მხრები აიჩეჩა. - სეანსები ოთხშაბათობით მაქვს, თებერვლის ჩათვლით. - ესე იგი, მარტში უკვე კარგად იქნები? სანიმ ჩაიფხუკუნა. - მეეჭვება, მაგრამ მაია ახლა ჩემი საუკეთესო შანსია, უფრო სწორად ერთადერთი შანსი. შენი ნაცნობი თუ იყო არ ვიცოდი... - თქვა სანიმ სხვათაშორის და მამას ინტერესით გახედა. მამა შესამჩნევად დაიძაბა. - ცენტრის კედლებიდან არაფერი გავა... - თქვა ბოლოს, როცა მიხვდა, რაზე შეიძლებოდა მამა დაძაბულიყო. ნერწყვი გადაყლაპა და ყველი დააქუცმაცა. - ძალიან კარგი, - თქვა მამამ, საუბარი მიატოვა და თავის თეფშს მიუბრუნდა. მამამისისგან განსხვავებით, დედა კვლავაც სკეპტიკურად უყურებდა მასაც და მის თეფშსაც. ახლა უკვე როცა დედამაც იცოდა მისი ავადმყოფობის შესახებ, უფრო გაუძნელდებოდა ყველაფრის დამალვა. მისდა საბედნიეროდ, დედამისი ყოველთვის მხოლოდ იმას ხედავდა, რისი დანახვაც უნდოდა, ხოლმე. თუ სანი თავს ისე მოაჩვენებდა, თითქოს პროგრესი ჰქონდა, დედაც აუცილებლად დაიჯერებდა. სანი ყველაფერზე წავიდოდა, ოღონდ დედამისს ისე არ შემოეხედა, თითქოს დამოუკიდებლად სუნთქვაც არ შეეძლო. მამამ თავის ბიზნესზე წამოიწყო საუბარი, თუმცა სანი მშობლების საუბარში აღარ ჩარეულა. ფიქრებით სულ სხვაგან იყო. იქით კვირას გეგეს ნახავდა. გეგეს მის ცოლ-შვილთან ერთად. სანის სიტყვა ოჯახის წარმოდგენაზე, თვალწინ ყოველთვის თავისი ბიძაშვილი, გეგე, მისი ცოლი ნატო და ტყუპები - ენე და ნანუკა წარმოუდგებოდნენ ხოლმე. მერე ყურებამდე შეყვარებული ნიკუშა გაახსენდა, რომელსაც ჯერაც ვერ გადაეწყვიტა როგორ ეთხოვა ხელი თავისი შეყვარებულისათვის. მერე ფიქრებით ნანოსთან გადავიდა, რომელიც სულ მალე დედა გახდებოდა და რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, ნანოს დეიდაშვილიც გაახსენდა, რომელმაც მოახერხა და იგივე ავადმყოფობა დაძლია. სანი ბედნიერი იყო მათი ბედნიერებითა და წარმატებით. თავისი მეგობრების სახეებზე ღიმილს ხედავდა და მათი ჩრდილქვეშ აგრძელებდა სიარულს, იმ იმედით რომ დადგებოდა ის დროც, როცა მასაც ასეთი ბედნიერი და ლაღი ცხოვრება ექნებოდა. სანიმ საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ თერაპია პირველი ნაბიჯი იყო ამ ცხოვრებისაკენ. ვახშმობის ბოლოს სანის მშობლებმა მის მოსუფთავებულ თეფშს იმედით სავსე თვალებით გახედეს, თითქოს თერაპევტთან ერთი სეანსით სანის ყველა პრობლემა, ყველა შიში თუ ყველა მავნე ჩვევა უკვალოდ გაქრებოდა. - მოვრჩით? - იკითხა სანიმ და გაღიმება სცადა. დედამ თავი დაუქნია. სანიმ წყლის ნახევრადცარიელი ბოთლი აიღო და ოთახიდან გავიდა. ფეხებმა გაქცევა აიძულეს, მაგრამ თავი შეიკავა და ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეს თავისი ოთახისაკენ, სადაც ყველაფერი თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. თავს გაშიშვლებულად გრძნობდა. წყლის ბოთლი ჩაბღუჯა, საძინებლის კარი მიხურა და ჩაკეტა. საკუთარ ოთახში