 | ავტორი: ჩესტერი ჟანრი: პროზა 31 ივლისი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
~~~
სანის მაიას სამუშაო მაგიდაზე კოხტად ჩამწკრივებული კალმების კოლექციაზე გაუშტერდა თვალი. - ახლა რომ ვუფიქრდები, მგონი სიკვდილი მაინცდამაინც არ მინდოდა... მაია ზუსტად იმავე პოზაში იჯდა, როგორც მანამდე. სანისთვის თვალი არ მოუშორებია. რა ოხერი გზით უნდა აეხსნა მისთვის მთელი ეს ამბავი? სანიმ ტუჩი მოიკვნიდა, თითები დაიტკაცუნა და ღრმად ჩაისუნთქა. - პროცესი ძირითადად არ მახსოვს... არა, პროკურორის ყველა გამოსვლა მახსოვს. სადღაც, თექვსმეტიდან ცხრამეტ წლამდე ჩემი თავი ყველაზე მეტად მძულდა... იმ ყველაფრის ასე ცხადად გახსენება, რაც ჩავიდინე ან რის ჩადენასაც მაიძულებდნენ, ხალხის სახეების დანახვა, რომლებიც ამ ყველაფერს ისმენდნენ... არავის ადარდებდა, რომ ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი... ვიღაცაზე უნდა გადატეხილიყო ჯოხი, მე სულ მცირე იმიტომ ვაკმაყოფილებდი ყველა კრიტერიუმს, რომ მამაჩემის შვილი ვიყავი... მეც მეგონა რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებდი მაიამ თავი გააქნია. - არ იმსახურებდი, შენთვის არავის უთქვამს? სანიმ ჩაიფხუკუნა. - კი, წლების შემდეგ. ჩემ მეგობრებს უბრალოდ გულზე მოეშვათ, რომ გამამართლეს.. ისე, სანამ ჩემი ადვოკატი რამეს წარმოადგენდა ჩემ სასარგებლოდ, მეც მჯეროდა, რომ სასჯელს ვიმსახურებდი. და რადგანაც სანდრო ჭკადუად ყოფნა აღარ მინდოდა, ანუ, როგორ აგიხსნა... - სანი გაჩუმდა და გაფანტული სიტყვების წამოკრეფას შეეცადა. - მინდოდა ყველა ის ნაწილი ჩამომეჭრა საკუთარი თავისგან, რომელიც არ მომწონდა... - ამასობაში, ამან დაგაპატარავა, არა?! - ჰო! - სწრაფად დაუქნია თავი სანიმ. - თუ მხოლოდ იმ ნაწილებს ჩამოვიჭრიდი, რომელიც სანდროდ მაქცევდა და მხოლოდ ჭკადუას დავტოვებდი, ეგეც დიდი მიღწევა იქნებოდა ჩემი მშობლებისთვის, ხომ გესმით... იქნებ მერე მაინც ვყვარებოდი ისე ძლიერ, როგორც ერთმანეთი უყვართ. თუ საერთოდ გავქრებოდი ამ დაპატარავების პროცესში, არც მაგაზე ვიდარდებდი. პირიქით, მგონი უკეთესი იქნებოდა, ვიდრე სანი ჭკადუას კანში ცხოვრება. მაიამ თავი დაუქნია. - გწყინს რომ ვერავინ შეამჩნია? - თქვენ არ გეწყინებოდათ? - არ ვიცი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ მიეცი სხვას უფლება მიეთითებინა, თუ როგორ დაგენახა საკუთარი თავი. სანიმ პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - მთლად მართალი არ არის, რომ თქვით, ვერავინ შეამჩნიაო... ვაკომ შეამჩნია, ვაკო აბაშიძემ... დიდად ვერასოდეს ვიტანდით ერთმანეთს, მაგრამ სასამართლოზე ჩემ სასარგებლოდ მისცა ჩვენება. - სანის თვალწინ დაუდგა ყველასთვის საყვარელი, საამაყო, ოქროს ბიჭუნა ვაკო აბაშიძე, იმ თავისი უშნო სათვალეებითა და დიდი შავი თვალებით. ყველაფერი რომ დამთავრდა, სანამ სახლში გამიყვანდნენ, ჩემ სანახავად მოვიდა და მკითხა ასეთს რას მიშვებოდნენ იზოლატორში. - რატომ გკითხა? - იმიტომ რომ ცვლილება შეამჩნია... - რა ცვლილება? სანი გაჩუმდა. - მადლობა გადავუხადე... - სულ ეგაა? კიდევ იყო რაღაც. ვაკო აბაშიძე შიმშილს კარგად იცნობდა. ის არც პირველი იყო, ვინც შიმშილობით აპროტესტებდა ქვეყანაში უსამართლობას და არც უკანასკნელი, სანი რომ ისევ თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ყოფილიყო, ალბათ, ბევრს დასცინებდა კლასელს, თუმცა სანი, ის სანი აღარ იყო და არც მისი ცხოვრება იყო ისევ ისეთი დალხენილი და უდარდელი, როგორც უწინ. ვაკო მიხვდებოდა, რაც ტრიალებდა სანის თავს. - ბორკილები ვერ დამადეს... - თქვა ბოლოს. რამდენჯერმე გამოცვალეს... ისეთი გალეული ვიყავი, მაჯები მისხლტებოდა. ვაკომ დაინახა. მაიამ კალამი ხელში შეათამაშა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩერდა. - გასაგებია... - თქვა ბოლოს ქალმა. - დამპირდა, რომ ჩემთვის იბრძოლებდა! - სანის სიცილი წასკდა. - ვაკო აბაშიძე! ვაკო აბაშიძე დამპირდა, რომ ჩემთვის იბრძოლებდა და ალბათ ეს იყო ყველაზე მამაცური საქციელი, რაც კი მინახავს! ვაკო, რომელიც ყველას უყვარდა, ვაკო, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, ვაკო, რომელსაც მთელ ბავშვობას უმწარებდა, ვაკო, რომელიც მის თვალწინ სცემეს და ხელი არ გაუტოკებია მის საშველად. ვაკო აბაშიძე დაპირდა, რომ მისთვის ბოლომდე იბრძოლებდა! - რა გავლენა იქონია ამან შენზე? სანიმ ხელებს დახედა და ცოტა ხანს ჩაფიქრდა. - ვიცი, რომ ცუდი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ თავი უარესად მაგრძნობინა. მის გარდა ვერავინ შეამჩნია, ან თუ შეამჩნია, ჩემს სიმაღლესა და პროცესზე მიღებულ სტრესს დააბრალა. ერთადერთი, ვისაც საკმარისი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვაკო აბაშიძე იყო და მისგან სიბრალული ნამდვილად არ მითხოვია. - თან არ გინდოდა, ვინმეს შეემჩნია, თან გაბრაზებული ხარ, რომ ვერავინ შეამჩნია. იმ ფაქტმა, რომ ვაკო აბაშიძე მიხვდა, რაც ხდებოდა, რაღაც სიამოვნება მოგგვარა, მაგრამ თან ამის გამო ორმაგად შეგძულდა. გინდა, რომ შენმა მეგობრებმა იცოდნენ, მაგრამ თან გეშინია რომ უთხრა სანიმ თავი შეიკავა უარყოფისგან. - თუ ასეა, ვფიქრობ საქმე სხვა რამეს ეხება... - რას გულისხმობთ? - იკითხა სანიმ და ქალს შეხედა. - ახლა ისეთ რამეს გკითხავ, რამაც შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნას... - თქვა მაიამ და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო. სანის დიდად არ მოეწონა ასეთი გაფრთხილება. - ისე თქვით, თითქოს, რასაც აქამდე ვსაუბრობდით დისკომფორტს არ მიქმნიდა... - ცალყბად გაეცინა და თმაში ხელი გაიტარა. - მე და შენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რასაც შენ თავს უშვები, მაგრამ არა იმაზე, თუ რატომ - უკვე გითხარით რატომაც! - წამოისროლა მოუთმენლად სანიმ. - არ მომწონს, ვინც ვარ - ვითომ ეგაა მიზეზი? სანიმ შუბლი შეკრა. - რა, არა? - იკითხა ბოლოს, ხმაში ეჭვი იგრძნობოდა. - თქვი, რომ გინდოდა მშობლებს ისე ყვარებოდი, როგორც თავად უყვართ ერთმანეთი. რახან ასე თვლი, ვფიქრობ, მართლაც ასეა. - მე - სანიმ ისევ რაღაცის თქმა დააპირა. - არა, მე - თუკი თვლი, რომ მშობლებს საკმარისად არასოდეს ჰყვარებიხარ, და აღნიშნე, რომ შენი ურთიერთობა ტასო ჭყონიასთან კრახით იმიტომ დამთავრდა, რომ კვლავაც თვით-განადგურების გზაზე იდექი, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უფრო აზრიან, უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობას ეძებ? სანიმ შუბლი ისევ შეკრა და ქალს თვალი აარიდა. - ვფიქრობ, ვიღაცას ეძებ, ვინც შეგიყვარებს, რათა შეძლო იმის დამტკიცება, რომ სანი ჭკადუად ყოფნას რაღაც ფასი ისევ აქვს. ამ წუთას, შენ თვითონ არ ფიქრობ ასე, ამიტომ გინდა ვიღაც, ვინც გეტყვის. სანიმ ჩაიფხუკუნა და თავი გააქნია. - არ მეთანხმები? - არა! - ცოტა უკმეხად მოუვიდა, ღრმად ჩაისუნთქა და დასაბუთება მშვიდად განაგრძო. - გარშემო ხალხი მყავს, ვისაც ვუყვარვარ! მშობლებსაც ვუყვარვარ, შეიძლება დედას უფრო მეტად, ვიდრე მამას, მაგრამ ვუყვარვარ. ჩემს მეგობრებს ვუყვარვარ! ჩემი ბიძაშვილის ბავშვები, მათთვის ყველაზე საყვარელი ბიძია ვარ! ალბათ მანოს ბავშვის ნათლიაც გავხდები, თუ ოდესმე დააყენებს საშველს და - - ყველას, ვინც ახლა ჩამოთვალე, - შეაწყვეტინა მაიამ. - ჰყავს ვიღაც, ვინც შენზე მეტად უყვარს. და ვფიქრობ შენი პრობლემის სათავეც აქაა. არ მეთანხმები? არა. არანაირად. რა თქმა უნდა არა. რა სისულელეა! - ჰო... - თავი ჩაღუნა და პასუხი ოხვრას ამოაყოლა. - ახლა ხედავ პრობლემას? - ერთს არა, რამდენიმეს... - სანი გაუაზრებლად ხაზავდა თითებით სიტყვა "ანორექსიას" სავრძლის კიდეზე. - გამუდმებით ცდა იმისა, რომ ვიღაცის თვალში გამართლდე, რაღაც დონეზე უკვე პრობლემაა, ასე არ გგონია? - ყველა მასე არაა? რა არის მაგაში პრობლემა? - არა, სანი, ასე არ არის. ვიღაც არ უნდა გჭირდებოდეს, ვინც გეტყვის, რომ უფლება გაქვს იყო ის, ვინც ხარ. თუ გინდა, რომ გამოკეთდე, უნდა დაუშვა, რომ სანი ჭკადუად ყოფნაში ცუდი არაფერია. სანიმ ცალყბად გაიცინა. - ანუ კიდევ ბევრი სეანსის გავლა მომიწევს... - ფინანსების პრობლემა გაქვს? - გაეხუმრა მაია და კალამი გვერდით გადადო. სანის გაეცინა. - რაც შეეხება დღევანდელ სეანსს, აქ უნდა შევწყვიტოთ. სანიმ თავი დაუქნია და წელში გასწორდა. თავისი ქურთუკი ხელში აიღო და შარვალზე ნაკეცები გაისწორა. მაიამ ისევ თბილად გაუღიმა. - როგორც შენმა თერაპევტმა, უნდა გითხრა, რომ პროგრესი უკვე გაქვს. მაგრამ როგორც ნაცნობმა, უნდა გითხრა რომ ვამაყობ კიდეც შენით. იცი, რამდენმა დაიწყო და შეწყვიტა? ყველა გამუდმებით არწმუნებდა საკუთარ თავს, რომ თერაპია სწორი გადაწყვეტილება იყო. შენ ისევ აქ ხარ და ეს უკვე დიდი მიღწევაა. სანის პირი გაუშრა და ჩაიბურტყუნა. - მადლობა. - იცოდე, იოლი ნამდვილად არ იქნება... - გააფრთხილა მაიამ. - ვიცი, - თავი დაუქნია სანიმ. - მომავალ კვირამდე. - დაემშვიდობა და კარი ფრთხილად გამოიხურა. ისე უნდოდა, შენობიდან რაც შეიძლება მალე გამოსულიყო, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ დაიჭირეს მკლავით და კართან მისული, როგორ მოაბრუნეს უკან. ნუცა აბაშიძე ერთი ხელით გახევებულ სანის იჭერდა, მეორით მიმღების თაკოს მიწვდილ ქაღალდზე აწერდა ხელს. - არ გშია? სანის მომენტალურად დასცხა. გულისცემამ ყურები დაუხშო. ამან როგორღა გაიგო? იკივლა ვიღაცამ მის თავში. - რა? - ამოღერღა ბოლოს და შუბლზე ჩამოსული ოფლის წვეთები მოიწმინდა. - რა და, მე, შენ, საჭმელი, გინდაც სასმელი! - მეპატიჟები თუ რა ხდ- სანიმ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, რომ გოგომ ამოიგმინდა და ხელი გაუშვა. - ვაიმეე.. არა! მოკლედ, დღეს ძაან მძიმე დღე მქონდა და რექტორის გარდა ერთადერთი ხარ, ვინც იცის რომ აქ დავდივარ. შანსი არ არის, სამსახურში ვერ დავბრუნდები ახლა! ვინმესთვის რამის ახსნის თავი მითუმეტეს არ მაქვს, ხოდა არ ვჭამოთ სადმე? - მე... რავი, მგონი ჯობია ვინმე სხვა მოძებნო, - თქვა ბოლოს. - იცი, მეც საკმაოდ რთული სეანსი მქონდა და ერთი სული მაქვს აქედან გავიდე- - ხოდა ძაან კაი! წამო! რომ გაიაზრა, რაც ხდებოდა, უკვე ტაქსიში იჯდა ნუცა აბაშიძესთან ერთად და წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიჰყავდა ამ უკანასკნელს. გულზე მოეშვა, როცა მანქანიდან გადასულმა, გოგოსთან დისტანციის აღდგენა შეძლო. წეღანდელმა შეხებამ თმა ლამის ყალყზე დაუყენა. შეხება არ უყვარდა. უკვე მეორედ მოეშვა გულზე, როცა ხალხის ნაკლებობა შეამჩნია. რაც უფრო ნაკლები ცნობისმოყვარე მზერა, მით უკეთესიო, გაიფიქრა და აივნის ბოლოში მდგარი მაგიდისკენ აიღო გეზი.
~~~ - დღეს მძიმე დღე მქონდაო და... - ჩაახველა სანიმ და საუბრის გაბმა სცადა. - ჩემს ნიშნობაზე ვილაპარაკეთ... - თქვა ნუცამ და სპაგეტი ჩანგალზე დაახვია. - უფრო სწორად ჩაშლილ ნიშნობაზე, ჩემი თერაპევტი თვლის რომ ჯერ ისევ ვერ ვუმკლავდები იმ იმედგაცრუებასა და სირცხვილს, რაც მას მოჰყვა. - ნუცა მუხლებს ერთმანეთს ურტყამდა პატარა ბავშვივით. - მართალია? - იკითხა სანიმ, - შენს თერაპევტს ვგულისხმობ.. - ჰო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მაგ თემაზე საუბარი მინდა.. პირგამოტენილი გოგოს დანახვაზე ცხვირი შეჭმუხნა და თეფში რაც შეიძლება შორს გააცურა. - საჭმელად ძალით წამომიყვანე და პასუხის გაცემაც აღარ გინდა? - ჩაიდუდღუნა სანიმ და ხმაში გაპარული ოდნავ ნაწყენი ტონი ვერ დაფარა. - არა.. - ნუცამ კოვზი მადიანად გამოლოკა. - აქ რა გინდა, საერთოდ- - მე მეგონა მარტო ჭამა არ გინდოდა - კლინიკა ვიგულისხმე, მაიასთან რაზე დადიხარ, მეთქი... - აა... სანი ჩაფიქრდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ეთქვა მისთვის. ან როგორ შეხედავდა მერე ნუცა. ვერაფრით ვერ ამბობდა იმ წყეულ სიტყვას ხმამაღლა. ანორექსია, გაფიქრებაზეც კი მთელ ტანზე ეკალს აყრიდა. მაგრამ განა რა დაშავდებოდა ნუცასთან თავისი გასაჭირის გაზიარებით? განა ცუდი იქნებოდა, ერთმანეთისთვის მოეყოლათ იმ შინაგანი ჯოჯოხეთის შესახებ, რომელმაც ორივე კლინიკის კართან მიიყვანა? - მასე სერიოზულადაა საქმე? - დაარღვია სიჩუმე ნუცამ. - მომავალ კვირას გეტყვი... - თქვა სანიმ ბოლოს და პასუხად ნუცასგან თავის დაქნევა მიიღო. - მა-ა-აშინ! დღეს ჩემზე ვილაპარაკოთ! - თქვა ნუცამ და დესერტის შესაკვეთად გაემზადა.
~~~
სანიმ ყველაფერი იცოდა შიმშილზე, შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე უმეტესობამ, მაგრამ ვერაფრით გაეგო, როგორ შეიძლებოდა ვინმეს ასე მადიანად ეჭამა და გრამი სინანული არ დასტყობოდა სახეზე. სანიმ ჯერ ნუცას წინ დადებულ, უზარმაზარი ნაყინის ბურთულებს შეხედა, მერე ნუცას და მერე ისევ ნაყინს. ოფიციანტმა სანის ალუბლის ცივი წვენი მოუტანა. ნუცამ გაფრთხილების ნიშნად ხელი აწია. - მასე ნუ მიყურებ! საუზმე გამიცდა, ისედაც მთელი სეანსია ნაყინზე ვფიქრობ... სანის ლამის მუცელი ამოუყირავდა. იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლებოდა ეს ამდენი ნაყინი მის მუცელში მოხვედრილიყო, ჭკუიდან შლიდა და აფითრებდა. - პფფ.. - ხელი ჩაიქნია გოგომ. - არ მითხრა, რომ ნაყინი არ გიყვარს! მის ჯინაზე, თავის უხმარ კოვზს დასწვდა და გოგოს სანაყინედან ერთი კოვზი მოიპარა. ნუცამ თვალები გადაატრიალა. ჩაყლაპვა არც ისე რთული აღმოჩნდა. სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდა, სანიმ კიდევ ორი კოვზი შეჭამა. - თითონ ნაყინის არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ამდენი ნაყინი?! ნუცას გაეღიმა. სანის მისი ღიმილი აქამდე არასოდეს უნახავს, ყოველშემთხვევაში, მისთვის არ გაუღიმია. ბოლოს დაასკვნა, რომ რაღაცნაირი საყვარელი ღიმილი ჰქონდა, აი ისეთი, ერთი ლოყა რომ ეჩუტებათ და თვალებში სიანცე უდგებათ. მაგრამ ღიმილი მისი სახედან მალევე გაქრა, როცა გაახსენდა, თუ რატომაც შეუკვეთა ნაყინის ამხელა ულუფა. - მე და შაკო ორი წლის წინ დავშორდით - დიდხანს იყავით ერთად? - როგორ არ იცი? - გაოცება ვერ დამალა ნუცამ. - მეგონა ყველამ იცოდა... - მხრები აიჩეჩა ნუცამ - რავი, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ საზოგადოების დამსახურებული წევრების პირად ცხოვრებასა და სკანდალებს უკვე დიდი ხანია თვალს არ ვადევნებ, - თქვა სანიმ. - შენი ძმის გარდა, რა თქმა უნდა, რომელთანაც ისედაც ვალში ვარ... - ჰო, მართალი ხარ, პროცესზე ისე გამოიყურებოდი, მეც კი შემეშინდა... ვაკო ძალიან, ძალიან ნერვიულობდა, მახსოვს, არავის გველაპარაკებოდა შენზე, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მთელი ამ სტრესისგან გამოკეთდებოდი. ვაკომ იცოდა. ვაკომ დაინახა და მიხვდა რასაც უკეთებდა სანი საკუთარ თავს. - შეგიძლია უთხრა, რომ ვცდილობ... - აჰა, ესე იგი პროცესის გამო დადიხარ მაიასთან... - დაასკვნა ნუცამ და ნაყინით სავსე კოვზი პირისკენ გაიქანა. სანიმ თავი გააქნია. - მერე გეტყვი, მეთქი, არ შევთანხმდით? - ჰო კაი... რაც შეეხება შენ კითხვას, მე და შაკო ერთად ოთხი წელი ვიყავით, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ჩვენს შორის ყველაფერი იდეალურად იყო... - ამოიოხრა ნუცამ და თავი ლამის ნაყინში ჩარგო. - მე ის მიყვარს და მე მას ვუყვარვარ, ჰოდა წესით ხო უნდა გამოსულიყო ყველაფერი? - მასე იოლი რომ იყოს... - ამოიოხრა სანიმ და კიდევ ერთი კოვზი ნაყინი მოიპარა. - ნეტა შენ რა იცი, საერთოდ ხვდები ვინმეს? - შეუტია გოგომ და ნაყინი თავისკენ მიიწია. - იყო რამდენიმე, - თქვა სანიმ და ჩაახველა. - რომ გამამამართლეს, მალევე ჩემებმა ჩემი დაბინავება გადაწყვიტეს, - სანიმ ჩაიფხუკუნა და ნუცაც აჰყვა. - სოფო ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანი იყო, ვინც კი მინახავს. დედას ანსამბლში ცეკვავდა, - დააყოლა სანიმ სხვათაშორის. - ჰოდა... არ მინდოდა ასეთი ადამიანისთვის საკუთარი პრობლემები მომეხვია თავზე. ნუცამ თავი დაუქნია და კოვზი გაუშვირა. - აი, მანდაა ზუსტად ძაღლის თავი დამარხული! იმასთან უნდა ვიყოთ, ვისაც ჩვენსავით ვერ აქვს თავში რაღაც კარგად! - დაასკვნა და თითი შუბლზე მიიკაკუნა. - ჩემს თერაპევტს უნდა ვთხოვო, თავისი კლიენტების სია მომცეს, გადავხედო! სანის გაეცინა. - გაუთქმელობის ხელშეკრულება აქვთ, სახელებს არასოდეს მოგვცემენ. - გაიცინა და სახიდან სიცილი მალევე გაუქრა. - უმეტეს შემთხვევაში, მერიდება და თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმ ადამიანს მორალური მხარში დგომა მოვთხოვო, რომელსაც ჩემთან მხოლოდ რამდენიმე პაემანი უნდა. ჰოდა შევეშვი. ჩემი მშობლების კრიტერიუმებს მაინც ვერ ვაკმაყოფილებ - მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და გაეცინა, ნუცას არ გამოჰპარვია. - რა იყო? - იკითხა და თვალები მოლოდინით აენთო. - ერთხელ მამაჩემმა მე და ნიკუშას წაგვასწრო, ისეთი არაფერი, ორივე საკუთარი სურვილების შეცნობის ეტაპს გავდიოდით. რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდა, ბოლოს ორივე მივხვდით, რომ გოგოებს უფრო ვანიჭებდით უპირატესობას, მაგრამ მამაჩემის სახე უნდა გენახა, კაბინეტში დამიბარა მეორე დილით და მეუბნება, - სანიმ ჩაახველა და მამამისის ხმას გააჯავრა. - ვინც გინდა იმასთან დაწექი და ვისაც გინდა იმას აუღე პირში, მაგრამ არ გაბედო და წინასაარჩევნოდ სკანდალში არ გამხვიოო, - დამთავრება ძლივს მოასწრო, რომ სიცილი წასკდა. ნუცას ნაყინი გადაყლაპული არ ჰქონდა, რომ ახარხარდა და სული ძლივს მოითქვა. - რომელი... მამა... ეტყვის... საკუთარ-ჩვიდმეტი-წლის-შვილს მასეთ რაღაცას?! - თქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და სიცილის შეკავება სცადა, მაგრამ ნუცას სიცილი რომ გაიგო, ერთ წამს ყველაფერი დაავიწყდა და აჰყვა. - ჰოდა, ახლა ნიკუშა სადაცაა ცოლს მოიყვანს, მე კიდე ახლო ურთიერთობაში მხოლოდ ჩემ თერაპევტთან ვარ. - სანიმ ჭიქა ასწია. - გაგვიმარჯოს! - თქვა და ალუბლის წვენი მთლიანად გამოცალა. პირში სიმჟავე დაუტოვა და პირი ააწკლაპუნა. - შაკო ჩემთვის ერთადერთი იყო, მეტთან არავისთან მქონია ურთიერთობა. - მხრები აიჩეჩა ნუცამ. - მართლა? - სანის მართლა გაუკვირდა. პარალელური კლასელის სახე ცხადად წარმოუდგა თვალწინ. მისდამი მაინცდამაინც კარგად არასოდეს ყოფილა განწყობილი, ალბათ იმიტომ, რომ ვაკოსთან მეგობრობდა, მეგობრობაც იყო და მეგობრობაც, ცუგასავით ყველგან თან დაჰყვებოდა, ამის გახსენებაზე ტუჩი აიმრიზა. ბოლოს, ეცადა, მაგრამ ვერაფრით წარმოიდგინა ნუცა მასთან ერთად. - რომ დავშორდით, რამდენიმე ბიჭი გამოჩნდა, ყველას რაღაც ისეთი უნდოდა, რაც მე არ მაკმაყოფილებდა - აღაირა გოგომ და კოვზი ნაყინში ამოუსვა. - მაგრამ ისე ვერც ერთმა მაგრძნობინა თავი, როგორც მან. შაკოსთან თავს დაცულად ვგრძნობდი, მისგან მხოლოდ სიყვარული მოდიოდა და კიდევ რაღაც, სითბო? ხო, რაღაცნაირი სითბო.. პრინციპში, ალბათ ამ ყველაფერს ისიც უწყობდა ხელს, რომ ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ, ერთ ეზოში, ჩვენი ბებიები მეგობრობდნენ, ალბათ, მაგიტომ ჰქონდა რაღაც უცნაური, სახლის სუნი? - სანიმ არ იცოდა ნუცა მას ელაპარაკებოდა თუ საკუთარ თავს უტყდებოდა, მაგრამ ხელის შეშლა და საუბარში ჩარევა არ უცდია. - მაგას არაფერი ჯობია... - აღირიარა სანიმ ბოლოს. - თუმცა, მე და მას სულ სხვა მისწრაფებები გვქონდა. თავიდან მასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევ. ჯერ ქორწილზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მერე ბავშვებზე... - ნუცამ თავი დახარა. - რამდენი წლის ვიყავი, ოცდაორი? ოცდასამი? რავიცი, მე ვფიქრობ ამ ასაკში ბავშვების და მითუმეტეს ბეე-ევრი ბავშვების ყოლაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა, არა? რავი... თან დოქტორანტურითვის ვემზადებოდი, ჩემი კარიერული მიზნები მქონდა, მეგონა, ოჯახი მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. შაკომ თქვა, რომ არც დაფიქრდებოდა, ისე აირჩევდა ოჯახს. ვიცოდი, რომ თავისი მშობლებივით დიდი, მრავალშვილიანი ოჯახი უნდოდა, მე კიდევ მაგის მიცემას ვერ შევძლებდი... - მაგიტომ დაშორდი? - მმ... არა. - თავი გააქნია ნუცამ და ნაყინი შეჭამა. სანიმ არ იცოდა რა გაეკეთებინა, სანამ ნუცა საჭირო სიტყვებს ეძებდა, ამიტომ კიდევ ერთი კოვზი მოიპარა. - დანაშაულის გრძნობის გამო... სანიმ შუბლი შეკრა. - არც ერთი ჩანხართ მასეთი ტიპები, ერთმანეთისთვის რომ გეღალატათ, არა? - შენ რა იცი? - თვალები მოწკურა ნუცამ. - მახსოვს რა საშინლად ერთგული ვინმეა! გულზე არასოდეს მეხატებოდა, მაგრამ რომ ვიხსენებ როგორი ერთგული იყო შენი ძმის, დარწმუნებული ვარ, არც შენ გაგიტეხავდა გულს! - მიაყარა სანიმ. - შაკო თავს მოიკლავს, რომ გაიგოს სანი ჭკადუამ მასზე კომპლიმენტი თქვა... - ჩაიფხუკუნა გოგომ. - ხოდა ნუ ეტყვი... - თუმცა მართალი ხარ, ჰო. ღალატი არაფერ შუაშია. მთელი ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდი, სავსე იყო "რა იქნებოდათი", ხვდები? აი, რა იქნებოდა, მისი და აქციაზე რომ არ დაღუპულიყო, რა იქნებოდა ჩემები რომ ისევ აქ იყვნენ, რა იქნებოდა, ჩემ ძმას რომ გავყოლოდი და სხვაგან მესწავლა... თითქოს ორივე გაშვებულ შანსებზე ფიქრებში ვცხოვრობდით... შაკო დღემდე ადის სალომეს საფლავზე ყოველთვე ყვავილებით ხელში, - სანის კოვზი ხელში გაუშეშდა და ერთიანად გაფითრდა. მათი კლასელი სალომეც შაკოს დასთან ერთად, იმ თექვსმეტთაგანი იყო, რომელიც უნივერსიტეტის დარბევის დროს დაიღუპა. - ერთად დროს თითქმის აღარ ვატარებდით, ხოდა ბოლოს გადავწყვიტეთ დავშორებულიყავით, ახლა ვფიქრობ, თავისი ნამვდილი სიყვარული იპოვა და ნიშნობასაც აპირებენ, რომელიც არ ჩაიშლება. მე კიდევ შენთან ერთად ვზივარ და ნაყინს ვჭამ, ნუ მპარავ! - დააყოლა ბოლოს და ხელი აუქშია. - სულ ეგაა? - საშინელ ბრაზს ვგრძნობ! - აღიარა ბოლოს ნუცამ. - ბრაზს, რომ ვერ შევძელი შაკოსთვის იმის მიცემა, რაც უნდოდა. კიდევ ის ფაქტი მაბრაზებს, რომ, რომც შემეძლოს რამის შეცვლა, არაფერს შევცვლიდი. ალბათ იქამდე ვიქნებოდი მასთან, სანამ ის ან საკუთარი თავი არ შემძულდებოდა. ჩემი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე ის. არადა ქორწინება ასეთი არ უნდა იყოს, არა? ისიც ისევე უნდა მიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი მიყვარს. - ერთხელ ეგ ყველაფერი ყელში ამოგივიდა და იმ პროფესორს წიგნი თავში გაუქანე? - ზუსტად! სანიმ თითები აათამაშა. თუ ნუცამ, ნუცა აბაშიძემ, ყველაზე ჭკვიანმა და ნიჭიერმა გოგომ ვერ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და ყველაფრის გამოსწორება ორი წლის შემდეგ, თვითონ როგორ შეძლებდა გამოესწორებინა ყველაფერი ცხრა წლის შემდეგ? - მოიცა, შენ ტასო ჭყონიასთან ერთად არ იყავი? - იკითხა უცებ ნუცამ. სანიმ თავი დაუქნია, მაგრამ არაფერი უპასუხა. მადლობა ღმერთს, ნუცა მინიშნებას მიხვდა და ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია. - მეგონა, ჩემ თერაპევტთან იმიტომ დავდიოდი, რომ ბრაზის კონტროლის პრობლემა მქონდა, დღეს კი ისეთი რამე მითხრა, რაც მაინცდამაინც არ მესიამოვნა. - დაუჯერებელია, რომ ხუთი კვირა ისე გაძელი, სეანსის დროს არაფერს შეუწუხებიხარ..! - თქვა სანიმ. - მე მეორე სეანსი მაქვს და ორივეჯერ ისეთი გამოვდივარ, გეგონება ჩვენი სკოლის ეზოს ტუალეტში ჩამეყოს თავი! - ფუ! - ცხვირი შეჭმუხნა ნუცამ და ნაყინი გვერდით გაწია. - ვეღარ ვჭამ! სანიმ სიცილის შეკავება სცადა, ნუცას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ ესმოდა მისი. - რა გითხრა შენმა თერაპევტმა? ნუცამ თავის თეფშს დახედა და თქვა. - ნუცა, შენ გაბრაზებული კი არა, მარტოსული ხარ. - ჰმ, სულ ცოტა, ეგ მაინც მესმის... - ჰო? - ჰო... - გამეცინა! ჩემი ძმა მყავს, ჩემი მშობლები, მე და შაკო ისევ ვმეგობრობთ, მაკო და გიორგი და კიდევ უამრავი ადამიანი... - მაგრამ, მათაც ჰყავთ ვიღაც. - სანის თავისი დღევანდელი სეანსი მოაგონდა, - მგონი მე და შენ არც ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან... - ჩემ ძმას მაკო ჰყავს, შაკო დანიშნულია... გიორგის მანო ჰყავს... ჩემ მშობლებს - ერთმანეთი. მე კიდევ... არავინ. ჰმ! სახლში მოვდივარ და არავინ მხვდება - მეგონა, მარტო ყოფნა მომწონდა, - აღიარა სანიმ, - როცა ტასო წავიდა, პირველი რაც ვიგრძენი, შვება იყო, თითქოს სივრცე გამოჩნდა, სადაც თავისუფლად სუნთქვა შემეძლო. მაია კი საპირისპიროს მიმტკიცებს. - რანაირად? - ფიქრობს, რომ პანიკურად მეშინია არ შემამჩნიონ - მერე, მართალია? სანიმ თავი დაუქნია. - მგონი, ორივე მაგრად ვაფრენთ, არა? - მგონი, ორივე მარტო ვართ... - შეუსწორა სანიმ. ნუცას გაეღიმა, თუმცა სანიმ მის თვალებში სიანცე და ნაპერწკლები ვეღარ დაინახა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გეთანხმებით ალბათ უფრო არასრულფასოვნების კომპლექსი და 95% შემთხვევებში ეს ტყუილი კომპლექსია ანუ უსაფუძვლო მთავარია გამოჩნდეს ვინმე, ვინც დაანახვებს რომ ეს სისულელეა და ამით მგადაარცენს უაზრობისგან
მოგყვებით და სამადლობელი არაფერია საინტერესოა და მოგყვებით არ იქნება საინტერესო და არ წამოგყვებით :) ყველაფერი თქვენს ხელშია
გეთანხმებით ალბათ უფრო არასრულფასოვნების კომპლექსი და 95% შემთხვევებში ეს ტყუილი კომპლექსია ანუ უსაფუძვლო მთავარია გამოჩნდეს ვინმე, ვინც დაანახვებს რომ ეს სისულელეა და ამით მგადაარცენს უაზრობისგან
მოგყვებით და სამადლობელი არაფერია საინტერესოა და მოგყვებით არ იქნება საინტერესო და არ წამოგყვებით :) ყველაფერი თქვენს ხელშია
5. კი, ნამდვილად მასეა. ჭამის თვითნებურად აკრძალვას თავისი წინაპირობები აქვს, მე რაც გამიგია(მინახავს), ყველა შემთხვევას საფუძვლად რაღაც მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა უდევს და ნუ, თავისთავად, არასრულფასოვნების კომპლექსიც. მადლობა, რომ მომყვებით ^^ კი, ნამდვილად მასეა. ჭამის თვითნებურად აკრძალვას თავისი წინაპირობები აქვს, მე რაც გამიგია(მინახავს), ყველა შემთხვევას საფუძვლად რაღაც მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა უდევს და ნუ, თავისთავად, არასრულფასოვნების კომპლექსიც. მადლობა, რომ მომყვებით ^^
4. ვკითხულობ მოგყვებით
თუმცა მგონია , რომ გაზვიადებულია ამ დაავადების თემა ზოგადად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არავინ მყავს ჩემს გარშემო მსგავსი დაავადებით, მაგრამ ვფიქრობ ფსიქოლოგიური პრობლემებია და თან ღრმა და არა მხოლოდ შიმშილობასთან და ჭამასთან კავშირში ზოგადადაც იმით რაც აქ ამოვიკითხე, ვფიქრობ რომ ცხოვრებაზე არასწორი შეხედულებების და არასწორი პრიორიტეტების ამბავია ეს ყველაფერი
საინტერესოა როგორ გაგრძელდება მოგყვებით მოკლედ თუ ხშირად არ ვჩანვარ, გარედან მაინც წავიკითხავ
წარმატებები
ვკითხულობ მოგყვებით
თუმცა მგონია , რომ გაზვიადებულია ამ დაავადების თემა ზოგადად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არავინ მყავს ჩემს გარშემო მსგავსი დაავადებით, მაგრამ ვფიქრობ ფსიქოლოგიური პრობლემებია და თან ღრმა და არა მხოლოდ შიმშილობასთან და ჭამასთან კავშირში ზოგადადაც იმით რაც აქ ამოვიკითხე, ვფიქრობ რომ ცხოვრებაზე არასწორი შეხედულებების და არასწორი პრიორიტეტების ამბავია ეს ყველაფერი
საინტერესოა როგორ გაგრძელდება მოგყვებით მოკლედ თუ ხშირად არ ვჩანვარ, გარედან მაინც წავიკითხავ
წარმატებები
3. ალბათ კვირაში ერთი თავი, კი. მადლობა ხალხო, რომ ისევ აგრძელებთ ალბათ კვირაში ერთი თავი, კი. მადლობა ხალხო, რომ ისევ აგრძელებთ
2. საინტერესოო დეტალები იკვეთება საინტერესოო დეტალები იკვეთება
1. ჩეს, კვირაში ერთხელ დაიდება ახალი თავები? ჩეს, კვირაში ერთხელ დაიდება ახალი თავები?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|