ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: იუმორისტული
19 ოქტომბერი, 2020


დიდი ლიგა

    ვაკა აბაშიძე კვირა დილით მზის პირველი სხივის გამოჩენისთანავე წამოხტა საწოლიდან და ამინდის შესამოწმებლად აივანზე გავარდა. დღეს კარგი ამინდი იქნებაო, დაასკვნა კმაყოფილმა და მეზობლის კატასავით გაიზმორა. უეცრად მისი ყურადღება ბავშვების სათამაშო მოედნის ადგილას დაწყებულმა მშენებლობამ მიიპყრო, რომელსაც დამთავრებისა ჯერაც არაფერი ეტყობოდა. სულ მაგ ოხერი მშენებლობის ბრალი იყო, რომ თამაშზე დასასწრებად, დიდ დიღომში უწევდა გასვლა. რომ აღარაფერი ვთქვათ აივანზე დადებულ მტვერზე, რომელიც ყოველ დილით ახალი თოვლივით ხვდებოდა ხოლმე გარეთ გასულს. არა, დღეს არც ერთ ღამეში აფხეკილ სტადიონზე, არც წინ წამოჭიმულ უშნო შენობაზე და არც პროექტის დამკვეთების უპასუხისმგებლობაზე იფიქრებდა, დღეს დიდი დღე იყო!
    საძინებელში შებრუნებულმა ყელი ჩაიწმინდა და საბანში გახვეულ ფიგურებს წინ გაეჯგიმა.
    - აბა! ჩემო დრაკონებო! დღეს აბაშიძეების ღირსების დასაცავად უნდა ვიბრძოლოთ!
    ელენეს სამსაათიან ძილში დაგროვილი მთელი ენერგია დასჭირდა ცალი თვალის გასახელად.
    - თამაში პირველზე იწყება, თუ არ გაჩუმდები და დამაძინებ, ავდგები და გაგაჩუმებ და იცოდე, მაგრად არ გაგისწორდება... - გამოსცრა კბილებს შორის და ქმარს ზურგი მიუშვირა.
    როგორ თუ მშვიდი ძილი დამიფრთხეთო, დამე აბაშიძემ ჯერ დედამისს ესროლა კუშტი მზერა, მერე მამას, ბოლოს საბანი თავზე წაიფარა და დედას ყელში ჩაუძვრა.
----------------------
    ჯანჯღავებთან ჯერ ერთი მაღვიძარა აწრიალდა, მერე მეორე. მაკომ ძლივს მოასწრო გამორთვა და მკვდარივით მძინარე ქმარს მუჯლუგუნი ჰკრა. მაკოს ეგონა გადარჩა, მაგრამ რაღაც მანქანებით და თან მაინცდამაინც ახალჩაძინებული მაშიკოს ფანჯარასთან სულ არსაიდან მალინის ქალი გაჩნდა და მთელი სამეზობლოსათვის საერთო მაღვიძარას საქმე უმალ შეითავსა. მაშიკოს სულისგამყინავ კივილზე ზუკა წამოენთო და აბაზანისკენ გეზაღებული ძალიან ორსული დედამისი ლამის გაიტანა.
    მაკოს პირღებინება დილაუთენია, სამის ნახევარზე დაეწყო და სადღაც მეორე ტრიმესტრამდე გაუგრძელდა. ზუკაზე მთელი ორსულობის განმავლობაში და მერე მაშიკოზე ფეხმძიმობის პირველი ოთხი თვე მიშო ჯანჯღავაც ცოლთან ერთად იღვიძებდა და აბაზანის კარებში უმიზნოდ ატუზული ნუგეშის სიტყვებს არ იშურებდა გადამწვანებული ქალისთვის, რომელიც იმ წუთებში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ რამდენს მიუსჯიდნენ ორსულ ქალს განზრახ მკვლელობისთვის.
    მაგრამ ეს მაკოს მესამე ორსულობა იყო და როგორც ორი შვილის მამამ, მიშომაც უკვე კარგად იცოდა, რომ ძილიც მიწის იშვიათი მეტალებივით ძვირფასი საგანი იყო.
    - ავდექი, ავდექი...
    მოგუდული ხმის მიხედვით, მაკო თავს დადებდა, რომ თავის ძვირფას მეუღლეს ცხვირი ჯერაც ბალიშში ჰქონდა ჩაფლული. მაკომ შუბლი უნიტაზის ცივ ქვას მიადო და ზუსტად მაშინ დაინახა უნიტაზსა და კედელს შუა საწყლად გაჩხერილი დინოზავრი, რომელსაც მაშიკო ზმუკუნ-წმუკუნით მთელი ხუთი დღე ეძებდა.
    - გღვიძავს საერთოდ?? - გასძახა ქმარს და შემდეგი სპაზმისთვის მოემზადა.
    - უჰუმმმმმნ, მიდი, მიდიყოჩაღუკვეავდექიმიყვარხარ... - მოისმა გადაბმული ზმუილის ფონზე ოთახიდან, რომელიც მალე მაკოს კიდევ ერთმა შეტევამ გადაფარა.
----------------------
    - მაინც ვერ ვხვდები, ისევ რატომ გიზის ამ რაღაცაში... - თქვა თამარ აბაშიძემ და ფინჯნის პირს ცერი დაუსვა.
    ზოგადად, ელენეს ყოველი დღე შაბათის მოახლოვებით გამოწვეული შიშით იწყებოდა. კვირის დასაწყისში ელენე ლამის ყველა საყვარელ არსებაზე იფიცებოდა, რომ აბაშიძეების ოჯახის ეგრეთ წოდებული "შაბათის ყავის სმა" აღარასოდეს დაიკავებდა მათი შაბათის განრიგს. მაგრამ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს თამართან შეხვედრის მერე, ჯერ მკითხველთა კლუბში და მერე თავიანთ კაფეში, რომელსაც რეგულარულად სტუმრობდნენ,  გული მოულბებოდა ხოლმე დედამთილზე და პარასკევს საღამოს იმაზე ფიქრში ატარებდა, რომ შაბათის ყავის სმა არც ისეთი ცუდი იქნებოდა. არა, იმას კი არ ამბობდა, რომ თამართან ერთად ყოფნას ვერ იტანდა, პირიქით, ელენეს ძალიანაც უყვარდა მასთან ერთად კრიტიკოსებთან შეხვედრა, საჯარო ლექციებზე დასწრება, მაგრამ აი, ეს, შაბათის საერთო საუზმისა და ყავის სმის ტრადიცია პირდაპირ კლავდა. თან როდემდე უნდა ეცხოვრა ყველას თამარის განრიგით? ელენემ ამ კვირასაც გადაწყვიტა, რომ მომდევნო კვირიდან შაბათის ტრადიციას წერტილს დაუსვამდა.
    ელენემ ათამდე უკუთვლით დაითვალა და ჩაი მოსვა.
    - იმიტომ რომ ჯერ ისევ ვერ სწვდება მაგიდას, თამარა...
    - მერე? მაღალ სკამში ჩასვი... ვაკა ასე გავზარდე
    თქვა ზუსტად ისეთივე კრიტიკული მზერით, რომელიც ელენეს მხოლოდ მაშინ მოსწონდა, როცა ჰეგელს ან შოპენჰაუერს მიემართებოდა და არა თვითონ მას.
    - ცელქია, რომ გადმოვარდეს? - ხმაში მობეზრება ძლივს დამალა.
    მაგიდის მეორე თავში ვაკა აბაშიძემ თავის ერთადერთ შვილს ისედაც გადავსებულ თეფშზე კიდევ ორი მოხარშული კვერცხი დაუდო.
    - დამე, თეფში ბოლომდე უნდა მოასუფთავო, კაი? დღევანდელი თამაშისთვის მთელი შენი ძალ-ღონე დაგჭირდება.
    - არ მშია... - გააპროტესტა ბიჭუნამ და ცხვირი აბზეკა. თავისი ოქროსფერი კულულებით და თაფლისფერი თვალებით რომელიღაც რენესანსული ტილოდან გადმოვარდნილ პატარა კუპიდონს ჰგავდა, აი, ქცევა-საქციელიც ისეთივე სრულყოფილი რომ ჰქონოდა, როგორც ნაკვთები, მთლად გადასარევი, მაგრამ ... თუმცა რა გასაკვირი იყო, ორივე ოჯახის ერთადერთი შვილიშვილი იყო და ბაბუა თუ ორივე ბებია ლამის ერთმანეთს ახტებოდნენ ზედ, ოღონდ დამეს სახეზე ის ღიმილი ენახათ, რომლითაც მხოლოდ მამას და შიგადაშიგ დედას აჯილდოებდა ხოლმე. - ეგ შენ ჭამე თუ კაია, არ შეიძლება ნაყინი ვჭამო?
    - მაგაზე არ იდარდო! - თქვა თამარმა არხეინად და ხელი აიქნია. - ჩამოვარდება და ჩამოვარდეს, ბავშვები სულ ეცემიან, მერე სწავლობენ, როგორც იტყვიან it will build his character, ვაკუნა ათასჯერ მაინცაა გადმოვარდნილი, მაგრამ ნახე როგორი გამოვიდა.
    - ნაყინს შეჭამ, თუ დღეს თამაშს მოიგებ.. - თქვა ჩუმად ვაკამ.
    ამის თქმა იყო და ელენე მთელი ტანით მიუბრუნდა ქმარს და თვალები მოწკურა. ზედმეტი ხმაც არ გაუღია, აბაშიძეებმა იმდენად დაღალეს დილიდან, რომ მხოლოდ ნწ-ს თქმა დასჭირდა, რომ ვაკა მესიჯს მიმხვდარიყო.
    - რა? - იკითხა ახალგარდზა კაცმა, რომელზე დაქორწინებაც თავად გადაწყვიტა და რომელიც ახლა დიდ შავ ტყავის სკამზე ხელსა და თვალს შუა პატარავდებოდა. - მე ვთქვი, თუ...
    - და თვალებს მტკენს, ღმერთო, ფერი მაინც შეგეცვალა?! - არ ცხრებოდა თამარი. - წითელი ამ ოთახის დეკორს საერთოდ არ უხდება, ხო მართლა, მგონი სააბაზანოში ნათურები გადაგეწვათ...
----------------------
    - ზუკა! - დაუკივლა მაკომ თავის უფროს ბიჭს, - ადექი, დაგაგვიანდება! - და ისევ სამზარეულოში შებრუნდა. წამში ისევ გამობრუნდა და მეორედ დაუყვირა. - საჭმელი უნდა შეჭამო! ჩაიცვი დროზე და მოდი! - ცალი ხელით ზუკას უდებდა თეფშზე შვრიის ფაფას და ცალით გოგრის პიურეს ტენიდა მაშიკოს პირში, რომელიც ზედმეტი აღელვების გარეშე აფურთხებდა ყველა სავსე კოვზს უკან, დედამისის წინსაფარზე.
    სამზარეულოს კარში მიშო ჯანჯღავას პატარა ასლი გამოჩნდა, რომელიც მთქნარებ-მთქნარებითა და თვალების სრესით მიბარბაცდა მაგიდასთან. სკამი გამოწია და უცებ ახტა. ჩვეულებრივ მჯდომი, ჯერ ისევ ვერ ხედავდა მაგიდას კარგად, ამიტომ მუხლებზე დადგა, ნიკაპი ხელებს დააყრდნო და ფაფას დააცქერდა.
    - აბა, როგორ არის ჩემი ჩემპიონი ამ დილით? - რაც შეიძლება ომახიანად წამოიძახა მიშომ, თავისი რეცეპტით შემწვარი ყიყლიყოები თეფშზე გადმოაწყო  და ბიჭუნას წინ დაუჯდა.
    ზუკამ ამოიოხრა, ფაფა გვერდით გაწია და ყიყლიყოს ხელი დაავლო.
    - მიშო, - გამოსძახა ქმარს მხარსუკან და მაშიკოს კიდევ ერთი კოვზი ჩატენა პირში.