შესულმა და იმის გააზრებამ, რომ შეეძლო სტრესი მისთვის ერთადერთი ნაცნობი ხერხით მოეხსნა, ცოტა სიმშვიდე მოგვარა. სააბაზანოში გასულმა წყლის ბოთლი ბოლომდე აავსო, სცადა საკუთარი ანარეკლისთვის ყურადღება არ მიექცია. რამდენიმე წუთს უყურა ბოთლს და ბოლოს მთელი წყალი ერთ მოყუდებაზე ჩამოცალა. ცივმა წყალმა საჭმლის გემო ცოტათი გაუნეიტრალა. ბოთლი ხელმეორედ აავსო და ნახევარი ჩამოცალა. მაჯით პირი მოიწმინდა და ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო. ძაფივით ახლართული ფიქრების გასაშლელად თავი რამდენჯერმე გააქნია და საკუთარ ანარეკლს თვალი გაუსწორა. აბაზანიდან გამოსულმა ჯემპრი გადაიძრო და სავარძელზე მიაგდო. კედები კართან მიაწყო და ისევ სააბაზანოში დაბრუნდა. კარის ზღურბლთან გაჩერდა და პირდაპირ თავის თავს შეეჯახა, ჩუმად შეიკურთხა და უკვე მერამდენედ ინანა, რომ მშობლების სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედამისი გიჟდებოდა სარკეებზე, დეკორატიულ თუ ჩვეულებრივ სარკეებზე, სახლში დაბრუნებულს სადაც არ ეგონა ყველგან სარკე დახვდა, თითქოს ბედი განგებ დასცინოდა და ცხვირწინ საკუთარ თავს აჩეჩებდა, აი, რად იქეციო. სააბაზანოს განათებამ ყველა ნაკვთი გამოუკვეთა და ტუჩი ზიზღით მოებრიცა. შუქის ჩაქრობა გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი ამ სისუსტის დროს არ დაენახა, მაგრამ გადაიფიქრა. პირსაწმენდი აიღო, რამდენჯერმე გადაკეცა და უნიტაზის წინ დაფინა. საჯდომი ახადა და თითებში ფაიფურის ნაცნობი სიგრილე იგრძნო. მუხლებზე დამდგარი გვერდით მიბრუნდა და პირსაბანის ქვეშ პატარა კარადა გამოაღო, ხელით ხელსაწმენდებსა და საოჯახო ქიმიებს შორის გზა გაიკვლია და ცოტა ხნის წინ დადებულ შავ ცელოფანს მიაგნო. სანიმ ცელოფანში ჩაყრილ ტოფიტებს დახედა და გონებაში მაიას ხმა გაიგო. რვა სანის სძულდა ის ფაქტი, თუ როგორი ნაცნობი და ახლობელი იყო მთელი ეს რუტინა მისთვის. შეეძლო, ცელოფანი ისევ დაემალა, საბნის ქვეშ შემძვრალიყო და მანამდე დამალულიყო პატარა ბავშვივით, სანამ გაუსაძლისი სურვილი დიდი ბუასავით არ გაიძურწებოდა მისი ოთახიდან. მაგრამ სურვილი ისევ დაბრუნდებოდა და მეორე ჭამამდე იმ გაცდენილ შანსზე იფიქრებდა, რომელიც ვერ გამოიყენა. მერე კი მთელი ეს მახინჯი პროცესი, ისევ თავიდან დაიწყებოდა. სანიმ ტოფიტა გაფრცქვნა და ნახევარი ჩაკბიჩა. ხუთი წამიც არ დასჭირვებია, რომ ყელში ნაცნობი ძალა მოაწვა. ტოფიტა ბოლომდე გადაყლაპა, უნიტაზზე გადაეყუდა და მუცელში ბიძგები იგრძნო. პირველმა შეტევამ ყელი ჩაუწვა. უნიტაზს მაგრად ჩაეჭიდა და ნახევრადმოუნელებელი საჭმელი ამოასაქმა. სანამ ჰაერს ჩაისუნთქავდა, ბიძგი უფრო მაგრად იგრძნო. პირში ნაღვლის გემოზე საშინელი არაფერი იყო, მაგრამ მთელი ამ სიმძიმისგან დაცლა ისეთ ეიფორიას იწვევდა მასში, რომ გემოზე აღარ უფიქრია. უნიტაზს ისევ მაგრად ჩააფრინდა, მუხლები პირსაწმენდზე გაიმაგრა, რომ არ ასრიალებულიყო და შემდეგი შეტევისთვის მოემზადა. პირველი ბიძგი იყო საშინელი, თორემ მერე ყველაფერი იოლად მიდიოდა. ჰაერის ჩასუნთქვა სცადა, მაგრამ ზუსტად იმ დროს დააწყებინა ღებინება და ნარწყევი ცხვირში აუვარდა. ცხვირის ნესტოები ჩაეწვა და ხველება აუტყდა. ცალი ხელით ბრმად ხელსახოცები მოიწოდა და პირი მოიწმინდა. მოწმენდა ძლივს მოასწრო, რომ წელი ისევ წინ გადაზნიქა და პირი ფართოდ გააღო. მთელი ეს პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მის გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა, რაც შეიძლებოდა მალე მოეშორებინა მთელი სიმძიმე თავისი ორგანიზმიდან. თვალები ცრემლებით აევსო, ოღონდ ბოლომდე ვერ მიხვდა, ფიზიკური ტკივილისგან თუ დამცირებისგან. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, რომ თავისი სიზმრების განუყრელი მობინადრის სისინა ხმა ჩაესმა. "ჰო, გაიქეცი ტუალეტში, უნიტაზში ჩაეყუდე ნეხვივით, სადაც შენი ადგილია!" სანი მთელი ტანით ცახცახებდა. მისი კუჭი ცარიელი იყო. კიდევ რამდენჯერმე გაიჭინთა, მაგრამ აღარაფერი ამოუვიდა. აკანკალებული თითებით კიდევ ერთი ტოფიტა გახსნა, მაგრამ ხელიდან გაუვარდა და სადღაც შეგორდა. მერე მეორე აიღო და პირში ჩაიჩარა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და პირსაბანს მიეყუდა. თავბრუ ეხვეოდა და სახე უვარვარებდა. ცხვირიდან ცინგლი ჩამოუვიდა და ხელით პირთან შერჩენილი წვეთები მოიწმინდა. მერე იტირა. არც რამე მოძალებული ცრემლი უგვრძნია, არც თვალები აწყლიანებია. სანის საკმარისი ძალა აღარ ჰქონდა, რომ თავი შეეკავებინა. თავი სძულდა, რომ მაიას ასე უცრუებდა იმედებს. თორმეტი საათიც არ იქნებოდა გასული მათი სეანსიდან, რომ სანი ისევ იმ ჩვევებს დაუბრუნდა, რომლისგან თავის დახსნასაც ცდილობდა. ყველას იმედებს უცრუებდა, მშობლებს, მეგობრებს, თავის თერაპევტს და ნუცა აბაშიძესაც კი, რომელსაც რომ გაეგო სანი ასე ასრულებდა ყოველ საღამოს, ალბათ ვერ დაიჯერებდა და სიცილით მოკვდებოდა. პირსაბანის წინ დადგა და სახეზე ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა. პირი გამოირეცხა და კბილები მენთოლიანი კბილის პასტით გამოიხეხა. წინდები გაიძრო და ცხვირი მაჯით მოიწმინდა. ცხელი წყალი მოუშვა და გახდილი შარვალი ძირს დააგდო. ურჩად ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა ხან ერთი მაჯით, ხან მეორეთი. მოშვებულ ონკანს ზურგი შეუშვირა და ნელ-ნელა დაჯდა. მერე მოიკუნტა, შუბლი მუხლებს დაადო. ტირილისგან მხრები უთრთოდა. ტრაპი ქუსლით დააცო და დააკვირდა როგორ იმატებდა წყლის დონე მის გარშემო. სითბომ მთელ ტანში დაუარა. მერე ფეხი ისევ აუშვა და წყალი ხრიალით გავიდა მილებში. რვა წელი და სამი თვე არიდებდა თავს საჭმელს და რვა წლისა და სამი თვის განმავლობაში ამას მშვენივრად ახერხებდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ღებინება დაიწყო და მისმა სხეულმაც აჯანყება არ დააყოვნა. მაიამ უთხრა, რომ ანორექსია ყველა ადამიანს შეიძლებოდა დამართნოდა, მაგრამ ამ მომენტებში სანის ადამიანურისა არაფერი ეცხო. "გაწმენდა" ერთგვარი კაიფი იყო სანისთვის, რადგან ამით ყველა იმ ტვირთს იშორებდა, რომელიც აწუხებდა. ყველაფერი იმისგან იცლებოდა, რაც მამას მისთვის უღირსად მიაჩნდა. "გაწმენდამ" სანი მოაშორა, მაგრამ ჭკადუა დატოვა, ჯადოსნური საშლელივით, ყველა ის ნაწილი მოშალა მასში, რისი დანახვაც არ სურდა. სანი სავსე ვერ იქნებოდა, საჭმლის ჭამა კი, ნიშნავდა სავსედ ყოფნას. სანი ამისთვის მზად არ იყო. არ იყო მზად ეკეთებინა ის, რასაც ჩვეულებრივ ადამიანები აკეთებდნენ, არ იყო მზად საკუთარი ემოციები გაეაზრებინა და ბოლოსდაბოლოს გაეგო, თუ რატომ ქენჯნიდა სინდისი ასე ან რატომ გრძნობდა ამხელა რისხვას ან ყველამ იმ გრძნობას, რომელთაც შიშით სახელებსაც ვერ არქმევდა. ყველგან, სადაც არ უნდა გაეხედა, საკუთარ მარცხს აწყდებოდა. საკუთარ ოთახშიც კი, სადაც დიდი საწოლი იდგა, ორისთვის. სანიმ ის ერთადერთი ადამიანი დაკარგა, რომელიც მართლა უყვარდა და რომელთან ერთადაც მომავალი წარმოედგინა, სწორედ ამ საზიზღარი უშნო სახელიანი დაავადების გამო. მაგრამ ყველაფერს ბოლოს ერთ დასკვნამდე მიჰყავდა. სანი ამას საკუთარ თავს თვითონ უკეთებდა. ფეხი ისევ მიაჭირა ტრაპს და წყალიც მალევე შემოადგა ტანზე. ხელები ფეხებზე მაგრად შემოიჭდო და აღარც უცდია ცრემლებს გასძალიანებოდა. როცა წყალმა ლამის პირთამდე მიაღწია, სანიმ ფეხი ისევ აუშვა და მისი ზლუქუნი წყლის თქარუნმა გადაფარა.
~~~
ხუთშაბათს დილით საწოლიდან არ ამდგარა. მძიმე, ზამთრის საბნების ქვეშ იდო გაუნძრევლად. სამისკენ წამოდგა და საბნიანად გავიდა სააბაზანოში. პირველი რაც თვალში მოხვდა, შუბისტარებივით გამოშვერილი თმები იყო, ხელით გადასწორება სცადა და ონკანი მოუშვა. თვალებდასიებულმა სახე ჯერ ხელით მოისრისა და გამოსაფხიზლებლად ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა. კბილებს რომ იხეხავდა, ისევ იმ საზარელმა გრძნობამ აიტანა, მშვენივრად ახსოვდა, რომ გუშინ ყველაფერი ბოლომდე ამოანთხია, თუმცა სინდისის ქენჯნა ისევ იქ, მაგრამ სანის მუცელში აღარფერი დარჩა ამოსანთხევი. მთელი დღის საწოლში გატარება არ უნდოდა, მაგრამ სხვა არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. აბაზანის ფილაქანზე დაგდებული შარვალი სარეცხის ყუთში ჩააგდო და კარადიდან სპორტული შარვალი გამოიღო. მაისური ჩაიცვა, მაგრამ სიცივემ მალევე აიტანა და ზემოდან თბილი ჯემპრი გადაიცვა. ისევ საწოლზე დაწვა და მოიკუნტა. რამდენიმე საათი კიდევ არწმუნებდა საკუთარ თავს, სარბენად არ წასულიყო. გადაწყვიტა, მაიასთვის ეკითხა ჰქონდა თუ არა სირბილის უფლება. კარზე დააკაკუნეს. დედამისი ისე შემოვიდა ოთახში, მის შემოპატიჟებას აღარ დალოდებია. დედამ ცალი ხელით ფარდები გადაწია და ბოლოს მისკენ შებრუნდა. - როგორ ხარ? სანიმ რაღაც ამოიბურტუნა, თუმცა დედამ მხოლოდ ზმუილი გაარჩია. - კი გითხარი, მაშინ მოდი ჩემთან სალაპარაკოდ, როცა მზად იქნები მეთქი, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ ჯერაც შორს გიჭირავს თავი ჩემგან... სანიმ თვალი გაახილა და მის ფერხთით მჯდომ ქალს გახედა. - რავი.. ალბათ მაგიტო. აღარ მინდა შენი იმედგაცრუების მიზეზი მე ვიყო, დედა. დედამ თავი დახარა, კალთაში დადებულ თუთით სავსე ჯამს დახედა, მერე სანის გაუღიმა და გაუწოდა. გაახსენდა ბავშვობაში, როგორ ბრუნდებოდა ხოლმე შავი თუთით ამოთხვრილი სახლში, მერე დედა საგულდაგულოდ დაბანდა ხელ-პირს და სუფთა სახეს დაუკოცნიდა. ხანდახან საკუთარი მოგონებების ავთენტურობაში ეჭვი შეეპარებოდა, ხოლმე, მის წინ მჯდომი ქალი, ის დედა აღარ იყო, რომელიც საღამოობით მისთვის ცეკვავდა, მაგრამ აღარც სანი იყო ის სანი, ვისი ერთადერთი სადარდებელიც ეზოს გუბურაში გაჩენილი ბაყაყების დაჭერა იყო, ჰო, და აღარც თუთა იყო შავი... ბოლოს გაეღიმა და დიდ თეთრ თუთას დასწვდა. - მინდა კარგად გახდე... - დაიწყო დედამ. - მაგრამ ჩემთან და მამაშენთან ერთად აღარ ისადილო... სანიმ წარბი აწია. - მეგონა, ზუსტად ეგ გინდოდა, რომ ჩემთვის თვალი იოლად გედევნებინა. - ჰო, მართალია. - აღიარა დედამ, ფეხი ფეხზე გადაიდო და თუთა პირში ჩაიგდო. - მაგრამ უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ ის რაც მე მინდა, შეიძლება საერთოდ არ იყოს კარგი შენთვის. უკვე ვიცი, რომ დრო გჭირდება გამოსაჯანმრთელებლად და გაგიძნელდება თუ ხელში ჩანგლის ყოველი აღების დროს ჩემი და მამაშენის დაჟინებულ მზერას იგრძნობ... სანიმ ქალი შეათვალიერა. მისდა გასაკვირად, არც ვარცხნილობა ჰქონდა გაკეთებული და უბრალო გრილი საზაფხულო კაბა ეცვა. დედას გრძელ ნაწნავს ეტყობოდა, რომ დიდი ძალისხმევა არ ჩაედო მის გაკეთებაში. დედას გარეგნობას წლებმა ვერაფერი დააკლო, მაგრამ სანიმ მაინც შეამჩნია, რამდენიმე ნაოჭი მის სახეზე და სევდა თვალებში. - შენ უკეთ გესმის ჩემი, ვიდრე მას... - თქვა სანიმ ბოლოს. - მართალია, დაეთანხმა დედამისი და თუთა შეჭამა. - მამაშენი ემპათიის უნარის გამო არ შემყვარებია, სანი. ორმოცდაათი წლისაა და ნუგეში და სხვისი ემოციების განცდა რა ხილია, ჯერაც არ იცის. - ქალმა ჩაიფხუკუნა. - რატომ შეგიყვარდა? - ძალაუფლება! - თქვა დედამ. - მასაც ის უნდოდა, რაც მე. მამაშენი ახალგაზრდა და ამბიციური იყო, მისმა იდეებმა და სამომავლო გეგმებმა დამატყვევა. ახლა რომ მკითხო, მაგ იდეების უმეტესობა საშინლად სულელურია, მაგრამ მაშინ... - დედამ თვალები მოწკურა და თუთა ემჟავა. - თან ისეთი სიმპათიური იყო, იმ თავისი გრძელი თმით! - დედას უცებ თვალები აენთო. სანიმ ამაზე თვალები გადაატრიალა და თუთა გამოართვა. - დეტალების გარეშე, გთხოვ... - ჩაიბურტყუნა და თასს დახედა. - შენი ავადმყოფობა ადრევე უნდა შემენიშნა... - თქვა დედამ, სანის თმაში ხელი ნაზად გაატარა და შუბლი შეკრა, როცა რამდენიმე ღერი თმა გამოჰყვა თითებში. - ახლა ერთადერთი ის დამრჩენია, შენი გამოჯანმრთელების პროცესი შეგიმსუბუქო... - დედა თმაზე ეფერებოდა. - თუნდაც ეს შენს ოთახში თუთის ყოველდღე ამოტანას ნიშნავდეს... - არ ვიცი რა მინდა ან რა მჭირდება, - აღიარა ბოლოს. - შეიძლება მარტო ჭამამ მიშველოს, ან რავი, იქნებ რამე სხვა ვცადო... დედამ თავი გააქნია. - მასე ნუ ფიქრობ. საკუთარი თავისგან მაღალი მოლოდინები იმიტომ ნუ გექნება, რომ მე ან მამაშენს გვასიამოვნო. ჰო, ვიცი... ვიცი, რომ ახლა სხვანაირად ვამბობ და შეიძლება სულაც არ დამიჯერო, მაგრამ მე საკუთარი შეცდომებისგან ვისწავლე. ეს გზა შენით უნდა გაიარო, სანი, თუ არადა კარგად მხოლოდ იქამდე იქნები, სანამ ჩვენ სიამოვნებას შეძლებ. ვიცი, თავს დაბნეულად და გზიდან აცდენილად გრძნობ, ალბათ იმიტომ, რომ იმას ძალიან დაშორდი, რაც გინდა რომ იყო... ყველა გზის მობრუნება შეიძლება, სანი, მაგრამ ნუ იჩქარებ, კაი? იცი, რომ სხვის დარბაზში ვერასოდეს ვცეკვავდი? შენც ჩემსავით, უცხო დარბაზში ამოყავი თავი და ამიტომ ვერ გაგიგია რა გააკეთო... სანიმ თავი დაუქნია და დედამისს ჩახუტების უფლება მისცა. - მაინც ვფიქრობ, რომ შენ და მამას იმედები გაგიცრუეთ, მაიამ თქვა რომ შეიძლება წელიწადი ან უფრო მეტიც დამჭირდეს, ისეთი დაშლილი ვარ, რომ წელიწადი მჭირდება, დედა... მე ვუთხარი, რომ მინდა თავი ისევ ნორმალურად ვიგრძნო, მაგრამ აღარ მახსოვს რა არის ნორმალური. ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან შორს შევტოპე და ვეღარასდროს გამოვკეთდები - ბოლოს ყველაფერი მთავრდება, სანი... არასოდეს იცი რა მოხდება... ამ ცხოვრებისგან რაც ვისწავლე, ერთდაერთი რაც ბოლომდე რჩება ოჯახია, ჩვენ სამნი, სანი. მე და მამაშენმა ეს ერთხელ უკვე დავივიწყეთ, მაგრამ მეორედ იმავე შეცდომას აღარ გავიმეორებთ! რაც საჭიროა, იმას გაგიკეთებთ, თუნდაც ეს ცოტა ხნით გვერდზე გადგომას ნიშნავდეს... - კარგი.. - თქვა ბოლოს დაღლილმა. მთელი სხეული ენერგიისგან იყო დაცლილი. - სანი, თუ ოდესმე ჩემ სიყვარულში დაეჭვების საბაბი მოგეცი, მაპატიე. არც ჩემთვის და მითუმეტეს არც მამაშენისთვის იმედები არ გაგიცრუებია. გამოკეთდი, კარგი? ხომ ეცდები? უბრალოდ სცადე კარგი? უბრალოდ სცადე...
~~~ სანიმ გადაწყვიტა მაიას მიცემული დავალება "რვა" პირნათლად შეესრულებინა. ოთხშაბათს ერთი "გაწმენდისა" და ხუთშაბათს გამოტოვებული საუზმის გამოკლებით, ექვსი რჩებოდა. ოღონდ ეს ექვსი რა იყო, ვერ გაეგო. ყველაზე შემაწუხებელი ფაქტი მისთვის ის იყო, რომ სახელს ვერ არქმევდა იმას, რაც მის თავს ხდებოდა. ყოველ ჯერზე, როცა ერთი ნაბიჯით უახლოვდებოდა საკუთარი მდგომარეობის ახსნას, მაშინვე რაღაც ძალა ორი ნაბიჯით ახევინებდა უკან. გადაწყვიტა, რომ რუტინა სჭირდებოდა, რუტინა მაიას დავალებების წარმატებით შესასრულებლად. მამამისის კაბინეტიდან, სუფთა ბლოკნოტი აიღო და თავისი "განრიგის" შედგენას შეუდგა. პარასკევი შვიდის ნახევარზე გაეღვიძა, საუზმეზე ერთი ტოსტი შეჭამა, რამდენიმე პატარა პომიდორთან ერთად. მერე სპორტულები ჩაიცვა და იქამდე ირბინა სახლის გარშემო, სანამ არ დაავიწყდა, რომ ჭამა. სადილი გამოტოვა. შაბათი ათის ნახევარზე გაიღვიძა. ლანჩზე საზაფხულო წვნიანი შეჭამა. მზე ისე აჭერდა, გარეთ გასვლა არც უფიქრია. თავის ოთახში ავიდა და ერთი კედლიდან მეორე კედლამდე სიარულში იატაკი გაცვითა. სადილი ისევ გამოტოვა. კვირა სანი პირველ საათამდე ლოგინში იწვა. სადილზე კიტრი, რამდენიმე პატარა პომიდორი და სალათის ფოთლები ჭამა. სადილი ესიამოვნა, რამდენი სალათის ფოთოლიც არ უნდა ეჭამა, ვერაფერს გრძნობდა. ვახშმამდე წიგნის კითხვა გააგრძელა, რომელსაც უკვე ერთი თვეა კითხულობდა და ჯერაც ვერ დაემთავრებინა. ვახშმად დარჩენილი სალათი მიირთვა. ორშაბათი ხუთის ნახევარზე სინანულმა გააღვიძა. ნანობდა გუშინ ორჯერ ნაჭამ საჭმელს. ყოველდღე ასე თუ გააგრძელებდა, წონაში მოიმატებდა და ხალხსაც უფრო მეტ საბაბს მისცემდა მის გასაკიცხად. ექვსი ხდებოდა, რომ უნიტაზზე გადაყუდებულმა შვებით ამოისუნთქა. არადა, გუშინ კარგად იყო. ზოგჯერ იყო დღეები, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მერე დაწვებოდა და... მეორე დღეს ისეთი დამძიმებული იღვიძებდა, თითქოს ლოდები ჰქონოდა გადაყლაპული. სადილი გამოტოვა. სამშაბათი ჯერ ისევ საწოლში იწვა, რომ მისმა ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა. არ უპასუხია. მერე მესიჯები მოჰყვა ერთმანეთს. ნანო იყო. 11:03 san gamomiaree 11:03 salonis gaxsnas avghnisgnavt chemtan rvisken 11:04 araferi wamoigho, isets aravis velodebi 11:05 chemi deidashvilic iqneba.. სანიმ პირზე ხელი მოისვა და მესიჯები რამდენჯერმე გადაიკითხა. ბოლო მესიჯი რომ წაიკითხა, გულისცემა ოდნავ აუჩქარდა მოლოდინით. ინტერესი ღრღნიდა ენახა მეორე პიროვნება, რომელსაც იგივე დაავადება სტანჯავდა. საწოლში წამოჯდა და ასაკრეფად გამზადებული ტექსტი რამდენჯერმე წაშალა. 11:12 კაი. მოვალ დაწერა ბოლოს და თვალები ხელისგულებით მოისრისა.
~~~ შხაპის მერე მუსი ზუსტად ისე დაიდო, როგორც ნანომ ასწავლა, მაგრამ ისე კარგად არ გამოუვიდა. წასვლის წინ ტანსაცმელი რამდენჯერმე გამოიცვალა. ბოლოს არჩევანი ზოლიან მოკლემკლავიან მაისურსა და ღია ლურჯი ფერის ჯინსზე შეაჩერა. შარვალზე ქამრის შემოჭერა დასჭირდა. სარკეში თავი აათვალ-ჩაათვალიერა. მაისურში ერთი თავისნაირი კიდევ ჩაეტეოდა. თმაზე ხელი გადაისვა, კარადიდან შავი კეპი გამოიღო და რამდენჯერმე მოისინჯა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ კეპი უხდებოდა. შვიდი ხდებოდა, რომ უკვე ნანოსთან იყო. ადრე მისვლა ერჩივნა, ვიდრე დაეგვიანა და სუფრასთან მსხდომი ხალხის ყურადღება მიექცია. ნანოს ბინასთან მდგომმა ტანსაცმელზე ხელი რამდენჯერმე დაისვა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ღვინის ბოთლი იღლიაში ამოიდო და ზარი დარეკა. - მწვანე მომიტანე? სანი ბოლომდე დარწმუნებული არ იყო ნანოს ასე ძალიან მისი დანახვა გაეხარდა თუ ღვინის ბოთლის, თუმცა სახეგაბადრული ქალის დანახვაზე მასაც გაეღიმა. ნანო სასწრაფოდ დაფაცურდა, სანი შემოიყვანა, შემოსასვლელში გააჩერა. ჯერ გადაკოცნა, მერე, ღვინის ბოთლი გვერდით ტუმბოზე დადო და კარგად აათვალ-ჩაათვალიერა. სანიმ კეპი მოიხადა და მისთვის თვალის გასწორება სცადა. ნანომ დატკეპნილი ქოჩორი აუჩეჩა და გაუღიმა. - უსამართლობაა ასეთი სიმპათიური რომ ხარ! - თქვა ბოლოს ნანომ, სანიმ ჩაიფხუკუნა და თვალები გადაატრიალა. - მეგონა უარს მეტყოდი... - მეც მასე მეგონა... - აღაიარა სანიმ, ქალს თვალს ისევ ვერ უსწორებდა. - ამ ბოთლს შევინახავ, თორემ ჩემი ქმარი სულ გამოცლის, მე კიდე ღვინო ისე მენატრება, ვერ წარმოიდგენ! სანიმ თავი დაუქნია, ხელები შესამჩნევად გაუოფლიანდა. ჯინსზე რამდენჯერმე დაისვა და სცადა არ ენერვიულა. ყველა უზენაესს არსებას სთხოვა ბევრი ხალხი არ ყოფილიყო, - თაზო მაღაზიაშია ჩასული, წესით ცოტა ხნის წინ უნდა მოსულიყო უკვე, დაბლა ჰო არ შეგხვედრია? - ნწ ნანო წინ გაუძღვა სანის, პატარა დერეფანი გაიარეს, სანიმ გაშლილი სუფრა დაინახა. მაგიდასთან არავინ იჯდა და შვებით ამოისუნთქა. - წამო ვინ უნდა გაგაცნო! - თქვა ნანომ, სანის ხელკავი გამოსდო და აივანისკენ წაიყვანა, სადაც ფარდებს შორის ფიგურა დალანდა. იცოდა ვინც იქნებოდა. - ანუკა, აი, ჩემი სანი მოვიდა! - თქვა ნანომ ამაყად. - სანი, გაიცანი ანუკა, ჩემი დეიდაშვილი. სანიმ გაბედა და მის წინ მდგომ ქალს შეხედა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა დიდი, ფლორენცია! მალე დავამატებ შემდეგ თავს, იმედია გაგიმართლებს იმედებს! მადლობა დიდი, ფლორენცია! მალე დავამატებ შემდეგ თავს, იმედია გაგიმართლებს იმედებს!
2. ინტრიგა ჩაგდებულია. ველოდებით გაგრძელებას. წარმატებას გისურვებ ჩესტერ 5 ჩემგან და დიდი გულშემატკივრობით ველი შემდეგ თავს. ინტრიგა ჩაგდებულია. ველოდებით გაგრძელებას. წარმატებას გისურვებ ჩესტერ 5 ჩემგან და დიდი გულშემატკივრობით ველი შემდეგ თავს.
1. წამო ვინ უნდა გაგაცნო! - თქვა ნანომ, სანის ხელკავი გამოსდო და აივანისკენ წაიყვანა, სადაც ფარდებს შორის ფიგურა დალანდა. იცოდა ვინც იქნებოდა. - ანუკა, აი, ჩემი სანი მოვიდა! - თქვა ნანომ ამაყად. - სანი, გაიცანი ანუკა, ჩემი დეიდაშვილი. სანიმ გაბედა და მის წინ მდგომ ქალს შეხედა. ამ ნაწილში ეს არის საინტერესო, წამო ვინ უნდა გაგაცნო! - თქვა ნანომ, სანის ხელკავი გამოსდო და აივანისკენ წაიყვანა, სადაც ფარდებს შორის ფიგურა დალანდა. იცოდა ვინც იქნებოდა. - ანუკა, აი, ჩემი სანი მოვიდა! - თქვა ნანომ ამაყად. - სანი, გაიცანი ანუკა, ჩემი დეიდაშვილი. სანიმ გაბედა და მის წინ მდგომ ქალს შეხედა. ამ ნაწილში ეს არის საინტერესო,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|