ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2020


მილიონიანი ნაგავი

ნინო სტრონი

მილიონიანი ნაგავი
- - - - - - - - - - --
(მოკლე ვერსია,  სპეციალურად საყმაწვილო ჟურნალ ,,იალქანისთვის”)

  ესეც ასე! ყველაფერი  საბოლოოდ ჩალაგებულია, მანქანაში ჩაწყობილი. დილით 5:30 ზე გავიღვიძებ, შხაპი და წავედით!
    უნივერსიტეტის კამპუსამდე  აქედან - ოთხი საათია.  დორმში ოთახი უკვე ყველაფრიანად მოწყობილი მაქვს.  ამ ბოლო თვეში ხუთჯერ მაინც ვიყავით, ხუთჯერვე - ორი  დატვირთული მანქანით, ახლა მე ჩემი მანქანიანად იქ დავრჩები და დედა მარტო დაბრუნდება აქ.
  გზაში საუზმის დრო რომ მოვა, სადმე, სონიკთან ან სხვა ფასტფუდთან  გადავუხვევთ, მანქანებიდანვე  ხელს გადავყოფთ, ბარათით გადავიხდით,  პარკს გადმოგვიწვდიან და ჩვეულებრივ,  გადაუსვლელად, ცალ-ცალკე  შევჭამთ. მე ერთ ბისკვიტს ავიღებ, კვერცხით და ბეკონით, ოღონდ ცომიანი ნაწილის ნახევარს გადავაგდებ, ზედმეტი კალორიაა. ზამთარში კიდევ არა უშავს, მაგრამ ახლა აუზის სეზონია და ჩემი ბრტყელი მუცელიკო ფორმში უნდა იყოს.  ტრენაჟორების დარბაზი მომეწონა, კაფეტერიაც, საერთოდ, იქაურობა კარგად გამოიყურება, მაგრამ რაღაცნაირად ცივი მეჩვენა. ალბათ იმიტომ რომ, რომ სიცარიელე იყო უსტუდენტებოდ.
        დედას ადრე ეძინება. თავის ოთახშია და აქამდე აღწევს  წკმუტუნიანი ხვრინვა. რომ ჰკითხო, არაო. ერთხელ ჩუმად ჩავწერე ტელეფონით და მოვასმენინე. ვერ დაიჯერა, რომ ამ ხმებს თვითონ გამოსცემდა.
  ეს ტკბილეულის შეკვრა კართან დამხვდა სხვა პატარა  რაღაცეებთან ერთად. მოსალოც ბარათზე  „ბუდედაცარიელებულთა კლუბი“ ეწერა. - მაგარი სახელია. მე ვიტყოდი, შაქრიან-სევდიანიც და სარკასტულიც. დედაჩემი უკვე ჩაერთო. შიგ ის მშობლები არიან, ვისმა შვილებმაც ჰაი სქული დაამთავრეს და კოლეჯში წავიდნენ.  წარმომიდგენია, როგორ შეიკრიბებიან  ყოველ პარასკევს, სამსახურის მერე და დაიწყებენ ჩვენზე ლაპარაკს, ამაყობას და ჩვენი სიახლეების გაზიარებას, მერე გემრიელად ივახშმებენ ერთად და წავლენ ცარიელ სახლებში, ერთ დროს თინეიჯერებითა და მათი ამხანაგებით რომ იყო ახმაურებული.
    დედაჩემი ამბობს, შენს ოთახს  ხელს არ ვახლებ, რასაც როგორ დატოვებ, რომ ჩამოხვალ ხოლმე არდადეგებზე, ისე დაგხვდებაო.  როგორც გაირკვა, სხვა დედებიც ასე ეუბნებიან ჩემს ამხანაგებს.  დარწმუნებული არა ვარ, მინდა თუ არა, ასე  რომ იყოს. რომ იზრდები, გემოვნებაც გეცვლება, ფერებიც აღარ მოგწონს ძველებური, აღარც ავეჯი, ქლოზეტი - მე თვითონ გავცალე და რაც  კოლეჯში არ გამომადგება,  გუდვილში წავიღეთ დიდი პარკებით. სხვა საქველმოქმედო მაღაზიები სჯობია მაგასო, სადღაც წავიკითხე, ბიზნესს უფრო ეწევიან, ვიდრე ქველმოქმედებასო, მაგრამ ჩვენთან ეს უფრო ახლოა, უფრო ღრმად არ მაინტერესებს ჩათხრა...
  , კოლეჯში რომ მიდიხარ, ასაკით  - ჯერ თინეიჯერი ხარ, მაგრამ შენი თინეიჯერობა მორჩა!
 
ამ დღიურს რა ვუყო, არ ვიცი, - კლიტეც რომ აქვს და პატარა გასაღებით იღება! 
      ეს გასაღები ხან სამაჯურზე მეკიდა, ხან ყელზე - ძეწკვით, მედალიონად.  ჰაი სკული რომ დაიწყო, მაშინ მაჩუქა ბიძაშვილმა, ყოველდღე არ ვწერდი და ბოლოში კიდეა ფურცლები თავისუფალი. შენახვა შეიძლება, მაგრამ რად მინდა! რამდენჯერაც ვნახავ,  სევდას მომგვრის.
      წინ უნდა იყურო და უნდა აცადო წარსულს, რომ წარსულად იქცეს. 
      ვაუ, რა სასაცილო რაღაცეები მიწერია. პირველი გვერდი ნახე!
***
„გამარჯობა ჩემო ახალო დღიურო, მე ემა ანუ  ემა-კეითი ვარ, ჩემი სრული სახელია ემილიან კეთრინ რამბლი. ვარ თოთხმეტი წლის. საშუალოზე მაღალი, ცოტა დასაკლები, თვალები - ლურჯი, ირგვლივ მუქი ყავისფერი წრეებით, თმა - შავი,  ბიჭებს ძირითადად მოვწონვარ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა ჯერ არავისთან მაქვს. უფრო სწორედ, მე ვინც მომწონს, იმას ჩემი მეგობარი უფრო მოსწონს....( ნეტა ვის ვგულისხმობდი? ) ...მყავს დედა. მამა  - ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა ავღანეთში. დედა - იურისტია, საკუთარი პრაქტიკა ჯერ არა აქვს,  მაგრამ იმედია, მალე ექნება. ადვოკატთა ბიუროში მუშაობს ასისტენტად. ბებია - მამის დედა  ბუნდოვნად მახსოვს. უფრო სწორად, სურათი რომ გვიდევს  სტუმრის ოთახში, რომ შევხედავ, ვგრძნობ, რომ ვუყვარდი. დედაჩემი ამბობს, დაბადებიდან ორ წლამდე გაგზარდაო. დედაჩემის მშობლები არასოდეს მინახავს. ვიცი, რომ ცოცხლები არიან და ძალიან  შორს ცხოვრობენ. არც კომუნიკაცია გვაქვს მათთან.
    ჩვენი  დიდი სახლი ეზოიანად - ჯეკსონის  დაუნთაუნში დგას.  მისი აშენება მამამ დაიწყო, დედაჩემის დანიშვნის მერე, მაგრამ ვეღარ დაამთავრა, რადგან ომში წავიდა და მშობლებმა  ააშენეს ბოლომდე და მოგვიწყვეს ჩემს დაბადებამდე, ანუ სამშობიაროდან პირდაპირ აქ მომიყვანეს. სადაც ახლა  ოფისი გვაქვს,  პირველ სართულზე, ჩემი საბავშვო ოთახი იქ მოუწყვიათ და  სალათისფერი ყოფილა თავიდან.  პირველზე იმიტომ, რომ კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა მომხედავებს  მალ-მალე გაუჭირდებოდათ. სალათისფერი კიდევ, როგორც დედამ მითხრა, წინასწარ ჩემი სქესის გაგებაზე უარი თქვა და  ამიტომ წინასწარ ვერც ცისფერს გააკეთებდნენ და ვერც ვარდისფერს  და სალათისფერზე შეჩერდნენ.  ალბათ იმიტომ მიყვარს სა ლათები.  ახლა ეგეთი ფერები აღარ არის საინტერესო.
      ჩვენს ეზოში კიდევ  ვიქტორიანული სტილის პატარა სახლია, რომელშიც მოხუცები ცხოვრობდნენ ბებიაჩემის გარდაცვალებამდე. მერე ბაბუამ არ მოინდომა შიგ მარტო ყოფნა და მოხუცებულთა სახლში გადავიდა. დედა ამბობს, მანამ ის ცოცხალია, ხელს ვერ ვახლებთ და მერე შიგ სასტუმრო სახლს მოვაწყობო.  მაგარი დასალაგებელია. რაც აქ ზედმეტი გვაქვს, იქ  ვეზიდებით და უწესრიგოდ ვინახავთ.
მე მიყვარს წიგნები გამოძიებაზე,  შოკოლადის დონატები,  ამხანაგებთან ყოფნა.  შოფინგზე სიარული,  არ მიყვარს ლაგება და კიდევ სარეცხის გადაყრა სარეცხი  მანქანიდან საშრობში. ვუკრავდი ფლეიტაზე სკოლის მარჩ ბენდში, აქაც ვაპირებ. როგორც  ძველ სკოლაში ამხანაგები ამბობენ, მაქვს იუმორის გრძნობა.“
      რა უდარდელი დასაწყისია!
    ჯერ კიდევ რომ არ იცის ადამიანმა, რა ამბები მოხდება.

მგონი, აქედან იწყება საინტერესო ამბები.
***
      ყველა კარგი იურისტის უკან კარგი ასისტენტი დგასო - ეს დედაჩემის საყვარელი ფრაზაა. ასისტენტობაში წლები აქვს გატარებული და ალბათ ასისტენტადაც დაბერდება. კერძო იურიდიული პრაქტიკის შეძენას  დიდი ფული უნდა. მითხრა, შეიძლებოდა, ბანკიდან სესხად გამომეტანა, შემეძინა პრაქტიკა, მერე ინტერესი მეხადა, მაგრამ ვერ ვრისკავ, რომ არ გამოიმართლოს და ბანკის ვალი დამედოს,  შეიძლება მთლად  უსახლკაროდ დავრჩეთ, კარგი საქმეები არ იშოვება და ჩემამდე ვინ მოუშვებს, მგლებივით არიან  გამოცდილი იურისტებიო.
      მისი ბიუროს პატრონი ძველი ფულის პატრონი ოჯახიდანაა. იურისტი კი არის, მაგრამ ზედმეტად არ გაინძრევა, უძრავი ქონების დავებზეა კვალიფიცირებული და მეტი არც არაფერი აინტერესებს.
      ძნელი შესამჩნევი არაა, რომ დედაჩემს განსაკუთრებული ყურადღებით ექცევა. ყველაზე რთულ საქმეებს ავალებს და დედაჩემი იძულებულია, გვიანობამდე დარჩეს ოფისში.
      პირადი ცხოვრება პრაქტიკულად, არა აქვს. ერთხელ ვუთხარი, ბოი ფრენდი მაინც იპოვე,  ან გათხოვდი-მეთქი. მისი დაბადების დღე იყო და რაღაც ისეთი მინდოდა მეთქვა, ლაიფ თაიმის ფილმებში  შეგნებული ქალიშვილები რომ ეუბნებიან დედას. ვთქვი და  მე თვითონ შემეშინდა, რომ წარმოვიდგინე, როგორ დადის ვიღაც, უცნობი ადამიანი, კაცი ჩვენს სახლში და ჩვენ ორს შორის დგება. ეგოისტი ვარ? ალბათ.
ჰო, ოფისში ყველაზე გვიანობამდეა-მეთქი ვთქვი, მაგრამ მთლად ზუსტი არა ვარ. სამუშაოს მერე მოდის დამლაგებელი, მის ტიბისაი, ანუ ტიბი, ხანდახან თავისი გოგოც მოჰყავს,  ჩემი ხნის, თუმცა ტანად ჩემზე პატარა ოლივია და იხმარიებს საქმეში.  მე არცერთი არ მინახავს პირადად.  დედაჩემისგან ვიცი ეს ყველაფერი. ოლივიას ძალიან დატვირთვა არ შეიძლებაო, დედაჩემმა, აქ რომელიღაც ესპანურენოვანი ქვეყნიდან ჩამოუყვანია მის ტიბის, გულის მანკის დიაგნოზით და რაღაც სარქველის ოპერაცია გაუკეთებიათ,  ოპერაციისშემდგომ რეაბილიტაციას იმაზე დიდი დრო დასჭირვებია, ვიდრე მათი ვიზა და ფინანსური შესაძლებლობები ითვალისწინებდა...      გრძელი სიტყვა - მოკლედ!  დარჩენილა და  რამდენიმე ოფისის და კერძო სახლის დალაგებით არჩენს და მკურნალობს შვილსო. ამასობაში სამშობლოში დატოვებულ ქმარს სხვა ცოლიც შეურთავს.  ისე  შემიძრა ამ ამბავმა გული,  დედაჩემს ჩემი ახალთახალი ტანსაცმელი გავატანე. იმათ- რაღაც, თავისი  ნაციონალური ნამცხვარი გამომიგზავნეს.  ერთ დღესაც, ჰაი სქული  ჯერ არ იყო დაწყებული, დედაჩემმა მითხრა,  რას ფიქრობ, იმ პატარა სახლს მაინც საწყობად ვხმარობთ და მის ტიბი რომ გადმოვიდეს თავისი  შვილიანად, თან მოაწესრიგებს, თან - სახლის საქმეებშიც მომეხმარება,  თან - ამხანაგი აქვე გეყოლებაო.
    კარგი აზრია-მეთქი, კი ვუპასუხე, მაგრამ,  მართალი გითხრა, ჩემო დღიურო, დიდად არ გამიხარდა. ჩორები, ანუ სახლის რუტინული საქმეები - ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო,  ჯერ კიდევ იმ დროიდან,  როცა ჯასტისი- ყველაზე მაგარი ბრენდი მეგონა და მთელ ფულს იქაურ რამეებში ვხარჯავდი.
    უკვე გადმოვიდნენ, მოწესრიგდნენ და ოლივია ჩემს კლასში გადმოიყვანეს.
ეს დეტალები საინტერესო აღარ არის, გადავფურცლოთ!
        ***
ჩვენს სამეზობლოში ეზოების შემოღობვა შეიძლება, მაგრამ არ  ითვლება კარგ ტონად. ყველამ იცის, სად მდებარეობს თავისი საზღვრები. მაგალითად,  შუაში ღობე არასოდეს გვქონია  ჩვენ და მის რებეკას,  ძველ ბალერინას, რომელიც, როგორც თვითონ მეუბნება, თითქმის ბებიაჩემია, რადგან თავისი შვილი არასოდეს ჰყოლია, აღარც ქმარი ჰყავს და ბებიაჩემთან დასავით იყო. ჩვენთან იშვიათად გადმოდის, მაგრამ როცა ასე ხდება, იმდენ მძაფრ  პარფიუმს ისხამს, ერთი კვირა სუნი აღარ გადის.
        დედაჩემმა  ჩვენი ახალი მობინადრეები გააცნო და მოილაპარაკეს, რომ ოლივია მიეხმარება სახლის საქმეებში, უყიდის სურსათს,  მოუტანს წამალს და ასე შემდეგ.  ამისთვის მის რებეკა თავის ანგარიშზე მიბმულ პლასტიკურ ბარათს გაუხსნის. ახალ  სამეზობლოებში  სუპერმარკეტები, აფთიაქები და ასე შემდეგ, შორს აქვთ, ჩვენთან კი ყველგან ფეხით მიხვალ, რადგან  ძალიან ძველი დასახლებაა და როგორც გვეძახიან,  ძველი ფულის ხალხი ვართ.  ფული პირადად ჩვენ - არც ძველი გვაქვს და ახლისთვისაც დედა ყოველდღე მუშაობს, მაგრამ სახელი - სახელია.
***
    ორმა წელმა დიდი პრობლემების გარეშე ჩაიარა.
  ერთ წვიმიან საღამოს ოლივია მთლად აცახცახებული მომადგა.
    ჩვენი დედები სახლში არ იყვნენ.
        მუჭი გახსნა და  რაღაც ბოთლის პლასტმასის თავსახური გამომიშვირა. შიგნიდან იყო წარწერა: „გილოცავთ, თქვენ მოიგეთ მილიონი დოლარი“!
წარმოუდგენელია- შევყვირე- მილიონი?
მერე ხელიდან  ლამის გამოვგლიჯე, ლუპა მედო საწერ მაგიდაზე და იმითაც ვათვალიერე, არა , ეს წარმოუდგენელია!- ვიმეორებდი.
      არადა, ფაქტი ხელში მეჭირა!
      ლოკალური რბილი სასმელების ბაზარი ჩვენთან ძალიან გადატვირთული იყო, ტელევიზიით განუწყვეტლად გადიოდა რეკლამა: ‘’შეიძინეთ მოკა მოლა, გადააცალეთ ბოთლის თავსახურს ფილმი და მოიგეთ მილიონი! მის რებეკა ბოლო დროს სულ ამ სასმელს სვამდა, ორგანულია და სასარგებლოო, ამბობდა. როგორც ოლივიამ მითხრა, ერთი ბოთლი მაცივრიდან გამოუღია, დაულევია,  თავსახურის გასინჯვა კი ჰქონდა ჩვევად, მაგრამ მაინცა და მაინც დღეს ნაგავში ჩაუგდია  ბოთლი თავსახურიანად, ცალ-ცალკე. ჩვენთან ნაგავი კვირაში ერთხელ გააქვთ, პარასკევ დილას. წვიმიან ხუთშაბათ საღამოს დიდ სანაგვე ყუთში სახლიდან გატანილი პარკი რომ უნდა ჩაედო, თავსახური გადმოვარდნილა.  დიდი ნაგვის ყუთისთვის თავის ახლიდან გადახდა დაეზარა, დაიხარა, თავსახური აიღო და  მერე რაც მოხდა, ვთქვი.
რა ვქნათ? ისე წყნარად მკითხა  ოლივიამ, თითქოს ყოველდღე იგებდეს ადამიანი არც მეტს, არც ნაკლებს, მილიონ დოლარს!
  დავრეკოთ ოფისში?
დედებს დაველოდოთ?
  - ეგ არ ვიცი, მე ვიცი ერთი რამ, რომ ხვალ დილას სკოლას ვაცდენთ და ბანკში მივდივართ, ვუთხარი მე.
    დედაჩემი სამსახურიდან ვერ გაეთავისუფლებინებოდა, გადაუდებელი საქმე ჰქონდა. მის ტიბი გამოგვყვა. წყნარად შევედით, მთავარი მენეჯერი ვიკითხეთ.
  იცი, ჩემო დღიურო,  ბანკში როგორი დაძაბული სიმშვიდეა? წყნარად გელაპარაკებიან, გიღიმიან, ყველა მოძრაობა მოზომილი აქვთ, თვალის ერთწამიანი გადახედვით ესმით ერთმანეთისა.  გადახედვაც არ უნდათ. რაღაც ტალღებს გადასცემენ ვიბრაციებს...
ჯერ ოლივიას რაღაც ფურცლები შეავსებინეს, მერე  სეიფი გახსნეს, კონვერტში ჩადებული თავსახური შეინახეს, ხელმოწერილები ჩააბარეს  გასაღებთან ერთად და სამი დღის მერე დაიბარეს.
მეტი არც არვისთვის გვითქვამს არაფერი, არც არავისთვის გვიგრძნობინებია.
გამოვედით ბანკიდან და კარებშივე რეპორტიორების  ხროვა დაგვხვდა, ლამის დაგვგლიჯეს.
ძლივს მოვაღწიეთ სახლამდე და ტელევიზიით უკვე გადაიცემოდა  რეპორტაჟები და ისმოდა  „მილიონერი თინეიჯერი დაუნთაუნ  ჯეკსონიდან“, ‘ნაგავში ნაპოვნი მილიონი“.
      დედაჩემი დაბრუნდა თუ არა სამსახურიდან, მის რებეკაც შემოჰყვა.  სასტუმრო ოთახში  შევიდნენ და მესმოდა,  უფროსები რაღაცაზე  დაძაბულად საუბრობდნენ. ცოტა ხანში დედამ, მის ტიბისთან გამაგზავნა. გადმოვიდა მის ტიბიც. საბოლოოდ გაირკვა, რომ მის რებეკას მიაჩნდა, რაკი მის სახლში ყველაფერი მისი საკუთრებაა, ნაგვის ჩათვლით, მილიონი მას ეკუთვნოდა და თუ ოლივია არ გადასცემდა ბოთლის თავსახურს, სასამართლოს მიმართავდა.
  ოლივია იქნებ კიდეც დათანხმებოდა, აღტაცების პირველმა ტორნადომ გადაუარა, მაგრამ დედამისი მტკიცედ დადგა.
      დედაჩემი საგონებელში ჩავარდა,  მეც.
ბოლოს ისღა მოახერხა, რომ მის ტიბის უთხრა, ადვოკატის მომსახურებას ვერ შეწვდები,  მე თვითონ ლიცენზია ჯერ არ გამაჩნია, უფასოდ კი, რაც შემიძლია, დაგეხმარებიო.
    ეს უკვე ბოლოსკენაა:
***
  ვისაც სასამართლოსთან საქმე არ ჰქონია, ვურჩევ, ყველანაირად ერიდოს. თითქმის მთელი ჩვენი თინეიჯერობა მოუნდა გამოძიებას და წინასწარ მოსმენამდე ძლივს მივაღწიეთ. ახლა საქმე როგორ არის
ერთ მხარეს - დიდი ფული და გავლენაა, მეორე მხარეს - ერთი საწყალი, პირველი თაობის ემიგრანტი,  ავადმყოფი გოგო, ნუ, მთლად ავადმყოფი აღარ, მაგრამ მაინც,  სისხლის გასათხელებელ წამლებს ხომ მუდმივად სვამს!
  ჩვენ, ანუ დედაჩემი ამტკიცებს, რომ ოლივიამ თავად  შეიძინა სასმელი, თავად მოიხმარა, თავად იპოვა  მილიონის მომგები თავსახური და მას რომ არ ეპოვა შემთხვევით, ვერასდროს ვერავინ ვერაფერს ნახავდა.

  მის რებეკას ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბარათი, რომლითაც ოლივიამ სასმელი შეიძინა, მის სახელზე კი არის, ანუ ზედ მისი სახელი აწერია, მაგრამ მიბმულია მის რებეკას ანგარიშზე, ფული ეკუთვნის  არა ოლივიას, არამედ მის რებეკას. ამასთანავე, ნაგავი, რომელიც იყო პარკში, ეკუთვნოდა მის რებეკას,  ნაგვის ყუთიც, რომელშიც ოლივიამ ჩააგდო პარკი, წარმოადგენს მის რებეკას  პირად საკუთრებას და კიდევ მეტი, ეს საკუთრება მოთავსებულია მის კუთვნილ ტერიტორიაზე, სახლის გვერდით, სადაც ნაგვის გამტანები, მესაკუთრის ნებართვის შესაბამისად, კონტრაქტის საფუძველზე,  კვირაში ერთხელ მანქანით შედიან და გააქვთ.
    წინასწარი მოსმენა ხვალაა. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საქმე სასამართლოს განხილვაში გადავა.
    დედაჩემი ამბობს,  შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეო.
ამას წინათ ერთი იუმორისტული მინიატურა წავიკითხე:
კაცს ეკითხებიან, პროცენტულად რამდენია შანსი, რომ დილას სახლის კარი გამოაღო და წინ დინოზავრი დაგხვდესო. კაცი პასუხობს 0, 000000000000000000000001 %-იო, ქერას ეკითხებიან
და პასუხობს 50/50 -იო. ან დაგხვდება, ან არაო.
დედაჩემი ქერაა,  თან - ბუნებრივად, თან - ძალიან.
ნეტა მალე გათენდეს.

წავიდა შრედერშიიი!
ო, ეს უკვე მეორე დღის ამბებია:
**
      მიკვირს, როგორ შეუძლით ადამიანებს ასეთი რაღაცეები.
  წინასწარი მოსმენიდან რომ გამოვიდა  დედაჩემი, შორიდან გვიღიმოდა,  სახეზე თითქოს კმაყოფილება  ემჩნეოდა. ამბის  უთქმელად  იქვე, პატარა ოთახში შეგვიყვანა,  ოვალური მაგიდის ირგვლივ დაგვსხა და დაიწყო:
- სამწუხაროდ, სხვა გზას ვეღარ ვხედავ. უნდა დავთანხმდეთ, რომ პროცესამდე საქმე არ წავიდეს, რადგან ჩვენ აქამდე  რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, ამის ზემოთ კი ჯერ ერთი,  დიდი ფულის ხარჯია, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია და კიდეც რომ გაგვაჩნდეს, იმდენი დრო და ნერვები დაგვჭირდება,  ჩემსას, ჩვენსას არა უშავს, (აქ - მის ტიბის გადახედა) მაგრამ თქვენს წლებს წაიღებს და გარანტირებულ შედეგს მაინც არ  მოველით.  ჩვენგან განსხვავებით, მის რებეკას არც ფული აკლია და არც არსად ეჩქარება,  თავის  ყოველდღიურ მარტოობას  საინტერესო ამბებით ავსებდა და შეავსებს, ვიდრე ისიც იქ წავა, სადაც ყველა, ანუ  მოხუცებულთა სახლში.
მე გირჩევთ, წინ იყუროთ. მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ,  როგორ მოვიქცეთო!
    დედაჩემი რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, ჩვენი მოწინააღმდეგეების მხარეს გადავიდა- მეთქი.
  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი- წამოვიძახე მე - ქეისი გავყიდოთ - შენ არ ამბობდი,  კარგი ქეისი ყველას უნდაო?
მოკლეხნიანი, მაგრამ  მძიმე სიჩუმე დაადგა. ოლივიამ დედამისს გადახედა, დედამისმაც,  ჯერ ახლად გაკეთებულ ფრჩხილები დაკვირვებით შეიმოწმა, ლაქი ხომ არ გამიფუჭდაო, მერე  ახალ სტილში შეჭრილ-დავარცხნილი თმა შეისწორა, ამოიხვნეშა და  შეგუებული სახით  თავი დაუქნია.
  დედამ  ოლივიას  წინ ფურცელების შეკვრა დაუდო, ყველა გვერდზე ხელმოსაწერად.
  როგორ გვეწინააღმდეგებიან უენო საგნები, როცა რაღაცას არასწორად ვწყვეტთ.  მაგიდაზე, ორგანაიზერში ათი კალამი მაინც იდო და არცერთი არ ვარგოდა, მე გამგზავნეს ოფისში.   
- კარგად დაფიქრდი, ოლივია!-
ამ სიტყვებით გავუწოდე კალამი. ოლივია დაფიქრდა, იქვე, კლინექსის კოლოფიდან ცხვირის მოსახოცად ქაღალდი ამოიღო,
გამოიყენა, ურნაში ჩააგდო. მოკუმულ ტუჩებზე გადაწყვეტილების სიმტკიცე დაეტყო.
ერთხელ კიდევ მოგვავლო თვალი, მერე კედელზე რაღაც უაზრო, აბსტრაქტულ  პეიზაჟს მიაცქერდა, დახარა თავი და
ყველაფერს ხელი მოაწერა...
მორჩა!
დამთავრდა! 
დედა უკან გაბრუნდა, ჩვენ - სასამართლოს  კიბეებზე დავეშვით.
    რაღა აზრი ჰქონდა იმ უჰაერობაში გაჩერებას!
  მის რებეკა  წამოგვეწია, თუ სახლში მიდიხართ, აქ რატომ უნდა ილოდოთ, მე გაგაყოლებთ, ოღონდ გზად სამრეცხაოსთან შევჩერდები ერთი წამითო.
      აი ასე, ჩვეულებრივად, ვითომ არაფერი მომხდარა. არც  გამარჯვების სიხარული ემჩნეოდა, არც წყენა, არაფერი!  გადასაჭიმებითა და ფილერებით  უხვად  ავსებული სახით, უნაკლო ინპლანტებით სავსე, პერლამუტის პომადიანი პირით  ისე გვიღიმოდა, თითქოს კბილის პასტის რეკლამაში იღებდნენ და  პროდიუსერის ჩანაფიქრით,  ბოლომდე  ასაკოვნად კეთილშობილური სტილი უნდა სჭეროდა.
ოლივიამ დედამისს უკნიდან ჟაკეტი ჩამოქაჩა. მის ტიბიმ იმწამსვე  თავისებურად გადახედა  შვილს, მერე  მანქანისკენ გაგვიძღვა. დედაჩემი რომ  ყოფილიყო, მე ჩემსას გავიტანდი, ახლა ოლივიას როგორ მივატოვებდი.
    რაც დედაჩემმა ამიხსნა ერთხელ, მას მერე  მის ტიბისიც მესმის რაღაცნაირად. ყოველდღიურ შემოსავალს  ოფისებისა და ბინების ლაგებით შოულობს და მისი კლიენტების უმეტესობა  ხომ მის რებეკას სანაცნობოა. ერთი მისი სიტყვა და შეიძლება, სულ უმუშევარი დატოვოს.
    მის  რებეკამ დაქირავებული მანქანის  მძღოლივით სახლის წინ გაგვიჩერა, მის ტიბის სთხოვა,  თუ შეიძლება, ეს რაღაცეები  (ანუ რაც  გზად სამრეცხაოდან გადმოაწოდეს) ჩემთან შეიტანე და ქვემოთა კლოზეთში დამიკიდეო. მიატრიალა მანქანა  და წავიდა.
    მას შემდეგ, რაც  ოლივიამ სამეზობლოს ძაღლები იშოვა გასასეირნებლად,  მის რებეკას სახლს მის ტიბი უვლის და შარშან ზამთარს ბებერმა რომ მენჯის გადანერგვა გაიკეთა,  ორი დღე ხომ საავადმყოფოში ადგა თავზე,  მერე ორი თვე შინ უვლიდა. კი,  კარგად გადაუხადა ამისთვის ცალკე,  თითქმის სამმაგი, რასაც სხვა დათანხმდებოდა, მაგრამ მაინც უცნაურები არიან ეს უფროსები. ოღონდ სასარგებლო შემოსავლიანი წინადადება მიიღონ და რას არ გააკეთებენ!
    იცი,  დღიურო, რა  დიდი განსხვავებაა  დაბადებით ამერიკელსა და  ნატურალიზაციის შედეგად გაამერიკელებულ თინეიჯერებს  შორის?
    ამაში მე ცხოვრებამ დამარწმუნა.  ჩვენ თუ ვცდილობთ, არ ვგავდეთ მშობლებს და პატარობოდანვე  ყველაფერში დამოუკიდებლობა გამოვავლინოთ,  გაამერიკელებულები - მშობლების მითითების მიხედვით იქცევიან,  ბაძავენ, არ არიან თავისუფლები და გადაწყვეტილებებს მუდამ მშობლებს უთანხმებენ,  უნივერსიტეტის არჩევაა თუ უბრალოდ, ჩანთის ყიდვა. სხვა რით უნდა აიხსნას, რომ რაც მის რებეკა მოხუცებულთა  დასახლებაში  გადავიდა და თავისი სახლი მის ტიბის დაუტოვა მოსავლელად, მალ-მალე თხოულობდა რაღაცეებს შინიდან: ხან ჩემი ინგლისური ჩაის  ნაკრები მინდაო, ხან ჩემი მწვანეფოთლებიანი პლედიო, ხან საძინებლის სარკეს რომ მარცხენა უჯრა აქვს, იქიდან ბიჟუტერია ამოიღე და მომიტანეო.  მის ტიბი კი ოლივიას ჩაუწყობდა და  მე მიმყავდა  დედაჩემის მანქანით,  მთელი საათი მალოდინებდა დაბლა. დაუჯდებოდა იქ და იმის ზღაპრებამდე მისულ ახალგაზრდობის ამბებს მეთასედ უსმენდა. ისიც კი ვიფიქრე, რა გულუბრყვილოები არიან ეს ადამიანები, ალბათ დედა-შვილს ჰგონია,  თუ ბოლომდე მორჩილად მოექცევიან, ბებერი ანდერძში შეიყვანს- მეთქი.
    ჰო, არ დამავიწყდეს თქმა, მოხუცთა დასახლებაში ახალი გადასული იყო  მის რებეკა, რომ ჯერ დისშვილი და მისი ცოლი გამოჩნდნენ, მერე ბავშვებიც მიიყვანეს,
ვიოლინოს აკვრევინებდნენ და ყოველ კვირადღეს მიჰქონდათ მასთან ცოცხალი ყვავილები. ჩემი თვალითაც ბევრჯერ მინახავს  ყველა ერთად, ბაბუაჩემიც ხომ იმავე  ადგილას გვყავს და ლიფტში შევხვედრივართ, ვესალმებოდით კიდეც.
მადლიერების დღეზე, საშობაოდაც მანქანით მოაკითხეს და საოჯახო სადილზე თავისთანაც წაიყვანეს, ხოლო დაბადების დღეზე დიდი, მართკუთხა ტორტი  და ცივი სასმელები მოუტანეს და  არა მხოლოდ იქაური ბინადრები, არამედ დაწესებულების თანამშრომლებიც მიიწვიეს და ჩვენც მივედით,  ბაბუაჩემიანად, დედაჩემის გამოკლებით. ის ხომ სულ სამსახურშია.

ეს უკვე გვიანდელია, გაზაფხულის ამბები
***
მის რებეკა გაზაფხულზე, წმინდა პატრიკის დღეს გარდაიცვალა.
საავადმყოფოდან პირდაპირ რიტუალების სახლში გადაასვენეს.
სიცოცხლეშივე ჰქონდა თადარიგი დაჭერილი,  ზუსტად რომელი რიტუალების სახლიდან უნდა დაეკრძალათ, სად დაეკრძალათ, ვისთვის უნდა ეცნობებინათ,  ტანსაცმელიც კი ჰქონდა საკიდარით გამზადებული. ფულიც ყველაფრისა ჰქონდა  წინასწარ გადახდილი.
ტელეფონებს  რომ დავყევით, იქიდან თითქმის აღარავინ იყო ცოცხალი, ყვავილებით სავსე, მაგრამ ადამიანებისგან ცარიელი დაკრძალვა გამოგვივიდა. მთავარი - დისშვილის ოჯახი იყო, ჩვენ ყველანი ჭირისუფლებიც ვიყავით და სტუმრებიც.  სამი დღე იქ მისვლაში და  ჩუმად დგომაში  გავატარეთ. დაკრძალვის მერე  მის საყვარელ რესტორანში წავედით და რვაკაციანი მაგიდა შევუკვეთეთ.
    ყველამ ჩვენ-ჩვენი საჭმელი ავირჩიეთ, ჩვენ-ჩვენი ბარათით გადავიხადეთ და  ჩვენ-ჩვენს გზაზე წავედით.
  ბებიაჩემის სიკვდილი მე არ მახსოვს, თუმცა დაკრძალვაზე იქ ვიყავი.  ეს პირველია.
შეიძლება, გავიდეს წლები და მეც მის რებეკასავით ბებერი, მარტო მოვკვდე.
ცხოვრება ისეთი რამ ყოფილა, შეიძლება,  არაფერი გაკლდეს, შეიძლება, ისეთი მდიდარი იყო, რომ მთლიანად შეგეძლოს  იმ მოხუცებულთა სახლის ყიდვა, სადაც ერთი პატარა ოთახი გიჭირავს და შენი მომვლელის  ბლუზაზე და იმის იაფფასიან ბიჟუტერიაზე გრჩებოდეს თვალი!
        ჩემი აზრით,  ადამიანი  ყოველდღე უნდა ფიქრობდეს, რომ ერთ დღეს მოკვდება. თუ ეს არ დაავიწყდება, სულ სხვანაირი იქნება მისი ფიქრები და ცხოვრება. ყოველი დღეც უფრო ლამაზი და საინტერესო მოეჩვენება.
     
    წავიდა ესეც შრედერშიიიი
      ***
    იზრდება ადამიანი და ეცვლება ყველაფრის სტილი.  ამ დღიურის წერა რომ დავიწყე, მოკლე წინადადებები გამომდიოდა. მას შემდეგ, რაც ჰაი სქულის კონკურსში ჩემი საყვარელი ძაღლის  ნემსით დაძინების შესახებ  ჩემმა  მოთხრობამ  გაიმარჯვა და ჯილდოდ  ბრძნულ გამონათქვამთა დიდი ტომი გადმომცეს, გავთამამდი და დიდ წინადადებებზე გადავედი. ერთხანობას ისიც ვიფიქრე, მწერალი ხომ არ გამოვიდე-მეთქი, მაგრამ  არც მწერლობა მინდა და არც იურისტობა, დედაჩემის გამოცდილებას რომ ვხედავ, ბიზნესის ადმინისტრირება  - კონკრეტულ და გარანტირებულ სამუშაოს მომიტანს.

    რასაც ვკითხულობ, იმ ფურცლებს თანდათანობით ვხევ და ვშრედავ, ყველაფერს აქ ხომ არ მოვყვები. ისე კი, ერთი ავსება უკვე ამევსო შრედერი, რომელშიც მანამდე უკვე სხვა ფურცლების ნაკუწებიც ეყარა, გავცალე და ვატყობ, მეორედაც გავავსებ.
    იქნებ  წასვლამდე ერთი-ორი საათი წაძინებაც მოვასწრო, უცებ გადავათვალიერებ ბოლო ფურცლებს:

      ეს  - არაფერია, სიბრძნეებს ვიწერდი ხანდახან, როცა გავიგონებდი, მერე ამისთვის ცალკე რვეული შემოვიღე (ის უკვე დავშრედე):
    რაო?
***
  „ წარუმატებლობა -  ეს დიდი წარმატებაა, თუ მისგან რამეს ვსწავლობთ“ (ფორბსი)
  „ როცა რამეზე ფიქრობ, რომ შეგიძლია, ან ფიქრობ , რომ არ შეგიძლია, ორივე  შემთხვევაში - მართალი ხარ (ჰენრი ფორდი)
ეს უფრო მომწონს:
    ‘ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ქარის მიმართულება, მაგრამ ხომ შეგვიძლია, მოვარგოთ აფრები!’ - ავტორი დამვიწყებია, ალბათ ცნობილი ლექსიდანაა.
ეს - ძალიან მახვილგონივრულია:
    ,,დიდ სხვაობას ორდინარულსა და ექსტრაორდინარულს შორის ქმნის - ერთი პატარა ‘ექსტრა“
      ეს ერთიც და გვეყოფა:
      ‘’ საჭიროა წვიმაცა და მზეც, რათა გაჩნდეს ცისარტყელა“
   
      აქ, ბოლოსკენ მეწერა, როგორ დავშორდით მე  და ოლივია... ვიპოვე!
      ***
    როცა დედაჩემმა პირველად მამცნო, ოლივია შენს კლასში გადმოვა და  ამიერიდან სკოლაში ერთად წახვალთ და მოხვალთო, გული გამისკდა!
      დაუნთაუნში ცხოვრებას ყველა მინუსთან ერთად ის დიდი პლიუსი აქვს, რომ სამივე სკოლა: ელემენტარული, მიდელ სქული და ჰაი სქული - ხუთი წუთის ფეხით სავალზეა. მთელი წლები მარტო მივდიოდი და მოვდიოდი, ირგვლივ სულ კამერებია და არ მახსოვს, დედაჩემს ამის გამო რაიმე აღელვება დატყობოდა.
    ჰაი სქული დაიწყო თუ არა,  ჩვენის არა, სხვა, ზემოთაკლასელების ფართიზე ალკოჰოლური სასმელები და რაღაც სასმელში ჩასარევები გამოუყენებიათ და  მთელმა ქვეყანამ გაიგო. ის კლასი დაშალეს, მე იქიდან არავის ვიცნობდი, მაგრამ მარტო დედაჩემი კი არა, ყველას მშობლები ძალიან დაფრთხნენ და  ზედმეტი მეთვალყურეობის ქვეშ მოვექეცით ჩვენც, უდანაშაულოები.
    მაშინ ერთზე  ცოტა ქრაში მქონდა და სკოლის მერე მისი სახლისკენ ვუხვევდი და შინ გრძელი გზით ვბრუნდებოდი.  მშვიდობით თავისუფლებავ! გამოდიოდა, რომ ეს ოლივია ყველგან თან უნდა მეტარებინა ზედმეტ ბარგად. გოგოების ღამისთენება გვექნებოდა თუ რაც.
    თავიდან ოლივია რაღაც გაუგებრობას ჰგავდა. გაუგებრადაც ეცვა, სტილს რომ ვერ მოარგებდი,  ლაპარაკი საერთოდ არ იცოდა, ენაც ებმოდა, თუ წინადადება მ-თი იწყებოდა. დავჯდებოდით ტესტის საწერად და მათემატიკა იყო, ლიტერატურა თუ მეცნიერებანი, 96-ზე ნაკლები არ მახსოვს,  რამეში მიეღოს. ფავორიტიზმი სკოლაში აკრძალულია, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ჟონავს ხოლმე. ამ მაღალი ქულების მიუხედავად,  არცერთი მასწავლებლის ფავორიტი არ ყოფილა, არც ვინმე ეამხანაგებოდა, ჩემს მეტი. ნამდვილი ნერდი იყო. ჩვეულებრივ ნერდები ბიჭები არიან ხოლმე, მაგრამ ეს ხომ გოგოს არც ჰგავდა. ჩემ გამო  დაბულინგებას  მაინც ვერავინ უბედავდა. ყოფილა შემთხვევები, რომ თანასკოლელების გამოხედვაში თანაგრძნობის მაგვარი დამიჭერია,  ერთად როცა გვხედავდნენ.
      რაც ეს ამბავი მოხდა და ჟურნალისტების არმია მოგვაწყდა,  ჩემსკოლელები ინტერვიუს ინტერვიუზე იძლეოდნენ და კამერების წინ პოზირებდნენ, ყვებოდნენ, როგორი მეგობრობა აკავშირებდათ მასთან, , როგორ მხიარულად ატარებდნენ დროს, ვიდრე რამე მოხდებოდა და როგორ განიცდიან, რომ ვერაფრით ეხმარებიან საყვარელ მეგობარს. არ დაიჯერებთ და ერთხელ ჩვენს ქუჩაზე მისი  მხარდასაჭერი  ჯგუფური სვლაც კი მოაწყეს,  ტელევიზიამაც გადაიღო და ახალ ამბებში ორი დღე ატრიალებდნენ...

არა, ეს სხვა ფურცლები ყოფილა!
ამოვხიოთ და დავშრედოთ!
აი,  ნამდვილად ეს არის!
ჰო!

***
    მის რებეკას გასვენებიდან დიდი ხანი არ იყო გასული,  რომ მისი დისშვილის  მანქანა დავინახე ფანჯრიდან, შუქჩამქრალი, ნელა მოდიოდა, ორჯერ ჩაიარა და როგორც ჩანს, ქუჩას ათვალიერებდა. დავინახე თუ მომეჩვენა, არ ვიცი, გვერდით ცოლიც ეჯდა.
ეს არაფერი!
      დედაჩემი რომ დაბრუნდა სამსახურიდან,  ტიბის და ოლივიას უთხრა,  ხვალ ჩვენთან, ბიუროში 12 საათზე უნდა მოხვიდეთ და ადვოკატს შეხვდეთო.
        მეც შეიძლება წამოვიდე-მეთქი ვკითხე და  შენც შეგიძლია, ოღონდ  ჩვენთან ერთად, პრივატულ შეხვედრას ვერ დაესწრები, ჩემთან იჯდები ოფისში და დაგველოდებიო.
        ესე იგი, ხვალ ანდერძის კითხვის დღეა, ხომ ვამბობდი,  ეჭვი მაქვს, მოხუცი  ანდერძში მოიხსენიებს- მეთქი თუ რაღაც ასეთს.
სულ არ გამიკვირდება,  სამართლიანობის გრძნობამ თუ გაიღვიძა მასში  და  ოლივიას მილიონი დოლარი  დაუტოვა.
      ...
  მოვედით.
მე დედაჩემთან ვიჯექი ოფისში მარტო და ვფიქრობდი, რა ნელა გადის დრო, როცა გინდა ჩქარა გავიდეს და პირიქით.
    ჩვენები  გავარვარებულები გამოვიდნენ ადვოკატის ოფისიდან.  ყველაზე წითელი სახე მაინც დედაჩემს ჰქონდა. მარტო რომ დავრჩით, თრასთი მე ვყოფილვარო,  მითხრა, როცა დილიდან  მაგიდაზე დგომით გაციებული, ალბათ უკვე ამჟავებული ყავა მოსვა და ცოტა  ამოისუნთქა.
- ეს რას ნიშნავს? - ვკითხე  და რაღაც სასწაულის მოლოდინში ყურებად და თვალებად ვიქეცი.
-  რას და  - დისშვილებს ის ვიოლინო დაუტოვა, იტალიური, სტადივარიუსს  არ ჩამოუვარდებაო, რომ ამბობდა, კიდევ  ანტიკვარული ბაბუა-საათი - შემოსასვლელში რომ ედგა და საოჯახო გენეალოგის ხე რომ იყო ჰოლის კედელზე.
  დანარჩენის განმგებელი, თუ რამე გადასახადია დარჩენილი, იმას რომ გავისტუმრებთ,  მთლიანად მე ვარ!
-  ესე იგი, მილიონერები ვართ! წარმოუდგენელია! -  შევკივლე,  წამოვხტი აღტაცებული და ხელფეხს ვიქნევდი თუ რა, აღარ მახსოვს -  ჩვენ - მილიონერები!
  დედაჩემს მოწყალედ გაეღიმა. ადგილიდან არ წამომდგარა, დაელოდა ჩემს დაწყნარებას.
  -  არა,  რა სისულელეა, ჩვენთვის არ დაუტოვებია!
  - ესე იგი ოლივიას და ტიბის?  რა თქმა უნდა,  გულით მიხარია!
-არც მაგათ?
- აბა ვის?- ქველმოქმედებას?
-არა?
  - არ მითხრა, ახლა, მოხუცებულთა სახლში გადასვლამდე კაზინოში წავიდა, იქ  ჯეკ პოტის მოხსნა უნდოდა, ყველაფერი დადო და ერთიანად წააგოო.  ასეთი რამეები რეალურ ცხოვრებაში არ ხდება.
    ამასობაში დედას სახის ოფისური ფერი ისევ დაუბრუნდა:
- მისმინე, მოკლედ აგიხსნი  და არ არის საჭირო, რომ გაახმაურო:  ანდერძი რთული დოკუმენტია.
შესწავლა უნდა. ამ ეტაპზე რაც გავარკვიეთ, ესაა:
  მე ვარ თრასთი, ანუ ნდობითა და განსაკუთრებული იურიდიული უფლებებით აღჭურვილი  პირი, ანუ უჩემოდ იმ ფულს ხელს ვერავინ ახლებს, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შემიძლია, გამოვიტანო და ჩემთვის დავხარჯო,
პირადად  მე დამიტოვა  მონეტების კოლექცია და რაც მთავარია, მე შემიძლია, მისი დატოვებული ფულით შევიძინო  მცირე იურიდიული პრაქტიკა დაუნთაუნ ჯექსონის მიდამოებში.

როგორც იქნა!-წამოვიძახე. დიდი ხანია, ვამჩნევდი, თვალებქვეშ  ლურჯი პარკები უფრო რომ უმძიმდებოდა.
შენ -  თავისი  ძველი  მანქანა,  კონვერტირებადი, რომელიც არ უხმარია, ისე ეყენა, ოღონდ გადმოგეცემა არა ახლა, არამედ  ჰაი სქულის დამთავრების მერე.

  მის ტიბის დაუტოვა თავისი სახლი,  ოღონდ არა საკუთრებაში, არამედ ცხოვრების უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ცოცხალია,  იქ შეუძლია იცხოვროს, მაგრამ ვერც გაყიდის და ვერც უცხოს მიიყვანს იქ ვინმეს ქმრად.  ნათესავი ან ვინმე ასეთი ახლობელი - შეუძლია, თუ მე თანახმა ვარ.
მისი გარდაცვალების შემდგომ ეს უძრავი ქონება  მოწყობილობით და მიწიანად გადაეცემა ლოკალურ მმართველობას, მუზეუმის მოსაწყობად.

რაც შეეხება, ოლივიას - მთლიანად დაფინანსებული აქვს სწავლა ჰარვარდში! მის საოცნებო ჰარვარდში, რომ ამბობდა, მიწვევა მაქვს, მაგრამ აბა, როგორ წავალო. ასევე,  აქვს ჯანმრთელობის უვადო დაზღვევა, ოქროს პაკეტი და ყოველთვიური მუდმივი შემოსავალი მთელი ცხოვრება, რაც სჭირდება სწავლას, ღირსეული ცხოვრების პირობებს, მოგზაურობას და  ასე  შემდეგ, ოღონდ ეს ყველაფერი  საბანკო ანგარიშიდან მიეცემა მხოლოდ ჩემი ხელმოწერით, ანუ  ჩემგან დამოუკიდებლად ერთ ცენტსაც ვერ ახლებს ხელს.  რა მოხდება მისი გარდაცვალების შემთხვევაში?!
          -დარჩენილი უძრავ-მოძრავი ქონება გაიყიდება აუქციონზე და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა წმინდა იუდას სახელობის ბავშვთა ონკოლოგიურ კლინიკას, ხოლო თუ იმ პერიოდისთვის ეს კლინიკა აღარ იარსებებს, ჰარვარდის უნივერსიტეტს, ბავშვთა ჯანმრთელობის კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად და იცი, რა?!
( რაღა უნდა ეთქვა ამის მერე!)
დისშვილი ახალი ჩამატებულია,
ძირითად ანდერძზე კი ხელი იმ დღესაა მოწერილი, რა დღესაც  წინასწარი მოსმენა გვქონდა და ოლივიამ ხელმოწერით უარი თქვა მილიონ დოლარზე - 5 მაისი!
  იურიდიული საბუთების მომზადებას რა დრო უნდა, ჩემზე კარგად ბევრმა არ იცის, მაგრამ ვფიქრობ, იმ დღეს  უკვე წინასწარ იცოდა,  დარწმუნებული იყო,  რომ საქმეს ასეთი მორიგებით დაამთავრებდა, ყველაფერი მოფიქრებული და გადაწყვეტილი ჰქონდა და მზა ანდერძზე ხელის მოწერა-ღა  აკლდა.
...
      წავიდა ოლივია ჰარვარდში, რადგან სწავლა იქ ჩვენზე ორი კვირით ადრე იწყება.
      წასვლის წინა ღამეს სიურპრიზ-ფართი მოვუწყეთ, საერთო ამხანაგები  მოვიდნენ.
    წასვლის დღეს აეროპორტში ჩვენ გავაცილეთ.
      დაგვპირდა, რომ  გადაჯდომის მერეც, ადგილზე ჩასვლის მერეც დაგვირეკავდა ან ტექსტს გამოგვიგზავნიდა და ასეც მოიქცა.
გამომშვიდობებისას  ასევე დაგვპირდა და პირობაც მიგვაცემინა, რომ ყოველ წელს,  5 მაისს, ანუ წინასწარი მოსმენისა და ანდერძის დაწერის დღეს  ყველანი ერთად მოვგროვდებით და თუ ასეთი რამ შეუძლებელი აღმოჩნდება, ყველანი ერთდროულად შევალთ ინტერნეტში და ინტერნეტ-ფართის გავმართავთ.
***
ოლივია!
      გახსოვს, იმ ღამეს, ივნისის ღამეს  პლედშემოხვეულები მინდორში ცას  რომ ავცქეროდით, რომ  გამოცხადებული ვარსკვლავთცვენა  ჩვენი თვალით გვენახა და მე რომ ჩამეძინა. დილას კი შენ მიამბობდი, რა საოცარი სანახაობაა ეს! მაშინ მითხარი, იცი, რა მინდა ყველაზე მეტად, რაზე ვოცნებობ? ნასაში წავიდე და კოსმოსური ხომალდი ავაგოო, მე გიპასუხე, შენ ააგე, მე ჩავჯდები, გავფრინდები და შენს მოკითხვას გადავცემ მარსელებს-მეთქი. რამდენი ვიცინე, შენც ამყევი და  სიცილით  ორივენი  ცრემლებამდე  მივედით. 
    მე მჯერა ოლივია, შენ წარმატებით დაამთავრებ ჰარვარდს და შეისრულებ  ცხოვრების ოცნებას -  ნასაში დაიწყებ ინჟინრად მუშაობას,  ზუსტად არ ვიცი,  იქ რა თანამდებობებია, მაგრამ ვიცი, თუ მოინდომებ, ინჟინრების მენეჯერიც გამოხვალ, ხომალდსაც ააგებ... მილიონიანმა ნაგავმა გზა გაგიხსნა ცისკენ, სადაც  მრავალი მილიონი წელია, მილიონზე მილიონი ვარსკვლავი უღიმის და ელის ადამიანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს