ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2020


სხვა ადრესატი


ერთხელ მეგობარს ველაპარაკე,
იმ ჩვეულებრივ მომდევნო დღეზე,
როდესაც უნდა დამეცალა მომარაგების სანახევროდ სავსე მანქანა.
ყველა პროდუქტი სახეობის მიხედვით, ისე
უნდა დამეწყო კუთვნილ ადგილას,
რომ მიმღებისთვის აღწერა და გაკონტროლება
იმაზე რთული არ გამხდარიყო,
ვიდრე პირამდე სავსე ტომრების
საგულდაგულოდ დასაწყობება.
ყოველ მისვლაზე ორი ან სამი
გახარებული ადამიანი ელოდებოდა სავსე მანქანის
სასადილოს უკან შემოსვლას.
ჩვენი ყოველი გამოჩენისას
გამშვები პუნქტის კონტროლიორი
მოპრუწულ ტუჩებს მოსალმებამდე
ფორმას უცვლიდა.
ორი ან სამი ბედნიერი ადამიანი
დასახმარებლად იჯგიმებოდა,
რამოდენიმე ლარის სანაცვლოდ
ან უფრო მეტად იმის სათქმელად,
რომ ახლობლები წასაყვანად ემზადებიან,
რომ სახლში დღეს ან ხვალ მშვიდობით დააბრუნებენ.
ძლიერმოქმედი აბებისგან დამშრალ სხეულებს
ახალდარგული ნერგებივით აშრიალებენ.
ეზიდებიან მსუბუქ საზიდარს.
ერთი იხსენებს, როგორ აღმოჩნდა
წლების წინ ამ შენობაში,
მშობლები როგორ გარდაეცვალა.
მამიდამ როგორ გაუყიდა ნაქონი სახლი.
მას მერე აღარ ითვლის რამდენ წელს
გამოესალმა მეხსიერება.
შემდეგი თითქმის არ ლაპარაკობს.
კვირაში  ერთხელ
უიმედოდ წაიბუტბუტებს
- ხვალ ჩემები უნდა მოვიდნენ.
თითქოს სხვა ფრაზებს მნიშვნელობა ამოეწურათ მეტყველებაში,
ან გეგონება მთელი რწმენის ნაფოტებს აშრობს თეთრი თვალებით,
რომ შეეცადოს ცეცხლის დანთებას.
გამოუვა თუ არ გამოუვა აღარც კი ფიქრობს.
იქნებ მთავარი არის კვამლი ახრჩოლდეს ერთხელ.
იქნებ სუნთქვის შეწყვეტასაც
გაბრუებული მოლოდინით
უკანასკნელი რხევა დასტყუოს.
მეგობარმა კი რომელსაც ამ ყველაფერზე ველაპარაკე,
რატომღაც ლექსი მე დამიწერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები