ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივლისი, 2020


აფხაზეთზე

უნიჭიერესი ერი ვართ ქართველები! - ამაში შარშანწინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

2018 წლის 5 ივლისს - ფოთის კულტურის სახლში პოეზიის საღამო ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ერთმა პატარა გოგონამაც მიიღო. გოგონამ საღამოზე შოთა ნიშნიანიძის ლექსი - „აფხაზური კანტატა“ წაიკითხა, წაიკითხა ზეპირად, წაიკითხა უშეცდომოდ, ერთი სიტყვაც არ შეშლია, არ გამოუტოვებია, ზუსტად დედანში წაიკითხა ნიშნიანიძის ლექსი, არადა შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ ძნელად დასაზეპირებელი ლექსია.

აფხაზეთზე ყოველთვის შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ მახსენდება, რომელსაც თავის დროზე მსახიობი დიმიტრი ჯაიანი კითხულობდა ძალიან ემოციურად.

https://www.youtube.com/watch?v=EZ8kdE-xR6c

1990-იანი წლების დასაწყისიდან, მას მერე, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, არაერთი ქართველი და აფხაზი პოეტის ლექსი წავიკითხე აფხაზეთზე, მაგრამ ნიშნიანიძის ლექსზე უკეთესი არსად შემხვედრია. შეიძლება ვინმემ ჩემი ეს სიტყვები გადაჭარბებულად მიიჩნიოს, მაგრამ ვფიქრობ, შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ ყველაზე ცნობილი ლექსია - აფხაზეთზე დაწერილებიდან!

დღეს ჩემი სოხუმი სევდისფერია... სოხუმელი არ ვარ, ფოთელი ვარ, მაგრამ სოხუმი ჩემთვის ისეთივე მშობლიურია, როგორც ფოთი.

1991 წლის გაზაფხულზე - საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან და ბაბუასთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული აფხაზეთი, ჯერ კიდევ ქართველები აკონტროლებდნენ სიტუაციას ადგილობრივებთან ერთად.

ახლაც თვალწინ მიდგას თვალწარმტაცი ბუნება, ზღვის პეიზაჟი, ლამაზი გოგო-ბიჭები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, გულში იკრავდნენ ერთმანეთს, ლექსებს უძღვნიდნენ აფხაზეთს, სიმღერებსა და ცეკვებს დახვეწილად ასრულებდნენ. მერე კი...

მერე ჩვენ შორის მესამე ძალა ჩადგა და გაგვთიშა, გაგვთიშა მხოლოდ დროებით. აფხაზეთის ომში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ქართველი აფხაზს იფარებდა თავის სახლში და აფხაზი ქართველს.

აფხაზეთის სიყვარულმა ლექსებისა და ჩანახატების მთელი ციკლი შემაქმნევინა აფხაზეთზე, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:


გაგრა

ვუძღვნი თამთა რეხვიაშვილს

ენგურს გაღმა ჩემი გაგრაა! - სთქვა ცრემლნარევი ხმით ანგელოზისთვალებიანმა გოგონამ.

შენი გაგრა ლამაზია?

ძალიან ლამაზია, ძმაო....

შენზე ლამაზი?

ანგელოზისთვალებიანმა ტირილს უმატა.

კარგი, გეყოფა, ნუ სტირი... რას არ გავცემდი, ოღონდაც შენს თვალებზე ცრემლები არ მენახა! - უთხრა ბიჭმა და ანგელოზისთვალებიანი გულში ჩაიკრა.

გაგრაში სახლი მქონდა, - განაგრძო საუბარი ანგელოზისთვალებიანმა. ომი რომ დაიწყო, ქართველთმოყვარე აფხაზები ტკბილ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩვენს სანუგეშებლად, მაგრამ ომმა ნუგეში არ იცის. ჩვენ შორის მესამე ძალა ჩადგა და გაგვთიშა, გაგვთიშა მხოლოდ დროებით. აფხაზეთის ომში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ქართველი აფხაზს იფარებდა თავის სახლში და აფხაზი ქართველს.

ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.

ამინ! - უფალმა გისმინოს... სთქვა ბიჭმა და ანგელოზისთვალებიანი გოგონა კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს