ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2020


ჩრდილი

მე კაცი არ მომიკლავს, არც არაფერი მომიპარავს (სიმინდი და ბალი არ ითვლება, ბავშვი ვიყავი), ლოთი და ნარკომანი არ ვარ, ქვეყანა არ გამიყიდია და არც სხვის ჭკუაზე დავდივარ. მოკლედ კმაყოფილი მივუყვები ქუჩას და გზად შემხვედრ ვიტრინებში საკუთარ თავს ვესალმები.

მზე ზენიტშია და ჩემი ჩრდილი მუჭის ხელა გახდა. მეცინება, ბავშვობაში მეშინოდა მისი, განსაკუთრებით საღამოობით, ამ დროს ხომ ჩრდილი უშნოდ იწელება. გრძელი და წვრილი ფეხები, ხელები, ან პირიქით უსაშველოდ დიდი თავ-ტანი.
ფილოსოფიურ ხასიათზე დავდექი,
რა არის ჩრდილი?! იქნებ ჩვენი ცოდვილი მხარეა, ან თვით ეშმა ადევნებული, რა უსუსურია, ამ წუთას კედელზე ავაკარი და ვაიძულებ სასაცილოდ იცეკვოს, გამვლელებს ეღიმებათ. დიახ მე კაცი არ მომიკლავს, არც არაფერი მომიპარავს (სიმინდი და ბალი არ ითვლება, ბავშვი ვიყავი), ლოთი და ნარკომანი არ ვარ, ქვეყანა არ გამიყიდია და არც სხვის ჭკუაზე დავდივარ, ამიტომაც ამაყად დავცქერი ჩემს ჩრდილს და დროდადრო ვტკეპნი.

ჭავჭავაძის გამზირს შევუდექი, ხალხი ირევა, მარცხნივ ნაირნაირი მაღაზიებია, მარჯვნივ მანქანები დგანან, ზოგი ტროტუარს ეპოტინება.
ამ ქუჩაზე მათხოვრები არიან ყოველ 20-30 მეტრში, აი გამოჩნდნენ, ესენი ციგნები არიან, ბავშვები, ხელი ჯიბისკენ წამიცდა მაგრამ გავჩერდი, ამათი მათხოვრობის ხარჯზე მათი უქნარა მშობლები ცხოვრობენ, თანაც ჯობია ქართველს დავეხმარო.
ცოტა მანძილი, რომ გავიარე შუახნის კაცი დავინახე, კიბის საფეხურზე ზის ხელგაწვდილი.
შევათვალიერე, ჩემზე ახოვანია და არც ავადმყოფისა ეტყობა რამე, გაწითლებულ სახეზე ვხვდები, რომ ლოთია. ჰმ, გაანძრიოს ხელი და სამათხოვროდ არ ექნება საქმე. გულგრილ მზერას ნაცარივით ვაყრი სახეში და ისე ვშორდები.
შემდეგ მოხუცს ვხედავ, თეთრი სპეტაკი წვერით, ხის ჩრდილში დამჯდარს, წინ ქუდი დაუდია.
აი ამას დავეხმარები, გავიფიქრე და ის იყო ჯიბეში ხელი უნდა ჩამეყო, რომ მოხუცის სახემ შემაჩერა.
მეტისმეტად ამაყი მზერა აქვს, არც მადლიერებას გამოხატავს კეთილი გამვლელების მიმართ. ჩუმად ზის და ჩვენს სახეებს აკვირდება.
მე სახე მოვარიდე.

გზას ვაგრძელებ, უსიამო გემო მაქვს პირში, მერე მახსენდება რომ კაცი არ მომიკლავს, არც არაფერი მომიპარავს (სიმინდი და ბალი არ ითვლება, ბავშვი ვიყავი), ლოთი და ნარკომანი არ ვარ, ქვეყანა არ გამიყიდია და არც სხვის ჭკუაზე დავდივარ. პირველივე ვიტრინაში ჩემს თავს შევათვალიერებ და მყუდრო კმაყოფილება კვლავ მეუფლება.

წინ მზის გულზე მოხუცი ქალი ჩანს, პატარა სკამზე ზის, წინ ამოტრიალებული მუყაოს ყუთი დაუდია, ორიოდე კაპიკი ბრწყინავს მზის სინათლეზე.
მოხუცს ამ პაპანაქებაში, შალის დაგლეჯილი მოსასხამი მოუხურავს, პერიოდულად აკანკალებს შემცივნებულივით, ჩემი ყურადღება მისმა ხელებმა მიიქცია, დაჭმუჭნულ მტევნებზე თაფლის სანთელივით წვრილი და ყვითელი თითები ერთმანეთს ჩაჰკვრიან.

გული დამეწვა. ჯიბე მოვიჩხრიკე, სამი ხუთლარიანი და რკინის ორლარიანი მაქვს, ჯანდაბა რაღა ეხლა არ მაქვს ხურდა...

ჩქარი ნაბიჯით ჩავუარე მოხუცს.


***

5 საათია, მოვრჩი საქმეებს, სახლში იგივე გზით ვბრუნდები, აი ჭავჭავაძის გამზირიც გამოჩნდა,
საცხობიდან გამოსულმა სურნელმა თავბრუ დამახვია.
აქამდე ჩასაფრებული კუჭი ამიჯანყდა.
სამი ფენოვანი ვიყიდე და იქვე ჩრდილში ჩამოვჯექი. საიდანღაც გაქუცული ძაღლი გამოძვრა და წინ ამეტუზა. ზიზღი მომგვარა მისმა წირპლიანმა თვალებმა და ალაგ-ალაგ ბალანამოგლეჯილმა კანმა. ზურგით შევაქციე. პირველი ფენოვანი წამის დახამხამებაში გავაქრე, მეორე უფრო ნელა, აი მესამის ნახევრამდე რომ მივედი, მძიმედ ამოვიხვნეშე. მესამე აღარ უნდა მეყიდა. ძაღლს შევხედე, ვიფიქრე გადავუგდებ მეთქი მაგრამ ფენოვანში მდნარი, ცხიმში გაჟღენთილი ყველი ისე მაცდურად გამოიყურება რომ... თანაც რავიცი,  რომ არ შეჭამოს? ნაგვის დაყრაზე ჯარიმაა. ძალდატანებით ჩავამთავრე ფენოვანი და ძაღლს ფენოვნის ბოლო, ცომიანი ნაწილი მივუგდე, (რა ვქნა აღარ ჩამდიოდა).
წამოვდექი და გზას ვაგრძელებ.
ცოტა, რომ გავიარე ის მოხუცი ქალი დავინახე, გამიხარდა, ჯიბიდან ხურდები ამოვიღე, სამოცი თეთრი გადავთვალე (პურის ფული) და მოხუცს დავუყარე, მან მადლიერი მზერა შემომანათა და დამლოცა.
გზას ვაგრძელებ, ვგრძნობ კუჭი, როგორ დამიმძიმდა, მივლის, დაღლას ვგრძნობ. პირველივე საფეხურზე ჩამოვჯექი. რა უსიამოდ ჟღერს სიტყვა "გავძეხი" მაგრამ მასზე უარესიც არსებობს, "გადავძეხი". ხო, აი მასე ვარ ახლა. ეს არ იყო "პური არსობისა", აღარც არსებობს მსგავსი ცნება იმიტომ, რომ ჩვენ არსებობისთვის კი არ ვჭამთ, ჭამისთვის ვარსებობთ. სისუსტე მერევა, თითქოს დაბლა ჩავდივარ, მოიცა ეს რა ხდება? ჩემს სხეულს ვხედავ, ის მაღლა რჩება, მე ასფალტზე ჩამოვცურდი და საკუთარ ქუსლებს მივეკარი. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ჩემი სხეული ადგა და ფეხსაცმელზე აკრული ტუალეტის ქაღალდივით წამათრია, ზურგით ვგრძნობ ხორკლიან ასფალტს, ცას ვხედავ, გამვლელები ზედ მაბიჯებენ და მე ვგრძნობ მათ სიმძიმეს. ჩემს სხეული მაღაზიის ვიტრინასთან გაჩერდა, საკუთარ თავს გაეპრანჭა და გზა განაგრძო. ასე მგონია ძვლამდე ჩააღწია ასფალტმა, მზე გადავიდა და მეც თანდათან კედელს ავეკარი, ასე მივყვები საკუთარ სხეულს. ის ჩერდება, კედლისკენ ბრუნდება და მე მიყურებს, ჩემი მზერა არ აქვს, არც ღიმილია ჩემი. ახლოს მოიწია და თითქოს ყურში ჩამჩურჩულა:

"მე კაცი არ მომიკლავს, არც არაფერი მომიპარავს (სიმინდი და ბალი არ ითვლება, ბავშვი ვიყავი), ლოთი და ნარკომანი არ ვარ, ქვეყანა არ გამიყიდია და არც სხვის ჭკუაზე დავდივარ."

არა ეს არაა ჩემი ხმა, სისინს უფრო ჰგავს, ჩემი სხეული ორი ნაბიჯით უკან იხევს, ხელებს შლის და სასაცილოდ ცეკვას მაიძულებს, გამვლელებს ეღიმებათ...


დანტე დარდიანი      25/06/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები