| ავტორი: დარემო ჟანრი: პროზა 12 ივლისი, 2020 |
ყველაზე ძლიერი და ყველაზე ძველი გრძნობა ადამიანში არის შიში, ხოლო ყველაზე ძლიერი და ყველაზე ძველი შიში, არის შიში შეუცნობლისა.
ადამიანთა უმეტესობაზე ეს სრული სიმართლეა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეშინიათ სიცოცხლის, სადაც შეუცნობელი და უცხო უბრალოდ არ არსებობს.
უძველესი და არქაული შიშები არასოდეს ქრება, ისინი ფორმას იცვლიან და გვევლინება ჩვენთვის ყველაზე საშიშ ფორმებში. ბოგარტი ყველა ჩვენგანშია.
სახიდან სამ სანტიმეტრში დახურული კუბოს სახურავი, გასქელებული ჰაერი და მატლების აუჩქარებელი მუშაობა კედლებში შემოსაღწევად.
ხანდახან შიშები ერთიანდება კიდეც. ტრაიფობია და არაქნოფობია საოცარი ნაზავია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საკუთარი წითელათი დაჩვრეტილი კანიდან ამომავალი ტარანტულას საცეცები.
და წყეულია ის, ვისაც შიში კვართში გამოკრული დაატარებს ყოველი ჟანგბადნარევი წამის განმავლობაში.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფორმა ჩემი წყევლის დიდი ხანი არ გამოჩნდა. ეს ტალახის მორევი, რომელიც რყვნიდა ჩემს ჩრჩილნაჭამ სულს და ნახშირორჟანგით გაჯერებულ სხეულს, კიდევ უფრო მთრგუნავდა. სანამ ხსნა და კოშმარი არ მეწვია ერთდროულად ხილვის სახით.
ქვიშის უნაყოფო უდაბნოში მიმავალს, ცისფერში გარდამავალი სავსე მთვარე მომყვებოდა. ჩემი კვალი ჩვიდმეტ, სამას სამოცდახუთ გრადუსიან დიუნს მოუყვებოდა.
მოულოდნელად ჩემს წინ ოაზისი აღიმართა და მეც მის ნაპირას ჩამოვჯექი. აუტანელი სიცივე უეცრად შეიცვალა ღამის ჩახუთული ჰაერით და მეც ფართოდ გახელილი თვალებით დავუწყე ცქერა ოაზისს, რომელიც უზარმაზარ ოკეანედ ქცეულიყო და მეძახდა როგორც პირველ მოთამაშეს და მეც მზად ვიყავი.
უკნიდან ხმაური მომესმა და მთლიანი ქალაქი გადამეშალა, უცნაური დროში არეული მეგაპოლისი. დიდი ნაწილი მეოცე საუკუნეში იყო გაშეშებული, იაფასიანი ბორდელებით და მეორე მსოფლიო ომის დრამატული სცენებით. მილიონობით ბანალური, კრიმინალური მოვლენებით და გასტერილებული ისტორიებით.
ეს ყველაფერი ძალზედ ნაცნობი და დამთრგუნველი იყო ჩემთვის. თუმცა ყველაზე საზარელი წინ მელოდა. ვიგრძენი სულამომხდელი რვა საათი როგორ ფეთქავდა ქალაქის გულში.
ყველა ფორმის და არომატის რვა საათი, სამოცწუთიანი შესვენებით.
ქალაქი მიცნობდა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ის იყო ყველა ადამიანის საცხოვრებელი. ქალაქი რომელიც მილიარდობით ადამიანს იტევდა და მეც მეტანებოდა, რათა ისევე ჩავკარგულიყავი, როგორც თითქმის ყველა სხვა.
იმავე წამს ცა კუპრივით შავი ღრუბლით დაიფარა და მთვარე შთაინთქა. ქალაქსიკენ უკვე რამოდენიმე ნაბიჯგადადგმული გავშეშდი.
მგრგვინავი ცა და ზღვა გაერთიანდა და მე მის წინაში მოწყვეტით დავეშვი.
ეს იყო რაღაც ახალი სამყარო რომელიც ყრუდ გუგუნებდა, ფეთქვადი დოლის ხმა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა და თავისკენ მიხმობდა. ნელნელა მთლიანად გადაფარა ხმის ტალღებმა ზღვის ტალღები და ქალაქის ხმაურიც.
ახლა მხოლოდ მე და უკუნი დავრჩით.
გაერთიანებული ცა და ზღვა.
და მე დავინახე ის.
ათასობით ჩაძირული ქალაქი ზღვაში, ცაში ყოველი გაელვება, რომელიც სერავდა და ანათებდა ყველაფერს, ნათელს ჰფენდა დაკარგულ სამყაროებს, რომელთა ხილვაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
ღიმილმა, როგორც ყველა ელვამ ერთად, ისე დამისერა სახე.
მე ჩემი სახლი ვიპოვე. ადგილი სადაც ყველაფერი შესაძლებელია.
აღარ მაშინებდა ჩემს უკან დარჩენილი ქალაქი, ის იქ იყო, არსად ქრებოდა და მაინც მოიცავდა ჩემს სხეულს, მაგრამ არა ჩემს არსებას. რამდენი სინათლის ხელიც არ უნდა გამოცოცებულიყო ჩემსკენ და წავეთრიე ქალაქისკენ, ჩემი გონება აქ რჩებოდა.
აქ ამ პლიაჟზე მე დავნებდი ჩემს შიშს, რადგან გზა არ იყო სხვა.
როდესაც პირველი ნაბიჯი ჩავდგი წყალში მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველაფერი მქონდა რაც მე მინდოდა, ვიგრძენი ასევე ზღვის შიმშილი, ის მსხვერპლს მოითხოვდა. მოითხოვდა სულის ნაწილს, რომელიც მუდად იყო ჩაბუდებული ჩემში. აღმოჩნდა რომ ყრუ ხმა არა ზღვიდან, არამედ ღრუბლებში ჩაკარგული ხმელეთიდან მოდიოდა.
მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა და ზღვაში შევცურე. ყველა თავზე გადავლებული ტალღა სასიამოვნო იყო. რა აღარ დამხვდა აქ, რამდენი სასიცოცხლე არ გამოვცადე.
ვიმოგზაურე ყველა ასტრალში და ყველა განზომილებაში. ვკვებავდი ჩემს სულს რათა ხარკი სრულად გამეღო. შვიდი წელი ვიმოგზაურე წყლისქვეშ, შვიდი წელი გავატარე ჩემი გონებით წყალქვეშ, მაშინ როცა ჩემი სხეუილი ყოველ დღე, რვა საათი იხრწნებოდა ქალაქში.
და აი ახლა მე აქ ვარ, ხმელეთზე მხოლოდ დროებით. ჩემი გონი ამოვიდა და ისევ უკუნი დახვდა, აქ მზე არასდროს ანათებს. ჩემს წინ აშვერილი სიგიჟის მთებიდან მოდიოდა ეს მომთაფლავი ხმა. ყოველ გულის დაკვრას რომ მოყვებოდა.
სალ კლდეში გამოთლილი საფეხურები თითქმის ვერტიკალურად მიიწევდა ზემოთ. ყოველი ნაბიჯი ახალი სიტყვა იყო, ყოველი შესვენება კი - გაწყვეტილი ფიქრის ჯაჭვი. მწვერვალზე საკუთარი ქალაქი მელოდა, მელოდა რათა ჩაძირულიყო და საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა უკუნში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ერთი სიამოვნებაა ამის კითხვა. ლექსიკა - უზადო. ერთი სიამოვნებაა ამის კითხვა. ლექსიკა - უზადო.
1. უცნაურია... რამ დაგაწერინათ ასეთი...პესიმიზმით გაჟღენთილი? უცნაურია... რამ დაგაწერინათ ასეთი...პესიმიზმით გაჟღენთილი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|