    მიშო წამოხტა და კარადიდან თეფში გამოიღო. - ზუკა, თეფში აიღე
    - რისთვის? - იკითხა ბავშვმა მიამიტი სახით, გაზეთილი ხელებით ურჩი შავი კულულები შუბლზე გადაიყარა და მეორე ყიყლიყო გაიქანა პირში.
----------------------
    - გეხვეწები არ გინდა რა... - ოთახში ჩუმი და მუდარით სავსე ხმა გაისმა.
    - სხვა რა ალტერნატივა გვაქვს? - შეეპასუხა ელენე და სათამაშოებში ქექვა განაგრძო.
    - არ დგვჭირდება.. - ვაკამ ხმამაღლა ჩაისუნთქა და შინაგანი სიმშივიდს აღდგენა სცადა. - არ დასჭირდება, მეთქი ხომ გითხარი?
    ელენე წელში გაიმართა, ქმარს მიუბრუნდა და ფუმფულა დინოზავრი დაშნასავით აძგერა შიგ მკერდში.
    - დიახაც. დასჭირდება. მასე მეუბნებოდი წინაზეც და სახლში ჩემხელა კოპით მოიყვანე! ჩემი შვილი ტვინშერყეული არ ივლის, მარტო იმიტომ, რომ მამამისმა გადაწყვიტა ისეთ იდიოტურ სპორტზე შეეყვანა, როგორიც ფეხბურთია, მხოლოდ იმიტომ, რომ დღემდე ვერ იკმაყოფილებს თავის, ბავშვობისდროინდელ. - დარტყმა. - ცხოველურ. - დარტყმა. - მეტოქურ სურვილებს!
    ფიქრებით ვაკა საუზმეს დაუბრუნდა და გონებაში ელენესა და თამარის საუბრები გაიხსენა, ნეტავ დედაჩემმა ხომ არ უთხრა რამე ისეთიო, კი იფიქრა, მაგრამ ელენესთან თანაცხოვრების რვა წელმა ასწავლა, ზედმეტი არაფერი ეკითხა მისთვის.
    - ჰო, კარგი, კარგი! - დანებდა ბოლოს, - გაიკეთებს ჩაფხუტს... შემოსასვლელის კარადის თავზე დავმალე... წავალ და წამოვიღებ, ჰო
    მხრებჩამოყრილი გასასვლელისკენ გაემართა, კორიდორში გაჩერდა და ცოლს მოუბრუნდა, რომელიც სიბრაზისგან თმააჯაგრული ფუმფულა დინოზავრებს, დრაკონებსა და კოსტრუქტორებს ისევ პატარა სათამაშო კიდობანში აბრუნებდა.
    - ხომ იცი რომ მიყვარხარ? - ჰკითხა სხვათაშორის. - და კარგი დედა ხარ... - დაამატა ბოლოს.
    ელენე გაჩერდა, წელში გაიმართა და თვალი გაუსწორა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ მის სახეზეც გამოიდარა და ზუსტად, დამესნაირი იშვიათი ღიმილი გადაეფინა სახეზე.
    - წადი, მოიტანე ის ჩაფხუტი
    - ჰო...
----------------------
    - სად არის ზუკას სამუხლეები? - იყვირა მაკომ
    რომელიღაც ოთახიდან ყრუ ბრაგვანის ხმა გაისმა.
    - მგონი ჩვენი საძინებელი იყო... - თქვა მიშომ და ცოლს შეშინებულმა შეხედა. მაშიკო ფეხებს არ აჩერებდა.
    - რაო? - გამოერკვა მაკო და ზუკასთვის საჭირო ნივთების სიის ბუტბუტს მორჩა. - ა, ჰო, მგონი, მაგრამ იქ ვინ შეიტანა, ღმერთო...
    კიდევ ერთი ბრაგვანი. მიშო წამით ისევ შეკრთა და თვალწინ მამიდამისის სახე დაუდგა, რომელმაც სიკვდილის წინ თავისი ხუთოთახიანი ბინა მიშოს დაუტოვა. იმედია ვერ ხედავს, რა დღეში ჩააგდეს ბავშვებმა მისაღები ოთახის ძვირფასი იტალიური შპალერი და უნგრული მუხის ავეჯიო და ზემოთ აიხედა. ამასობაში, მაშომ როგორც იქნა რეიტუზში ფეხის გასაყოფი იპოვა და მამამისს შემთხვევით ცხვირში წიხლიც ჩაარტყა.
----------------------
    სად იყო და სად არა, სამზარეულოსკენ გეზაღებულ ვაკა აბაშიძეს უცებ მხარში სწდვნენ და ჩაბნელებულ აბაზანაში შეათრიეს.
    - ჩშშ... - თქვა ხმამ.
    ვაკას ჟასმინისა და ფურისულების ნაცნობი სუნი ეცა, ვაკამ ამ მეტად სასიამოვნო იშვიათი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ისურვა, დაიხარა და მისმა ტუჩებმა ცოლის ტუჩები მყისვე იპოვა. მერე ტუჩებით ყელს გადაწვდა, მისი სუნი ღრმად ჩაისუნთქა და მუხლებში სისუსტე რომ იგრძნო, მაშინ მიხვდა, რომ თხუთმეტი წლის უგონოდ შეყვარებული მოზარდივით იქცეოდა. ელენეს სუსტი ოხვრა დასცდა და ხელით მის მკერდს შეეხო.
    - მოიცა...
    ვაკა, როგორც ყოველთვის ოპორტუნისტი, სულაც არ აპირებდა ასე მალე დანებებას. კულულები თავისი საყვარელი გზიდან მოიშორა და ყელი ნაზად დაუკოცნა.
    - სხვათაშორის, შენ თვითონ შემომათრიე აქ, გახსოვს სკოლის დარაჯს რომ ვემალებოდით - ისევ კოცნა. - ხან სხვენში, - ისევ კოცნა. - ხან ტენისის ძველ ოთახში? მაშინ რომ გაკოცე, ახლაც მახსოვს... გიყვარს ხო? საიდუმლო შეხვედრები...
    ელენემ საჩვენებელი თითი შიგ მკერდში ატაკა და ქმარი კარს მიაკრო.
    - არაფერიც!
    - არა?
    ვაკას ტვინის აქტიური ორი უჯრედი ერთმანეთს ებრძოდა, ეს ის მომენტი იყო, როცა ელენეს უნდა ეთქვა, რომ კი, ძალიანაც მოსწონდა მასთან ერთად ბნელ ადგილებში საიდუმლო პაემნები, რომ მზად იყო მასთან ერთად სამყაროს დასალიერამდე წასულიყო და ა.შ. მაგრამ ვაკას ფლირტის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
    - რაღაც აკრძალული რანდევუსთვის კი არ შემომიყვანიხარ?!
    - არა?
    - ვაიმე, არა... უბრალოდ დედაშენია აქ, და მე კიდე ცალკე მინდოდა შენთვის მეთქვა რაღაც... - დაიჩურჩულა ელენემ.
    ვაკას დედამისის ხსენებაზე ყველა მაცდური სურვილი წამიერად გაუქრა, ხელები ჩამოყარა და კარს მიეყუდა.
    - დამპირდი, რომ დღეს კარგად მოიქცევი
    ვაკას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ სულ რამდენიმე წამის წინ, მზად იყო ცოლი აქ და ამ წამსვე შეეცდინა, ახლა კი უცებ, მის დარიგებებს უსმენდა. არაფერი წმინდა აღარ დარჩა ამ ქვეყანაზე?
    - მე ყოველთვის კარგად ვიქცევი
    - არა, არ იქცევი, საერთოდ არ იქცევი!
    ელენეს შუქი სულაც არ სჭირდებოდა, ვაკას თვალების გადატრიალების ხმა გაიგო.
    - აი, მართლა არ მჯერა, რომ ლექციას ვისმენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცე ფეხბურთის მატჩზე? ღადაობ, ჰო?
    - არა
    - მართლა?
    - არა, საერთოდ არ მეღადავება... არ მინდა დამემ იფიქროს, რომ ასე, - ჰაერში ხელი აიქნია და საჭირო სიტყვის მოსაძებნად გონების თეზაურუსს გადაავლო თვალი. - ასე, ასე ბავშვივით მოქცევა სწორია!
    - ელენე, დამე ბავშვია, ოთხი წლისაა!
    - ჰოდა, ზუსტად მაგიტომ მინდა, რომ შენ უფროსივით მოიქცე! ვაკა, ხომ იცი რომ გაღმერთებს? - ტონი შეურბილდა და ქმარს ხელი ლოყაზე დაადო.
    ვაკა ლამის დადნა. - ჰო კაი... - მერე დარჩენილი სიამაყე მოიკრიბა და წელში გაიმართა. - ჰო, ანუ, ისედაც ყველაფერში მბაძავს და ვანახებ, როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი კაცი ასეთ სიტუაციებში.
    ვაკამ ცოლის ჩახუტება მადლობად ჩათვალა და ხელი წელზე მოხვია.
    - მადლობა - თქვა ბოლოს ელენემ. - თან... ეს ხო უბრალოდ ფეხბურთია
    ვაკამ მეხნაკრავივით აიღო ხელი.
    - უბრალოდ ფეხბურთი? - აღმოხდა შეურაცხყოფილს. - წარმოდგენა თუ გაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში?
    ელენეს საპასუხოდ გამზადებული სიტყვები ისე დარჩა, როცა გარედან ბრაგვანის ხმა მოისმა.
    - დამე! - აღმოხდა ორივეს ერთდროულად. ვაკა სინათლის ჩამრთველს ეცა.
    - მგონი მართლა გადაიწვა...
    - შენ ვერ გამოცვლი?
    - ჭერშია შესმული, მე რანაირად გამოვცვალო?
    - მამა ცვლის ხოლმე...
    - ხელოსნის ნომერი არ გვაქვს?
    - მამას ვკითხავ...
    - გინდა დამცინოს ჰო?
    - ღმერთო...
------------------------
    - მიშო, - დაიწყო მაკომ, რომელსაც ცალ თეძოზე მაშიკო ჰყავდა აწებებული, თავისუფალი ხელით კი დიდი სამგზავრო ნაჭრის ჩანთის გადაკიდებას ცდილობდა მხარზე.
    მიშო, რომელიც ზუკას ეჭიდავებოდა და ხელებიდან რაღაცის გამოგლეჯვას ლამობდა, წამოდგა და ცოლს თვალი გაუსწორა.
    - რა იყო?
    - დღევანდელ თამაშსზეც თუ ისე მოიქცევი, როგორც წინაზე, მთელი კვირა დივანზე დაიძინებ
    - მთელი კვირა? - აღმოხდა მიშოს და ზუკას მუჭიდან წართმეული ხოჭოები ჯინსზე გაიწმინდა.
    - სულ ცოტა
    ზუკამ მამამისის მოდუნებული ყურადღებით ისარგებლა და რაც კი ჰქონდა დარჩენილი მუჭში, ყველაფერი პირში გაიქანა.
    მიშომ ამოიოხრა და მეკარის ინსტიქტები მყისვე ჩაერთო, ზუკას ლოყებზე მოუჭირა და ყველაფერი უკან გადმოაფურთხებინა.
    - ხო, კაი, ჯანდაბას. წავიდეთ, სანამ დაგვაგვიანდება.
------------------------
    - აბა, დავიძარით, პატარა დრაკონებო!!! - გამოსძახა ვაკამ თავის ოჯახს მთელი კორპუსის გასაგონად. ჯერ მანქანას მიუახლოვდა და თავის ცოლ-შვილს გახედა, ორივეს წიგნები ჰქონდათ ამოიღლიავებული. ცოლის ფეხბურთისადმი ინტერესის არქონით მოგვრილი წყენა ჩაყლაპა და შვილის წიგნს შეხედა, თავისი ნაქონი ძველისძველი სპარსული ზღაპრები რომ დაინახა, სიამაყით აივსო და ბიჭს თმა აუწეწა.
    - არ შეიძლება, ამ პლაკატების გარეშე წავიდეთ? როგორც ნორმალური ხალხი? - ჩაიდუდღუნა ელენემ და მანქანის კორპუსიდან მომღიმარ ანიმაციურ დრაკონზე შემხტარ დამეს თვალი აარიდა. "წინ დრაკონებო!" ორი თვის წინ თავად დამემ ააფხრიწა, მაგრამ ვაკას დრო არ დაუკარგავს და შვილის მხარდამჭერი პოსტერი, კიდევ უფრო დიდად გადაჭიმა მანქანაზე.
    - ამ რაღაცაში არ ჩავჯდები... - ცივად გამოაცხადა თამარმა.
    - მაშინ სტადიონის შესასვლელთან შეგხვდი, - არ დააყოვნა ელენემ და შვილი ფეხზე წამოაყენა, რომელსაც გარეთ ყოფნის ხუთ წუთში უკვე მოესწრო წაქცევა. - ვაკა, ამის დასაჯდომი მანქანაში დევს?
    VA-001-KA ფეხბურთის სტადიონის სადგომთან ზუსტად თხუთმეტ წუთში გაჩერდა.
    - მეორედ, ამ რაღაცით აღარსად წავალ... რამ გაყიდინა ეს მანქანა?! ან ეს სულელური სტიკერები... მთელი გზა ისე გვიყურებდნენ, თითქოს ზოოპარკის მაიმუნები ვყოფილიყავით... - თქვა თამარმა, ჯერ თავისი შვილიშვილის უზარმაზარი დრაკონები გადაიყარა და მერე ძლივ-ძლივობით გადმობღოტდა მანქანიდან. თამარს ელენე მოჰყვა, თმა იმაზე უფრო აწეწილი, ვიდრე დილით ჰქონდა, თვალები - ორჯერ უფრო დიდი. ორივე მუშტიც და პირიც მაგრად ჰქონდა მოკუმული. ბოლო მანქანიდან მამა-შვილი გადმოვიდა. ვაკას დამე ხელში აეყვანა და ორივეს სახეზე იდენტური ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
    - დამ, როგორი იყო, აბა?
    დიღმის ტრასაზე მამას ახალი "ვუუმ-ვუუუმ" მანქანის შესაძლებლობებით აღფრთოვანებულმა დამემ ხელები გაშალა, წიგნი დააგდო და მამას კისერზე ჩამოეკიდა. ელენემ დაგდებული წიგნი აკანკალებული ხელით აიღო და მამა-შვილს წამოეწია.
    - მეორედ არ გაბედო, გაიგე? - კბილებში გამოსცრა ქალს.
    - რატო, დე? - იკითხა გაკვირვებულმა დამემ.
    - ჰო, რატო? - ზუსტად ისეთივე გაოცებული სახე მიიღო ვაკამ და შვილი ჩაიხუტა.
    - რა რბოლები აგიტყდა? ან ის კიდე, მოსახვევში კინაღამ თოთხმეტ ნომერ ავტობუსს რომ შეაჯექი!
    - შესწორება, - დამე აცმუკდა, ვაკამ ბავშვი ძირს დასვა, რომელიც ორ წამში ბებიასთან გაჩნდა. - ყველაფერს ვაკონტროლებდი, თან იმ მაზდას ბრალი იყო, ჩემი არა!
    - შენ სულ გაგიჟდი?? მასეც რომ ყოფილიყო, არ იცი დედაშენს რა სუსტი გული აქვს? ქალმა ფერი დაკარგა!
    - თამარას მაქანების სულ ეშინოდა, ტრავმა აქვს... ბავშვობის...
    ქმრის ბოდიალისთვის ყურადღება არ მიუქცევია, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ პარკინგზე სხვა მანქანები გამოჩდნენ და ელენემ ვაკას დატუქსვა სხვა დროისთვის შემოინახა.
    - აბა! დამე! მოდი აქ! უნდა გავხურდეთ! - გასძახა შვილს, რომელსაც ბებიას კალთაში ედო თავი და ქალს ხმამაღლა უკითხავდა.
         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები