ბოლო-ბოლო ყავამ ნამეტანი „მე”-ს ყვირილი დაიწყო. არ ვარგა ეს. უსაშველოდ გაძვირდა. ამიტომ, ორივე, სტუმარ-მასპინძლისთვის საყოფი თუ მაქვს, მაშინ ხელმისაწვდომ ადგილას ვდგამ იმ ჭურჭელს, რომელშიაც ყავა მაქვს ჩაყრილი. არადა, მეორე სართულზე ვინახავ, ვინმე „ახირებული” პირისთვის.მადლიანი უქმე დღეა, თვის ბოლო კვირა. მზე საშუადღეოდან გვიყურებს. - ახლა, ერთ, ნახევარ საათს დავისვენებ, როცა ავდგები შენებური ტკბილი ყავა ამიდუღეო. - მითხრა მეუღლემ, გიომ. გიო საერთოდ, ყავას იშვიათად თუ დალევს. ამიტომ „ახირებულ” პირად ჩავთვალე და ზევით ყავის ჩამოსატანად ავირბინე. ...რატომღაც წიგნების კარადა გამოვაღე, უცებ წერილების მთელი დასტა ჩემსკენ გამოიმართა. სანამ ხელს მივაშველებდი სრიალ-სრიალით მოეფანტნენ იატაკზე. თითქმის ოთახის ნახევარი აჭრელდა კონვერტებითა და მოსალოცებით. რა გზა მქონდა, მუხლზე დავიჩოქე და აკრეფა დავიწყე. ბღუჯა-ბღუჯად ავიღე და ჟურნალ-გაზეთების მაგიდაზე წერილების დიდი მთა აღვმართე. მერე, სავარძელზე ჩამოვჯექი, ჟურნალ-გაზეთების მაგიდის გვერდით. ... იმ გროვა წერილებს ერთ - ერთი გამოეყო და კალთაში ჩამივარდა. იმ წერილს ყაზახელი ქალი მწერდა ლენინსკიდან. ნამეტანი სითბო იყო ჩაღვრილი. ერთ - ერთ სტრიქონში ნატვრა გაურია: ანა! საყვარელო! ნეტა თქვენებური ქართული ჩაი დამალევინაო... სევდა დამეუფლა. მართლა დამიდგა თვალწინ ის ძველებური ქართული ჩაი და... ავფუსფუსდი ჩემთვის, იმ წერილის წინაშე: მეორე კლასიდან, სანამ საშუალოს დავამთავრებდი ხან მშობლების მხარამხარ, ხან მასწალებლებთან ერთად, სულ ჩაიში დავდიოდი. ხავერდოვან ჩაის პლანტაციაში შევიდოდით თუ არა, ირგვლივ „მწვნე ოქროს” საამო სუნი შემოგვეხვეოდა. სულ სხვა იყო იმ დროს მოკრეფილი ჩაის სურნელი.ამაში არავინ შემედავება. იმიტომ რომ, უმეტესობას გვახსოვს მაშინდელი ჩაის ხარისხი: მხოლოდ ორი, სამი ფოთლიანი დუყებით ივსებოდა კალათები. ...ახლა, გავყვირით: „დავუბრუნოთ ქართულ ჩაის ძველი დიდებაო”, მაგრამ... აგერ კიდევ ერთმა თბილისიდან ჩამოსულმა კონვერტმა გადამიშალა გული: „გეფიცებით, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენში თქვენმა კეთილმა მოქმედებამ მანდ რომ ვიყავით აფხაზეთში. არასოდეს დაგვავიწყდებით. ახალ ბინაში რომ გადავალთ მაშინ გადავიხდით თემურის ნათლობას. თქვენს უფროსს ქალიშვილს უნდა მოვანათლიოთ თემური. ეს უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთს. მირონცხებულთან პირის გატეხა არ შეიძლება. თბილისში რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად მოდით ჩვენთან. ჰო, გთხოვთ მეორე ქალიშვილისა და ბიჭის ქორწილი არ გამოგვაპაროთ... თქვენი გულნაზი ბოჭორიშვილი, ოჯახით”. სიამოვნება მომგვარა. ამასაც თვითნებურად, მაგრამ, გულახდილად გავესაუბრე გულით:„ჰმ, ერთი ქორწილი კი გამოგაპარეთ. განა იმიტომ?.. არა. ძალიან გვინდოდა თქვენი ნახვა, მაგრამ კიდევ ასი მანეთი დაგჭირდებოდათ. არადა, რა უნდა გექნათ? სხვებს ხომ არ „ჩამორჩებოდით”?.. - სად ხარ შენ? - გიოს ხმა ამოვიდა ზედა სართულზე. გულმოსულის კილოსავით მომესმა. სხვას სხვა დროს გადავხედავმეთქი და სირბილით ჩამოვედი. კიბის საფეხურებზე არბენა და ჩამორბენა ბავშვობიდან ჩვევად ამყვა. მსიამოვნებს. რატომღაც ახლაც არ მემეტება ამ ჩვევის დავიწყება. ახლაო იმიტომ ვამბობ, რომ უკვე ბებია ვარ. დიახ, ანა ბებიას მეძახიან. შვილიშვილები კი არა, დიდები... ნაადრევი ბებია ხარო და „მაჯავრებენ”. ისე, შვილიშვილები ჯერ პატარები არიან, ლაპარაკი არ იციან. ერთი, ერთი წლისაა. მეორე ერთი წლისაც არაა. მესამე და მეოთხეს აგერ, ამ წლის ბოლოს ველოდები. - სად დაიკარგე? - ცოტა ხნის შემდეგ ისევ გამიმეორა შეკითხვა გიომ.- ვსაუბრობდი-მეთქი. ვუპასუხე. - ვისთან?! - გაიკვირვა. სახლში არავინ ეგულებოდა. ჰოდა, ხომ არ შეიშალა ჩემი ცოლიო, იფიქრა ალბათ. - წერილებთან - მეც უცნაურად ვუპასუხე. - რა თქვი?! - ხმას აუწია. ცნობისმოყვარე თვალებით შემომხედა. ყავა რომ ცხელი იყო დავიწყებია, და ცოტაზე მეტი მოსვა. ერთბაშად აეწვა კბილებიც და ტუჩებიც. შეშინებულს, ხელიდან ყავის ჭიქა გაუვარდა. კიდევ კარგი რომ... უხმოდ ავდექი. უკვე სიცილი მეძალებოდა. არადა გინდა ასეთ დროს სიცილი და ისიც ასეთ კაცთან? - სად მიდიხარ. მითხრა ტუჩებზე ხელებაფარებულმა. - წერილებს შევინახავ - ვუპასუხე წყნარად. - შეინახავ თუ კიდევ ისაუბრებ? დინჯად მითხრა რატომღაც. - არა, ახლა მეტი არ მცალია - მეც მშვიდად ვუთხარი. შუადღისას მზე ჩვენი ფანჯრისკენ მობრუნებულიყო და ოთახში აპირებდა ფეხის შემობიჯებას. გამიხარდა... 1989 წლის 14 ნოემბერი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ისევ უნდა აღდდგეს წერილების მიწერის ტრადიცია. და მერე, როგორი სხვანაირი სურნეოლი აქვს შენახულ წერილებს! ბევრი მოგონება ამომიტივტივა თქვენმა მოთხრობამ! ისევ უნდა აღდდგეს წერილების მიწერის ტრადიცია. და მერე, როგორი სხვანაირი სურნეოლი აქვს შენახულ წერილებს! ბევრი მოგონება ამომიტივტივა თქვენმა მოთხრობამ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|