ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2020


ცნობიერება

ვუყურებ სულზე დაკიდებულ ხორცის განტელებს,
მიწა  უთუოდ გამოწურავს ღრუბლების ლიმონს.
ღმერთი კომფორტით მერამდენედ ტვინში გავტენეთ,
ამღვრეულ ტვინებს არსებობა სურთ აღებინონ.

ვწვიმ პალატაში, დაღლილობამ კვლავ შემიტყუა,
ვწვიმ მიწაზე და გავახილე გზად უმალ თვალი.
შენ გეკითხები; ეს სიცოცხლე დღეს შენი თუა
მაშ რატომ არის ასე მცირე და უმართავი.

ის, რაც მე მიყვარს, მიყვარს მხოლოდ მარტოობაში,
მიწა უთუოდ გამოწურავს ღრუბლის ბერგამოტს.
მაგრამ სიყვარულს დამიჯერე ისევ მტრობა სჯობს
ავაყირაო ყველაფერი მზად ვარ შენს გამო!

რა ვირუსები, ხალხი ისეც მუდამ ირევა,
სახეზე არ გაქვს არაფერი ცრემლისმომგვანო
და ვხვდები ახლა შენთან ერთად მეც რომ მცირე ვარ
რადგან ყველანი ვართ მთლიანი ერთი ორგანო....

მაგრამ ის არა, რომელიც შენ გგონია ახლა,
ვკითხულობ პუშკინს, ხან ესენინს და ხანაც გოგოლს.
არის ტკივილი.. სანიტარი.. ღიმილი... სახლი..
არსებობა და ილუზია... შიში და გოგო....

ამოჰყვებიან ლამპარიდან წვიმებს ჯინები,
მე ჩემი სტილით ქალბატონო ისე ვხეხე დრო;
რომ ცოცხალიც კი მხოლოდ სიკვდილს მივებჯინები,
თავისუფლების მზეს მინდა, რომ კიდევ შევხედო.

ჩემმა სიცილმა ყველა ცრემლი თვალში გახედნა,
ჩემი ფუტურო ძვლები არის " ლექსები " მერქნის,
მთელი სამყარო ისეთია როგორსაც ხედავ,
მთელი სამყაროა ისეთია როგორსაც შენ ქმნი.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები