ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქაშიკა_დათა
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2020


მახრების გორა



– დაუხურავთ  დარაბები,  სადაც დაძველებულა და დამპალა, იქედან  გარეთ გამოდის სინათლის ალი.  მოსდებია ქალაქს  წითელა ან წითურა, შეიძლება, ორივე ერთად.  ცხელება განა მხოლოდ მახრების გორას  მორევია,  არა!  ოკეანეები გადაუვლია და არც ფერი გაურჩევია და არც სტატუსი, მიდის და მიიმღერის  ადამიანების  სისხლში.
ცარიელ გამზირებზე გუბეებიდან ვკრიფეთ სიგარეტის ნამწვები და  როცა  ღია კაფე ვიპოვეთ, დავლით ტეკილა და ვთქვით, რომ ერთმანეთი არასდროს დაგვავიწყდებოდა. მერე ხელისგულები დავუზილე, თბილი წყლით – საფეთქლები,  ყურები – თითის ბალიშებით. მხოლოდ ერთხელ ვაკოცე, როცა ჩაეძინა.  იმას კოცნისა არაფერი გაუგია  და როცა თოვდა და როცა გამზირზე ფიჭვებს შევეფარეთ, მითხრა, რომ მხოლოდ ჩემი გემო ახსოვდა და მექსიკურად შებრაწული კარტოფილის. ვირუსი მოსდებია მახრების გორას და იმოდენა მახრა დაუხოცავს.
ერთად ცხოვრებისათვის დიდი დრო არ გვქონია. არც ამის განცდა მქონია, მაგრამ იმისი თვალები, რომელთა ფერიც არ მახსოვს,  ეჰ, იმისი თვალები...
სანამ წავიდოდა, მაგონდება წინა საღამო, ბეტონის წითელი ოთახი, ნახევრად ღია ფანჯარა, საგულდაგულოდ ჩარაზული კარი. ერთმანეთს მხრებით ვეყუდებით, ხან ის მომაწვება, ხან კიდევ – მე. მარტის ქარია გარეთ და ორივეს თანაბრად მოგვწონს სუსხი ცხელ ოთახში. ხელის გულებს ვუკოცნი და ვიცქირები მის თვალებში, უფეროში… გავარვარებულ გუნდებს მესვრის, როცა მელაპარაკება, ახლოს მოაქვს სახე და ეს მდუღარე ჰაერის ჭავლი მირევს თავგზას, აყირავებს აგვისტოებს, შემოდგომებსა და აპრილებს. დამენანება ჩვენი დაშლა, მაგრამ... მაგრამ... მაგრამ... ეჰ... იმისი თვალები. 
იადონებს ერთად ვაჭმევდით და გალიაში დამყწვდეული ფრინველების სატფიალოდ მოფრენილ ჩიგოლებსაც ვუნაწილებდით ფეტვს.  წითელი ღვინო უყვარდა, მშრალი. თეთრსაც სვამდა, ოღონდ იშვიათად.  არ ვიცი, როდის, მაგრამ მოვიდა დრო და ღვინო გათავდა. გალობა დაამთავრეს იადონებმა  და  აღარც  ჩიგოლები მოფრენილან. ცას კიდევ, რომელიც ჩვენი საძინებელი ოთახიდან ჩანდა, გამოეკერა უბე აღმოსავლეთით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები