 | ავტორი: ჩესტერი ჟანრი: პროზა 9 აგვისტო, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
~~~
- როგორ მომენატრე! სანი ზღურბლს ძლივს იყო გაცდენილი, რომ რაღაც ძალამ წააბორძიკა. პატარა ხელები მაგრად შემოეჭდო მის ფეხებს და კედელს რომ არ მიყრდნობოდა, ალბათ წაიქცეოდა. ახლა რომ დაფიქრდა, ეს იმ მცირე მომენტთაგანი იყო, როცა სანი ჭკადუად ყოფნა რამედ უღირდა. დაიხარა, ბავშვი ხელში აიტაცა, ჰაერში დააბზრიალა და ძირს დასვა. - მე უფრო მომენატრე - ცალ მუხლზე დაეშვა და ლოყაზე აკოცა. - აბა, დღეს რას ვაკეთებთ? - მამიკომ თქვა, სანი გაგასეირნებთო! - თუ შენ დასაც უნდა, იმ შემთხვევაში სანიმ აიხედა და ოთახის კართან გეგე დაინახა. ელენიკომ ზუსტად ისე გადაატრიალა თვალები, როგორც გეგემ იცოდა ხოლმე, როცა სანი რამე სულელურს წამოაბურტყუნებდა მისი თანდასწრებით. სანის ტყუპები ერთნაირად უყვარდა, მაგრამ ელენიკოში იმდენ საერთოს ხედავდა იმ ბავშვთან, რომელიც ოდესღაც თვითონ იყო, რომ თავადაც უკვირდა. თავისი დისგან განსხვავებით, ენას არ აჩერებდა, ყოველთვის მზად იყო ეთქვა, რაც უნდოდა და ვაი მის ბრალს, ვინც გაბედავდა და შეეწინააღმდეგებოდა. ტყუპებს, მათი დედის მსგავსად, მუქი თმა და დიდი თაფლისფერი თვალები ჰქონდათ, მაგრამ პირ-სახის მოყვანილობა სულ გეგესი იყო. სანი შეხედავდა ხოლმე და თვითონაც უკვირდა ასე ძალიან როგორ გავდნენ მამას, მაშინ როცა მამამისის არც ოქროსფერი კულულები და არც დიდი ლურჯი თვალები არ გამოჰყვათ. სანიმ პირველად ელენიკოს გული მოიგო, ორი წლის წინ ველოსიპედის ტარება ასწავლა და დღემდე წინ ედგა სამთვალაზე დასკუპებული ცქნაფას სიცილ-კისკისი, რომელიც მთელ ეზოს აყრუებდა. სანი წელში გაიმართა, დოინჯი შემოირტყდა და შუბლშეკრულ ბავშვს შეხედა. - მიდი შენი და მოიყვანე და დედას უთხარი რომ მოვედი. - კაი! - ელენიკო შინკანსენივით გავარდა ოთახიდან. სანის გაეცინა და თავისი ბიძაშვილისკენ შებრუნდა. - რაღაც სხვანაირი ხარ... - დაიწყო გეგემ. - არ ვიცი რატო, მაგრამ უფრო- - გამოღვიძებული? - შეაშველა სანიმ. - მოწყენილი, მინდოდა მეთქვა... - ა.. - სანიმ ხელი ნერვიულად გაიტარა თმაში. ნერწყვი გადაყლაპა და ხელები ჟაკეტის ჯიბეებში ჩაიწყო. - რაღაც უნდა გითხრა... - მიდი, აბა გეგე მისი საუკეთესო მეგობარი იყო, თუ ვინმეს უნდა გაეგო პირველს, ეს გეგე უნდა ყოფილიყო. თანაც განსხვავება უკვე შეამჩნია და ალბათ დიდი დრო არ იყო დარჩენელი, სანამ თავისით გაიგებდა. - მე... - რამდენიმე წამს გაჩერდა და ძალის მოკრება სცადა. - მე... მე მინდოდა ნაყინის საჭმელად წამეყვანა ბავშვები... ვიფიქრე, უნდა გცოდნოდა, რომ ტკბილს ვაჭმევდი... გეგეს გაეცინა და სანის მხარზე ხელი დაჰკრა. - მაგიტომაც უყვარხარ ორივეს, ნაყინებით და ველოსიპედებით გყავს ორივე მოსყიდული! გეგეს მისაღებ ოთახში ისე შეჰყვა, იატაკისთვის თვალი არ მოუცილებელია. სანი დაფიქრდა და მართლა რა სევდიანი იქნებოდა, მისი ერთდაერთი ღირსება მხოლოდ ფული რომ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გეგეს ეგ არ უგულისხმია, მაგრამ სანის გული მაინც დაწყდა. როგორც ყოველთვის, სანიმ სირცხვილი გადაყლაპა და ღიმილი გაისწორა სახეზე.
~~~ ტყუპებთან გამართული რამდენიმე წუთიანი მოლაპარაკებების, გაბუტული სახეებისა და ფეხებგაფშეკილი პოზების შემდეგ, როგორც იქნა დაითანხმა, ჯერ პარკში წასულიყვნენ და ნაყინი მერე ეჭამათ. სანი თან ელენიკოს ადევნებდა თვალს, რომელიც თავისი ახალი ველოსიპედით ურტყამდა წრეებს შადრევანს და თან ნანუკას თავი ედო კალთაში, რომელსაც ლამის თავისხელა წიგნი ეჭირა და სანის კითხვას-კითხვაზე აყრიდა; ეს ასო რომელია? ის როგორ წავიკითხო? აქ რა წერია? სანი, წამიკითხავ? სანიც იჯდა და ყველა კითხვაზე დაუზარებლად სცემდა პასუხს. - ნანუ შენი აზრით მე მოწყენილი ვარ? - ჰკითხა სანიმ ბავშვს, რომელიც ამაოდ ცდილობდა ეპოვა ბოლო განსხვავება ორ ნახატს შორის. - შენ ყოველთვის მოწყენილი ხარ, - თქვა ნანუკამ ისე, რომ თავისი წიგნიდან თავი არ ამოუყვია. - აუ, აქ ვეღარ ვიპოვე განსხვავება - დაამატა ბოლოს და უიმედო თვალებით შეხედა ბიძას. სანიმ თვალები დაახამხამა და ვერ გაერკვია მოესმა თუ ნანუკამ მართლა ასეთი პასუხი გასცა, პირი გააღო მერე ისევ მოკუმა, - საიდან მოიტანე, ყოველთვის მოწყენილი არ ვარ! - ჩემს წიგნში ეხატა, რომ თუ იცინი, მხიარული ხარ! შენ არასდროს იცინი! - როგორ არა! - არ ჩამორჩა სანი. მე სულ ვიცინი - ეგ ვითომ-ვითომ სიცილია, მაშინ როცა მამა გიყურებს, ხანდახან დედა! - შეეწინააღმდეგა ბავშვი და თავსატეხს პატარა თითები გააყოლა. სანიმ ამოიგმინა. ექვსი წლის ბავშვი უკეთ ხედავდა მის ტკივილს, სანიმ არ იცოდა ეტირა თუ ეცინა. - კაი, და თუ რა ეხატა მაგ შენს წიგნში, მოწყენილი თუ ხარ, რას აკეთებ? - მოწყენილი ტირის! - გაეპასუხა ნანუკა და მერე ტუჩები ამოატრიალა და თვალები მოისრისა, ვითომ ტირისო. - ნანუ, მე სულ ვტირი, მგონი მართალი ხარ და მართლა მოწყენილი ვარ... ბოლოს როგორც იქნა ნანუკამ თავი ამოყო თავისი წიგნიდან. - და რატო? - რატო? - რატო ხარ მოწყენილი? სანი მოულოდნელად დამძიმდა. იმდენი პასუხი ჰქონდა ამ კითხვაზე და მაინცდამაინც დარწმუნებული არ იყო, რომ რომელიმე მათგანი ბავშვის ყურისთვის იყო მიზანშეწონილი. - თუ გეტყვი, მპირდები, რომ არავის ეტყვი? ნანუკას თვალები გაუდიდდა და მოლოდინის ნაპერწკლებით აევსო. თავი სწრაფად დაუქნია, წიგნის არსებობა სულ დაავიწყდა და დაიჩურჩულა. - გპირდები! - ისეთი მონდომებით თქვა, თითქოს ამ საიდუმლოს თავისი სიცოცხლის ფასად დაიცავდა. სანიმ ელენიკოს გახედა, რომელიც უკვე მერამდენე წრეს ურტყამდა ხეებს და სევდიანად გაიღიმა, ჩანს, მის ყველა ქცევას სევდა ახლდა, ამ ბოლოს დროს. - ცოტათი ავად ვარ - თქვა სანიმ - მოკვდები? - არა, არ მგონია. ძალიან კარგი ექიმი მყავს, რომელიც მეხმარება. - ავად რომ ხარ მაგიტომ ხარ მოწყენილი სულ? - იცი რა, ანიკო? - სანიმ ბავშვი კალთაში დაისვა და ჩაეხუტა. - მგონი ავად იმიტომ გავხდი, რომ მოწყენილი ვარ - თუ გაგახარებთ და გაგამხიარულებთ ხოლმე, კარგად გახდები? ნეტავ მასეთი იოლი იყოსო, გაიფიქრა სანიმ - ზუსტად! - მოიტყუა სანიმ და ბავშვს შუბლზე აკოცა. - აბა, თუ იცი ყველაზე მეტად რა ახარებს ადამიანს? - დოინჯი შემოირტყა ნანუკამ. - ჩემს წიგნში ეხატა! - თავი დაიზღვია ბავშვმა, სანამ სანი პასუხის გაცემას მოასწრებდა. - ნაყინი? - ნაყინი! - იყვირა ნანუკამ და აკისკისდა. ელენიკომ, რომელიც აქამდე დიდი წარმატებით აიგნორებდა თავის დასა და ბიძას, ნაყინის ხსენებაზე მაშინვე გადმობობღდა თავისი ველოსიპედიდან, მისი არსებობა საერთოდ დაივიწყა და სანისკენ გამოექანა. - ნაყინი უნდა ვჭამოთ? - იკითხა და თვალები გაუბრწყინდა. - აბა რა! წადი, შენი ველოსიპედი წამოიღე, თორემ ახალს აღარ გიყიდი. მერე წავიდეთ და შენი საყვარელი ალუბლის ნაყინი ვჭამოთ - ფუ! - ელენიკო დაიჯღანა და ენა გამოყო. - ლიმონის? - ფუუუ! - ახლა ორივე აჭმუხნა ცხვირი ზიზღით. სანის შეეძლო მთელი ცხოვრება მათი პატარა სახეებისთვის ეყურა, ასე ბალახებზე მჯდარს და არასოდეს, არც ერთი წამი, არ მობეზრდებოდა. - მაშინ, ჟოლოს! - ფუ ფუ ფუ!!! - ელენიკო არ ნებდებოდა, ნანუკა თავის ქნევას მოჰქვა, გეგონება ამის გაგება ფიზიკურ ტკივილს აყენებსო. - მაშინ შოკოლადის! ტყუპების სახეზე გამოიდარა. ორივე გაიბადრა. - კი-კი-კი-კი!! - იყვირა ორივემ. გზაში უცებ ნანუ ელენიკოს მიუბრუნდა და ეუბნება, - სანი უნდა გავამხიარულოთ! - რატო? - იკითხა ელენიკომ და ველოსიპედის საჭე გაასწორა. - მე მეგონა მოწყენილობა მაგისი პროფესია იყო! - თქვა ბავშვმა არხეინად. - აბა ახლა! - გაუჯავრდა სანი ორივეს და თვალები მოწკურა. - ყოველთვის მოწყენილი არ ვარ. - როგორ არა! - თქვა ელენიკომ ისევ ისეთი არხეინი ტონით, როგორიც ექვსი წლის ბავშვებს სჩვევიათ, ხოლმე. - აი, მამიკო ხანდახან ბრაზიანია, იმიტომ რომ ასეთი პროფესია აქვს. - რატო და ცუდადაა და თუ არ გავამხიარულებთ, მოკვდება! - შეუტია ნანუკამ. - ნანუ, ტყუილების თქმა არ შეიძლება! - ჩაერია სანი. - შენი და მასე არ შეაშინო, კარგი? არ ვკვდები და ყოველთვის მოწყენილიც არ ვარ, გავიგეთ? აი, როცა თქვენთან ვარ, უბედნიერესი ვარ და ყვეეელაზე მხიარული, და კიდევ ნაყინი გამომიკეთებს ხასიათს, გავიგეთ? - ჯერ ნანუს გახედა და მერე ელენიკოს. ბოლოს სერიოზული ტონით დაამატა. - მშობლებს არც ერთი არ ეტყვით, რომ ცუდად ვარ. ხომ გასაგებია? - ჰო... - თქვა ორივემ ერთდროულად, თუმცა სანიმ უკვე იცოდა, რომ მათი სიჩუმე დიდხანს არ გასტანდა.
~~~ ნიკუშას კორპუსში ლიფტი ნორმალურად არასოდეს მუშაობდა. სანიმ კიბეებზე ოთხჯერ შეისვენა, მეცხრე სართულამდე რომ ააღწია, შვებით ამოისუნთქა და წელში გაიმართა. რა სასაცილო დასანახი ვიქნებოდიო, გაიფიქრა და სანამ ზარს დარეკავდა, ტანსაცმელი კიდევ ერთხელ გაისწორა. ტყუპები ნაყინების საჭმელად რომ ჰყავდა წაყვანილი, მაშინ დაურეკა, თუ გცალია, გამოვალო. ადრე, როცა ნიკუშა მარტო ცხოვრობდა, ნებართვა არასოდეს აუღია. ცარიელ სახლში როცა უნდა მაშინ მიდიოდა და იქამდე ემალებოდა ყველას და ყველაფერს, სანამ მჟავასავით მწველი ბრაზი არ გადაუვლიდა, ხოლმე. მერე, წლების მერე, ნიკუშამ ნათია იპოვა და მისი ცარიელი სახლიც განათდა და სიცოცხლით აივსო, მას შემდეგ ნიკუშასთან აღარ დარჩენილა. ნეტავ მის სახლშიც დარჩენილიყო ვინმე, ვინც იმ უსულო სახლს სულს ჩაბერავდა. ტასოსთან მარტო ეს ერთი სათხოვარი ჰქონდა, იმან კიდევ ის ცოტა ჰაერიც ამოტუმბა, რაც იმ სახლში იყო დარჩენილი, სანი ვეღარ სუნთქავდა. რამდენი დღე გავიდა, რაც თავის დაავადებას სახელი დაარქვა და ჯერაც არცერთისთვის გაემხილა. გულის სიღრმეში იცოდა, რომ ვინმეს უნდა სცოდნოდა, ვინმეს აუცილებლად უნდა გაეგო მისთვის. მაგრამ სიტყვები ყველაფერს რეალურს ხდიდა და ეტყობა, ჯერაც არ იყო ამისთვის მზად. არადა, თუ ვინმეს უნდა გაეგო მისთვის, ეს ნიკუშა უნდა ყოფილიყო. გეგესთან დააპირა, მაგრამ მაშინვე უკან დაიხია. მანოსთან ამაზე ლაპარაკი არც უფიქრია, ალბათ პირველი რექცია სიცილი იქნებოდა, რომ თითქოს "მოდელების" დაავადება სჭირს. სანის შურდა ნიკუშასი, რომ ნათია იპოვა. კარი ნათიამ გაუღო, სანის დანახვაზე თვალები გაუნათდა, ლოყაზე აკოცა და ჩაეხუტა. ნიკუშასა და ნათიას ურთიერთობა ისეთი იოლი ჩანდა ერთი შეხედვით, არადა სანიმ უკეთ იცოდა, თავისი ბავშვობის მეგობარი გამუდმებით აჯერებდა საკუთარ თავს, რომ ნათიას ღირსი იყო.
~~~ სანი სკამზე იჯდა. ნათია და ნიკუშა მის მოპირდაპირე მხარეს, დივანზე. ნათია ფეხმოკეცილი იჯდა და ხმას არ იღებდა. ნიკუშას ყოველთვის მოციმციმე თვალები, ჩაუშავდა და სახე მოექუფრა. - რას ნიშნავს ავად ხარ? - იკითხა ნიკუშამ. - მე ვერაფერს გამჩნევ, ისე გამოიყურები, როგორც ყოველთვის - არა... - თქვა ნათიამ ჩუმად და პასუხად მკვლელი მზერა მიიღო ნიკუშასგან. ნიკუშამ ახლა უფრო დარწმუნებით გაიმეორა, - ავადმყოფობის არაფერი გეტყობა სანი ცოტა ხანს ხმას არ იღებდა, მის ტვინს ჯერაც ვერ გადაეხარშა, რაც მოისმინა და ვერც საპასუხო მოეძებნა რამე. ამიტომაც მხრებჩაცვენილი იჯდა და თავის ჭიქას დაჟინებით დასჩერებოდა, გეგონება ძირში იპოვის პასუხებსო. - მხოლოდ ჩვენ ვიცით? - იკითხა ნათიამ - ენემ და ნანუკამაც იციან... - თავი გააქნია სანიმ - გეგეს ტყუპებს უთხარი? - გაკვირვება ვერ დამალა ნიკუშამ. - გეგემ იცის? - არა.. მე... - სანიმ მხრები აიჩეჩა. - დავაპირე, მაგრამ გამიჭირდა. ბავშვებს უნდოდათ გაეგოთ რატომ ვიყავი მოწყენილი და ვუთხარი, რომ ავად ვარ და მაგიტომ. სულ ეგაა. მარტო ჩემმა მშობლებმა, ჩემმა პარიკმახერმა ნანომ და კიდევ მისმა დეიდაშვილმა იციან, - სანიმაც კარგად იცოდა, რა აბსურდულად ჟღერდა ყველაფერი. - საავადმყოფოში არ უნდა წახვიდე? - ნიკუშამ მთელი ბოთლი ლუდი გამოცალა, - ექიმთან იყავი? - ისეთი რაღაც არ არის, რასაც საავადმყოფოში უმკურნალებ ნათიამ ტუჩები მომუწა და თავი დახარა. - ხომ თქვი ავად ვარო, როცა ავად ხდები, საავადმყოფოში მიდიხარ! - კბილებში გამოსცრა ნიკუშას. - ჩემმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, რომ მხოლოდ წამლებით ვერ ვიმკურნალებ... - თქვა ჩუმად და ნერწყვი გადაყლაპა. - ვინ თერაპევტი, რა ფსიქოთერაპევტი, სულ ჭკუაზე ხარ? რა ჯანდაბა გჭირს, აღარ იტყვი? - მიაყარა ნიკუშამ. თქვი თქვი თქვი უნდა უთხრა! მრცხვენია ხელები გაუოფლიანდა და შუბლი ოფლის წვეთებით დაეცვარა. ჯერ ნიკუშას ახედა, მერე ნათიას. - მე.. უბრალოდ მიჭირს მათთვის თქმა, ვინც ჩემთვის ახლობელია... - აუ, მაცივრიდან ხილს გამოიღებ? ძაან ცივი იქნება... - უთხრა ნათიამ ნიკუშას. სანის თავი არ აუწევია ზევით. - რა დროს ხილია, ვერ ხედავ როგორი ზის? ნათიამ ტუჩები მომუწა და რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, ნიკუშა ბუზღუნით წამოდგა და სამზარეულოში გაუჩინარდა. სანიმ იგრძნო როგორ დაადეს მხარზე ხელი. რომ აიხედა მის მზრუნველობით სავსე თვალებს შეეჩეხა. - სანი, მგონი ვხვდები რაც გჭირს, მაგრამ არ ვიცი ჩემგან გინდა თუ არა ამის მოსმენა... - ნათიამ ხელები მოხვია. - ცარიელი ძვლები ხარ... - თქვა ჩუმად. - სულ ვფიქრობ, ნიკა როგორ გეხებოდა... მეშინია, რომ რამეს გატკენ... სანი, შიმშილობ? სანის უნდოდა სადმე სარკე ყოფილიყო, რომ დაენახა, მართლა ისეთი მკვდრისფერი ედო, როგორც თავი წარმოედგინა ახლა? იქნებ სხვის სარკეში უფრო დაენახა თავისი ნამდვილი ანარეკლი. მერე ცრემლები წამოუბიდა. ყველაფერი სძულდა, სძულდა რომ ვეღარაფერს აკონტროლებდა, სძულდა, რომ საკუთარ ცხოვრებას ცრემლების გარეშე ვეღარ უყურებდა. - მე... - სლოკინი. - აღარ მინდა ასე ვიყო. - სრუტუნი. - სანამ თმა არ გამცვივდა, ამაზე არც მიფიქრია, არც მადარდებდა. - ისევ ცრემლები. ქალმა უფრო მაგრად მოხვია ხელები. რამდენიმე წუთი ასე იყვნენ. სუნთქვა დაუმშვიდდა. - ვერ ვიტან, ასეთი კარგი ჩახუტება რომ იცი... - თქვა ჩუმად სანიმ. ახლაღა გაიაზრა, როგორ აკლდა ვიღაცის შეხება. - მაშ კი! ვის ატყუებ! - გაეცინა ნათიას. - სანი, ნიკას ძალიან უყვარხარ... ჰო, ხანდახან იდიოტივით იქცევა, არა, იდიოტივით კი არა, უბრალოდ თავის ემოციებს კარგად ვერ გამოხატავს. შენზე დიდი ხანია ღელავს, ტასოს მერე განსაკუთრებით. ვეუბნებოდი, რომ შენთან დალაპარაკება ეცადა, მაგრამ სულ ეშინია, რომ მაგ საკითხებში გეგე უფრო გჭირდება, ვიდრე თვითონ. - კარგად ვარ... შეგიძლია გამიშვა - თქვა სანიმ. ნათიამ წაუყრუა და კიდევ ერთხელ მოეხვია. ამ დროს ნიკუშამაც გამოყო სამზარეულოდან თავი, ხელში ხილით სავსე თასებით. - რომანტიკული მუსიკაც ხო არ ჩაგირთოთ? - ყლე... - ჩაიდუდღუნა სანიმ და თვალები მოიწმინდა. ნიკუშამ მაგიდაზე ხილი დააწყო, ნესვის სუნი მთელ ოთახში დატრიალდა. ნათიამ თეფშები დააწყო. სანი კუბიკებად დაჭრილ საზამთროს დასწვდა, ცდილობდა რამით დაკავებულიყო, რომ ამ აუტანელი სიჩუმისგან თავი დაეღწია. - რამდენი ხანია ავად ხარ? - იკითხა ნიკუშამ. - ცხრა წელი ნათიას ხელში ჩანგალი გაუშეშდა. - ცხრა წელი??? - ნიკუშა ყურებს არ უჯერებდა, სახეზე იმხელა გაოცება ეწერა, სანიმ ვერ აიტანა და თვალი აარიდა. - თვეები ერთად ვიყავით და არც კი გიფიქრია გეთქვა? - ვალდებული არ ვიყავი შენთვის რამე მეთქვა, დანახვა რომ გდომნოდა დაინახავდი! ყველას ცხვირწინ ჰქონდა, მაგრამ ვერავინ შეამჩნია! - სახე აეწვა და ბრაზის მოთოკვა სცადა. - საერთოდ გინახავს საჭმელს როგორ ვჭამ? - რა შუაშია საჭმელი, - ნიკუშამ შუბლი შეკრა და თითქოს გონებაში მთელი ერთად გატარებული ამ წლების ხელახლა გახსენება დაიწყოო. - არა, არ მინახავს... - თქვა ბოლოს. - ჰო, იმიტომ რომ არ ვჭამ - კუჭის პრობლემები გაქვს? - სანის ვერ გაეგო, ნიკა თავს ისულელელბდა თუ მართლა ვერაფერს ამჩნევდა. - არა, ნიკა, უბრალოდ გადავწყვიტე არ ვჭამო - რატო? სანი გაჩუმდა. წყლით სავსე ჭიქა აიღო, ტუჩებთან რომ მიიტანა, ისევ უკან დადგა. რატომ? რატომ უკრძალავს ადამიანი საკუთარ თავს რამეს? ცვლილება? არა, ცვლილება სწორი სიტყვა არ იყო. ცვლილება მისთვის პროგრესთან ასოცირდებოდა. რასაც სანი საკუთარ თავს უკეთებდა პროგრესი სულაც არ იყო, პირიქით. ბოლოს იმ სიტყვას მიაგნო, რომელსაც ასე ეძებდა. ბრაზი ღვარძლი - ვერ ვხვდები... - თქვა ნიკუშამ. - ხო, როგორ მიხვდები, - სანიმ ჯერ ნათიას გახედა, მერე ნიკუშას. - შენ ყველას უყვარხარ - შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, - დაიწყო ფრთხილად ნიკამ. - ნათიას მერე შენ გარდა არავინ მყავს, გარშემო იმდენი ხალხი გყავს, ვისაც უყვრახარ... - არა, ნიკა, გარშემო ადამიანები მყავს, რომლებსაც ჩემი მხოლოდ ის ნაწილი უყვართ, რომლის დანახვასაც თვითონ ირჩევენ. - თქვა გესლიანად სანიმ. - რატომ ვაკეთებ? იმიტომ რომ ვერ ვიტან იმ ადამიანს, რომელიც ყოველ დილით სარკიდან მიყურებს. ნამდვილად ვერ აღვიქვამ. სანი ჭკადუას ყველა იმ ნაწილს ამოვკვეთავ, რომელიც გამოუსადეგარია და ვილოცებ, რომ დარჩენილი ნაწილებისგან ისეთი ადამიანი შევაკოწიწო, ვისაც რამის ღირსად ჩათვლიან. და თუ მთელი ეს პროცესი დამაჯერებელი იქნება, მომავალში შეიძლება სინამდვილედაც იქცეს! ნიკუშასგან განსხვავებით, რომელიც სადაცაა რისხვისგან აფეთქდებოდა, ნათიას სახეზე გაკვირვების ნიშან-წყალი არ დასტყობია, მხოლოდ, უფრო სევდიანი ჩანდა, ვიდრე აქამდე. - მე ყოველთვის მიყვარდი! ყოველთვის! იმ წამიდან როცა პირველ კლასში მერხზე ერთად დაგვსვეს! ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ვერ ვხვდები რატომ უნდა დაგემალა ჩემთვის! - ნიკა ფეხზე იდგა და სანისგან პასუხს ელოდა. უცებ ნათია წამოდგა, ნიკას მკლავში ხელი წაავლო, სხვა ოთახში შეიყვანა და კარი მოხურა. სანი გაშეშდა და თვალები დახუჭა. ოთახიდან მოგუდული ხმები გამოდიოდა: "რა ჯანდაბას აკეთებ" "რას ვაკეთებ? ვერ გაიგე რა ყლეობას ამბობს? ცხრა წელია შიმშილობს! მაინტერესებს რატო არაფერი მითხრა!" "ნიკა, იმას კი არ ეკითხები რატომ აკეთებს ან რას ხედავს საკუთარ თავში ისეთს, რომ ასეთ ზომამდე მივიდა, იმაში ადანაშაულებ რომ შენ არ გითხრა არაფერი! და ამ წუთას დარწმუნებული ვარ იმასაც ნანობს, რომ საერთოდ შენთან მოვიდა!" "ვაფშე არ მესმის არაფერი!" "იმიტომ, რომ შენ თავზე ფიქრობ, მაშინ როცა ეს ამბავი შენ საერთოდ არ გეხება!" "მეხება, იმიტომ რომ მე მადანაშაულებს!" "ყველას ადანაშაულებს! მარტო შენ კი არა! ნიკა, მთელ ქვეყანას სძულდა! ოდესმე ან შენ, ან გეგეს ან მანოს ერთი მიზეზი მაინც მიგიციათ მისთვის, რომ საკუთარი თავი ასე ძალიან არ უნდა სძულდეს?" "რა სისულელეს ამბობ! რა თქმა უნდა! მე და გეგეს სამაგისო მიზეზი არასოდეს მიგვიცია!" "სისულელე არ არის, ნიკა და შენც იცი! ტყუპები რომ გაჩდნენ იქ ვიყავი! გეგე მიყვარს, მაგრამ მაშინ რაც თქვა, სანამ სანი მოვიდოდა, არასოდეს დამავიწყდება!" სანის დასცხა, ყურები აეწვა და ის დღე გაახსენდა, როცა ტყუპები გაჩდნენ. დაგვიანებით მივიდა სამშობიაროში. გული გამალებით უცემდა მოლოდინით, ალბათ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები იყო. ნატომ გადაწყვიტა, ბავშვების სქესი არავისთვის გაემხილა. იმ საღამოს, როცა გეგემ გაიგო ნატო ტყუპებს ელოდებოდა, დასალევად წავიდნენ და სამივე ისე დათვრა, ენას პირში ვერცერთი ვეღარ ატრიალებდა. მერე გეგემ, სლოკინ-სლოკინით ყველას გამოუცხადა, ერთ-ერთი მაინც თუ იქნება ბიჭი, სანდრო უნდა დავარქვაო. სანის სახე გაუბრწყინდა, გული სიამაყით გაებერა და ლამის ცრემლები წამოუვიდა. "აუ, ვაფშე, რაებს იხსენებ!" "არა, ნიკა! კიდევ კარგი, ბიჭი არ დაიბადაო! რატომ თქვა ასე?" და ნიკუშამ ისეთი რამ თქვა, რის გაგონებისაც სანის ყველაზე მეტად ეშინოდა. "არ უნდოდა მის შვილს მთელი ცხოვრება სანდრო ჭკადუას სახელის ტვირთი ეტარებინა." სანის შეეძლო დაეფიცა, რომ გაიგო, როგორ ჩაემსხვრა რაღაც მის ნეკნებშუა. ოთახიდან ხმა აღარ გამოსულა. სანიმაც ის ერთადერთი გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ადგა და წავიდა, არც ნათიასა და არც ნიკუშას მისი წასვლა არ გაუგიათ, სანამ რკინის მძიმე კარი არ მიჯახუნდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ..სანიმაც ის ერთადერთი გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ადგა და წავიდა,.. ჩემი მაქს 2
..სანიმაც ის ერთადერთი გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ადგა და წავიდა,.. ჩემი მაქს 2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|