ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2020


ცვლილების

როგორღაც უნდა შეამჩნიო  ადამიანში,
რა ცვლილებების ეტაპი დგება.
მერცხლები როცა მიწის მიმართ ფრენის სიმაღლეს 
ამცირებენ და  მიჰყვებიან მწერებს კვალდაკვალ,
ამ დროს ხომ წვიმა არის უკვე მოსალოდნელი?
რაღაც ცვლილებებს ასე იმჩნევს ადამიანიც.
ან ისე ფარავს,
მრავალი თვალის გამოცდილი მზერაც ტყუვდება,
თუმცა არსებობს გამოსავალი.
წარმოვიდგინოთ ბედისწერის უკუღმართობა,
ან მივიჩნიოთ რომ ის არის უკუღმართობა,
რაც ირგვლივ ხდება, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს.
რას ემიჯნება შინაგანი გამოფხიზლება?
რა ნაწილს დათმობს გარიგების შესაძლებლობით,
სხვა სიხშირეზე გადასასვლელად,
უკვე ახალი მიმართულებით რომ იმოძრაოს.
მოზარდობისას ვისაც ახსოვს როგორ ხდებოდა
მახვილი რკინით ქვის, აგურის სწორ ზედაპირზე,
ვარსკვლავის, ჯვარის, ხშირად ჩონჩხის
ფორმების ჩიჩქვნა, იქვე ახლოს კი,
ცეცხლზე შემომდგარ ჩაიდანში ტყვია რომ დუღდა,
ჩაღრმავებების ამოსავსებად,
მერე ცივ წყალში როგორ ყრიდნენ გასაცივებლად,
და ისიც კარგად ემახსოვრება,
ქლიბებით როგორ უხეხავდნენ ზედმეტ ნაღვენთებს,
მერე ,,კაპრონზე'' კიდებდნენ და კისრებს იმკობდნენ.
-იქნებ სწორედ ის დამეთანხმოს.
იქნებ ამგვარად იქლიბება ადამიანიც,
მეტად გარეგან ზედაპირზე ვიდრე შიგნიდან,
ცხოვრებისაგან მცირდება და პატარავდება.


8 ივლისი 2020 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები